რისთვის ემზადება რუსეთი? - კვირის პალიტრა

რისთვის ემზადება რუსეთი?

კრემლს ლუგარის ლაბორატორიის არსებობა არ ასვენებს. ამჯერად ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები ჩავიდნენ და რეგიონში რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური ვითარება გამოიკვლიეს. ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივან ნატალია ბოსიკოვას განცხადებით, ყურადღებით ადევნებენ თვალს ონკოპაციენტების სტატისტიკას, რომელიც ყოველწლიურად იზრდება და მათ შორის არიან ბავშვები. "ომი უკვალოდ არ ქრება. გვაშფოთებს სამხრეთ ოსეთის მახლობლად მდებარე ბიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობაც. ამიტომ რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური მდგომარეობის შესაფასებლად ხელმძღვანელობამ ზომების მიღება გადაწყვიტა - ჩატარდა კვლევა სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების მონაწილეობით".რუსეთი ლუგარის ლაბორატორიას პროპაგანდისტული მიზნებისთვის წლებია იყენებს. რუსეთში დაავადებების გადამტანი კოღოებისა და ტკიპების მომრავლებაზე­ ისაუბრა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმაც. პარალელურად, აფხაზეთში "საქართველოდან ტერორისტული აქტის დაფინანსების" შესახებ გავრცელებული ცნობის საფუძველზე "ეჭვმიტანილები"­ დააკავეს. რა არის ოკუპირებული რეგიონებიდან წამოსული რუსული გზავნილების მოტივი, ამის გარკვევას პოლიტოლოგ გიორგი­ გობრონიძესთან ვცადეთ.

- რუსები უკვე ისეთ მდგომარეობაში არიან, უკრაინაში დადასტურებულად იყენებენ მასობრივი განადგურების იარაღს. პარალელურად, ცივილიზებულ სამყაროს ბირთვული იარაღის გამოყენებით აშანტაჟებენ. ამიტომ კრემლი ისეთი საინფორმაციო ფონის შექმნას ცდილობს, ვითომ თავად კი არ წარმოადგენს საფრთხეს, არამედ ამერიკა თავის მოკავშირეებთან ერთად. ამიტომ კონტრმოქმედება ე.წ. დასავლურ საფრთხეებზე რეაგირებად უნდა გაასაღონ. იციან, რომ ლუგარი ბიოლოგიური ლაბორატორიაა, მაგრამ მაინც ცდილობენ ცხინვალის მოსახლეობაში პანიკის დათესვას. ამას ემსახურება რადიაციული და ქიმიური სინჯების აღება. საქართველოს შესახებ უფრო პარადოქსული განცხადებებიც გაუკეთებიათ. ძალზე მნიშვნელოვანია ქართულ მხარეს ნებისმიერ ბრალდებაზე მკაფიო პასუხი ჰქონდეს. რუსი სპეციალისტების ვიზიტი ნიშნავს, რომ სხვა დროსაც შეამოწმებენ და როდესაც მოუნდებათ, "საფრთხეს" მაშინ აღმოაჩენენ. არადა, ნებისმიერი, განსაკუთრებით, ქიმიური და რადიაციული დაბინძურების მიზეზი იქ განთავსებული რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზაა. ლუგარის ლაბორატორია მესამე დონის ბიოლოგიური ლაბორატორიაა და სისულელეა იმის მტკიცება, რომ ლილოში რადიაციამ გაჟონა და ცხინვალში მოიმატა, დანარჩენ რეგიონებს გადაახტა, მაგრამ რაც უფრო აბსურდულია დეზინფორმაცია, უფრო მარტივად იჯერებენ. ბიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის საჭიროა მეოთხე დონის უსაფრთხოების სისტემის ლაბორატორია. მესამე დონის სისტემის უსაფრთხოების ბიოლოგიურ ლაბორატორიაში, სადაც სტუდენტებსაც კი უშვებენ, რადიაცია ვერ იარსებებს.

- ოსური მხარის "არგუმენტებით", თითქოს ბოლო ხანებში ონკოლოგიურმა პაციენტებმა იმატა, მათ შორის ბავშვებში.

- ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია... თუმცა ცხინვალის რეგიონი დახურული სივრცეა, სადაც რუსებს ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და არ არის გამორიცხული, მართლა რაღაცას აფუჭებდნენ. კარგი იქნებოდა, ქართულ მხარეს საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გორში შეემოწმებინა რადიაციული ფონი, რადგან, თუ დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები ცხინვალში დაფიქსირდება, ლოგიკურია, ეკოლოგიური მდგომარეობა შიდა ქართლის სხვა რაიონებშიც იყოს გაუარესებული. გარდა ამისა, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოსებიც და აფხაზებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მათთვის ქართული ჯანდაცვა ხელმისაწვდომია, განსაკუთრებული პაკეტებით სარგებლობენ.ამიტომ, თუ ოსური მხარის საინფორმაციო ისტერიკას რამე საფუძველი აქვს, მიზეზი რუსეთის მეოთხე ბაზაში უნდა ეძებონ.

გამორიცხული სულაც არ არის, რუსები ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონს რადიაციული და სხვა მომწამლავი ნივთიერებით უკანონო ვაჭრობისთვის იყენებდნენ. კრემლისთვის იოლია ოკუპირებულ რეგიონებში მავნებლობა და შედეგის საქართველოსთვის, კერძოდ, ლუგარის ლაბორატორიისთვის, იქიდან გაშვებული კოღოებისა და ღამურებისთვის დაბრალება.

არც ის არის გამორიცხული, პუტინი ოკუპირებულ რეგიონებს საერთაშორისო ტერორიზმის ხელშესაწყობად იყენებდეს, განსაკუთრებით ახლა, უკრაინასთან ომის დროს. სანამ ასეთი შავი ხვრელები არსებობს და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ერთობლივი, კონსოლიდირებული მიდგომა არ ჩამოყალიბდება, ეჭვები და საფრთხე სულ იარსებებს. ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ თავისი სახელი უნდა დაერქვას. მსოფლიომ ჯერ მაინც ვერ ისწავლა, რომ სადაც რუსეთია, იქ საფრთხეც არის, თანაც მრავალფეროვანი და ერთ დღესაც მათ მიუბრუნდება, როგორც არაერთხელ მომხდარა. ამას რატომ უყრუებენ, მაინცდამაინც რომელიმე ევროპული ქვეყნის დედაქალაქში უნდა მოხდეს ტერაქტი და ასაფეთქებელ მოწყობილობას ეწეროს, რომ სოხუმიდან ან ცხინვალიდან არის წაღებული?! შემდეგ კი მოჰყვება ჩვენი დიპლომატებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება, მაგრამ გვიანი იქნება, რადგან ყველამ ვიცით, რუსეთს ამ ორი უკონტროლო ზონის ყველანაირი შავი საქმისთვის გამოყენება შეუძლია. მისი ბოლოდროინდელი ქმედებებით გამოჩნდა, რომ ყველაფერზეა­ წამსვლელი. სანამ თავი ბოლომდე არ გამოამჟღავნა, აქამდე მაინც ენამოჩლექით ელაპარაკებოდნენ.

ასეთი "არგუმენტების" შემდეგ ქართულმა მხარემ მოკავშირეებს აქტიურობისკენ უნდა მოუწოდოს. სანამ ის ორი რეგიონი რუსეთის გავლენის ზონაა, საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე დამოკლეს მახვილივით იქნება ჩამოკიდებული.

უკრაინის ომმა გამოაჩინა, რომ მთელი რუსული არმია გაძარცულია, მაგრამ ამაზე პასუხი არავის უგია. რუსეთში სრული ქაოსია და ამის მსოფლიოში გავრცელებას ცდილობენ. სავსებით მოსალოდნელია რუსული გენერალიტეტი და სპეცსამსახურები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ნივთიერებებით ვაჭრობდნენ და სადმე ტერაქტი რომ მოხდეს, თავს კი არ დაიდანაშაულებენ, საქართველოსკენ გამოიშვერენ თითს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ... ყველა წინა პირობა მიანიშნებს, რომ საქართველო ასეთი რისკის წინაშე დგას. ამიტომ სახელმწიფოს სამხედრო რეაგირების მექანიზმი უნდა ჰქონდეს შემუშავებული, პარტნიორებიც ინფორმირებული უნდა ჰყავდეს. რუსეთს ლუგარზე ადრეც არაერთხელ მიუტანია იერიში. ლაბორატორიაზე მითები ქართველ საზოგადოებაშიც დათესა და არცთუ უშედეგოდ...

