„საქმე გვაქვს ხელისუფლების კაპიტულანტურ პოლიტიკასთან“ - კვირის პალიტრა

„საქმე გვაქვს ხელისუფლების კაპიტულანტურ პოლიტიკასთან“

"უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ მოვწმინდოთ სირცხვილი ჩვენს საზოგადოებას, რომ ასეთი მმართველი ძალა გვყავს", - ამ განცხადებით გამოეხმაურა პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას: "ბევრს რომ ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, "ფეისბუკში" რომ აქტიური და ძალიან ვაჟკაცური არიან, თუ ასე ძალიან უნდათ ომში მონაწილეობა, წავიდნენ უკრაინაში და იომონ". "ღარიბაშვილის მითითება არ გვჭირდება, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკმაო ბრძოლა გვაქვს გავლილი. ის არ არის ადამიანი, რომელმაც ვინმეს შეიძლება მოუწოდოს ბრძოლაში ჩართვისაკენ, რადგან არასდროს არც ერთ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა, შესაბამისად, ასეთი ყელმოღერებული განცხადებები, მით უმეტეს, მისთვის, შეუფერებელია", - ამბობს ჯაფარიძე. ბოლოდროინდელ მოვლენებსა და პარტია "ლელოს" პოზიციაზე ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება.

- როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს, რატომღაც სულ ისეთი განცდა მრჩება, რომ რუსეთს ელაპარაკება. თითქოს მისი ყოველი სიტყვა განკუთვნილია ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მედიასაშუალებებისთვის, თავს იმართლებს, საქართველოს მთავრობა არაფერ შუაში ვართ, ის ხალხი, სხვა პოლიტიკურმა ძალამ წაიყვანა უკრაინაშიო. ეს ხელისუფლება არ პასუხობს ქართველი საზოგადოების განწყობებს, ხალხს ევროინტეგრაცია და ცივილიზებული ცხოვრება სურს. ჩვენი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს პროდასავლურ ხელისუფლებას, რომელიც ევროკავშირის სტატუსს მოგვიტანს, "ქართული ოცნება" კი ამას ყველანაირად აფერხებს.

- კონკრეტულად, რა ნაბიჯებითა და გადაწყვეტილებებით?

- სამწუხაროდ, არანაირი პროგრესი­ არა გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, როგორიც არის, მაგალითად, ოლიგარქიული მმართველობის დასრულება, სასამართლოსა და ანტიკორუფციული რეფორმა... ეს ყველაფერი აფერხებს ჩვენს სვლას ევროკავშირისკენ. კანონების ფორმალურად მიღება არ კმარა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ კანონის მიღება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე აუცილებელია მის შესაბამისად მოქმედება. ჩვენ ორი პრობლემა გვაქვს: პირველი - არ ვიღებთ კანონებს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესაბამისად და მეორე - რა კანონებიც გვაქვს, მათაც არ ვიცავთ შესაბამისად. შემაფერხებელია სააკაშვილის ფაქტორიც. ჩვენი საზოგადოება ექსპრეზიდენტის საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. წესით, სააკაშვილისთვის განაჩენი დამოუკიდებელ სასამართლოს უნდა გამოჰქონდეს, მოსამართლემ უნდა შეისწავლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის დასკვნა და პირუთვნელი გადაწყვეტილება მიიღოს.

- ხელისუფლების წევრებიც ამბობენ და მართლაც შეუძლებელია ახლა მმართველი გუნდის ინტერესებში არ შედიოდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მისი გადარჩენა.

- ერთია მმართველი გუნდის განცხადებები, მეორე მათი ქმედება და მიღებული გადაწყვეტილებები. თუ მართლაც სურთ სააკაშვილის გადარჩენა, აშკარა მინიშნებებს არ უნდა აძლევდნენ მოსამართლეებს.ძალიან ძნელია ვერ შეამჩნიო ეს, როდესაც პოლიტიკოსები პატიმარი სააკაშვილის ავადმყოფობის ისტორიას საჯაროდ განიხილავენ და სამედიცინო შეფასებებს აკეთებენ. სააკაშვილის საქმე უკვე წმინდა წყლის ჰუმანიტარული საკითხია. წესით, ის პოლიტიკისგან სრულიად დაცლილი უნდა იყოს.

- ვრცელდება მოსაზრება, რომ "ლელოს" ლიდერებს ფარული მოლაპარაკება­ გაქვთ ნიკა მელიასთან და შიდაპარტიულ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელია "ლელოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" რაღაც ტიპის გაერთიანებაც მოხერხდეს.

