"ორი კვირა "კაგებეში" დაკითხვებზე დავდიოდი... შონ კონერის ხაში ისე მოეწონა, მეკითხებოდა: დილის გარდა, სხვა დროსაც რომ ვჭამო, რატომ არ შეიძლებაო?"
ბატონ თენგიზ არჩვაძესთან შეხვედრას კარგა ხანს ველოდი და ეს დღეც დადგა...
შევედი მისაღებ ოთახში, მივესალმე და პირველი რამდენიმე წინადადება ისე სწრაფად ვთქვი, რომ მითხრა: რა ჩქარა ლაპარაკობ, ვერაფერი გავიგე, პატივი უნდა სცე სიტყვას და ქართულ ენასო... მეც მშვიდად დავიწყე საუბარი. პატარა მაგიდაზე წიგნებია, სულ ზემოთ ჩვენი გამომცემლობის („პალიტრა L“) წიგნი „საქართველოს ისტორია“ დევს, იქვე დივანზე კი ჟურნალ-გაზეთები აწყვია. ჟურნალ „გზას“ მოვკარი თვალი, თურმე ბატონი თენგიზი ყოველ ხუთშაბათს კითხულობს.
- ბატონო თენგიზ, სიტყვის და წიგნის მიმართ რუდუნება ბავშვობიდან გაქვთ? წასაკითხ ლიტერატურას მშობლები გირჩევდნენ?
- ეგ „ავადმყოფობა“ - წიგნის დიდი სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. მამა წიგნიერი კაცი იყო. მშობლებს შვილებისთვის არჩეული ბიბლიოთეკა სახლში ჰქონდათ, შერჩევა არ გვინდოდა. ზეპირად ვიცოდი მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე... ამ და სხვა კლასიკოსებს სკოლაში სხვანაირად მასწავლიდნენ. იმ იდეოლოგიას ჩვენ არ ვიღებდით. ერთი რამ ვიცოდი, რასაც სახლში წავიკითხავდი, იქ არ ვამბობდი. აგერ მიდევს უბრწყინვალესი წიგნი, „საქართველოს ისტორია“ - ახალი გამოცემა, რამდენიმე აკადემიკოსის შედგენილია. ერთ-ერთი ჩემი მეგობარიa, დათუნა მუსხელიშვილი. ეს წიგნი ყველამ უნდა შეიძინოს.
- რომელ მწერლებთან მეგობრობდით?
- მწერლებთან ახლოს ვიყავი. ერთი კარგი ფოტოა, კოწია გამსახურდიასთან ერთად მაქვს გადაღებული, მერე ჟურნალში დაბეჭდეს... ჩემი მეგობარი იყო დიდებული მწერალი არჩილ სულაკაური. მეგობარი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ერთნაირი წესი გვქონდა, ჩვენი ქვეყნის მთა და ბარი ერთად მოვიარეთ. უბრწყინვალეს პროზაიკოს რეზო ინანიშვილთან ერთად თუშეთი მაქვს შემოვლილი. ლევან გოთუა უმცროს მეგობრად მთვლიდა. ბატონი ლევანის პიესაში „მეფე ერეკლე“ ვთამაშობდი და ჩვენი მეგობრობაც იქიდან დაიწყო. ჩემი მეგობრები იყვნენ: ძმები ჭილაძეები, ელგუჯა მაღრაძე, მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანი... მეტი რაღა უნდა გითხრათ?!
- თეატრალური ინსტიტუტიდან წახვედით, მაგრამ მალევე დაბრუნდით. ამის შესახებ გვიამბეთ.
- ჩემი პირველი პედაგოგი თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანი იყო. პროფესიას საფუძველი სწორედ პირველ კურსზე ჩაეყარა. მერე ისე მოხდა, რომ რაღაც მეწყინა და გადავწყვიტე, მსახიობობისთვის თავი დამენებებინა. პირველი კურსის დასრულების შემდეგ თეატრალურში სწავლა შევწყვიტე და უნივერსიტეტში ფილოლოგიურზე ჩავაბარე. მისაღებ გამოცდებზე ყველა საგანში ფრიადი მივიღე და მაინც გარეთ დავრჩი - ვისაც "ლიმიტები" ჰქონდა, ისინი მიიღეს. ადგილები შეზღუდული იყო. იმ დროს ნიკო კეცხოველი უნივერსიტეტის რექტორობიდან გაათავისუფლეს და ახალი რექტორის დანიშვნამდე სრული არეულობა იყო. უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი და თეატრალურში დავბრუნდი.
