„ის ადგილები, სადაც ქურდობა ხდება, ყველამ იცის და ნუთუ პოლიციელებმა არ იციან?“ - კვირის პალიტრა

„ის ადგილები, სადაც ქურდობა ხდება, ყველამ იცის და ნუთუ პოლიციელებმა არ იციან?“

"მართალია, ამ თხოვნით ალვანში მცხოვრები თუში მოგმართავთ, მაგრამ მხოლოდ თუშების სადარდელს არ გწერთ. ქართულ ცხვარს როგორ გაუჭირდა, ალბათ, იცით - ხელისუფლებამ საქარავნო გზები ნაკვეთებად დაყიდა, ახლა კი უკვე ცხვრის ქურდობაც გახშირდა. ყაჩაღებმა რამდენიმე მეთოდი დაამუშავეს. ერთ-ერთი მათ შორის საქარავნო გზაზე ორმოების გათხრაა, რომელიც ისე ინიღბება, რომ არ ჩანს; თუმცა გავლისას ორმოებში ცხვარი ცვივა, რასაც მეცხვარე ვერ ამჩნევს, ცხვარს ორმოში ტოვებს და გზას განაგრძობს. ასე რომ, სანამ ცხვარს ალვანიდან შირაქში აიყვანენ, მეცხვარეებს 50-მდე სული ცხვარი მაინც აკლდებათ. ამ ხალხმა რამდენჯერმე მიმართა პოლიციას, მაგრამ ამაოდ. ვერ ვიტყვი, რომ არ ცდილობენ, მაგრამ უხეიროდ; თორემ რა ასეთი სიძნელე გახდა ქურდების დაჭერა?! ხომ იყო წლები, როდესაც ცხვრის ქურდობა აღარ არსებობდა?! გთხოვთ, დაბეჭდოთ ეს წერილი და ამით გააგებინოთ ჩვენს კანონის დამცველებს, რომ შირაქის გზაზე დიდი უკანონობა ხდება და ისედაც მძიმე დღეში მყოფ მეცხვარეებს უფრო უმძიმდებათ ცხოვრება".

პატივისცემით ლევან შველაიძე

"კვირის პალიტრა" თუშ მეცხვარეს, ბადრი­ ლეკაიძეს ესაუბრა:

- ბატონო ბადრი, ნუთუ ბრაკონიერობა იმ დონემდეა მისული, რომ შესაძლოა მეცხვარეს გზაში 50 სული ცხვარი დაეკარგოს?

- კი, ნამდვილად ასეა. ეს მით უფრო შესამჩნევი გახდა, რაც საქარავნე გზები ნაკვეთებად იყიდება, ცხვარი კი მშიერი რჩება. დავიწროებულ გზებზე ფარა იძულებულია ასევე ვიწროდ, შეჯგუფებულად იაროს. სწორედ ასეთ დროს ცვივა ცხვარი სპეციალურად გათხრილ ორმოებში, საიდანაც ვეღარ ამოდის, ვერც მეცხვარე ამჩნევს, ამიტომ ქურდს რჩება ნადავლად.

- რამხელაა ორმოები? მეცხვარე რატომ ვერ ხედავს, როდესაც ცხვარი ორმოში ცვივა?

- როდესაც მეცხვარის წინ 2000-სულიანი ფარა მიდის და თანაც შემჭიდროებულად, ცხვრის დაკლებასა და ორმოებში ჩაცვენას როგორ შეამჩნევს! ნაძირალებს ორმოები კარგად აქვთ შენიღბული, ზემოდან ტოტები და ფოთლებია დაფარებული. სხვათა შორის, ქურდობის ამ ხერხს, როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლებისას იყენებდნენ ფარის გასაძარცვად. მერე კანონი გამკაცრდა და მეცხვარისთვის ზიანის მიყენებას ვერავინ ბედავდა. ახლა ისევ დაიწყო.

ცხვრის ქურდობის ახალი ხერხიც მოიგონეს - ღამით, როდესაც მეცხვარე ცეცხლის პირას ზის და ისვენებს, სწორედ მაშინ მიიპარებიან ფარასთან და თოკს გადაუგდებენ. მერე თოკს მოსწევენ და რამდენი ცხვარიც გამოჰყვება, ყველას იპარავენ. ერთი სიტყვით, მასხრად გვიგდებენ. ის ადგილები, სადაც ქურდობა ხდება, ყველამ იცის და ნუთუ პოლიციელებმა არ იციან?

- მაინც იმედი მაქვს, რომ პოლიცია ამ საქმეს მიხედავს. მოსასმენადაც კი ძნელია, როდესაც გესმის, რომ ქვეყანა ცხვარსა და მეცხვარეს ვერ პატრონობს.

- მეც ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომელიც სულ უფრო მიცოტავდება. არადა, ცხვრის მსგავსი სიმდიდრე კიდევ რამ შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას? მეცხვარეები ყურდახშობილი ხომ არა ვართ, სხვა ქვეყნებში ცხვრის პატრონობაზე რომ არაფერი გაგვეგონოს. მსოფლიოს დაახლოებით 24 ქვეყანაშია ცხვარი და მეცხვარეს, ოღონდ ცხვარი იყოლიოს, ყველგან სუბსიდიას აძლევენ. ჩვენ სუბსიდიები კი არა, საქარავნე ტრასები გაგვიყიდეს.

- ამ პრობლემას როგორ აგვარებთ?

- რთვლამდე ვიცდით, რომ ვენახები დაიკრიფოს და მევენახეებმა გზაზე დამდგარი ცხვარი ვენახში შეუშვან საძოვებლად. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ვწვალობთ? კიდევ კარგი, მევენახეები უარს არ გვეუბნებიან, თორემ ცხვარი უნდა გაგვეყიდა. ნახევარი თუშეთი ირლანდიაშია გახიზნული. ვინც აქა ვართ, წასვლა არ გვინდა, მაგრამ გამოდის, ხელს გვკრავენ. წელს მთავრობა დაგვპირდა, მომავალი წლიდან ძარიანი ავტომანქანებით გადაგაყვანინებთ ცხვარს საძოვრებზეო. ვნახოთ, თუმცა, სანაცვლოდ და სამწუხაროდ, ამას ის სილამაზე შეეწირება, საქარავნო გზაზე მიმავალ თეთრად გადაშლილ ცხვრის ფარას რომ აქვს.