„საქართველომ ამ ერთხელ გადაწყვიტა იმოქმედოს პრაგმატულად“
მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში, ვითარების გართულების კვალდაკვალ რთულდება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანები და გამოწვევები. ლოგიკური იქნებოდა, რომ ასეთ მოცემულობაში საერთო პრობლემებისა და საფრთხეების აღმოსაფხვრელად გაერთიანებული თუ არა, მობილიზებული პოლიტიკური სპექტრი მაინც გვეხილა. თუმცა ყველაფერი პირიქით ხდება - პოლარიზაცია იზრდება და რაც მთავარია, ჩნდება დაპირისპირების ახალ-ახალი მიზეზები. ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე, მიზეზებსა და გამოსავალზე მმართველი გუნდის ლიდერი ბექა დავითულიანი გვესაუბრება:
- პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მძაფრი დაპირისპირებაა. რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ დღის წესრიგში შეტანილია ისეთი თემები, რომლებიც საზოგადოების დიდ ნაწილს არ აინტერესებს, მაგალითად, სააკაშვილის საკითხი. საქმეს ართულებს ისიც, რომ "ნაციონალებმა" დაიქირავეს ლობისტები და შტურმი გახსნეს საერთაშორისო მედიაში. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ხარკი გადაიხადონ და გაამწვავონ პოლიტიკური ვითარება. კი ბატონო, შეუძლიათ წავიდნენ რადიკალიზაციაზე კანონის ფარგლებში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ისინი ამ ნაბიჯებით ეწინააღმდეგებიან დასავლელი პარტნიორების დეპოლარიზაციისკენ მოწოდებას. ეს არც მათ მოუტანს კარგ შედეგს, არც ჩვენ და არც ქვეყანას.
- სააკაშვილის სამკურნალოდ გამგზავრება სხვა ქვეყანაში ნაწილობრივ მაინც არ მოუღებს ბოლოს დაპირისპირებას?
- სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა. მისი საკითხის გადაწყვეტა არც ხელისუფლებას შეუძლია, არც ოპოზიციას და არც ვინმე სხვა კონკრეტულ პირს, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სად და როგორ მოიხდის სასჯელს. ამას გარდა, როდესაც ვიღაც-ვიღაცები მსჯავრდადებულის უცხოეთში სამკურნალოდ წაყვანას მოითხოვენ, კანონში უნდა ჩაიხედონ და ნახავენ, რომ არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამის საშუალებას იძლევა. პატიმარ სააკაშვილს არა აქვს ისეთი დაავადება, რომელიც სასჯელის გადავადებას ითვალისწინებს. საქმეში თუ უდევთ რაიმე ისეთი, რაც ჯერ არ ვიცით, ვერ გეტყვით.
- როგორ ფიქრობთ, 14 დეკემბერს სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს?
- არანაირი განცდები და ემოციები არა მაქვს სააკაშვილთან დაკავშირებით, საერთოდ არ ვფიქრობ მასზე. ციხეში ბევრი ისეთი პატიმარია, რომლებსაც სააკაშვილზე ნაკლებად მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი და ბევრად მძიმე სასჯელს იხდიან, თანაც გაცილებით რთულ პირობებში. მგონი, ისინი უფრო მეტ სოლიდარობას იმსახურებენ.
- სამაგიეროდ ვიცი, რომ თქვენთვის სულერთი არ არის უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებული დავა.
- სწორად ყოფილხართ ინფორმირებული, ნამდვილად არ მომწონს ის, რაც ხდება. არ მომწონდა იმის გამო, რომ რუსეთი უსამართლოდ შეიჭრა სუვერენულ ქვეყანაში. თუმცა ასევე არ მომწონს, რომ უკრაინა როგორღაც ჩაბმულია უცნაურ გლობალურ კამპანიაში - გაჩაღებულია საქართველოს დანამუსება და დადანაშაულება, იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყანა შეძლებისდაგვარად ეხმარება ჩვენს საერთო მტერთან მებრძოლ ქვეყანას. რა ვქნათ, სამწუხაროდ, არა გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ, არც ომში ჩართვის რესურსი გვაქვს, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაზე კი უკან არ დაგვიხევია. საქართველო იმდენად არის აქტიური, რამდენადაც შეუძლია. ყველა ხომ ჩვენ-ჩვენს ქვეყანაზე ვფიქრობთ?! უკვე რამდენჯერ ვეომეთ რუსეთს 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში?! ხან გვეხმარებოდნენ, ხან ვერა. გვახსოვს, მადლიერი ვართ, რომ უკრაინელები აფხაზეთის ომშიც გვეხმარებოდნენ და 2008 წლის აგვისტოს ომშიც მოგვყიდა უკრაინამ იარაღი. თუმცა უკრაინა ან სხვა რომელიმე ქვეყანა ჩვენი არც ერთი კონფლიქტის დროს არ დაფიქსირებულა მხარედ და არც იმაზე მეტი გაუკეთებიათ ჩვენთვის, რასაც საქართველო დღეს უკრაინას უკეთებს. ამიტომ უსაფუძვლოა უკრაინის ხელისუფლების კამპანიური აჟიოტაჟი საქართველოს ხელისუფლებაზე. გასაგებია, რომ უკრაინა ომშია, მაგრამ ხშირად ძალიან უსაფუძვლო პრეტენზიას გვიყენებენ, რაც ხელს უშლის ჩვენს მეგობრობას. ვფიქრობ, ეს დროებითია, რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, ოფიციალური კიევიც დაწყნარდება და უფრო კონსტრუქციული გახდება მეგობარი საქართველოს მიმართ.
