„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხი ყველაზე ცუდი სცენარისთვის შეამზადოს“ - კვირის პალიტრა

„ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხი ყველაზე ცუდი სცენარისთვის შეამზადოს“

რას გეგმავს "სტრატეგია აღმაშენებელი" და როგორ განმარტავს "ქართულ ოცნებასთან" ფარული შეხვედრის ამბავს, ამის შესახებ გიორგი ვაშაძისგან შეიტყობთ.

- გავრცელებული ინფორმაცია, თით­ქოს "სტრატეგია აღმაშ­ენებელი" ფარულად ხვდება "ქართულ ოცნებას" საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მათ მომზადებულ პროექტთან დაკავშირებით, სიცრუეა. როგორ ჩანს, ხელისუფლების ამ ცრუპროპაგანდის მიზანია მიიჩქმალოს ვენეციის კომისიის ის კრიტიკული შეფასებები, რომლებითაც პირდაპირ დასტურდება, არავითარი ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებების პროექტი წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ ეს პროცესი იყო მუშაობისა და რეფორმის იმიტაცია. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია 12-პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციების შესრულება, რომელთა განხილვაშიც, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ვმონაწილეობთ მხოლოდ რეგლამენტით გათვალისწინებულ ფორმატებში.

- როგორ შეიძლება 12-პუნქტიანი რეკომენდაციები შესრულდეს, თუ დეპოლარიზაციის საკითხი არ მოგვარდება?

- "ქართულ ოცნებასთან" თანამშრომლობისკენ აღარავინ მოგვიწოდებს, დასავლეთმა ბოლო დროს მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება - ევროპარლამენტის რეზოლუციაში თავზე გადაუარეს "ქართულ ოცნებას". "ოცნება" თავად ავრცელებს დეზინფორმაციას და ხალხს ატყუებს, რომ დასავლეთი ვითომ მათთან თანამშრომლობისკენ მოგვიწოდებს. ახლა სრულიად სხვა რეალობაა, ევროკავშირის კანდიდატობას ორი მდგენელი აქვს - პოლიტიკური და რეფორმატორული. პოლიტიკურად უკვე კატასტროფა ხდება, უკრაინას აცხადებენ მტრად. უკრაინასა და რუსეთს შორის არჩევანს ვერ აკეთებენ, ამბობენ, საქართველოს მხარეს ვართო.

- რატომ გამორიცხავთ, რომ ამ სიტყვების ავტორს მართლა ეშინია რუსეთის?

- შიში მაშინ ნახონ, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ­ და ბორტს მიღმა აღმოვჩნდებით. ახლა ნამდვილად არა გვაქვს საქმე ისე, რომ რუსეთის­ გვეშინოდეს. ვინ დააძალა ღარიბაშვილს ჩვენი გმირი მეომრებისთვის ხან დაქირავებული ჯარისკაცები ეძახა და ხან საწყლები? გენერატორებზე უთხრეს უარი ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას.

- საბოლოოდ ხომ მაინც გაგზავნეს.

- იმიტომ, ხალხის რეაქციის შეეშინდათ, თორემ წინადღეს კობახიძე ამბობდა, სად გვაქვს ჩვენ გენერატორებიო. "ოცნებამ" ქართველ მეომრებთან დაპირისპირებით სამარე გაითხარა, ახლა ისღა დარჩა, იმ სამარეში ჩავაწვინოთ და ზედ მიწა მივაყაროთ.

- ამ მიზნით ხომ არ შეიკრიბეთ "ნაცმოძრ­აობის" ოფისში "სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ლიდერები?

- ჩვენ შევიკრიბეთ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე. ყველა სცენარი გავიარეთ.

- ყველა სცენარში რას გულისხმობთ?

- როცა ქვეყანაში კანონი არ კანონობს, სახელმწიფო მიტაცებული აქვს პრორუსულ ძალას, როცა ხელისუფლება პატრიოტებს ებრძვის და მათი განცხადებები რუსული პროპაგანდის ნაწილია, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ყველაფრის უფლება. წინასწარ ამაზე საუბარი არ ღირს...

- როგორ ფიქრობთ, 14 დეკემბერს რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომ სააკაშვილის საქმეზე?

- ყველაფერს გააკეთებენ, რომ ხალხი ყველაზე ცუდი სცენარისთვის შეამზადონ, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, სააკაშვილს რამე მოუვიდეს. ძალიან ცუდი ამბავი მოხდება. პაპუასებად მიგვიჩნევენ და ევროკავშირს ახლოსაც აღარ გაგვაკარებენ.

- თქვენ ურთიერთობა გაქვთ უკრაინის ხელისუფლებასთან, რას ამბობენ საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე?

- საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავენ, თუმცა ზოგჯერ ისეთ შეკითხვებს მისვამენ,­ პასუხებს ვერ ვცემ და ბოდიშის მოხდა მიწევს. მეკითხებიან, რატომ გამოასახლა ხელისუფლებამ უკრაინელი დევნილები და რას ერჩის "ოცნება" საკუთარ მეომრებს, რომლებიც საერთო მტრის წინააღმდეგ იბრძვიან. მომავალ კვირას უკრაინის პარლამენტის ორი წევრი ჩამოდის საქართველოში და ერთობლივ პრესკონფერენციას გავმართავთ.

ხათუნა ბახტურიძე