- მსგავსი არაფერი ხდება. ასეთი ამბები მიზანმიმართულად ვრცელდება იმისთვის, რომ "ნაციონალობა" დაგვწამონ.

- ყოველთვის იქმნებოდა შთაბეჭდილება,­ რომ თქვენი გუნდი მელიას მიმართ უფრო კეთილგანწყობილია, ვიდრე თუნდაც სააკაშვილის მიმართ.

- რა გიქმნიდათ ასეთ განცდას?

- მელიას ზოგ ინიციატივას იზიარებდით,­ უარს არ ამბობდით მასთან თანამშრომლობაზე, მაგრამ ყოველთვის განზე იდექით, როდესაც საკითხი, მაგალითად, სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას შეეხებოდა.

- არა, სხვა პარტიაში მიმდინარე პროცესი არ არის ჩვენი საქმე.

- თქვენ თუ იზიარებთ გიორგი ვაშაძის, ელენე ხოშტარიასა და ზურა ჯაფარიძის ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ისინი კოორდინირებული მუშაობით შეეცდებიან სააკაშვილის საკითხის მოგვარებას?

- ჩვენ მათ შეხვედრაზე არ ვყოფილვართ. გარდა ამისა, სააკაშვილის საკითხზე გაცხადებული გვაქვს ჩვენი აზრი - ეს ჰუმანიტარული საკითხია, ექსპერტებმა უნდა შეაფასონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი დასკვნით უნდა იხელმძღვანელოს მოსამართლემ და არა "ქართული ოცნების" პოლიტიკური ინსტრუქციებით. სხვაგვარი ქმედებები ძალზე დააზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

- ინტერვიუს დასაწყისში ბრძანეთ, რომ სახელმწიფოებრიობას "ქართული ოცნების" ლიდერები, სახელდობრ კი პრემიერი ღარიბაშვილი ძალზე აზიანებს თავისი რიტორიკით და რუსეთთან ენის მოჩლექით საუბრით. რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ქვეყნის გადარჩენის ამგვარი ტაქტიკა აირჩია და ეს მართლაც ერთადერთი გზაა ქვეყანაში მშვი­დობის შესანარჩუნებლად?

- საქართველოში მშვიდობის შენარჩუნების ერთადერთი გარანტია დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი და ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაა, რაც ისევ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში მარტო დავრჩებით აგრესიული რუსეთის პირისპირ და დამოკიდებული ვიქნებით რუსული პოლიტიკის შიდა მოხმარებაზე - როდესაც დასჭირდებათ, წინასაარჩევნოდ თუ სხვა შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად, მაშინ დაიწყებენ ჩვენს ქვეყანაში სამხედრო ინტერვენციას. არაფერ შუაში არ არის ქვეყნის გადარჩენის ტაქტიკა და არგაღიზიანების პოლიტიკა - საქმე გვაქვს ხელისუფლების კაპიტულანტურ პოლიტიკასთან. ხომ ნახეთ, სამძიმარიც კი არ გამოუცხადეს უკრაინაში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს. უფრო მეტიც, უსირცხვილო პროპაგანდა წამოიწყეს ქართველი მეომრების წინააღმდეგ. უსინდისობაა, სამშობლოს დასაცავად მოტივირებული ბიჭები ომში ვიღაცის ძალით წაყვანილებად გამოაცხადო. თუ არა რუსეთის გულის მოგება, აბა, რას ემსახურება ასეთი სისულელეების თქმა?!

- როგორ გგონიათ, რუსეთს ახლა, მისთვის ესოდენ რთულ მომენტში, იმისთვის სცალია, რომ საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს გამადიდებელი შუშით ადევნოს თვალი?

- თავად განსაჯეთ, ღარიბაშვილის უცნაური და უთავმოყვარეო განცხადებები მეორე დღესვე აიტაცა რუსულმა მედიამ. ძალიან აქტიურად წერდნენ იმის შესახებაც, რომ საქართველო არ გაუწევდა სამხედრო დახმარებას უკრაინას. არადა, ხალხმა გენერატორები გვთხოვა, ამათ კი ერთი ამბავი ატეხეს, სინამდვილეში იარაღი გვთხოვესო. უკრაინამ გენერატორები მარტო საქართველოს კი არა, მთელ მსოფლიოს სთხოვა, ხალხი რომ არ გაეყინოს შუა ზამთარში. ის, რასაც ახლა ვისმენთ, ვითომ უკრაინელები იარაღს გვთხოვენ და დასავლეთი ომში გვითრევს­, დემაგოგია და რუსული პროპაგანდის ქართული ვერსიაა.

ხათუნა ბახტურიძე