როგორ დაჩრდილა ზაზა ფაჩულიამ „ერთადერთი სიდედრი“
როგორ არ წარმიდგენია ჩემი რესპონდენტები - ცნობილი მსახიობი, გამოჩენილი მხატვარი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, მრავალშვილიანი დედა, მაგრამ ცნობილი სპორტსმენის ცნობილი მსახიობი სიდედრის წარდგენა პირველად მიწევს. ჩემი რესპონდენტი მსახიობი ზეინაბ დვალიშვილია, ცნობილი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას სიდედრი....
- სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით" უფრო ცნობილი გავხდი, მაგრამ გული მწყდება, რომ სოხუმის თეატრში მუშაობის დროს, 1977-84 წლებში, 30 მთავარი როლი მაქვს ნათამაშები და არავის ახსოვს. ჩემი ყველაზე საყვარელი როლი გიჟი მარგო იყო, "მარადისობის კანონში", რომელიც გიზო ჟორდანიამ დადგა. ის ჩემი პედაგოგი იყო თეატრალურ ინსტიტუტში. ამ სპექტაკლით გაიხსნა სოხუმის ქართული თეატრი.
საქმე ის არის, რომ ზაზას მე-7 კლასიდან ვიცნობდი. ჩემი მეგობრის შვილი და ზაზა ერთად დადიოდნენ კალათბურთზე. ერთ დღეს ეს მეგობარი მირეკავს (მეგრელების რძალი ვარ), ძალიან გთხოვ ზეიკო, მოდი, კალათბურთის წრის მშობლები ვიკრიბებით და იქნებ ღომი გაგვიკეთოო. როცა მივედი, მაღალი, წარმოსადეგი ქალი უკვე ქურასთან იდგა და ღომს აკეთებდა. ვაიმე, დამაგვიანდა-მეთქი, შევიცხადე. ზეიკო, მარინაც მეგრელია და ის მოამზადებსო, მითხრა მასპინძელმა. სასიამოვნოა, მაშინ მე ფქვილს ჩაგიყრით-მეთქი, გავუღიმე. ბავშვები ამ დროს ეზოში თამაშობდნენ. როდესაც სუფრა გაიშალა და ისინი ამოვიდნენ, ჩემმა მეგობარმა მიმანიშნა ყველაზე მაღალ, სერიოზულ, ცოტა დაკოპილ ყმაწვილზე, ზეიკო, ნახე, ეს მარინას ბიჭია, ზაზა ფაჩულიაო. ასე გავიცანი ზაზას დედა. გავიდა წლები და ისევ ის მეგობარი მირეკავს, ზეიკო, ტელევიზორს უყურებ, გახსოვს, მარინა რომ გაგაცანი, მისი ვაჟი NBA-ის რეკლამაშიაო.
- ამის მერე როგორ გასიდედრდით?
- ჩემი ქალიშვილი თიკა კონცერტზე მიიწვიეს. შესვენებაზე ზაზა შესულა კულისებში, უთქვამს, ვგიჟდები სუხიშვილებზე და როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, ვცდილობ დავესწროო. თიკას აუხედავს და სიმაღლის გამო ეს ახედვა დროში ცოტა რომ გაგრძელდა, ცხადია, და ამაზე თიკას მეგობარს თურმე სიცილი დაუწყია. კარგი, მაშინ დავჯდებიო, ზაზასაც ჩაუცინია. თიკა შინ რომ მოვიდა, მიამბო, დედა, იცი, რა უხერხულად გამომივიდა, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გავიცანი, რომ ავხედე და აღარ დამთავრდა, ამაზე სიცილი ამიტყდაო. ასე გაიცნეს ერთმანეთი, მერე ნელ-ნელა სერიოზული სახე მიიღო მათმა ურთიერთობამ და დაქორწინდნენ.
მახსოვს ზაზას პირველად მოსვლა ჩვენთან. მე თმის რკალურას ვატარებ, რომ შემოვიდა და ავიხედე, იმხელაზე გადავწიე თავი უკან, რომ გადამძვრა. ასე დაიწყო ჩვენი სიძესიდედრობა. მახსოვს, რამდენიმე დღის ჩასული ვარ ამერიკაში, ზაზას სტუმრები ჰყავდა მოწვეული. გრძელ მაგიდასთან უზარმაზარი სკამები შემოეწყოთ და ზაზა ითვლიდა სტუმრების რაოდენობას. მე ვუთხარი, ამდენი ხალხი რომ ვერ დავატიოთ, ცოტა პატარა სკამები არა გაქვთ-მეთქი? ქალბატონო ზეინაბ, ამ სახლში პატარას ვერაფერს იპოვით, სიდედრის გარდაო, მიპასუხა სხარტად. ადამიანს თუ იუმორი არა აქვს, არ შემიძლია მასთან ურთიერთობა. ამაშიც გავუგეთ სიძე-სიდედრმა ერთმანეთს.
ერთხელ მარიამს (თიკას მესამე შვილი) ვასეირნებ ეზოში. მოპირდაპირედ თიკა და ზაზა სხედან და იცინიან. რა იყო-მეთქი, ვიკითხე, და ზაზა ეუბნება, არ უთხრაო, თიკამ, არა, უნდა ვუთხრაო. დედა, იცი, რას ამბობს, ეს ბავშვები სიმაღლით ზეიკოს ხომ არ დაემსგავსებიანო. მე ვუთხარი, შენსიმაღლე გოგოს ჩემსიმაღლე გერჩივნოს-მეთქი.
- ზაზა ფაჩულიას სიდედრობისთვის ხართ დაბალი, თორემ...
- ახლა შევეჩვიე, თორემ ერთად რომ ვდგავართ ფოტოზე სიძე-სიდედრი, ბიძაშვილმა მიმიწერა, დედა, ქალო, რაღაც გვეგონე შენ და სულ არაფერი არ ყოფილხარო.
