"VIP-ლტოლვილები": როგორ ცხოვრობენ უკრაინელი ოლიგარქები ლაჟვარდოვან ნაპირზე"
გერმანულმა სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველემ" (Deustche Welle) თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "VIP-ლტოლვილები": როგორ ცხოვრობენ უკრაინელი ოლიგარქები ლაჟვარდოვან ნაპირზე" (ავტორი - ფრანკ ჰოფმანი).
"რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წინ ბევრი უკრაინელი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი, სამშობლოდან წავიდა და ბინა საფრანგეთში, ლაჟვარდოვან ნაპირზე დაიდო. ზოგიერთი მათგანის საქმიანობით ახლა "უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო" (ДБРУ - Державне бюро розслідувань України) არის დაინტერესებული. ეს უწყება აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ანალოგიურ სტრუქტურას წარმოადგენს. "დოიჩე ველეს" ДБРУ-ს პრესმდივანი ტატიანა საპიანი ესაუბრება.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
მონაცემებს, რომლებსაც ქვემოთ გავეცნობით, ფეთქებადსაშიში პოტენციალი აქვთ. მათი მიხედვით, იმ დროს, როცა უკრაინის არმია სერიოზულ დანაკარგებს განიცდის, როცა ქალები, ბავშვები და მოხუცები ბომბსაფარებში არიან შეყუჟულნი, როცა მილიონობით უკრაინელი მოქალაქე საზღვარგარეთ ცხოვრობს ლტოლვილის სტატუსით, თურმე, ზოგიერთი უკრაინელი ოლიგარქი - მილიონერები და მილიარდერებიც კი, ქვეყნიდან ოჯახებით გაიქცნენ, ზოგიერთი - 24 თებერვლამდეც.
უკრაინიდან 1800 კილომეტრის მოშორებით, საფრანგეთის ლაჟვარდოვან ნაპირზე ადგილობრივი მოსახლეობა გაკვირვებულია ქუჩებში უკრაინულნომრებიანი მდიდრული ლიმუზინების მომრავლებით. მათი შთაბეჭდილება სრულიად ეწინააღმდეგება იმ ცნობებს, რაც ომით დატანჯული უკრაინიდან მოდის - ქვეყნიდან, რომელშიც რუსეთის ჯარი შეიჭრა და სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს.
ჩემოდანი ნაღდი ფულით
ერთ-ერთმა უკრაინელმა ბლოგერმა ინტერნეტში ფოტოსურათი გამოაქვყნა, რომელზეც ფულით სავსე რამდენიმე ჩემოდანი იყო გამოსახული: როგორც აღმოჩნდა, უნგრელმა მებაჟეებმა უკრაინიდან საზღვარზე მისულ ავტომანქანებში, შემოწმებისას, 17 მილიონი აშშ დოლარი და პლუს ერთი მილიონი ევრო იპოვეს. საინტერესოა, რომ უკრაინიდან გასვლისას ეს ფული უკრაინულ საბაჟოზე დეკლარირებული არ ყოფილა. დღეს მოქმედი კანონებით, საზღვრის გადაკვეთისას უკრაინის მოქალაქეს უფლება აქვს, ნაღდი ფულის სახით მხოლოდ 10 ათასი ევრო ჰქონდეს.
ტატიანა საპიანი "დოიჩე ველეს" უდასტურებს, რომ მისი უწყება უკვე რამდენიმე თვეა, ამ ფაქტს იძიებს: "იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მუშაკებმა შეამოწმეს, იყვნენ როგორც სახელმწიფო ხელისუფლების ჩინოვნიკები, ასევე - ბიზნესმენები, სასამართლოს სისტემის წარმომადგენლები და - პარლამენტის წევრებიც კი", - აღნიშნავს პრესმდივანი. ამჟამად ბიუროს თანამშრომლები არკვევენ, თუ რამდენად კანონიერად გადაკვეთეს საზღვარი ამ ადამიანებმა ომის დაწყების დროს და იყვნენ თუ არა ისინი ჩართულნი "ფულის გათეთრებაში".
"დოიჩე ველეს" რედაქციასთან მოსაუბრის თქმით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან გამოძიება 80 პიროვნების მიმართ არის დაწყებული. ომის დროს უკრაინელი გამომძიებლები ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეული თემით არიან დაკავებულები: კორუფციის ფაქტების გამოძიებით, რომელიც დღესაც, 2014 წლის მაიდნის პროევროპული და ანტიკორუფციული სახალხო გამოსვლების შემდეგ, საკმაოდ დიდი მასშტაბით არის შენარჩუნებული და რომელშიც უკრაინული პოლიტიკური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები არიან ჩართულები, მათ შორის - პრორუსულად განწყობილებიც.
საერთაშორისო ორდერი დაპატიმრების მიზნით
როგორც ტატიანა საპიანი ამბობს, უკრაინელი ორი ზემდიდარი "ლტოლვილის" მიმართ დაკავების ორდერი უკვე გაცემულია, მაგრამ, ობიექტურად თუ ვიტყვით, მას არ აქვს იმის იმედი, რომ ისინი, თუნდაც რომ დააკავონ, უკრაინაში იქნებიან ექსტრადირებულები: "ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ ადამიანს დიდი ფული აქვს, იგი ცდილობს, ის ფული გარკვეულ პროცესებზე საკუთარი გავლენის უზრუნველყოფისთვისაც დახარჯოს - არა მარტო უკრაინაში, არამედ - ქვეყნის ფარგლებს გარეთაც". ДБРУ-ს პრესმდივანი აღნიშნავს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ვერხოვნა რადას (პარლამენტის) ექვსი მოქმედი და კიდევ რამდენიმე ყოფილი დეპუტატის მიმართაც.
