როგორია ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ძველ კალაპოტში დაბრუნების შანსი და პერსპექტივა - კვირის პალიტრა

როგორია ქართულ-უკრაინული ურთიერთობის ძველ კალაპოტში დაბრუნების შანსი და პერსპექტივა

"დღეს რა კალაპოტშიც მიდის ქართულ-უკრაინული ურთიერთობა, არასწორია", - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე. რატომ მივიდა ახლო პარტნიორების ურთიერთობა აქამდე და რა უნდა გაკეთდეს ურთიერთობების ძველ კალაპოტში დასაბრუნებლად, ამ საკითხებზე თენგიზ ფხალაძესა და მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ:

თენგიზ ფხალაძე: - ყველა განცხადებას ნუ გამოვედევ­ნებით, შესაძლოა ორივე მხარეს აღმოვაჩი­ნოთ სასაყვედურო. მთავარია სხვა რამ - 24-მა თებერვალმა სრულიად შეცვალა მოცემულობა არა მარტო უკრაინაში, არა მარტო უკრაინასა და საქართველოს შორის, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა, რა იყო მანამდე, რა გაკეთდა სწორად ან არასწორად. რაც მთავარია, უკრაინა დადგა სასტიკი სამხედრო აგრესიის წინაშე, მის სახელმწიფოებრიობას საფრთხე დაემუქრა სწორედ იმ ძალისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოსაც. ჩვენ საერთო მტერი გვყავს, რომლისთვისაც მიუღებელია როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა, ასევე დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო და ამას არც მალავს. 24 თებერვლის შემდგომ წყალგამყოფი შეიქმნა და მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დადგა. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც ადანაშაულებს უკრაინას რაიმეში, ან რომელიც რუსულ ნარატივში ჯდება, წამგებიანი და დამაზიანებელია.

- რა არ იქნებოდა დამაზიანებელი?

- ნიშნის მოგება, აი, ომი ვერ აიცილეს თავიდანო, წამგებიანია. დღეს ნებისმიერი განცხადება, ქმედება უნდა იყოს მიმართული­ იქითკენ, თუ როგორ გავაერთიანოთ ძალები, რათა საერთო მტერი, რუსეთი, შეჩერდეს და საფრთხე აღმოიფხვრას. თავისთავად ცხადია, ეს არ ნიშნავს სამხედრო კონფრონტაციას. ლაპარაკია სწორ ქმედებებზე, აქტიურ დახმარებაზე იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორია და რომელთანაც ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ არ გვაერთიანებს მხოლოდ ის, რომ რუსეთს ორივეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს. არა, ამის გარდა ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, კერძოდ, ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაცია; ამ საერთაშორისო პროექტების განვითარებასაც ერთად ვაპირებთ და ეს ჩვენი საერთო გრძელვადიანი ინტერესია. აი, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და სიკეთის მომტანი.

- გასაგებია, უკრაინას რაც სწყინს საქართველოს ხელისუფლებისგან. საქართველო რაზეა ნაწყენი?

- ამის გარკვევას აზრი არა აქვს, ძალიან შორს წავალთ. ამ ყველაფრის უმეტესი ნაწილი მაინც დაკავშირებულია ყოფილ პრეზიდენტთან, როდესაც ის უკრაინაში თანამდებობის პირი იყო, მის განცხადებებთან, რომელთა გამო ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს ხელისუფლებას მართლაც აქვს პრეტენზია, მაგრამ კიდევ ვამბობ - 24 თებერვლის შემდეგ ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. ამიტომ ასეთ წვრილმანებზე გამოკიდება არასწორია. იმის გარკვევა კი არ უნდა დავიწყოთ, თუ პირველმა ვინ რა გააკეთა რაღაც არასწორად, არამედ კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ჩვენს საერთო ინტერესებზე.

- თქვენი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები გაბრაზების გამოხატულებაა თუ რუსული ინტერესების, პრორუსული პოლიტიკის გატარების ცდა?

- მნიშვნელობა არა აქვს, ეს განცხადებები რა განწყობით კეთდება, შედეგი ერთია - საქართველო ზარალდება. საქართველოს არ უნდა სჭირდებოდეს ვინმესთან თავის მართლება.

- რა შანსია, რომ ხელისუფლებამ ეს დამოკიდებულება შეცვალოს და დარეგულირდეს ურთიერთობა?

- შანსი ყოველთვის არსებობს, თუკი მოვინდომებთ. კიდევ ერთხელ ვამბობ - ახლა უმთავრესია ჩვენი საერთო ინტერესები, რომლებიც ახლა არ გადაჯაჭვულა, მრავალსაუკუნოვანი კავშირი არსებობს და შემთხვევითი არ არის.

- ამისთვის ხელისუფლებამ მხოლოდ რიტორიკა უნდა შეცვალოს?

