"ჩვენ დაღუპულების გამოსაყვანად სიცოცხლეს ვწირავთ, რუსები კი დაჭრილებს ადგილზე ტოვებენ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ დაღუპულების გამოსაყვანად სიცოცხლეს ვწირავთ, რუსები კი დაჭრილებს ადგილზე ტოვებენ"

დეკემბერი მძიმედ დაიწყო უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის. ბახმუტის რაიონი, სადაც გასულ კვირას ექვსი ქართველი გმირი დაეცა, ისევ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამიზნეა. დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლა გრძელდება, რის გამოც დაღუპულების გამოყვანა ვერ ხერხდება. "ქართული ლეგიონის" მეთაურის მოადგილე ლევან ფიფია გვეუბნება, რომ ბახმუტთან რუსული ძალების დიდი კონცენტრაციაა და ვითარებაც ყოველ წუთს იცვლება.

- 2016 წლიდან უკრაინაში ვარ. ბევრ ქართველ მებრძოლს ჯერ კიდევ ომამდე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან ვიცნობდი, ზოგიც აქ გავიცანი. როდესაც გავიგე, რომ ბახმუტთან ქართველ ბიჭები არტილერიის ცეცხლში მოყვნენ, მაშინვე დავიწყეთ მათი ვინაობის გარკვევა. მათ შორის ჩვენი ყოფილი ჯარისკაციც ყოფილა, რომელიც ერთხანს ჩვენთან მსახურობდა და შემდეგ სხვა ქართულ ბატალიონში­ გადავიდა. მან მიამბო, რუსების არტილერიის ცეცხლში მოვყევით, ჩვენი ბიჭები ახლაც იქ არიან, მე ძლივს გამოვედიო. რუსები ერთხელ გადასულან შეტევაზე, მაგრამ პირველივე ცდით ვერ შესულან იმ ტერიტორიაზე და უფრო დიდი ძალებით მიუტანიათ იერიში. ჩვენებს საბრძოლო მასალა ჰქონიათ, მაგრამ ასეთ დროს სათადარიგოც აუცილებელია. იმ ბიჭმა, ერთხელ შევიტანე, მეორე ჯერზე კი რუსებმა ისეთი მასირებული შეტევა დაიწყეს, ვეღარ შევედიო. ბიჭებს გამოსვლის შესაძლებლობა რომ ჰქონოდათ, გამოვიდოდნენ. თუმცა ქართული ხასიათიც გასათვალისწინებელია - პოზიციას მაშინვე არ მიატოვებდნენ. ზოგჯერ გამოსვლაც დაგვიანებულია და მეომრები ბოლომდე ბრძოლას ამჯობინებენ. ახლა იმ ტერიტორიას რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ და ცხედრების გამოსაყვანად ვერ შევდივართ. რუსეთს ეს ადგილი პიარისთვის სჭირდება. რუსული ჯარი დემორალიზებულია და ბახმუტზე კონტროლით პოლიტიკურ ქულებს იწერენ. იქ ახლა აქტიური ფრონტის ხაზია. უკრაინა არ აპირებს დათმობას, რადგან ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული ადგილია.

- თქვენი ბატალიონიც ბახმუტის გარშემოა განლაგებული?

- დიახ, "ქართული ლეგიონი" ერთ-ერთი დიდი უცხოური კონტინგენტია, მისი პირადი შემადგენლობა 1300-მდე კაცამდეა. კრივოი-როგიდან ბახმუტამდე დაახლოებით 500 კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის­ ხაზზე ჩვენს თითო ჯგუფს 30-30 კმ რადიუსზე აქვს კონტროლი და მასზე პასუხისმგებელი ქართული სპეცდანიშნულების დანაყოფები არიან. უკვე დავიწყეთ მეოთხე ქვედანაყოფის დაკომპლექტება. ამის საშუალებასა და რესურსს უკრაინის ხელისუფლება გვაძლევს.

- ითქვა, რომ მოხალისეებს შორის გამოუცდელებიც არიან...

