ევროპაში კოსოვოს ომის გაჩაღებით პუტინი უკრაინაში ომის "გადაფარვას" შეეცდება...
ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში დაძაბულობა კვლავ იმატებს და ყველაფერი, შესაძლოა, შეიარაღებული დაპირისპირებისკენ წავიდეს, რომელშიც მოწინააღმდეგე მხარეებად თავდაპირველად კოსოვოს სპეცდანიშნულების რაზმები და ადგილობრივი სერბების ორგანიზებული შეიარაღებული ჯგუფები გამოჩნდნენ.
შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში კი, თანამოძმე კოსოვოელი სერბების გვერდით შეიძლება, 7-მილიონიანი სერბეთის რესპუბლიკის 36-ათასიანი არმიაც დადგეს, ისევე, როგორც კოსოვოელ ალბანელებს, შესაძლოა სამხედრო დახმარება თანამოძმე 2,8 მლნ-იანი ალბანეთის რესპუბლიკის 8 ათასიანმა არმიამაც გაუწიოს.
მაგრამ შესაძლო მომავალ შეიარაღებულ კონფლიქტში დაპირისპირებული მხარეების ძალების ბალანსის განხილვისას, მთავარი გარემოება არ უნდა დაგვავიწყდეს - ის, რომ ალბანეთის რესპუბლიკა ჯერ კიდევ 2009 წლიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრია, ხოლო ნაწილობრივ აღიარებულ კოსოვოში "კემპ ბონდსტილის" მსხვილი ამერიკული სამხედრო ბაზაა განთავსებული...
და რა მოხდება, თუკი ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს სპეცრაზმები ჩრდილოეთ ნაწილში, უშუალოდ სერბეთის სამხრეთ საზღვარზე კოსოვოელი სერბების დაპატიმრებებს დაიწყებენ, მათ ცეცხლსაც გაუხსნიან, საპასუხოდ კი, სერბეთის არმია გადავა თანამოძმეების დასახმარებლად?
დიდი ალბათობით, გვერდზე არ დარჩება არც ნატოს წევრი ალბანეთი და არც კოსოვოში განთავსებული ამერიკული სამხედრო ბაზის კონტინგენტი...
ეს ყველაფერი კი ევროპის სამხრეთ ნაწილში შეიარაღებული კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც პირდაპირ შედის რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიულ გათვლებში, რათა უკრაინის დამხმარე ევროპას "სახლშივე " გაუჩინოს "ხანძარი", რომ ნატომ და ევროკავშირმა ნაკლებად შეძლონ რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელება...
წელს კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში პირველი დაძაბულობა ივლისის ბოლოს დაიწყო.
ამ კოსოვოელ სერბებს გარკვეულწილად უკავშირდება ის გადაუჭრელი პრობლემა, რის გამოც 1-ელ აგვისტოს, გამთენიისას, კინაღამ ახალი ომი დაიწყო ევროპაში.
კოსოვოს მთავრობას სწორედ 1-ელ აგვისტომდე ჰქონდა მიცემული ვადა, რომ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებელ სერბებს ავტოტრანსპორტზე დაყენებული სერბეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნები კოსოვურით შეეცვალათ...
საზღვართან მაცხოვრებელმა სერბებმა კი პროტესტის ნიშნად გზები გადაკეტეს, კოსოვოს პოლიცია მათ გახსნას შეეცადა და ...
1-ელი აგვისტოს ღამეს საზღვრის ორივე მხარეს მობილიზებული იყო სერბეთისა და კოსოვოს საბრძოლო დანაყოფები, ყველაფერი ცეცხლის გახსნისკენ მიდიოდა, სანამ ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლების ჩარევითა და, ეტყობა, ერთგვარი ზეწოლის შემდეგ კოსოვოს მთავრობას გარკვეული ხნით გადაატანინეს ავტომობილებზე სანომრე ნიშნების შეცვლის თარიღი, მაგრამ, როგორც ხედავთ, ამან ძირეული პრობლემა ვერ მოაგვარა.
ოთხი თვის შემდეგაც, 12 დეკემბერს, კოსოვოელ სერბებს ისევე გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზები და უკვე დაფიქსირდა მათი შეტაკებები კოსოვოს სპეცრაზმებთან...
ევროპას არანაირად არ აწყობს თავის "ეზოში" სროლების ატეხვა, რისთვისაც ევროკავშირმაც და ნატომაც ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ახალი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების ყურით მოთრეული საბაბი -"ავტომანქანების სანომრე ნიშნები", გააქარწყლონ, რისთვისაც არატრივიალურად უნდა იმოქმედონ და გაითვალისწინონ არა მარტო კოსოვოელი ალბანელების, არამედ - კოსოვოელი სერბების ინტერესებიც...
