ბერი, რომელმაც უამრავი უმწეო ცხოველი სიკვდილს გადაარჩინა
ყველას გვინახავს წვიმაში, თოვლსა და ყინვაში აბუზული მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც ყოფილმა "პატრონებმა" ასეთი ხვედრისთვის გაწირეს. არის თუ არა გამოსავალი ამ სიტუაციიდან? - ალბათ, არის და ეს ცხოველთა თავშესაფრებია. სწორედ ამგვარი თავშესაფარი აქვს მამა სებასტიანეს, რომელმაც ათეულობით ცხოველი იხსნა უეჭველი სიკვდილისგან. მამა სებასტიანე (ნეფარიძე) 25 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. ამბობს, რომ ძაღლები ბავშვობიდან უყვარდა, ახლა ის უმწეო, ავადმყოფ ცხოველებს უვლის, რომლებიც მისი დახმარების გარეშე ქუჩაში დაიღუპებოდნენ.
- ჭიათურელი ვარ, სოფელ შუქრუთში დავიბადე და გავიზარდე. 25 წლის ვიყავი, როცა მონასტერში წასვლა გადავწყვიტე, ცოტა ხანს შავნაბადას მონასტერში ვიყავი, მერე კი აქ გადმომიყვანეს და უკვე 18 წელია, რაც ბერი ვარ. ცოტა ხნის წინ 43 წლის გავხდი, ახლა ჩემი ოჯახი აქ არის - სურამისა და ხაშურის ეპარქიაში! მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანისა, რომელთა დახმარებით ეპარქიაში უკვე სამი ეკლესია ავაგე.
- ეს როგორ შეძელით?
- პირველად დედა ღვთისას მონასტერი ავაშენეთ სოფელ წრომიდან სამ კილომეტრში, სადაც ახლა ვარ. წრომშივე ავაშენე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია, იქვე ახლოს, ნასოფლარია, სადაც ღვთისმშობლის შობის ტაძარი ავაგეთ. სამივე ტაძრის აშენება შემოწირული ფულით მოვახერხე, თუმცა მეც ვშრომობდი: ხან სოკოს ვკრეფდი ტყეში, ხან ასკილს, ტრანსპორტი რომ არ მქონდა საშენ მასალას ზურგით ვეზიდებოდი. ტაძრებს კი მოვრჩი, მაგრამ საზრუნავი არ მომკლებია: ახლა მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფარი გავხსენი.

- თავშესაფრის გახსნა როგორ გადაწყვიტეთ?
- სოფელში ძაღლები ყოველთვის გვყავდა, რადგან ჩვენს ოჯახში ისინი ყველას უყვარდა. უმწეო ცხოველები ქუჩიდან სახლში მიმყავდა და ვიფარებდი, მერე ეს საქმე მონასტრებშიც გავაგრძელე: ადრე ჩემი ძაღლები დედა ღვთისას მონასტრის ახლოს მყავდა, მერე კი მათთვის ადგილი შეიძინა ერთმა კეთილმა კაცმა და ჩემი ძაღლები იქ გადავიყვანე.
- რა განცდაა, როდესაც მომაკვდავ ძაღლს გადაარჩენ?
- ამ განცდის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. როდესაც ცხოველს გადავარჩენ, მისგან უზომო მადლიერებას ვგრძნობ. ასე მომიგროვდა ჩემს პატარა თავშესაფარში 50 ძაღლი. "ფეისბუკზე" სამი გვერდი გავხსენი და ყველას ვთხოვ თავშესაფრის დასახმარებლად თანხა გაიღონ. ჩემი ძაღლებისთვის 1-2 ლარიც ბევრს ნიშნავს, თანაც უმეტესობას მკურნალობა სჭირდება და ხშირად თბილისში ჩამომყავს ვეტერინართან. თავშესაფარს კეთილი ადამიანების დახმარებით ვინახავ, შესაწირი ყუთებიდან მცირეოდენ თანხას მეც ვუმატებ, მაგრამ ხალხი რომ არ მეხმარებოდეს, ვერაფერს შევძლებდი. ძირითადად, ავადმყოფ ძაღლებს ვიფარებ: როცა ვხედავ, რომ ცხოველი ქუჩაში ვერ გადარჩება და სიკვდილისთვისაა განწირული, და თავშესაფარში მომყავს. ამჯერად ოთხი სამფეხა ძაღლი მყავს, რომელთაც ავტომობილმა გადაუარა და მერე ფეხი მოჰკვეთეს. ისეთი ძაღლებიც მყავს, რომლებმაც ჭირი გადაიტანეს და ძლივს გამოჯანმრთელდნენ. ერთ ძაღლს სურამის გზაზე მატარებელმა გადაუარა და ორივე ფეხი მოაჭრა. ისეთი ძაღლები შევიფარე და განვკურნე, რომელთა განკურნების იმედი მეც აღარ მქონდა.