- აფხაზეთის რამდენიმე სკოლაში გამნაღმველებმა შემოწმება ჩაატარეს, რასაც ე.წ. ეჭვმიტანილის დაკავება მოჰყვა. ეს ყველაფერი სოცქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, თითქოს "ვიღაცამ საქართველოდან მნიშვნელოვანი ტერორისტული აქტი დააფინანსა"...

- არავის აქვს ილუზია, რომ აფხაზეთის "სპეცსამსახურები" რუსეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. როგორც უნდა უჭირდეს რუსეთს, საქართველოსთვის მაინც საფრთხეა, უკრაინასთან ომი აქვს და არ გვივიწყებს, მუდმივად დაძაბულობის კერებს ქმნის. აფხაზეთის "ხელმძღვანელობამ" და მოსახლეობის ნაწილმა კარგად იცის, რომ საქართველოდან მსგავსი საფრთხე არ არსებობს. მეტიც, ვიღაცებს თავადაც აინტერესებთ, რა ხდება გუდაუთის სამხედრო ბაზაში, რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის "მთავარი მოკავშირე" აფხაზეთს, მაგრამ მასებისთვის რუსეთი, რომელიც თანდათან გუდავს, ისევ მხსნელად აღიქმება, საქართველო კი მტრად. ამიტომაც "ტერორიზმის დაფინანსებასაც" დაიჯერებენ.

ლუგარისა და აფხაზეთში "ტერორისტული აქტის საფრთხის" ამბავი შემთხვევით არ წამოუწევიათ წინა პლანზე. რუსეთს ძალიან სჭირდება საქართველოსთვის რაღაცების დაბრალება, რომ ამერიკას თავი ამართლებინოს. იციან, ლუგარის ლაბორატორია უკვე დიდი ხანია ჯანდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკუთვნის, მაგრამ შესაძლებლობას არ უშვებენ, უნდათ ამ მარაზმიდან - ბირთვულ შანტაჟსა და მასობრივი განადგურების იარაღს ვგულისხმობ - ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ. რუსეთს ახლა ყველა ფრონტზე უჭირს - თავად ქვეყანაში, ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს, მაგრამ ომში გარდატეხა მაინც ვერ შეიტანა. დიდი ალბათობით, ახლა მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებენ, მით უფრო, რომ ერთხელ უკვე დაფიქსირდა ფოსფორის ბომბები, მებრძოლებს ინტოქსიკაციაც აღმო­აჩნდათ, რაც შერჩათ, და კიდევ რომ გამოიყენონ, ხელს ვერაფერი შეუშლით. არც უფრო საშიში ნივთიერებების გამოყენებას მოერიდებიან. მასობრივი განადგურების იარაღში ბევრი რამ შედის, მაგრამ უფრო მოსალოდნელი ქიმიური იარაღის გამოყენებაა. თუმცა რუსეთის პარანოიკი პრეზიდენტის მოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია - არიან პირები, რომლებთანაც მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ პუტინი საზოგადოებისგან იზოლირებული უნდა იყოს. ხშირად გვესმის, თუ გაუჭირდა, ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანებას გასცემს, გენერალიტეტი კი ან შეაჩერებს, ან ვერაო, რაც სპეკულაციაა. თუ რუსეთი გამოიყენებს რომელიმე ტიპის ბირთვული კომპონენტის შემცველ იარაღს, დასავლეთისგან უმძიმეს პასუხს მიიღებს, მაგრამ ომის მსხვერპლი იქნება მილიონობით ადამიანი და შესაძლოა შემდგომი ქმედებები დაგვიანებულიც კი აღმოჩნდეს.

- რუსეთს უკვე ძალიან ბევრი მოიხსენიებს "ტერორისტულ სახელმწიფოდ". ასევე ხშირად საუბრობენ რეჟიმის გასამართლებაზე.