- მარჯანიშვილის თეატრის არტისტების გვერდით დგომა რთული იყო?
- ძალიან უბრალო და მომფერებელი ადამიანები იყვნენ. ერთ-ერთ გადაღებაზე ფეხზე ნერვის ანთება დამემართა, ჩამოვედი თბილისში და გამაკავა, ვერ ვინძრეოდი. მსახიობმა საშა გომელაურმა კალინინის ქუჩაზე ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში წამიყვანა. იქ გვითხრეს, ადგილი არ გვაქვსო. საშამ დაიწყო: ეს არჩვაძეა - ნახეთ, რა ბიჭია! ამას წიგნის კითხვა უყვარს... ადგილი არ არისო, გაიმეორა დირექტორმა. საშამ გააგრძელა: მერე სტუმრები რომ მოვლენ მის სანახავად (დირექტორმა ისევ ახსენა ადგილი...), ჩვენ მოვალთ თეატრიდან, ყოველდღე ვიღაცა მოვა, ხომ უნდა დახვდეს, პირობებია საჭირო, მაგიდაც უნდა იდგესო... იმდენი ელაპარაკა, იმ კაცმა თავისი კაბინეტი დაგვითმო და იქ დამაწვინეს. ახალგაზრდა ვიყავი და ყველანი მეფერებოდნენ. თეატრში რომ მივედი, როგორც წესი იყო, მცირე ხელფასი დამინიშნეს. ჟორა შავგულიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ხელფასი მე მომცეს.
- ბატონო თენგიზ, სპექტაკლში „თვალი პატიოსანი“ ოთარ ნიჟარაძის როლს ასრულებდით, თუმცა იმავე დასახელების ფილმში ეს როლი თქვენ არ შეგისრულებიათ, რატომ?
- სხვათა შორის, ეგ როლი შოთა მანაგაძის ფილმში მე გავახმოვანე, მაგრამ როლი სხვა მსახიობმა შეასრულა. კინოში ზოგჯერ ასე ხდება... თეატრში „თვალი პატიოსანი“ საკმაოდ დიდხანს გადიოდა, ალბათ 200 სპექტაკლი მაინც გავმართეთ. რეჟისორი იყო ნუგზარ გაჩავა, მუსიკალურად ბიძინა კვერნაძე აფორმებდა. გალაკტიონი ძალიან მიყვარს და იმ პერიოდში ერთმა ლექსმა გამიტაცა - „გულო, რა გემართება“. ჩემი გმირის - ოთარის შინაგან სამყაროსთან ახლოს იყო და ლექსი მივუტანე ბიძინას. მალე რეპეტიციაზე მოვიდა და სიმღერა თავადვე დაგვიკრა. მელოდიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ქალბატონ ნანის ვთხოვეთ ჩაეწერა და სიმღერა სპექტაკლის ძირითად თემად იქცა. თუმცა, ამ სიმღერას ფართო აღიარება „დათა თუთაშხიაში“ აჟღერების შემდეგ ხვდა. ის დღესაც ძალიან პოპულარულია.
- თქვენი როლების ამსახველი ფოტოები არ გაქვთ კედლებზე გამოფენილი, მხოლოდ ილიას როლში პორტრეტს ვხედავ...
- ეგ ფოტო, 85 წლისა როცა გავხდი, თეატრიდან მომიტანეს საჩუქრად. ფოტოებს არ ვაგროვებ. აი, ჩემი ფოტოები არის მამა-პაპა, მშობლები... 51 წლის ბაბუაჩემი დავით არჩვაძე 1907 წელს, თბილისში სასაფლაოზე დახვრიტეს სოციალ-დემოკრატებმა. 5 შვილი ობლად დარჩა, ბებიაჩემი ნატო (ნატალია) ბოჭორიშვილი 28 წლისა დაქვრივდა. ის მამაჩემია (ფოტოზე მიმითითებს), 9 წლისაა ამ სურათზე, წერა-კითხვა უკვე იცოდა. ბაბუას ჩოხა აცვია, უყვარდა ჩოხა... ჩემს გვარში „ვ“-ს ნაცლად ადრე „უ“ იწერებოდა, თუ „უ“-ს თავზე „პწიჩკა“ ჰქონდა, „ვ“-დ იკითხებოდა, თუ არა - „უ“-დ. ქართული ანბანის რეფორმის შედეგად, რამდენიმე ასო ამოვარდა და მივიღეთ ზუსტი ფორმა, "არჩვიდან" გამომდინარე. „ჯიხვი და არჩვი მეყოფა, ხორცი აქვს მარილიანი“, - გუდამაყარშია ნათქვამი.
