"ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ! ძალიან გვჭირდებით, უწმინდესო“ - კვირის პალიტრა

"ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ! ძალიან გვჭირდებით, უწმინდესო“

1945 წლის 18 ნოემბერს მეამბოხე მღვდელმთავრებმა დეპეშები გაგზავნეს რესპუბლიკისა და საკავშირო ცენტრალურ კომიტეტებში - ისინი ხელისუფლებას წმინდა სინოდის გადაწყვეტილების უკანონობას­ ატყობინებდნენ. ბათუმ-შემოქმედელი­ მიტროპოლიტი რომანოზი პარტიის გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე გაგზავნილ დეპეშაში წერდა, რომ წმინდა სინოდს პატრიარქად დისიდენტების მხარდამჭერი და პარტიის მტრების წამქეზებელი ილია შიოლაშვილი ჰყავდა შერჩეული. იმხანად ვასილ მჟავანაძე პირველი პირი იყო საქართველოში. როდესაც მას წმინდა სინოდის გადაწყვეტილება აცნობეს, მჟავანაძემ ძალიან დიდხანს უყურა ანკეტას, სურათს და ბოლოს თქვა, რა ლამაზიაო. მაშინ ილია შიოლაშვილი 39 წლის იყო. 5 წლის შემდეგ კი საქართველოს წმინდა სინოდის არჩევანს რელიგიის საკავშირო კომიტეტი დუმილით შეხვდა. თუმცა ნიშნავდა თუ არა მოსკოვის დუმილი­ თანხმობას, გაურკვეველი იყო, ყველაფერი საეკ­ლესიო კრებაზე უნდა გადა­წყვეტილიყო. 23 დეკემბერს სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა მეთორმეტე საეკლესიო კრება, რომელსაც 45 დელეგატი ესწრებოდა. მათ ერთადერთ კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი, ვინ იქნებოდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი. "უწმინდესმა სინოდმა წამოაყენა ჩემი კანდიდატურა საპატრიარქო ტახტზე ასარჩევად და მე მოგმართავთ ყველა დელეგატს: თქვენ ნუ მოგერიდებათ, უკეთუ გყავთ თქვენ სხვა კანდიდატი. თქვენ შეგიძლიათ გადაშალოთ ის სახელი, რომელიც წერია იქ და დააწეროთ სხვა. თქვენ ამაში არ ხართ შეზღუდული. სამანდატო კომისიას ვთხოვთ, რომ ჩაატარონ ფარული კენჭისყრა". ხმების დამთვლელმა კომისიამ დაითვალა ხმები და აღმოჩნდა, რომ მოსაყდრე ილია ერთხმად არის არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად" (ამონარიდი პატრიარქის ჩანაწერებიდან). \წელს 45 წელი შესრულდება ჩვენი უწმინდესის აღსაყდრებიდან, ხოლო 90 წელი დაბადებიდან. გაზეთი "კვირის პალიტრა" ულოცავს მის უწმინდესობას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ რეპორტაჟს სოფელ სნოდან, სადაც ბევრი რამ გაიხსენეს მისმა ნათესავებმა, თანასოფლელებმა და მონაზვნებმა, რომლებიც პატრიარქის სახლს უვლიან.

"მამას და ბიძას პურის საცხობი ჰქონდათ... ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ­ და იქიდან ჩამოჰქონდათ ხორბალი, სიმინდი.­ ერთხელ, ღამით, მამაჩემის ერთი ნაცნობი მოვიდა და გვითხრა, მოსკოვიდან­ მათი სია გამოვგზავნეთ, ვინც უნდა გავა­კულაკოთ, თქვენც ამ სიაში ხართო... მშობლებმა დროებით დატოვეს საქართველო­ და ვლადიკავკაზში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ სახლი იყიდეს. მოგვიანებით მამ­აჩემმა, გიორგი ღუდუშაურმა, შეიძინა­ მიწის ორი ნაკვეთი ჩვენს ქუჩაზე, ვლადი­კავკაზში, და იქ მოაწყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარვლის სახელობის სამლოცველო. ამ სამლოცველოში კარგი მოძღვრები მსახურობდნენ. მე ისინი ძალიან მიყვარდა.­ როდესაც ჩვენთან სტუმრები მოდიოდნენ და საკიდზე შესამოსელს ტოვებდნენ, ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე იმ ოთახში და ანაფორას ვიცვამდი. ღვთისმსახურებაზე ამბიონთან ძალიან ახლოს ვდგებოდი ხოლმე, რადგან დიაკონი აღსავლის კარში როცა შევიდოდა, მის შესამოსელს შევხებოდი. მაშინ 10-12 წლისა ვიყავი. აი, როგორ ოჯახში ვიზრდებოდი. ამან განაპირობა ჩემი ცხოვრების გზა" (ამონარიდი პატრიარქის ჩანაწერებიდან).