- თბილისის ქუჩებშიც ათასობით მიუსაფარი ძაღლი ცხოვრობს, ზოგიერთმა ადამიანი დაკბინა, ამიტომ ბევრი ფიქრობს, რომ გამოსავალი სწორედ ასეთი თავშესაფრებია.
- მეც ასე მგონია. რამდენი კანონი მიიღეს და სიტუაციას ვერც ერთმა ვერ უშველა. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხალხი მასობრივად უშვებს ძაღლებს ქუჩაში. მერე მიუსაფარი ძაღლები უკონტროლოდ მრავლდებიან. ძაღლთან მოქცევა ყველამ ხომ არ იცის? შეიძლება მას ერთი ადამიანი მოექცეს ცუდად და მერე აგრესია სულ სხვასთან გამოავლინოს. სამწუხაროა, რომ სტერილიზაცია-კასტრაცია მასობრივად არ ტარდება. რაც მეტი თავშესაფარი გაიხსნება ცხოველებისთვის, მით უკეთესი. რამდენიმე კაცმა 30-40 ძაღლიც რომ შეიფაროს, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. გარდა ჩემი ცხოველებისა, ქუჩაში მცხოვრებ 40-მდე მიუსაფარ ძაღლსაც ვაჭმევ და რომ ვაკვირდები, ყოველდღე ახალ-ახალი ძაღლები მხვდებიან. ყოფილი პატრონები ავადმყოფ და მოხუც ცხოველებს ქუჩაში უშვებენ, ზოგი ლეკვებსაც ყრის გარეთ. სწორედ ასე იქმნება რთული მდგომარეობა თითქმის ყველა ქალაქსა და დასახლებაში.
ძაღლები ქუჩაში შეიძლება თავისუფლად არიან, მაგრამ ეს ხანმოკლე თავისუფლებაა: ზოგს მანქანა ეჯახება, ზოგი ავადმყოფობით იღუპება, ზოგს კი ადამიანები ერჩიან. თავშესაფარი ერთადერთი გამოსავალია, რომ ცხოველები ქუჩაში სიკვდილისგან ვიხსნათ. მით უმეტეს, ჩვენთან, სურამსა და ხაშურში, ძალიან ცივა. აქაურობას "მეორე ციმბირს" ტყუილად კი არ ეძახიან. კიდევ ერთი ჩანაფიქრი მაქვს: კატებისთვის თავშესაფრის გაკეთება მინდა. ჯერ საამისოდ არც ადგილი მაქვს და არც სახსრები. დღეს, როცა ქუჩაში ათასობით უპატრონო, მშიერ-მწყურვალი ცხოველი ცხოვრობს, თავშესაფრების არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
P.S. ანგარიშის ნომრები, რომელთაც ამ ინტერვიუს ბოლოს ვბეჭდავთ, მამა სებასტიანეს ეკუთვნის. დიდი იმედია, რომ ჩვენი მკითხველიც შეეწევა მის თავშესაფარს, სადაც უმწეო ცხოველები ბინადრობენ.
თიბისი ბანკი:
GE65TB7283145061100108
საქართველოს ბანკი:
GE80BG0000000178129200
მიმღები: გოჩა ნეფარიძე
ხათუნა ჩიგოგიძე
პირადი N: 54001052348