- იტალიისა და საბჭოთა კავშირის ერთობლივი ფილმის - „წითელი კარავის“ გადაღებებიდან რას გაიხსენებთ?
- მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში კინოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ: შონ კონერი, კლაუდია კარდინალე, პიტერ ფინჩი... ფილმის ერთ ნაწილს ჩრდილოეთ პოლუსზე, ფრანც იოზეფის მიწაზე ვიღებდით. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმ თვეებმა. შონ კონერი წარმოშობით შოტლანდიელია, სადაც ბევრი მთაა; ჰოდა, მეც ვიფიქრე, საქართველოში ორი კვირით ჩამომეყვანა. რეჟისორსაც შევუთანხმდი... ორი კვირა "კაგებეში" დაკითხვებზე დავდიოდი და შონ კონერიც ვეღარ ჩამოვიყვანე. ამის ნაცვლად, უცხოელ კოლეგებს, შონ კონერისა და პიტერ ფინჩს, მოსკოვის რესტორან „არაგვში“ ვეპატიჟებოდი ხაშზე კვირა დილით. კონერის ხაში ისე მოეწონა, მეკითხებოდა: დილის გარდა, სხვა დროსაც რომ ვჭამო, რატომ არ შეიძლებაო?.. ერთხელ პიტერ ფინჩმა მითხრა: ვიცი, რომ თქვენ არა გაქვთ იმხელა ხელფასი, რამდენიც ჩვენ; მე კუნძულებიც მაქვს და დანახარჯს კი სულ შენ იხდიო... ასე ვუპასუხე: კი ბატონო, შენ კუნძულები გაქვს და მე ქართველი ვარ-მეთქი!
- მოგზაურობის ან გადაღებების შთაბეჭდილებები არასოდეს დაგიწერიათ?
- არაფერს ვინახავდი, იმიტომ, რომ ნებისმიერ ჩანაწერს შეიძლება ეჭვი გამოეწვია. სახალხო არტისტი ისე გავხდი, არც კომკავშირელი და არც პარტიული არ ვყოფილვარ.
- შვილებთან ურთიერთობისთვის დრო გრჩებოდათ?
- ფშავსა და ხევსურეთში გადაღებებზე ორივე სულ თან დამყავდა, ზაფხულობითაც - ბრიგადებს ვქმნიდით მსახიობები და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მივდიოდით. აბა, აგარაკის ფული სად მქონდა?!. როცა საგზურებს გვაძლევდნენ, ჩემი მეუღლე და ქალიშვილები ერთად მიბრძანდებოდნენ ბიჭვინთაში, ქვიშხეთში... მე მიშვებდნენ ბაზარში.
- მცხეთის სახლში ვარდები თავად დარგეთ, მათ შორის, შავი ვარდიც არის, არა?
- იქ სახლი აღარ გვაქვს... „ვარდსა ჰკითხეს: ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად“... ვარდი ხშირად ძვირი ღირდა, ახლა კიდევ უფრო გაძვირდა.
- ბევრ შეკითხვაზე არ მიპასუხეთ...
- ზოგ რამეზე არ ვლაპარაკობ. ბევრი ისეთი ამბავია, რისი გახსენებაც მე თვითონ მაწუხებს, სული უნდა ააფორიაქო. იმ დროსთან დაკავშირებული ადამიანების წასვლა, ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია. ემოციური ვარ და ყოველთვის მძიმე განცდები მქონდა. ყველაფერი კიდევ, სალაპარაკო არ არის...
- დიდი მადლობა, ბატონო თენგიზ, ინტერვიუსთვის, დღეგრძელობას გისურვებთ.
- ღმერთმა სიყვარულით გატაროთ!
P.S. თენგიზ არჩვაძეს არ მოჰკლებია არც ხალხის სიყვარული, არც ჯილდოები და არც პრემიები. წელსაც, დაბადებიდან 90 წლისთავზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბატონი თენგიზი „ბრწყინვალების ორდენით“ დააჯილდოვა, ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.
ნანული ზოტიკიშვილი