ისტორიული რაკურსი
იუგოსლავიის დაშლის პროცესი საბჭოთა იმპერიის ჩამოშლის პერიოდს დაემთხვა და შეიძლება ამიტომაც ჩვენთან, საქართველოში, მეტწილად დიდი ყურადღების გარეშე დარჩა, რადგან საკუთარი პრობლემები თავზე საყრელი გვქონდა, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ, იგივე ოს და აფხაზ სეპარატისტებთან დაკავშირებით...
დიდ სისხლისღვრას გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევარში ვერც უკვე ყოფილ იუგოსლავიაში შემავალი რესპუბლიკები გადაურჩნენ, თუმცა ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ ექვსი რესპუბლიკიდან დამოუკიდებლობა მოიპოვა ოთხმა - სლოვენიამ, ხორვატიამ, ბოსნია-ჰერცოგოვინამ და მაკედონიამ (საბერძნეთის დაჟინებული პროტესტის შემდეგ ამ რესპუბლიკას სამი წლის წინ ჩრდილოეთ მაკედონიად გადაერქვა სახელი).
ყოფილი იუგოსლავიის მემკვიდრე - სერბეთი იძულებული იყო შეგუებოდა ამ რეალობას და თავისთან კავშირში მხოლოდ მონტენეგროს "აკავებდა", მაგრამ 2003 წელს მანაც თავს უშველა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
იუგოსლავიის დაშლასთან დაკავშირებული ეს ურთულესი პოლიტიკური ვნებათაღელვა თითქოს ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 1999 წელს უკვე უშუალოდ სერბეთიდან გამოყოფა და დამოუკიდებლობა გადაწყვიტა კოსოვომ, რომელიც "კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური მხარის" სტატუსით შედიოდა სერბეთის შემადგენლობაში და მის სამხრეთ ნაწილში არის განთავსებული.
კოსოვოს ოლქს, რომელშიც ორ მილიონამდე ალბანელი ცხოვრობს, თავის მხრივ, სამხრეთ-დასავლეთით კი ესაზღვრება ალბანეთი და ადვილი მისახვედრია, ვინ ვის დაუჭერდა მხარს...
1999 წელს სერბებისა და კოსოვოელი ალბანელების შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ ნატომ კოსოვოში თავისი საერთაშორისო კონტინგენტი KFOR-ი განათავსა ( ნატოს ამ კონტინგენტში კოსოვოში 1999-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების 17-მა ოცეულმა და 11-მა ასეულმა გაიარა როტაცია, საბედნიეროდ - უდანაკარგოდ).
2008 წლის თებერვალში მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის - აშშ-მა, საფრანგეთმა, ბრიტანეთმა, იტალიამ, გერმანიამ სცნეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. დღეს კოსოვოს დამოუკიდებლობას 114 ქვეყანა აღიარებს.
გასაგებია, რომ სერბებისა და კოსოვოელი ალბანელების თანაცხოვრება ია-ვარდით მოფენილი არ იქნებოდა ამ წლებში, მით უმეტეს, თავად კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, უშუალოდ სერბეთის სამხრეთ საზღვართან, 100 ათასამდე სერბი კომპაქტურადაა დასახლებული და ისინი არ ცნობენ სახელმწიფო საზღვარს...
კოსოვოს აღიარებისთვის დასავლეთს სამაგიერო პუტინმა საქართველოს "ხარჯზე" გადაუხადა...
კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების პრეცედენტი, სამწუხაროდ, გადაჯაჭვულია ჩვენი, საქართველოს უმთავრეს პრობლემასთან.
როდესაც 2008 წლის თებერვალში ამერიკელებმა, ფრანგებმა, იტალიელებმა თუ გერმანელებმა სერბეთის ამ სეპარატისტული მხარის დამოუკიდებლობა აღიარეს, მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა არაორაზროვნად დაიმუქრა - რუსეთის მოკავშირე სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის მოსკოვი დასავლეთს საკადრის პასუხს გასცემსო...
და სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ კრემლის ამ ბინადარმა, ჩვენდა სავალალოდ, შეასრულა დანაქადები და დასავლეთს სამაგიერო საქართველოს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციით გადაუხადა...
დასავლეთის მხრიდან თავის დროზე დიდი შეცდომა გახლდათ სეპარატისტული კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, რასაც დღეს კიდეც ხვდებიან ევროპაში, მაგრამ მაშინ იმხელა სურვილი იყო, რომ ევროპის შუაგულში კომუნისტური იუგოსლავია და მისი მემკვიდრე პრორუსული სერბეთი დაეშალათ, რომ ყველაფერზე მიდიოდნენ...