- გასაგებია, რომ უკრაინას ვერც იარაღს მივაწვდით და ვერც ცოცხალ ძალას მივაშველებთ ოფიციალურად, მაგრამ გენერატორების საკითხი რატომ გახდა ასეთი პრობლემური?
- უკრაინამ ომის დაწყებიდან ძალიან მალე სრულიად უმიზეზოდ გაიწვია საქართველოდან ელჩი. მაშინ საქართველო უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო საერთაშორისო პლატფორმებზე და იყო ჰააგის სარჩელის თანაავტორიც. ბელარუსიდან არ გაუყვანია ელჩი, საქართველოდან კი გაიწვია. ამის მერე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებაზე კრიტიკული განცხადებები გააკეთეს და ყოველივე ამის შემდეგ გვსაყვედურობენ, ამით რატომ არ გვეხმარებით, იმით რატომ არ გვეხმარებითო. ამ ყველაფერს მეგობრისთვის დახმარების თხოვნა კი არა, ბოდიში ჟარგონისთვის და, "დაწერება" ჰქვია. რა წესია, დამეხმარე, თორემ პრორუსი ხარო, იქნება გეხმარები, რას მაბულინგებ?! თავად უკრაინის ფოსტამ გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ საქართველო უკრაინისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებიYთ პირველ ადგილზეა. რა უსამართლო განცხადებებიც უნდა გააკეთოს უკრაინის ხელისუფლებამ, საერთო მტერთან მებრძოლ ხალხს ისევ დავეხმარებით, მაგრამ თუ არ გაგვლანძღავენ, კიდევ უფრო წრფელი გულით, მეტი მონდომებითა და ხალისით. ახლაც მიიღებენ ჩვენს ძღვენს, მიუხედავად პოლიტიკური განცხადებებისა. რაც შეეხება ცოცხალ სამხედრო ძალას, ოფიციალურად არ არის გაცხადებული, მაგრამ თქვენც იცით, რამდენი ქართველი იბრძვის უკრაინაში.
- სწორედ ამ მებრძოლებს დაუპირისპირდა ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნება".
- ეს არ არის საკითხის სწორი ფორმულირება. უკრაინაში საკუთარი ნებითა და სურვილით იბრძვიან ქართველი მოხალისეები და ყველა უდავოდ დასაფასებელია. სულ სხვა საკითხზე იყო საუბარი - არიან პირები, რომლებიც იბრძვიან, და არიან ისინი, ვინც აგროვებენ მებრძოლებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა რეკლამა, სადაც იწვევდნენ რეკრუტებს და უკრაინულ არმიაში ჩარიცხვას ჰპირდებოდნენ. მამუკა მდინარაძეს სწორედ ამაზე ჰქონდა აქცენტი. საქართველოს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ სხვა ქვეყნის შეიარაღებულ შენაერთებში გაწევრება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია. მამუკა მდინარაძე მხოლოდ კანონს ციტირებდა და თქვა, რატომ ატყუებთ ამ ხალხსო. ეს აიტაცეს და სპეკულაციის საგნად აქციეს. ჩვენ არაფერი გვაქვს ჩვენი მებრძოლების საწინააღმდეგო. ეს ხალხი ბუნებით, მოწოდებით მეომრები არიან და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში. არის მეორე კატეგორია, რომლისთვისაც მეომრის პოზიცია კომფორტული არ არის, მაგრამ სამშობლოს სიყვარულისთვის, იდეისთვის, მზად არის იარაღი აიღოს ხელში. მესამე კატეგორიაც არის, მაგალითად, ისეთი, ჩემს კოლეგა მამუკა მდინარაძეს რომ ლანძღავდა უშვერი სიტყვებით. ასეთი ადამიანი მზად არის პარტიული დავალებისთვის ყველაფერი გააკეთოს. სხვათა შორის, ჩვენ არც მათ ვერჩით რაიმეს. ჩვენ მადლიერი ვართ მათი, ვინც გულწრფელად იბრძვიან სამშობლოსთვის. მათ შორის არიან ჩემი მეგობრებიც, მაგრამ ვინც უკრაინაში მხოლოდ იმიტომ იბრძვის, რომ აქ არ დაედგომება (ანუ კუდ-ის ყოფილი თანამშრომელია, საქმეა მასზე აღძრული), მან მორალური პიედესტალიდან განცხადებები არ უნდა აკეთოს.
- როგორ ახსნით იმას, რომ ხელისუფლების განცხადებები უმალვე ხვდება რუსული მედიის ყურადღების ცენტრში. მაგალითად, ღარიბაშვილის განცხადებიდან ფრაზა, რომ "საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ გაუწევს", რუსულ ბეჭდურ მედიას სათაურებად ჰქონდა გამოტანილი.
- ჩვენ ემოციური ერი ვართ, რის გამოც არაერთხელ აღმოვჩენილვართ კრიტიკულ სიტუაციაში. ამის გამო არაერთი გაუმართლებელი ომი გვაქვს გადატანილი. საქართველომ ამ ერთხელ გადაწყვიტა იმოქმედოს პრაგმატულად. ამან გამოიწვია საერთაშორისო მასშტაბით დისონანსი როგორც მეგობრებში, ისე მტრებში. ბევრი ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფი, როგორც ქვეყანაში, ასევე მის გარეთ, ჩვენგან ამჯერადაც ემოციურ გადაწყვეტილებებს ელოდა. საქართველოს არაორდინარული ქცევა ასევე მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც დასავლური, ისე რუსული მედიისთვის.
ხათუნა ბახტურიძე