ilia2-1670761679.jpg

ლიზა კობაიძე, უწმინდესის ნათესავი: "გიორგი შიოლაშვილის ოჯახი ვლადიკავკაზში ცნობილი იყო როგორც ღვთისმოშიში და ღრმად მორწმუნე. 1933 წლის 4 იანვარს გაჩნდა ბიჭი, რომელსაც მამამ მეფე ერეკლე II-ის პატივსაცემად ირაკლი დაარქვა. პატარა ირაკლი წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ტაძარში მონათლეს. მისი ნათლია მონაზონი ზოილე დვალიშვილი დიდხანს მცხეთის დედათა მონასტრის­ წინამძღვარი იყო. ნათლიას ნათლული ხშირად ჩამოჰყავდა მცხეთაში, სადაც პატარა ირაკლი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ დალოცა".

"ჩემი ბავშვობა დაემთხვა საქართველოს ეკლესიისათვის მეტად მძიმე პერიოდს. სამღვდელოება იდევნებოდა, ეკლესიები იხურებოდა, ხალხს წირვა-ლოცვაზე დასწრებისა ეშინოდა. ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები, თვეობით რჩებოდნენ ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე" (ამონარიდი პატრიარქის ჩანაწერებიდან).

ilia3-1670761679.jpg

ოჯახი დიდ ყურადღებას აქცევდა უფროსუმცროსობის ტრადიციის დაცვას. ვის არ შეხვდებოდით მათ ოჯახში, "შინა­ურსაც" და "გარეულსაც", ქრისტიანსაც და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელსაც.­ 1952 წელს უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატეს გარდაცვალების გამო ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა ქართველთა სათვისტომოს დელეგაცია, რომელსაც გიორგი შიოლაშვილი ხელმძღვანელობდა. რა თქმა უნდა, მათ შორის იყო ჩვენი უწმინდესიც, რომელიც ზაფხულს სნოში, საგვარეულო სახლში ატარებდა.

იღუმენია ნინო (კუპრეიშვილი), სნოს წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის იღუმენია: "პატრიარქის საგვარეულო სახლი არის სნოს ციხის გვერდით, რომელიც უწმინდესის მამას, გიორგის გადაეცა წინაპრებისაგან. 2016 წლის 10 მაისს უწმინდესმა მეუფე იუგუდიელსა და წმინდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად გადაიხადა­ პარაკლისი და გადაწყვიტა მამაპაპისეულ სახლის აღდგენა. ეს საქმე დაევალა პატ­რიარქის ძმისშვილს, თეიმურაზ შიოლაშვილს. სახლს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და 2016 წლის ივლისში, მისი უწმინდესობა ესტუმრა მშობლიურ სოფელს და აკურთხა სახლი. როგორც თავად მოგვიყვა, ძველად ეს ბანიანი სახლი ყოფილა. წვიმის დროს დედა მაღლა აგვიშვებდა და მიწას ვტკეპნიდით, წყალი რომ არ ჩამოსულიყოო. მახსენდება ისტორია, რომელიც თავად უწმინდესმა გვიამბო: დარიალისკენ მიმავალ გზაზე, არის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მე-4 საუკუნის ტაძარი. დაახლოებით 80-იანი წლები იქნებოდა, როდესაც უწმინდესი წმინდანის ხსენების დღეს ამ ტაძრის მოსალოცად მიბრძანდებოდა. მოულოდნელად გზაზე მანქანას წინ ვიღაც ჭაბუკი გადაუდგა, რომელმაც უთხრა, რომ იქით გზა აღარ იყო და ჯობდა უკან გაბრუნებულიყვნენ. როდესაც მოტრიალდნენ, იმ წუთებში კლდე ჩამოიშალა და გზის დიდი ნაწილი ნანგრევებმა დაფარა. ის ჭაბუკი ყველამ იხილა, მაგრამ არავინ იცის, ზუსტად იმ დროს იქ საიდან გაჩნდა ან მერე სად გაუჩინარდა. ჩვენ გვწამს, რომ ის წმინდა იოანე ნათლისმცემელი იყო, რომელმაც ჩვენი უწმინდესი საფრთხისაგან იხსნა. უწმინდესის შესახებ ბევრი დაწერილა, ბევრიც თქმულა, მაგრამ ვფიქრობ, მისი ღვაწლი შეუფასებელია, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს და გვეიმედება".

