"რუსულმა ურდომ აქ ისე უნდა მოიტეხოს კისერი, რომ საქართველოსკენ ვერასდროს გამოიხედოს" - კვირის პალიტრა

"რუსულმა ურდომ აქ ისე უნდა მოიტეხოს კისერი, რომ საქართველოსკენ ვერასდროს გამოიხედოს"

"მახსოვს, ბავშვობაში ძმებს კითხვა გაგვიჩნდა, ამდენი ყაყაჩო რატომ ამოდის მინდვრებშიო? მამამ გვითხრა, ესენი უბრალო ყაყაჩოები არ არიან. გაგვიკვირდა. მამამ გვითხრა, ამ ქვეყანას ბევრი ომი უწევდა და ყველა მიწა წმინდააო.

- რატომ აკურთხეს? - ისევ ვიკითხე.

- კი არ აკურთხეს, ყაყაჩოები დაცემული ჯარისკაცების სახელზე ამოდისო, - მიპასუხა დედამ. მას შემდეგ პატივისცემის­ ნიშნად ყაყაჩოებს აღარ ვწყვეტდი... უკრაინაში, რომ ჩამოვედი, გული მიფრთხიალებდა, პირველად მიწევდა ფრონტის წინა ხაზზე გასვლა და... ერთ დღეს მანქანით მიმავალმა ყაყაჩოები დავინახე და სიხარულის ღიმილი მომედო. გული მხოლოდ ერთზე მწყდება, ვაითუ ჩემი ყაყაჩო ჩემს მიწაზე არ გაიზარდოს", - ამ ჩანახატის ავტორი უკრაინაში "ქართული ლეგიონის" მეომარი, 31 წლის ნიკა ჭურაძეა. ნიკა მხატვარია. პროფესიით მუშაობდა და საყვარელ საქმეს აკეთებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ცხოვრების მშვიდად გაგრძელება ვეღარ შეძლო და ომში წავიდა.

ნიკა ჭურაძე: - ომში გაბრაზებული ან შურისძიებით აღვსილი არ წამოვსულვარ. ის ბავშვები და ქალები შემეცოდნენ, რუსული სისასტიკის წინაშე რომ აღმოჩნდნენ. შემზარა იმის განცდამ, რომ რუსეთი უკრაინის მერე საქართველოს მოადგებოდა და აქაც ისეთივე ცოდვის კალოს დაატრიალებდა.

- ცნობილია, რომ "ქართული ლეგიონი" მხოლოდ გამოცდილ მეომრებს იღებს. მხატვარი როგორ მოხვდით მათ შორის?

- მე სამხედრო სამსახური მაქვს გავლილი. შესაბამისად, გამოცდილებაც მაქვს. ლეგიონში ბევრი გულანთებული ქართველი ბიჭი მოვიდა, მაგრამ გასაუბრების შემდეგ დიდი ნაწილი უკან გაუშვეს. მეთაურები დაზუსტებით არკვევენ, ვის რა გამო­ცდილება აქვს, რომელი იარაღის მოხმარება იციან... ომში შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების გარეშე ვერ გადარჩები.­ ქართველები ისედაც ცოტანი ვართ და უპირობო სიკვდილზე რატომ უნდა წავიდეთ?! ჩვენი მეთაურებისთვის თითოეული მებრძოლის სიცოცხლე ძვირფასია, საკუთარ თავზე მეტად ჩვენ გვიფრთხილდებიან.

- ესე იგი, გავრცელებული მოსაზრება, რომ "ომის პარტიის" ლიდერები სოფელ-სოფელ დადიან და ომში წამსვლელებს აგროვებენ, სიმართლეს არ შეეფერება?

- რას ჰქვია სოფელ-სოფელ სიარული და ომში დაპატიჟება?! აქ წვეულება კი არ არის. სულ რომ დარწმუნებული იყო შენი მეგობრის საბრძოლო გამოცდილებასა და ცოდნაში, ომში მაინც ვერ დაჰპატიჟებ. ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ჩვენ ისეთი შემთხვევაც გვქონია, რომ გამოცდილ მებრძოლს მოუწერია, მინდა წამოსვლა, მაგრამ ფული არა მაქვს და იქნებ როგორმე ჩამომიყვანოთო. მათაც უარს ვეუბნებით, ჯერ ერთი, არ გვინდა წამქეზებლებად გამოვჩნდეთ, მერე კიდევ, ვისაც გულით უნდა ომში ჩამოსვლა, რაღაცას მოახერხებს და ჩამოვა.

ukra2-1670760648.jpg

- ახლა თქვენ შესახებ გვიამბეთ, რისი თქმაც შესაძლებელია.