- ლეგიონს არაერთი რთული ოპერაცია აქვს ჩატარებული, დაჭრილები გვყოლია, კონტუზიაც მიუღიათ, მაგრამ­ ღვთის წყალობით, არავინ დაგვღუპვია.­ ოპერაციებს­ წინასწარ დეტალურად ვგე­გმავთ.­ ბატალიონში მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში ნამსახურებ გამოცდილ მებრძოლებს ვიღებთ. დაახლოებით 1500-მდე კაცისთვის უარის თქმამ მომიწია. ბევრი გულანთებული ბიჭი ჩამოდიოდა, მაგრამ სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდათ და ვერ გავრისკე, ადამიანს ალალბედზე სასიკვდილოდ ვერ გავუშვებ. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ბრძოლისუნარიანია და საქმე იცის.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კარგი ტემპი აქვთ აღებული, რაც ძალიან მოქმედებს რუსეთის არმიის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ამბობენ, ვიცით, რომ სასაკლაოზე გვიშვებენ, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვსო. ყოველი ახალი ნაბიჯი მათი მორალური განადგურების ტოლფასია. ამიტომ სჭირდებათ ბახმუტის შენარჩუნება.­ ხერსონის დაკარგვით უდიდესი ზიანი მიადგათ და ახლა უდიდესი ადამიანური დანაკარგის ფასად ცდილობენ მის შენარჩუნებას. რაც შეეხება ძალთა შეფარდებას, ამ მხრივაც უკრაინას აქვს უპირატესობა, მოტივაცია - უკრაინელები სახლში არიან, საკუთარი მიწის, ოჯახების დაცვა უწევთ და რუსებისგან განსხვავებით, თავგანწირვაც უღირთ. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალები და მას დაქვემდებარებული სამხედრო დანაყოფები ბევრად კარგად არიან მომზადებული, მობილიზებული, შეიარაღებული, მომარაგებაც შედარებით ადვილად შეუძლიათ და დახმარების მიღებაც. რუსეთს ბევრად გრძელი გზის გავლა უწევს, ტექნიკა უფუჭდება, უამრავი პრობლემა ექმნება, მით უფრო, ზამთარი მოვიდა და მის მოუმზადებელ არმიას ძალიან გაუჭირდება. გამოკვება, ამუნიცია ხომ სჭირდებათ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი განსხვავებული ვითარებაა, გადაღლილ ქვედანაყოფს ახალი ძალა შეცვლის.

ომი ისედაც რთულია, ზამთრის ბრძოლები კი, მით უმეტეს. ჯარისკაცს, რომელსაც მინუს 15 გრადუსში თბილი ბათინკი არა აქვს, გმირობას და თავდადებას ვერ მოსთხოვ, ყოველთვის გაქცევაზე იქნება. რუსი ჯარისკაცები მხოლოდ მოვალეობას იხდიან, რათა მათ ოჯახებს პრობლემები არ შეექმნათ. ჩვენ დაღუპულების გამოსაყვანად, სიცოცხლეს ვწირავთ, ისინი კი დაჭრილებს ტოვებენ. მეომრის პატივისცემა კი არა, ადამიანური არაფერი აქვთ. როგორც ცხოვრობენ, ისე იბრძვიან.

- პერიოდულად აქტიურდება "კადიროველებისა" და "ვაგნერების" თემა.

- უკრაინაზე თავდასხმიდან მეცხრე თვე დაიწყო და ამ დროის განმავლობაში კონკრეტულად "კადიროველების" ან "ვაგნერების" აღებული ტერიტორია არავის უნახავს. რუსეთის არმიის ჯარისკაცებზე უკეთ არიან აღჭურვილი, რითაც "ტიკ-ტოკებში"­ თავს იწონებენ, მაგრამ მომზადებით მათზე­ ბევრად წინ არ არიან. როცა მათსა და უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებსა თუ ნებისმიერ სამხედრო ქვედანაყოფს შორის ბრძოლა მოხდა, ყველგან სამარცხვინოდ დამარცხდნენ. რატომღაც ეგონათ, რომ ომში მათი მონაწილეობა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ფსიქოლოგიური წნეხი იქნებოდა. ნაწილი ახლაც ასე ფიქრობს და ამიტომაც შემოიყვანეს ბახმუტში, იქნებ ქალაქის მიდამოები მაინც აიღონ, რომ პიარისთვის გამოიყენონ.