სერიალში რომ მიღებდნენ, ზაზამ დამირეკა, ზეიკო, კარგად ითამაშე, ისე არ ქნა, რომ ტელეფონიდან შენი ნომერი ამოვშალოო. არ წაუშლია, ეტყობა, არ შევირცხვინე თავი.
ზაზა კარგი მეოჯახეა და კარგი მამა. დათი უკვე 14 წლისაა, საბა - 13-ის, მარიამი 10-ის და ნაბოლარა ნუცა - 6 წლის. ბიჭები მაღლები არიან, კარგადაც თამაშობენ კალათბურთს. ზაზა სწავლას აქცევს დიდ ყურადღებას, სულ უმოწმებს ნიშნებს, მისთვის პრიორიტეტი განათლებაა. ბავშვებს მისი რიდი აქვთ. სახლში კრძალავს უცხო ენაზე ლაპარაკს. ძიძაც ქართველი ჰყავთ. საერთოდ, ზაზა კარგი ადამიანია, ჭკვიანი, გაწონასწორებული. ნამდვილად გამიმართლა სიძეში.
- როგორ მოგმართავთ?
- "ერთადერთი სიდედრი" - ასე მეძახის. "ბურთი და მოედანში" ასე იხსენიებს იპოლიტე ხვიჩია თავის სიდედრს და იმავე ინტონაციით იმეორებს ზაზაც.
- სადმე რომ იგებენ, ფაჩულიას სიდედრი ხართ, რას ამბობენ?
- "ფაჩულიას სიდედრი" - ახლა ასე მიცნობენ. მსახიობი ვარ, პედაგოგი, მეც მაქვს სახელი, გვარი, პროფესია, მაგრამ მაინც ფაჩულიას სიდედრს მეძახიან. მოკლედ, სიძემ დამჩრდილა.
- საუბარი თქვენი სამსახიობო კარიერით, აფხაზეთში გატარებული წლებით დავიწყეთ. მიამბეთ მასზე...
- ხანდახან მგონია, ყველაფერი სიზმარში ვნახე... საოცარი წლები იყო... საოცარი რეჟისორები იყვნენ. მახსოვს, გოგი ქავთარაძემ მოიწვია ჩეხი რეჟისორი პიტერ ოპალენი, რომელმაც "შეცდომის უფლება" დადგა. მოკლედ შინაარსი ასეთი იყო: ქარხნის ნარჩენები მდინარეში ჩადის და თევზები იწამლებიან, ნადგურდება ფლორა და ფაუნა. ეს მაშინ საბჭოთა ადამიანისთვის ისეთი უცხო იყო, არ გვესმოდა, ეკოლოგიური თემა რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა. სადმე რომ მოხვდებოდით კოლეგები ან ბიჭები დაპატიჟებდნენ დასალევად პიტერს, 1-2 ჭიქის მერე სასტიკად აგინებდა რუსებს და ყვიროდა, ვერ ვიტანო. ჩვენ გვიკვირდა... 1978 წელს რუსეთმა გადაგვიარა და ტანკები შემოიყვანა ჩეხოსლოვაკიაში. იცი, რა ბიჭები გაგვიწყვიტესო?!
ჩვენი კორპუსის ერთ სადარბაზოში სულ აფხაზი მსახიობები ცხოვრობდნენ. დილა ერთმანეთთან ყავის სმით იწყებოდა. მახსოვს, კენჭის გავლა დამემართა და აფხაზი მსახიობის, ჩინჩორ ჯენიას ცოლი ყოველ 6 საათში ნემსს მიკეთებდა. თეატრში ერთად მივდი-მოვდიოდით. მსახიობები ტომა გამგია, როზად ბარი სულ მეპატიჟებოდნენ. ირინა კოღონიაც, რომელიც, მერე თურმე სნაიპერად იჯდა და გვესროდა... აფხაზი მსახიობი რუშნი ჯოპუა სულ მეუბნებოდა, ზეიკო, შენ ძალიან ამშვენებ ჩვენს ქალაქსო. მერე კი მან და მისმა ქალიშვილმა დიდი ზიზღი გამოავლინეს ქართველების მიმართ. არ ვიცი, რა შავმა კატამ გაგვირბინა და რა დაგვემართა. იქნებ ისევ ამ წარსულმა, კულტურულმა ურთიერთობებმა, საერთო ძაფებმა გაგვამთლიანოს. საოცარი სპექტაკლი დადგა რამდენიმე წლის წინ თემურ ჩხეიძემ - "ზღვა, რომელიც შორია", გურამ ოდიშარიას ნაწარმოების მიხედვით. მაგ სპექტაკლს უნდა გაეერთიანებინა აფხაზები და ქართველები. არც ერთი მხარე არაა მართალი, ორივე დამნაშავეა.
დღე არ გავა, სოხუმი რომ არ გამახსენდეს და გონებით არ მოვიარო მისი ქუჩები. ჩემმა მეგობარმა ქალმა საბერძნეთიდან, რომელიც ადრე ჩემსავით სოხუმში ცხოვრობდა, წლების შემდეგ მოინახულა სოხუმი და იცით, რა მითხრა, დავრწმუნდი, რომ ხალხი ქმნიდა იქ აურას. გარეთ გამოსვლა აღარ მინდოდა, რა რჯულის ხალხი დადის, ვინ არიან, ვერ გეტყვიო. მე მინდა ისევ ის სოხუმი დაბრუნდეს, ის სითბო და ის ურთიერთობები და ზღვა ჩვენ შორის აღარ იყოს შორი. წლები მემატება და არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ერთხელ მაინც არ გავიარო სოხუმში, ჩემს თეატრთან...