ilia5-1670761679.jpg

ქეთევან გელაშვილი, სოფელი სნო: "ჩემი მშობლების თაობა ამბობდა, რომ ბავშვობიდანვე დინჯი, მოკრძალებული და შრომისმოყვარე იყო. მახსოვს, მისივე თანატოლები საუბრისას როგორი განსაკუთრებული სიყვარულით მოიხსენიებდნენ "შიოლეთ მღვდელს" ჯერ კიდევ მის პატრიარქობამდე. როდესაც აქ პატრიარქი ჩამობრძანდებოდა, მისი თაობის ერთი კაცი ხიდზე დადგებოდა (რომელიც რეზიდენციასა და სოფელს შორისაა), ქუდს იხდიდა და ასე მიაგებდა პატივს. იძახდა, მე იმის ღირსი არა ვარ, მასთან ახლოს მივიდე და შევაწუხოო. ასეთი კრძალვა და პატივისცემა ჰქონდათ მის მიმართ თანატოლებს უღმერთო ეპოქაში, კომუნისტურ საზოგადოებაში აღზრდილ ადამიანებს. რთული ჯვარი გერგოთ, თქვენო უწმინდესობავ, სრულიად ღირსეულად და კეთილსინდისიერად ატარებთ ამ ტვირთს 45 წელია. მეამაყებით როგორც ქართველი, როგორც მოხევე და ბოლოს, როგორც სნოელი".

კონსტანტინე ლურსმანაშვილი, მღვდელ-მონაზონი: "მახსენდება ჩემი პირველი შეხვედრა პატრიარქთან 2007 წელს, როდესაც თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე და უწმინდესთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად და დასალოცად მივედი. დღემდე მძაფრად მახსოვს ის განცდა, რომელიც მასთან შეხვედრისას დამეუფლა, თითქოს ცა და დედამიწა გაერთიანდა, რაღაც უცნაური სიხარული ვიგრძენი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. უწმინდესის რექტორობის პერიოდს სტუდენტები ,,ოქროს ხანას" ვეძახდით. ყოველი ორშაბათი დილა სტუდენტებისთვის იყო ძალიან დიდი სიხარული, რადგან ამ დღეს უწმინდესი გვხვდებოდა და გვესაუბრებოდა, გვარიგებდა, გვაძლევდა დავალებებსა და თავისუფალ თემებს. სემინარიაში სწავლის დროს ვცხოვრობდი სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში (პანსიონში). მახსოვს, უწმინდესი სასწავლებელში მოულოდნელად მობრძანდებოდა ხოლმე, სიონის ეზოში, ძველ რეზიდენციაში, დაგვიძახებდა პანსიონში მცხოვრებ სტუდენტებს და მოგვიკითხავდა. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მისი უწმინდესობის ეპოქაში მომიწია ცხოვრებამ, მისი უწმინდესობის კურთხევით ვარ ბერად აღკვეცილი, მისივე კურთხევით - დიაკვნად და შემდგომ უკვე ასევე უწმინდესისვე კურთხევით მღვდელ-მონაზვნად. ბედნიერი ვარ, რომ ღვთისმსახურება მიწევს მის მშობლიურ მხარეში, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში.

ilia6-1670761679.jpg

უწმინდესის კურთხევით 2016-17 წლებში მუშაობამ მომიწია წიგნზე ,,სტეფანწმინდის და ხევის ეპარქიის ისტორია", რომლის წერის დროს მივხვდი, თუ რამდენი რამ აქვს უწმინდესს გაკეთებული ხევის ეპარქიისთვის და ზოგადად ჩვენი ერისთვის.

2019 წლის ზაფხულში უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სხვადასხვა სასწავლ­ებელში შედგა სტუდენტთა ჯგუფები, რომლებიც დაიგზავნენ მაღალმთიან რეგი­ონებში, და მათ შორის სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტშიც. ამ პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდა თაობას ენახა მაღალმთიანი სოფლების ცხოვრების წესი, დღევანდელობა, ამ სოფლებში შემორჩენილი უდიდესი რწმენა უფლისა და სწორი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. ჩანაფიქრმა მოლოდინს გადააჭარბა, სტუდენტები ყოველდღე ესწრებოდნენ ღვთისმსახურებას, ამბობდნენ აღსარებას, ეზიარებოდნენ. ექსპედიციის შემდეგ კი ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობა არ დასრულებულა და დღემდე გრძელდება. ვისურვებდი, რომ ჩვენ გავზრდილიყავით მადლში და ამით გაგვეხარებინოს ჩვენი უხუცესი ერის მამა".

ilia4-1670761679.jpg

ასმათ და ნანა ჯანუკაშვილები, სოფელი­ სნო:L "ჩვენ ძველი სნოელები ვართ და რაც თავი გვახსოვს, უწმინდესიც გვახსოვს.­ აქ რომ ჩამოვიდოდა, მთელი სოფელი ფეხზე ვიდექით. ერთხელ მის ჩამოსვლას საშინელი ამინდი დაემთხვა და ერთმა­ მოუბოდიშა, ბოდიში, უწმინდესო, ასეთი ცუდი ამინდი დაგახვედრეთ, მაინცდამაინც ახლა გაფუჭდაო. უწმინდესი მოუტრიალდა და უთხრა, ესეც კარგია, ესეც ძალიან კარგიაო. იმდენად უყვარს აქაურობა, ის ცუდი ამინდიც კი მზესავით მიიღო.