ჩვენი ხუთი ქართველის დაღუპვა ვიღაცებმა "კადიროველებს" დაუკავშირეს, მაგრამ იქ არტილერია ამუშავებდა პოზიციებს, რუსულ არმიაში კი "კადიროველიც" არის, "ვაგნერიც", ბურიატიც... ერთხელ მოგვიწია კადიროველებთან შეტაკებამ. ჩვენი ბიჭები დაიხოცნენ და მათ მივუძღვენით ის შეტევა. ვერ ვიტყვი, რომ ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ომს ყვირილი კი არა, საქმის კეთება სჭირდება.

კადიროვის ხალხს რუსულ ჯარში დიდი გავლენა აქვს, ჯარისკაცებს მათი ეშინიათ და ამიტომაც ჰყავთ დაზღვევაზე, შეტევისას ვინც უკან დაიხევს, ესვრიან. რუსეთი არ შეცვლილა, არც სამხედრო სტრატეგიით, არც ტექნიკითა და იდეოლოგიით. ქვედანაყოფი, რომელიც შეტევაზე გადასვლას აპირებს, ფრონტის ხაზს არ ნაღმავს, რუსებს კი ახლა დაკავებული ტერიტორიის 70% დანაღმული აქვთ, რაც ნიშნავს, რომ თავს იცავენ. ამიტომაც ურტყამენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობენ - იმედი აქვთ, რომ მუდმივი საჰაერო განგაშის გამო ხალხი ქუჩაში ვერ გამოვა, ყველაფერი დაიკეტება, ეკონომიკა ჩამოიშლება და დროს მოიგებს. აქვს მეორე ვარიანტიც, ბელარუსის იმედი აქვთ. შეეცდებიან გადაკეტოს მომარაგების გზა ლვოვის მხრიდან, თუმცა იმ მხარეს უკვე გამაგრებულია პოზიციები, შექმნილია სარეზერვო ქვედანაყოფები და მანევრირება გაუჭირდებათ.

- რა ვითარებაა გათავისუფლებულ რაიონებში?

- ბუჩა-ირპენის დამაკავშირებელ ტრასაზე პირველად ჩვენი ლეგიონი ავიდა. გზად ერთი სოფელი გავიარეთ. რუსები უკან იხევდნენ, ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებოდით და თავად ვნახე, როგორ ამოდიოდა­ ხალხი სარდაფებიდან, დანგრეული შენობებიდან, სადაც რამდენიმე კვირა გაატარეს. მაშინ ამის თავი ვის ჰქონდა, მაგრამ ახლა ვნანობ, რომ ის სახეები არ გადავიღე - ალბათ, ასეთია ომის სახე. იმ ადამიანების განადგურება მხოლოდ ფიზიკურად კი არა, მორალურადაც სცადეს, მათ სულს შეეხნენ.

ყველა ოლქი, სოფელი თუ ქალაქი განადგურებულია, რადგან არტილერია, ავიაცია თუ მძიმე ტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი ორივე მხრიდან მუშაობს. ზოგჯერ ისეთ ადგილებში შევსულვართ, თითქოს საშინელებათა ფილმს იღებენო, ისეა იქაურობა აოხრებული, ქუჩები დახოცილი ადამიანებითა და ცხოველებით არის სავსე. თუმცა შემდეგ საიდანღაც მოჩვენებასავით ამოდიან ადამიანები, მიტკლისფერი სახეებით, ჩაცვენილი თვალებით და ჩვენთან ერთად ზეიმობენ, რომ გადარჩნენ.