როგორ გაქრა თბილისურ სახლებზე გასული ვაზი
"რა შეიძლება იყოს რომელიმე პოპულაციის არსებობისთვის მომაკვდინებელი საფრთხე და განადგურების მაუწყებელი? ამ საკითხზე არა ერთი მოსაზრება არსებობს; მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავსტრიელი მეცნიერის კონრად ლორენცის მოსაზრებაა. მისი აზრით, ასეთი საფრთხე თაობათა შორის კულტურული წყვეტაა, ანუ როდესაც ახალი თაობა ძველს აღიქვამს სრულიად უცხო კულტურის წარმომადგენლად და ახალი კულტურის შექმნას ცარიელ ნიადაგზე ცდილობს. ვინაიდან კულტურული წყვეტისა და კულტურის სიმბოლოებთან დაპირისპირების ნიშნები ჩვენშიც შეიმჩნევა, კარგი იქნება, თუ ამ თემაზე ხშირად ვისაუბრებთ. ხომ შეიძლება პოლიტიკაზე ქრონიკულ საუბართან ერთად, ჩვენს კულტურულ სიმბოლოებზეც ვისაუბროთ და თავი მართლაც გადავირჩინოთ, ფასადურად კი არა", - მოგვწერა ქალბატონმა მედეა თავდიშვილმა. წერილთან ერთად კი მართლაც საინტერესო ნაშრომი მოგვაწოდა, თუ რა ემოციურ მნიშვნელობას ანიჭებენ ვაზის დეკორაციებს ევროპის გლობალურ ქალაქებში. ჩვენი დედაქალაქის ქუჩებში კი ვაზის დეკორაციებსა და ფანჩატურებს სულ უფრო ნაკლებად შეხვდებით.
მედეა თავდიშვილი: - სამწუხაროდ, ყველანი და მათ შორის პირადად მე სულ უფრო მეტად ვხედავ, რამდენად ნაკლებ ყურადღებას უთმობს ჩვენი საზოგადოება ეროვნული კულტურის სიმბოლოების მოვლას თუ მათ შენარჩუნებას. პირიქით, მოვლის ნაცვლად ბევრი დასცინის და უტევს კიდეც, თითქოს ერთი სული აქვს, თავიდან როდის მოიშორებენ. ასე კი მხოლოდ უგუნურს შეუძლია.
ამერიკელი მწერალი ანდერსონი ამბობდა, სიმბოლოების ნაკლებობა ამცირებს ერის მდგრადობასო. ჭკვიანი ერი ასე როდი იქცევა. მის თვალსაჩინო მაგალითს თუნდაც გერმანელებზე გეტყვით, სადაც 1995 წელს გერმანიის სასამართლომ ბავარიის სკოლებში ჯვრების დაკიდება კანონით აკრძალა, მიიჩნევდა, რომ ჯვარი კონკრეტული რელიგიური სიმბოლოა და არანაირი კავშირი არა აქვს სკოლასთან. იცით, ამ გადაწყვეტილებას გერმანიაში რამხელა ვნებათაღელვა და სკანდალი მოჰყვა?! იმ სიძლიერის, რომ ბავარიის ხელისუფლებამ მომენტალურად მიიღო კანონი, რომლითაც ჯვარი კულტურული და ისტორიული ტრადიციების სიმბოლოდ აღიარა და ამ ხერხით შეწყვიტეს ჯვართან ბრძოლა. მართალია, ჩემი თემა ამჟამად ამ ფაქტს არ ეხება, მაგრამ უბრალოდ მსურს განვმარტო, თუ რა უნდა გააკეთო, როდესაც შენთვის ძვირფას სიმბოლოებს უარყოფენ.
- ეროვნული სიმბოლოების ძარცვის ფაქტებიც მრავლად არის. უცებ დიდგორის ჯვრების ქურდობა და ჯართში ჩაბარება გამახსენდა.
- დიახ. ასე იყო და სამწუხაროდ, ასეა. ამიტომაც არის საჭირო ამ თემაზე უფრო ხშირად საუბარი. დღეს ეს ბრძოლა ზოგჯერ უფრო მიზანმიმართულია, ზოგჯერ კი დაუფიქრებლობის და სულსწრაფობის ნაყოფი.
ალბათ, ბევრს შეუმჩნევია, როგორ გაქრა თბილისურ სახლებზე გასული ვაზი, რომელიც ჩვენთვის კულტურული მემკვიდრეობის სიმბოლოც იყო და იმავდროულად, ლამაზი დეკორაციაც. იყო დრო, როდესაც თბილისი ვაზის ფანჩატურების ქალაქი იყო, ახლა კი თუნდაც ძველ თბილისში ვაზის დეკორაციებს ხვდებით? მგონი, ძალიან ნაკლებად. იცით, ამას რამხელა გულისტკივილით ვამბობ, მას შემდეგ, რაც თვით პარიზში, ამ გლობალურ ქალაქში, ვაზის დეკორაციების გაშენება დაიწყეს! მართალია, ფრანგებიც ვაზის ქვეყნიდან არიან, მაგრამ ჩვენ ხომ პირველი ვაზის ქვეყანა ვართ?! პარიზში, ლე დე ფანსის უბანში არც ისე დიდი ხნის წინ ერთბაშად 700 ძირი ვაზი გააშენეს (უმეტესობა პინო-ნუარი და შარდონე), ჩვენ კი ერთი ძირიც არ დაგვირგავს თუნდაც დეკორაციისთვის. ევროპაში ვაზის ტერასებს აშენებენ, ჩვენ კი უმაღლესი ტერასული კულტურა ლამის დავიწყებას მივეცით. პარიზში ვაზი არაერთ სახლზეა შემოხვეული სამშვენისად.
- საოცარია.
- დიახ, ნამდვილად. მე კი მენატრება და, ალბათ, ბევრ ძველ თბილისელსაც, რომ ჩვენი დედაქალაქის ძველ უბნებში კვლავ ვხედავდეთ ვაზის ფანჩატურებს. აივანზე გასულ ჩვენს ამ საოცარ სამშვენისსა და სიმბოლოს, რომელსაც, სხვა თუ არაფერი, უცნაურად დამამშვიდებელი განცდა მოაქვს. შემოდგომაზე კი, როდესაც მტევანი გადაკრიალდება და როგორც იტყვიან, ვაზი იცინის, მინდა ეს "სიცილი" რაც შეიძლება ბევრმა იხილოს. რუსთაველზე, ქაშუეთსა და ნახატების გალერეას შორის, დრო-ჟამისაგან შეჭმული ვაზის ლითონის ნაკეთობაა, რომელიც იმდენად მოუვლელია, რომ მრცხვენია. მინდა არც ამ ნაკეთობას და არც ვაზს მოუვლელს არ ვხედავდე ჩემს ქალაქში. მათი შენარჩუნებით, ჩვენი კულტურის დაცვით ხომ ჩვენს მომავალსაც ვიცავთ.