აია სოფია - პალმებსა და ქვებში ჩაფლული კულტურებისა და რელიგიების ლაბირინთი
იხილეთ დასაწყისი - სტამბოლელ სეხნიაზე ბევრად პატარა და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ - საოცრად მშვიდი და ლამაზი...
ჩვენ კვლავ მცირე აია სოფიას ანუ წმინდა სოფიას ტაძრის ტერიტორიაზე ვართ. ამჟამად იქ მთავარი ტაძრის გარდა მუზეუმია და სხვადასხვა პერიოდის ბევრ არტეფაქტსაც შეხვდებით. როგორც წინა ბლოგში გიამბეთ, მცირე აია სოფია XIII საუკუნეში ქრისტიანულ ეკლესიად ააგეს, მაგრამ დღეს იგი მეჩეთად არის გადაკეთებული. ტაძარი გვიანი ბიზანტიური არქიტექტურის ტიპური ნიმუშია - გუმბათოვანი, XIII საუკუნის ულამაზესი და გამორჩეული ფრესკებით და, ასევე, შესანიშნავი მოზაიკური იატაკით.
ტრაპიზონის აია სოფიასაც იგივე ბედი ერგო, რაც მის სტამბოლელ სეხნიას - ეკლესიად აშენდა და მოგვიანებით მეჩეთად გადააკეთეს. რაკი მეჩეთი იყო, ცხადია, ფეხსაცმლის გახდა მოგვთხოვეს და არც გამიპროტესტებია, მაგრამ... ამჯერადაც ის დამემერთა, რაც ერთხელ, რამდენიმე წლის წინ, თურქეთში დიდი მოგზაურობისას - ისტორიულ ქალაქ თარსუსში, წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის სახლში შესვლა რომ მინდოდა, არადა, შარვლით ვიყავი და არც თავშალი მქონდა წაღებული, მანქანა კი შორს დავაყენეთ. თურმე, იქ მეჩეთი იყო და თურქებმა არაფრით შემიშვეს, ვიდრე იქვე, ყუთიდან ამომძვრალი მრავალჯერადი მოხმარების ქვედაბოლო არ ჩამაცვეს და თავისი თავშალი არ მომახვიეს. ისე მინდოდა იქაურობის დათვალიერება, აღარ დავეძებდი, რას ჩავიცვამდი. ბედის ირონიით, წმინდა სოფიას ტაძრის მეჩეთშიც ანალოგიური დამემართა, ოღონდ ამჯერად თავშალი სიჩქარის გამო დამრჩა მანქანაში, ჰოდა, მკაცრმა თურქმა ქალბატონმა იქვე, შესასვლელთანვე მიმითითა თავშლებზე, ერთ-ერთი აირჩიეო. ჰოდა, რას ვიზამდი, აქაც მორჩილება გამოვიჩინე და ამჯერადაც სხვის თავშალში გახვეული შევედი წმინდა სოფიას ულამაზეს ტაძარში. იგივე ბედი ეწია უთავშალო მზია ეგიაშვილსაც.
შთამბეჭდავი იყო იქაურობა. უპირველესად იატაკის მოზაიკამ მომტაცა თვალი, შემდეგ, ასევე, შთამბეჭდავ, საკმაოდ მაღალ სვეტებს ავუყევი და მზერამ მყისვე ულამაზესი ფრესკებით დამშვენებული კედლებისკენ გამიტაცა... თითქოს ერთ ადგილას, წრიულად ვტრიალებდი და ვცდილობდი, ბრუნის სინქრონულად გადამეღო ფოტოებიც და ვიდეოც.
საუკუნეების განმავლობაში, ტაძრის ფრესკები ქვითკირით ყოფილა დაფარული. სავარაუდოდ, კედლების გაწმენდა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს, ხოლო შემორჩენილი ფრესკები მოგვიანებით, 1958-1964 წლებში აღმოაჩინეს. ექსპერტების შეფასებით, თავდაპირველი ფრესკების, დაახლოებით, მეექვსედი იყო შემორჩენილი. რაც გადარჩა, ყველა მიიჩნიეს ორიგინალურ ნამუშევრად, რომელიც შესრულებულია მისი აშენების შემდეგ და ითვლება ბიზანტიური „პალეოლოგიური რენესანსის“ ნაწილად.
მცირე აია სოფიას ტაძრის ყველა ფასადი ბრწყინვალეა, ზოგს ფრესკები ამშვენებს, ზოგს კი, მაგალითად, სამხრეთისას - ბიბლიური სიუჟეტები ჩუქურთმებით: უფლის მიერ ადამის და ევას შექმნა, ადამისა და ევას ცხოვრება სამოთხეში, აკრძალული ვაშლი, ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნა და პირველი მკვლელობა.
სამხრეთის ფრთის თაღის ქვაზე თავმოყრილი არიან არწივი, მითოლოგიური არსებები - კენტავრები და გრიფონები, მათ ცენტრში - კვადრატები ვარსკვლავითა და ნახევარმთვარით, ასევე, მედალიონები, ყვავილების მოტივებით.
აია სოფიას მთელი სივრცე ისეთი შთამბეჭდავია, წარმოუდგენელია, ამ მხარეში მოხვდე და აქაურობას გვერდი აუარო. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მართალია, დიდ აია სოფიას არ ვიცნობ და ვიცი, რომ ტრაპიზონის აია სოფიას ტაძარი მასზე პატარაა, მაგრამ თუკი ამ მხარეში მოხვდებით, აქაურობა ინახულეთ - მერწმუნეთ, თუკი დროით არ იქნებით შეზღუდული, შავი ზღვის სიახლოვეს, პალმებსა და ქვებში ჩაფლულ კულტურების და რელიგიების ლაბირინთიდან თავის დაღწევას ნამდვილად არ მოისურვებთ.
(გაგრძელება იქნება)