- პუტინის რეჟიმის გასამართლებაზე ჯერ კიდევ ადრეა საუბარი. ამისთვის იქ პროცესები ისე უნდა დასრულდეს, როგორც 1999 წელს იუგოსლავიაში, უფრო ადრე კი გერმანიაში. თუ რუსეთი ამ ფორმით­ გადარჩა და მართვის სადავეები პუტინს დარჩა, მათ ვერავინ გაასამართლებს, თან ჯერ ისიც არ ვიცით, რუსეთი წააგებს თუ არა. ცივილიზებული მსოფლიოს უმეტესობას სურს მოსკოვის ტრიბუნალი იხილოს, ისე, როგორც თავის დროზე ნიურნბერგის, ჰააგის, ან ტოკიოს ტრიბუნალი და პუტინის რეჟიმი მხოლოდ უკრაინაში კი არა, ბოლო წლებში­ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის გასამართლდეს. ის ჩრდილოეთ კორეისა და სირიის მსგავსი ქვეყნების ჩამონათვალში გადავიდა, მაგრამ ჯერ სუდანის რეჟიმიც კი ვერ გასამართლდა. მთავარია, უკრაინა­ ამ ომიდან გამთლიანებული გამოვიდეს, თან ისეთი შედეგით, რომ რუსეთს რევანშის სურვილი აღარ ჰქონდეს. თუმცა რუსეთის მოსახლეობის განწყობა ყველა შემთხვევაში რევანშისტული იქნება, მნიშვნელობა არა აქვს, რუსეთი ომს წააგებს თუ მოიგებს. პუტინის რეჟიმი კიდევაც რომ დაემხოს, უკეთესი არავინ მოვა, მისი შემცვლელიც მოსახლეობას დასავლური სამყაროსა და ამერიკის მიმართ აგრესიულად განაწყობს და ახალი, შედარებით "მცირე ზომის სამიზნის" ძებნას დაიწყებს. შესაძლოა ეს იყოს საქართველო, რათა მასებს აჩვენოს, უკრაინასთან კი წავაგეთ, მაგრამ ეს საბოლოო დამარცხებას კი არ ნიშნავს, უკვე დავიწყეთ შეცდომების გამოსწორება, ამას სხვები მოჰყვებიანო. ამ დროს ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ყოველდღე იზრდება რუსების შემოდინება, ქართულ ეკონომიკასა და სხვა სფეროებში ითქვიფებიან, რუსული კაპიტალი შემოაქვთ, რაც ხალხში დემორალიზაციის, დესტაბილიზაციის განცდას იწვევს, რა იქნება ხვალ, რა მოჰყვება ამას?..

საქართველოსთვის რუსეთი მხოლოდ ორ შემთხვევაში არ იქნება საფრთხე - თუ ამ ომიდან ისე გამოვა, რომ არაფრის თავი არ ექნება, და მეორე - თუ იმ კოალი­ციაში ვიქნებით, რომელიც რუსეთის რევანშისტული პოლიტიკისგან დაგვიცავს.­ რუსეთის დასუსტება ჩვენთვის შანსია, რომ დრო მოვიგოთ და გავძლიერდეთ, რაშიც სამხედრო აღმშენებლობას ვგულისხმობ. უამისოდ არაფერი გამოვა, ნატოს სამხედრო ალიანსის გარეშეც დაუცველი ვიქნებით. დაყვავების პოლიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ რუსეთთან რაღაც სავაჭრო გვექნება, მას კი საქართველოსგან ყველაფერი უნდა, ქართული სახელმწიფოს არსებობას დღემდე ვერ ეგუება. კრემლი საქართველოსა და უკრაინას ისე უყურებს, როგორც ტერიტორიულ დანაკარგს. ამიტომ ჩვენზე თავდასხმა პრაგმატულად გაუმართლებელი უნდა იყოს, ანუ ზარალი იმდენად მძიმე უნდა იყოს, რომ თავდასხმა არ უღირდეს. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ჯერ დრო გვაქვს. მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, ეს უნდა გაიგონ. დინებას კი არ უნდა მივყვებოდეთ, საფრთხეებზე პროპორციული რეაგირების შესაძლებლობებს უნდა ვეძებდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ მას კბილებში პირველები შევუცვივდეთ, მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ, რომ "არგაღიზიანების პოლიტიკა" არ ჭრის. ხომ ხედავთ, კრემლი ამჯერად ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცდილობს სიტუაციის არევას, იქნებ რაღაცას გამოჰკრას ხელი. მით უფრო, რომ იცის, ქვეყანაში დაძაბულობის კერის შექმნას დიდი შრომა არ სჭირდება, ქართველებს არაფრის გამო პოლიტიკური ორომტრიალის შექმნის დიდი ნიჭი გვაქვს.