- სადაზვერვო ჯგუფში ვარ და ხშირად­ გვიწევს ცხელ წერტილში ყოფნა, სხვადასხვა სირთულის დავალების შესრულება. ვმოძრაობთ სხვადასხვა მოძმე დანაყოფთან ერთად. ზოგჯერ საცეცხლე მოქმედების შესრულებაც გვიწევს, მოსახლეობის დახმარებაც და დაჭრილების გამოყვანაც.

- შეგიძლიათ კონკრეტული ამბავი გაიხსენოთ, როდესაც სიკვდილს ჩახედეთ თვალებში?

- არ მიყვარს ასეთი ამბების მოყოლა,­ ჩემი ოჯახის დაზაფვრას ვერიდები, თუმცა­ ერთ ამბავს გიამბობთ: ერთ ღამეს ზაპოროჟიეს ოლქში აქტიური დაბომბვის ზონაში მოვყევით. ქალაქში იმ მომენტში შევედით, როდესაც ყველა მიმართულებით ნამსხვრევები ცვიოდა. ჩვენ ჩამქრალი ფარნით მივდიოდით, ღამის ხედვაც არ გვქონდა. როცა ქალაქიდან გავედით, ამოვისუნთქეთ, ჩავთვალეთ, რომ სამშვიდობოს ვიყავით. ის იყო, დავრეკეთ, უნდა გაგვეგო, სადაც მივდიოდით, ევაკუაცია ხომ არ დაიწყეს, ან რამე ხომ არ შეიცვალა და უცებ დავარდნის ხმა მოგვესმა. ფარანი მივანათეთ და ვხედავთ, ზუსტად 20 მეტრში შ-300 იყო მიწაში ჩარჭობილი. გაგვიმართლა, არ აფეთქდა.

თავდაპირველად ყველა ხმაზე რეაგირებ. სულელი უნდა იყო, რომ არ გეშინოდეს, გეშინია, მაგრამ შემდეგ დაკვირვებას იწყებ, რა რის ხმაა? ვარდნაა თუ სარაკეტო გასროლა? ჭურვი? ახლაც გვეშინია, თუმცა ზუსტად ეს შიში გვაძლებინებს. მთავარია, შიში სწორად მართო, არ დანებდე.

- გაჭიანურებული ომის, რუსული სისასტიკისა და ზოგიერთი ქართველის დამუნათების გამო, სხვის ომში რა გინდათო, ან თუნდაც თქვენ შესახებ გავრცელებული ჭორების გამო ხელი არ ჩაგიქნევიათ?

- არა, აქ ისეთი განწყობაა, ხელი ჩაიქნიო კი არა, მეტი მოტივაცია გეძლევა. ამ რამდენიმე დღის წინ ბიჭები ვნახე, რომლებიც ყინულს ამტვრევდნენ. მორიგეობის დროს ჩასძინებიათ და ფეხები წყალში ჩაჰყინვიათ. უკვე ათი თვეა აქა ვარ და ვერ ვიპოვე ერთი კაციც კი, რომელიც დაიწუწუნებდა. აქეთ გვამხნევებენ მებრძოლებს, უნდა გავუძლოთ, გამარჯვება ახლოს არისო.