ახალი ტაძრის კურთხევის წინა დღეებში სულ წვიმდა, ძალიან ვნერვიულობდით და დილით, როცა გავიღვიძეთ, ისეთი მზე დაგვხვდა, ყველანი გაკვირვებული დავრჩით. ბოლოსკენ, როცა სუფრა ავალაგეთ და ყველაფერი მორჩა, ისევ შეიკრა ცა და ისეთი თქეში წამოვიდა, ვერ გადმოგცემთ.

ერთხელ ტრაპეზის დროს მოგვმართა, "გაძლევთ ლოცვა-კურთხევას იდეების ყუთი გააკეთოთ და შემდეგ ავარჩიოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და ის შევასრულოთო. იცით, რამდენი სიკეთე მოგვიტანა მოხევეებს ამ იდეების ყუთმა. რაც უნდა გვითხრას, ყველა მის დარიგებას, თხოვნას თუ ქმედებას, სიკეთე მოაქვს. მოკითხვაც კი ისეთი უბრალო და მამაშვილური იცის, გგონია, შენი უახლოესი ადამიანია.

ilia7-1670761679.jpg

უფალზე უკეთესად ვინ იცოდა, ვინ სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას წინამძღვრად. 45-წლიანი პატრიარქობის განმავლობაში იმდენი გაქვთ შექმნილი, ნაფიქრი, ნალოცი, ნაკეთები, ვერ ჩავატევ სათქმელში. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ! ძალიან გვჭირდებით, უწმინდესო".

ლიზი ჩქარეული, სოფელი სნო: "უფლის ნებით, მრავალჯერ მერგო წილად მასთან ურთიერთობა. პირველად ყაზბეგში, ბავშვობაში ვნახე პატრიარქი. ხელზე ვემთხვიეთ ბავშვები, დაგვლოცა. იმ ხელის და ლოცვის სითბო მთელი ცხოვრება მომყვება. რამდენიმე წლის წინ მისი უწმინდესობა ყაზბეგში ბრძანდებოდა. მე და ჩემი მეუღლეც წავედით ბავშვთან ერთად. ტრაპეზის დროს მიგვიწვია სუფრასთან, თავის მაგიდასთან დაგვსვა და თავის ხელით დაგვიდო ხინკალი. დიდხანს ვისაუბრეთ ხევზე, მოხევეებზე, პრობლემებზე... ეზოში დანესტილი კედელი იყო და გვაჩვენა, აი, ნახეთ, საძირკველი არ ჩაუყრიათ კარგად და იმიტომ ფუჭდებაო. ნებისმიერ საქმეს კარგი საძირკველი უნდა, ისე ვერაფერი გამოვაო, ზემოთ ალამაზებენ და ამ დროს ძირი არ უვარგაო. ერთ შეხვედრაში მთელი ცხოვრების დარიგება და მაგალითი მოგვცა".

ჯემალ შიოლაშვილი, პატრიარქის ბიძაშვილი: "როცა ჩამოდის, პირველად სოფლის ამბებს კითხულობს. ჩვენს რაიონში ის ხევის სიხარულია. ყველაფერი აინტერესებს, ყველა დეტალი, არავინ რჩება, რომ არ მოიკითხოს. ყველა ჩამოსვლაზე მშობლების სასაფლაოზე ადის... როცა ჩამოდის, მთელი სოფელი ფეხზეა. ისე გვენატრება, სიტყვებით ძნელია გადმოცემა. ღმერთმა დიდხანს გვიმყოფოს... ძალიან გვჭირდება, ძალიან, არა მარტო ხევს, არამედ სრულიად საქართველოს. რაც მან გააკეთა, არც ერთ პატრიარქს არ გაუკეთებია. დიდია მისი ღვაწლი. მინდა მივმართო თქვენი საშუალებით: ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს. სამება გფარავდეს. ჯანმრთელი იყავ, ილოცევ საქართველოსათვის და მობრძანდი ჩვენთან ხევში. გვენატრები სუყველას".

რუსუდან შაიშმელაშვილი