- არა, რა თქმა უნდა, მხოლოდ რიტორიკაზე არ არის ლაპარაკი. ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება, რომლითაც დავანახებთ მსოფლიოს და დავამტკიცებთ იმ პოზიციას, რა პოზიციაზეც უნდა ვიდგეთ. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც საქმეს ვაკეთებთ და მერე გაკეთებულს არასწორი განცხადებებით ვაუფასურებთ. ასე რომ, მთელი კომპლექსია, ერთი მიზეზის გამოყოფა, ალბათ, არასწორია.

- 24 თებერვლის შემდგომ უკრაინის ხელისუფლების განცხადებები იწვევს ხოლმე უკმაყოფილებას. უკრაინამაც რომ შეცვალოს რიტორიკა, შეცვლის ეს ვითარებას?

- მილიონი მიზეზი შეიძლება მონახოს ერთმაც და მეორე მხარემაც, თუ ამოცანა ქიშპობის გაღვივებაა. კი, იყო განცხადებები, რომლებიც არ მოგვეწონა, მაგრამ უკრაინელებმაც შეიძლება გაიხსენონ. საერთაშორისო და პარტნიორების ურთიერთობები ასე არ იგება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს რა კალაპოტშიც მიდის ქართულ-უკრაინული ურთიერთობა, არასწორია. ეს არის მთავარი, ეს პარადიგმა უნდა შეიცვალოს და მერე ყველაფერს მოევლება.

მამუკა არეშიძე: - რამდენიმე ფაქტორია, რომელთა გამო საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა დაიძაბა, მაგრამ სანამ ამაზე ვილაპარაკებთ, მინდა მივაქციო ყურადღება იმას, რომ ასეთი აგრესიული პოლიტიკა უკრაინას ბევრ სხვა ქვეყანასთანაც აქვს. მათ შორის მასზე ბევრად ძლიერ ქვეყნებთან. მაგალითად, გერმანიასთან. ნუ დაგავიწყდებათ, ის, რაც გერმანიას გაუკეთეს უკრაინელებმა (გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში არ ჩაუშვეს), საქართველოს რომ გაეკეთებინა, აქ ამბავი ატყდებოდა, მტრისას და ავისას. ეს ერთგვარი ტრენდია, ასე ვთქვათ, უკრაინული მიდგომა იმ ვითარების მიმართ, რაც მსოფლიოშია შექმნილი და რაც მთავარია, რაც ხდება უკრაინის ტერიტორიაზე. ერთი მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს პიარსვლაა, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არის სასოწარკვეთილი სუბიექტის პოზიცია, რომელმაც კარგად იცის ერთი რამ და სწორედ ამით ოპერირებს - კერძოდ, ომი, რომელიც მის ტერიტორიაზეა, არის დასავლეთსა და რუსეთს შორის ომი. შესაბამისად, უკრაინას აქვს პოზიცია, რადგან ჩემს თავზე ავიღე ამხელა ვალდებულება, ბარემ ბოლომდე გამომყევითო. გაიხსენეთ, რამდენ საყვედურს იღებდა მსოფლიო განსაკუთრებით ომის პირველ პერიოდში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეზღუდვის გამო, და ახლაც იღებს. სხვათა შორის, არაერთი შემთხვევა ვიცი, როდესაც ზელენსკის მოთმინებიდან გამოუყვანია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათ შორის ბაიდენიც და მაკრონიც.

ასე რომ, საქართველოს მიმართ წარმოებული ეს კამპანია განსაზღვრულ ტრენდში ზის, მაგრამ საქართველოსთან ურთიერთობას აქვს თავისი სპეციფიკა, რომელიც "ნაცმოძრაობის" გავლენაში უნდა ვეძებოთ. "ნაცმოძრაობის" ყოფილ და ახლანდელ წევრებს, ასევე მათთან აფილირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს ძალიან დიდი გავლენა აქვთ უკრაინაში. ამისთვის ადეიშვილისა და ლორთქიფანიძის პოსტების გახსენებაც კმარა. სხვებიც არიან, რომელთა დასახელება შორს წაგვიყვანს. მოკლედ, ეს ფაქტორიც მუშაობს. გარდა ამისა, "ნაცმოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის პოზიციას არახამიაც ახმაურებს. ასეთი კიდევ რამდენიმე პირია. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს გონჩარენკო ჩამოშორდა ამ აქტივობებს. ჯერ ერთი, ის სხვა ფრაქციის წევრია და მეორე, შიდადაძაბულობა გაჩნდა და აღარ მოინდომა ამ ჯგუფის პოზიციების გახმაურება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რეზიუმედ - ეს არის საერთო ტრენდი და პლუს სპეციფიკური მიდგომა საქართველოს მიმართ.

- როგორ ფიქრობთ, მიზეზი რა არის, ომის გამო დაიწყო თუ მანამდე?