ენერგორესურსებზე მასირებული შეტევები რომ დაიწყო, ქართველები ერთმანეთს ვეუბნებოდით, ხალხს ძალიან გაუჭირდება, ყელში ამოუვაო. თუმცა საპირისპირო სურათი ვნახეთ. მაგალითად, როდესაც შუქია ჩართული, ხალხი ელექტრომადუღარას არ იყენებს, მე რომ გამოვიყენო ეს ენერგია, იქნებ საავადმყოფოში ვიღაცას დააკლდესო. ამას წინათ ბავშვები მოგვადგნენ, ფული აგიგროვეთო, დაახლოებით 100 ლარამდე გამოდიოდა ჩვენს ფულზე. ქალაქში დროდადრო ირთვება განგაშის ზარი, თუმცა ზოგიერთი უკვე ისე შეეჩვია, აღარც კი შედის სამალავში, მუშაობას განაგრძობს, რაც იქნება, იქნებაო, ამბობს. ბავშვები გვეკითხებიან, საბოლოოდ როდის უნდა აჯობოთ რუსებსო? რაც შეეხება ზოგიერთი ქართველის დამუნათებას, მე არ ვფიქრობ, რომ აქ სხვისი ომია. ახლა აქ მარტო საქართველოს კი არა, მსოფლიოს ბედი წყდება. მინდა რუსულმა ურდომ აქ ისე მოიტეხოს კისერი, რომ საქართველოსკენ ვერასდროს გამოიხედოს. აქ თითოეული ჩვენგანი საქართველოს ელჩია. ჩვენი­ ბიჭები თავიანთი­ სიმამაცით საქართველოს­ ასახელებენ და თავიანთი სისხლით წერენ საქართველოს ისტორიას. არ მესმის იმ ქართველების, რომლებიც ამბობენ, რუსებს ხომ არ შევაკვდებითო. ჯერ ერთი, არავინ არ მოითხოვს, შეაკვდითო. იარაღის ხელში აღების გარდა ბრძოლის სხვა ხერხებიც არსებობს. ამას გარდა, ქართველი­ კაცს ვინმემ ქუჩაში შეურაცხყოფა რომ მიაყენოს, იტყვის, ეს ახლა ჩემზე ძლიერია და ხელს ვერ შევუბრუნებო? არ არის ჩვენი მენტალობისთვის დამახასიათებელი შეშინებული კაცის პოზიციიდან საუბარი და რატომ გვახვევენ ასეთ იდეოლოგიას თავზე?

- როგორ გგონიათ, ქართველების თავგანწირვას შესაბამისად აფასებენ უკრაინელები?

- ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ, სიტყვიერს, საქმით... გვაფასებენ და ვუყვარვართ. ჩვენი ბიჭები რომ დაიღუპნენ ბახმუტთან, ყველა უკრაინელი ტიროდა და მათ გმირობაზე ლაპარაკობდა. ქართველებს­ ბოდიშს და მადლობას ერთდროულად გვეუბნებოდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გმირები ჩვენს სამშობლოში არ დააფასეს შესაბამისად. განა რა მოხდებოდა, ერთი დღით სახელმწიფო დროშა რომ დაშვებულიყო მათ გამო?!

- ყველაზე რთული რა არის?

- ის, რომ თანამებრძოლებს ვკარგავთ.­ დილით ერთად ხართ, ლაპარაკობთ, ერთმანეთს უცინით, აიმედებთ და მეორე წუთში შეიძლება აღარ იყოს. მხოლოდ ქართველებს­ არ ვგულისხმობ, უკრაინელებიც ჩვენს ძმებად მიგვაჩნია.

- ზამთარმა, ალბათ, უფრო გაართულა თქვენი საქმე?

- ზამთარში ჯარისკაცსაც მეტი რესურსი სჭირდება, მეტ სითბოს გამოყოფ, მეტი ენერგია გჭირდება, მსუბუქად აღჭურვილიც ვერ გახვალ, თანაც აქაური ზამთრის ამბავი ხომ იცით? აქაურები "მამხნევებენ", ნამდვილი ზამთარი ჯერ არ დაწყებულაო. ჩვენ სადაც ვართ, ჯერ თოვლი არ არის, მაგრამ მაინც ძალიან ცივა, ქარია. ყინვაა და ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდები, არადა, მოძრაობაც სახიფათოა. ჩვენ ის გვახარებს, რომ მოწინააღმდეგესაც გაურთულდა საქმე. სხვათა შორის, იმათ უფრო უჭირთ. იხევენ კიდეც უკან. ჩვენც ნელ-ნელა წინ მივიწევთ.

- გამარჯვებას გისურვებთ.

- ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთვის თითოეული თბილი სიტყვა, კეთილი სურვილი, დალოცვა უდიდესი სტიმულია, ახალ ენერგიასა და ძალას გვაძლევს.

ხათუნა ბახტურიძე