არასამთავრობო ორგანიზაციის "ღირსების" წარმომადგენელი ალექსანდრე სალიშენკო უკრაინის პარლამენტის წევრების მუშაობის ანალიზით არის დაკავებული - უპირველესად, კორუფციის მხრივ. "მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპოზიციური პარტია "პოლიტიკური პლატფორმა "სიცოცხლისათვის" აკრძალა, პარლამენტში არსებულმა ამ პარტიის ფრაქციამ სახელი შეიცვალა და "უკრაინის აღდგენა" დაირქვა. დეპუტატების ეს ახალი ჯგუფი დისტანციურად ჩამოყალიბდა ანუ ისინი არ იმყოფებოდნენ უკრაინაში და პარლამენტის პლენარულ სხდომებს არ ესწრებოდნენ. მათ შორის არის დეპუტატი იგორ აბრამოვიჩიც.
უკრაინელ ოლიგარქთა მდიდრული ვილები
2022 წლის ზაფხულში უკრაინელმა ჟურნალისტებმა იგორ აბრამოვიჩი ფრანგულ რივიერაზე ("ლაჟვარდოვან ნაპირზე") იმ დროს გადაიღეს, როცა იგი სახლში უკრაინის სახელწიფო სტრუქტურის - საფინანსო ზედამხედველობის უწყების ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად სპორტული გარბენიდან ბრუნდებოდა. იგორ აბრამოვიჩი ნიცასთან ახლოს ცხოვრობს, სადაც ევროპის უმდიდრესი ადამიანების ვილებია თავმოყრილი და სადაც უძრავი ქონების ბევრ ობიექტს უკრაინელები და რუსები ფლობენ.
ალექსანდრე სალიშენკოს დაკვირვებით, საზღვარგარეთ ყოფნის დროსაც კი აბრამოვიჩის მსგავსი დეპუტატები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მათგან რამდენიმე "დისტანციურად" კანონშემოქმედების პროცესებშიც მონაწილეობს და კანონპროექტებსაც კი ადგენენ ციფრული სახით. დარბაზში დეპუტატის არყოფნა არ ითვლება იმის იურიდიულ საფუძვლად, რომ "სახლიდან მომუშავე" პარლამენტის წევრმა თავისი მანდატი დაკარგოს. მართალია, "სახლიდან დისტანციურად მომუშავე" დეპუტატს ხელფასი არ ეძლევა, მაგრამ მათ ეს ნაკლებად ადარდებთ, სხვა შემოსავლებიც საკმარისი აქვთ.
ასევე, საინტერესოა, რომ "საზღვარგარეთიდან მომუშავე" დეპუტატებს ხმას ვერანაირად ვერ მიაწვდენ - ვერხოვნა რადას საიტზე მათი კონტაქტები და მისამართები წაშლილია.
პასუხისმგებლობა ომისათვის
"ლაჟვარდოვან ნაპირზე" სხვა უკრაინელი ლტოლვილებიც არიან", - ამბობს ვერონიკ ბორე, ნიცის საქალაქო ადმინისტრაციის წარმომადგენელი: "ბევრი უსახლკარო ქალია, დედები - ბავშვებით და ბებიები - შვილიშვილებით".
ნიცას უკრაინელი ლტოლვილების მომრავლება უკვე 28 თებერვლიდან დაეტყო - ლტოლვილთა საქმეების რწმუნებულს დღეში 500 ადამიანის რეგისტრირება უხდებოდა, რომლებიც ნიცაში უნგრეთისა და იტალიის გავლით ჩავიდნენ. მოკლე დროში ნიცის ადმინისტრაციამ შეძლო საფრანგეთში სიდიდით მესამე (პარიზისა და სტრასბურგის შემდეგ) ლტოლვილთა თავშესაფრის მოწყობა. ვერონიკ ბორეს ლტოლვილთა უზრუნველყოფაში ბევრი ადგილობრივი უკრაინელიც ეხმარება, რომლებიც ნიცაში უკვე რამდენიმე წელია, ცხოვრობენ.
ის ფაქტი, რომ ლტოლვილთა თავშესაფრებთან სულ ახლოს აქვთ ვილები, სავარაუდოდ, კორუმპირებულ უკრაინელებს, რომლებიც "ლაჟვარდოვან ნაპირზე" განცხრომით ცხოვრობენ და მდიდრული ავტომობილებით დადიან, ადგილობრივ უკრაინელებში ბრაზს იწვევს, თუმცა ბევრს არ უკვირს, მაგალითად, ირინა ბურდელეს: "უკრაინაში ომამდე ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, რომელსაც თმენით ვუყურებდით... დღეს საქმე ისაა, რომ ეს ადამიანები იყვნენ კორუმპირებული ელიტის წარმომადგენლები და ამიტომ მათ, დარწმუნებულნი ვართ, ომის დაწყების გამო პასუხისმგებლობის თავიანთი წილი მიუძღვით: სწორედ ისინი იწვევდნენ რუსებს უკრაინაში. ვიმედოვნებთ, რომ ამით უკრაინის მართლმსაჯულება დაკავდება - ახლაც და ომის შემდეგაც". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