ირანი რუსეთის შემდეგ სომხეთსაც აიარაღებს - კვირის პალიტრა

ირანი რუსეთის შემდეგ სომხეთსაც აიარაღებს

რუსეთმა ორკვირიანი პაუზის შემდეგ ისევ გააგრძელა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე შეტევა ირანული "შაჰიდის" კამიკაძე-დრონებით, რაც შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ თეირანმა მოსკოვს დრონების ახალი პარტია მიაწოდა.

მაგრამ შეიძლება ირანი არა მარტო რუსეთს, არამედ მეზობელ სომხეთსაც ფარულად ამარაგებს შეიარაღებით.

ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულ და თურქულ მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს ირანის ხელისუფლებამ სომხეთს საჩუქრად გაუგზავნა, არც მეტი, არც ნაკლები, 600 მართვადი რაკეტა, მათ შორის 500 ცალი ტანკსაწინააღმდეგო Dehlavieh-ი და 100 ცალი Almas-ი.

მოგვიანებით ოფიციალურმა ერევანმა უარყო ირანული რაკეტების სომხეთის არმიისთვის გადაცემა, თუმცა ირანული ავიაკომპანიის ის სატვირთო თვითმფრინავები, რომლებითაც კამიკაძე-დრონებს ირანიდან მოსკოვში ეზიდებიან, მართლაც რამდენჯერმე დაფიქსირდნენ ერევნის "ზვარტნოცის" აეროპორტში და "ერევან-იუჟნის" ერებუნის სამხედრო აეროდრომზე.

არ არის გამორიცხული, ასეთი ინფორმაციის გავრცელება ოფიციალური ბაქოს სომხეთთან საინფორმაციო ომში მორიგი "გასროლა" იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალზე მაღალია იმის ალბათობაც, რომ ირანმა მეზობელ სომხეთს სამხედრო დახმარება არა მარტო ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით, არამედ "შაჰიდის" კამიკაძე-დრონებითაც გაუწიოს, რისიც რამდენიმე წინა პირობა არსებობს.

samx2-1670777793.jpg
ირანული დრონიდან Mohajer-6-დან გაშვებულ ახალ Almas-ის მართვად რაკეტას (რომელიც ისრაელისგან მოპარული შპიკე-ის კლონია) 8 კმ-ის სიშორეზეც შეუძლია მიზანში ზუსტად მოხვედრა...

პირველი - ირანის ასევე მეზობელ აზერბაიჯანს ათ წელზე მეტია დიდ სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევს ისრაელი, რომელიც ირანის ხელისუფლებისთვის დაუძინებელ მტრადაა აღიარებული.

მეორე - ისრაელისგან ნაყიდმა თანამედროვე დრონებმა, რაკეტებმა და სხვა შეიარაღებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა აზერბაიჯანის არმიის გამარჯვებაში ორი წლის წინ, ყარაბაღის ბოლო ომში.

მესამე - ამ ომში სომხეთის არმიის მთავარი შეიარაღება საბჭოთა/რუსული წარმოების იყო და ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა აზერბაიჯანელების არსენალში არსებულ ისრაელისა და თურქული წარმოების თანამედროვე საბრძოლო ტექნიკასთან ბრძოლის ველზე დაპირისპირებისას.

მეოთხე - ის, რაც ორი წლის წინ ყარაბაღის ბოლო ომში მოხდა, გარკვეულწილად განმეორდა წელს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდგომ, როდესაც დასავლური ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების მრავალრიცხოვანი ჯავშანკოლონის შეტევები, ხოლო თანამედროვე სარაკეტო-საარტილერიო დანადგარებიდან უზუსტეს დარტყმებს აყენებენ ოკუპანტებს.

samx5-1670777793.jpg
აზერბაიჯანელების ებრაულ Spike-ებს ბრძოლის ველზე მალე შეიძლება ღირსეული მოწინააღმდეგები გამოუჩნდნენ სომხების ირანული Almas-ის სახით...

მეხუთე - როდესაც რუსეთის არმია (რომელსაც უკრაინაში შეჭრამდე „მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმიასაც“ კი უწოდებდნენ) არაერთი ბრძოლის წაგების შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან (მას არაოფიციალური რეიტინგით „მსოფლიოს 22-ე არმიის“ სტატუსი ჰქონდა მინიჭებული წლის დამდეგს, თუმცა ათთვიანი ომის შემდეგ, ეტყობა, პირველ ათეულში გადაინაცვლა), იძულებულია უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივად შეძენა დაიწყოს ათწლეულების წინ სანქციადადებული ირანისგან, მაშინ რატომ უნდა გამოირიცხოს, რომ მოსკოვს ერევანმაც მიჰბაძოს, რათა როგორმე ბალანსი დაამყაროს მოწინააღმდეგე აზერბაიჯანის არმიასთან ბრძოლაში?