- ნამდვილად ომის გამო, განსაკუთრებით პირველ პერიოდში, როდესაც იყო სერიოზული მოთხოვნა, საქართველოც ჩართულიყო საომარ ვითარებაში. ასეთი გეგმა იყო - რაც შეიძლება გაშლილიყო ფრონტი, რათა რუსეთს მეტი შემავიწროებელი გარემოება ჰქონოდა. არაერთხელ მითქვამს, რომ ამის მომსწრე ვარ პირადად. ეს იყო მარტში. ვერ ვიტყვი, რომ ეს განწყობა შენარჩუნებულია დღესაც, რადგან დასავლეთშიც არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, მათ შორის, ევროკავშირში. ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ ევროპულ პოლიტიკაში ჩახედულ პირებს, თქვენი დიდი შეცდომა ის არის, რომ ურთიერთობა გაქვთ არა იმ პირებთან, რომლებიც რეალურად ქმნიან ევროკავშირის ორგანიზაციებში ამინდს, არამედ უსმენთ იმათ, რომლებსაც განსაზღვრული პოზიცია აქვთ და სხვადასხვა მიზეზით დაახლოებული არიან "ნაცმოძრაობასთან" - მე არ გამოვრიცხავ კორუფციულ შემადგენელსაც. დღეს ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური კავკასია, რადგან ის ევროპისთვის ენერგორესურსების მძლავრი დონორია. სხვათა შორის, ამ იდეამ უკვე მრავლად მოიპოვა მომხრეები.

- უკრაინას საქართველოსგან რა ეწყინა, რატომ შეიცვალა დამოკიდებულება?

- უნდა ითქვას ერთი რამ - ლაპარაკი არ არის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. მათ რომ ჰკითხო, ეს არის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. პრინციპში, ასე იყო თავიდანვე, ოღონდ ამის დემონსტრირება არ ხდებოდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უკრაინელებმა კარგად იცოდნენ, ჩვენი ხელისუფლებისთვის რა რანგში გადიოდა სააკაშვილი, მაგრამ თანამდებობაზე მაინც დანიშნეს. წესით, უნდა სცოდნოდათ, ჩვენს ხელისუფლებას რა რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ბავშვის ამბავი ხომ იცით, გამდის და ვტირიო. ამასთან, დღეს უკრაინა მსოფლიო ტრენდია. უკრაინელები თითქოს განსაკუთრებულსაც არაფერს ითხოვენ. მაგალითად, კასიანოვის წერილით იქმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს მაინცდამაინც საქართველოს მიწოდებული გენერატორები უშველით და სხვა ყველაფერი წესრიგშია. მთელი წერილი განმსჭვალულია იმ რიტორიკით, რომ აი, ჩვენ ვიჩაგრებით და თქვენ არაფერს აკეთებთ, საქართველოს ძალიან ცუდი ხელისუფლება ჰყავსო. ელჩი იქნება თუ მისი მოვალეობის შემსრულებელი, ასეთი ტიპის განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, თუ არ არის დავალებული მმართველი უწყებისგან.

- ჩვენი ხელისუფლება რატომ ამწვავებს სიტუაციას, წერილზე პასუხის გაუცემლობა რა იყო, ან განცხადებები მებრძოლ ქართველებზე?

- მებრძოლების დიალოგში ჩართვა და კიდევ სხვა საკითხების, ვფიქრობ, დიდი შეცდომაა და ეს ჩვენი სახელისუფლებო პარტიის ზოგიერთ წევრს კარგად გააზრებული არც ჰქონდა. მე ვიცი, რომ სულ სხვა რაღაცის თქმა უნდოდათ, მაგრამ გამოვიდა სხვა და ოპონენტებს დიდი კოზირი მისცეს, საბოლოოდ კი ქვეყანა ზარალდება უსაგნო დისკუსიებით. ძალიან მინდა გამოვყო შემდეგი გარემოებები - ის პირები, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ, ყველა საქართველოს შვილები არიან და არ მაინტერესებს მათი პოლიტიკური ორიენტაცია. რადგან დაიღუპნენ, აქვთ ქართული იდეისთვის დაღუპულის სტატუსი, ვინც რა მიზნით უნდა იყოს წასული და მორჩა. მათ სათანადო პატივით უნდა მოექცე და ანგარიში გაუწიო მისი გარემოცვის სულიერ მდგომარეობას.

- საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის დაძაბული ურთიერთობა სადამდე შეიძლება მივიდეს?

- ძნელი სათქმელია. ისიც არის, რომ ჩვენი ხელისუფლების ვიზიტების დროს აბსოლუტურად სხვა ტექსტები ხმაურდება, მერე უცბად რაღაც მოხდება და ისევ ძველებური ინტონაციები ჩნდება. მე ასე მგონია, ვიღაც ყოველთვის ცეცხლს უნთებს ხოლმე მინავლებულ კონფლიქტის კერას. ამ ვიღაცის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ვარაუდი შეიძლება.

- რა უნდა მოხდეს, რომ ეს ურთიერთობა ძველ კალაპოტში დაბრუნდეს?

- ეს ვერ მოხდება. როდესაც პოლიტიკური დაკვეთაა ასეთი, ძალიან რთულია მდგომარეობის შეცვლა. ერთადერთი, რასაც მე ვთხოვდი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თავშეკავებაა. არ შეიძლება ზოგიერთ განცხადებაზე რეაგირება.

რუსა მაჩაიძე