მეექვსე და მთავარი - ირანის ისლამური რესპუბლიკის დღევანდელმა ხელისუფლებამ ძალზე მტკივნეულად განიცადა ყარაბაღში სომხური ძალების დამარცხება და მანამდე ბაქოს მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის შვიდი რაიონის დეოკუპაცია, ისევე როგორც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დაბრუნება აზერბაიჯან-ირანის იმ სახელმწიფო საზღვარზე, რომელსაც ბოლო 28 წელს სომხური ფორმირებები აკონტროლებდნენ. თეირანისთვის მიუღებელია მეზობელი აზერბაიჯანის, რომელსაც მხარს ირანის კიდევ ერთი მეზობელი, თურქეთი უჭერს, მნიშვნელოვნად გაძლიერება და მით უმეტეს, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება, რომელიც თურქეთს ნახიჩევანიდან სომხეთის ტერიტორიის გავლით ჯერ აზერბაიჯანისკენ გაუკაფავდა პირდაპირ გზას, შემდეგ კი შუა აზიის „თურქულეროვან“ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისკენ. აქედან გამომდინარე, ირანის ხელისუფლების სტრატეგიულ ინტერესშია გააძლიეროს სომხეთის სამხედრო პოტენციალი იმის გათვალისწინებითაც, რომ უკრაინასთან ომის ჭაობში ყელამდე ჩაფლულ კრემლს ახლა სომხეთის არმიის გადაიარაღებისთვის არ სცხელა, თავადაც დიდი გასაჭირშია.

საინტერესოა, რამდენად გაძლიერდება სომხეთის არმია, თუკი მის არსენალში მართლაც გამოჩნდა 500 ერთეული Dehlavieh-ისა და 100 Almas-ის ტიპის ირანული მართვადი რაკეტა და რამდენად შეცვლის ეს საბრძოლო ბალანსს სამხრეთ კავკასიის რეგიონში?

ირანული Dehlavieh-ი, ფაქტობრივად, საბჭოური ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსის, Корнет-ის გაუმჯობესებული ვარიანტია, ის ნახევრად ავტომატურ რეჟიმში იმართება ლაზერის სხივით, მაქსიმალურ მანძილზე, 5 კმ-ზე მოხვედრისას ტანდემური კუმულაციური ქობინების საშუალებით ტანკის ჯერ დინამიკური დაცვის ელემენტებს აფეთქებს, შემდეგ კი 1 200 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის ეკვივალენტი კომბინირებული ჯავშნის გარღვევა შეუძლია.

ირანელები ამ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის სერიულ წარმოებას 2012 წლიდან შეუდგნენ და არც მალავენ, რომ ისრაელის "მერკავებისა" და აშშ-ის "აბრამსების" ასაფეთქებლადაა განკუთვნილი.

აზერბაიჯანის არმიას შეიარაღებაში არც ერთი ამ ტიპის ტანკი არა ჰყავს, თუმცა რუსეთისგან ნაყიდ შედარებით თანამედროვე თ-90ჩ-ებსაც ეს რაკეტები კარგ დღეს არ დააყრიან, თუკი მართლაც დიდი რაოდენობით აჩუქა ირანმა სომხეთის არმიას.

მეორე ირანული რაკეტა Almas-ი ირანის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უახლესი პირმშოა - მისი სერიული წარმოება მხოლოდ გასულ წელს დაიწყეს ირანში და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს რაკეტა გარეგნულად ძალზე წააგავს... ისრაელის Spike-ს, თუმცა ირანში არც მალავენ, რომ მათმა დაზვერვამ მოახერხა ისრაელის წარმოების ამ მაღალი საბრძოლო მონაცემების მქონე მართვადი რაკეტის მოპოვება და მისი შესწავლის შემდეგ შექმნეს ირანული Almas-ი, რომელსაც რვა კმ-ის სიშორიდან უზუსტესად შეუძლია ნებისმიერი ტანკის აფეთქება.

აზერბაიჯანის არმია ყარაბაღის ბოლო ომში ხშირად იყენებდა ისრაელისგან ნაყიდ შპიკე-ის რაკეტების სხვადასხვა მოდიფიკაციას და თუკი მისი ირანული კლონი უკვე სომხეთის არმიის არსენალშიც გამოჩნდება, მაშინ შემდგომ შეიარაღებულ დაპირისპირებაში (რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პერმანენტულად ხდება) შეიძლება უკვე აზერბაიჯანელი ტანკისტები გახდნენ ირანული რაკეტების სამიზნეები.

P.S. თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსებით ჩვენი მეზობლების, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიების გაჯერება ძალაუნებურად ბადებს კითხვას, რა მდგომარეობაა ამ მხრივ სამხრეთ კავკასიის მესამე ქვეყნის, საქართველოს არმიაში?ამერიკული მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექს "ჯაველინების"“ მოწოდებისა და თავის დროზე უკრაინული "სკიფების" შეძენის შემდგომ ქართული არმიის ტანკსაწინააღმდეგო შესაძლებლობები შეიძლება არცთუ ისე ცუდია, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის ანალიზი ცხადყოფს, რომ სახარჯო მასალა: ვაზნები, ჭურვები თუ რაკეტები კატასტროფული სიჩქარით ილევა რამდენიმესაათიან ინტენსიურ ბრძოლაში, ასე რომ, თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო, ისევე როგორც საზენიტო საშუალებების არსენალის მარაგის მუდმივი შევსება არც ქართულ არმიას აწყენს.