"ქრისტეს სამაგალითო ჯარიკაცი გახლდათ, რომელიც ბოროტებას უპირისპირდებოდა. დაჩოქილი და შეშინებული ნორა კვიციანი არავის ახსოვს" - რას ჰყვება მეგობარი დედა ქეთევანზე?
ნორა კვიციანი, იგივე დედა ქეთევანი გარდაიცვალა.
ამ სამწუხარო ინფორმაციას ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ:
"ნორიკო, ჩემო ძვირფასო მეგობარო და სულით გაუტეხელო, საამაყო ადამიანო... ძალიან დამაკლდები ამქვეყნად... საქართველოს, სამართლიანობისათვის ბრძოლას დააკლდება შენი ენერგია, ნორიკო, დედა ქეთევან... ნათელში იყავი, უფალთან ძალიან ახლოს!"- წერს ჟურნალისტი ზაზა დავითაია.
"ჩემო საყვარელო და იმედიანო ნორა! დაგტირი ცხარე ცრემლით. აქაც საუკეთესო იყავი და იქაც ნათელი დაგადგეს, უფლის რჩეულო! მასთან დაიმკვიდრე ბინა", - წერს კიდევ ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 74 წლის ნორა კვიციანი 2022 წლის 19 აგვისტოს - ფერიცვალებას მონაზვნად აღკვეცეს. აღკვეციდან 40 დღე მან მდუმარებაში გაატარა და დედა ქეთევანი ეწოდა.
ქალბატონ ნორას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სიმსივნეს ებრძოდა. ექიმებმა მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - ფილტვის კიბო.
დედა ქეთევანი თვლიდა, რომ მის ცხოვრებაში გადატანილი მძიმე დღეები საბოლოოდ მის ჯანმრთელობაზეც აისახა.
საზოგადოება კარგად იცნობს ნორა კვიციანს. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 27 ივლისს შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა იგი კოდორში დააკავეს და მან ციხეში 6 წელი და 4 თვე გაატარა. მხოლოდ 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს ციხიდან. მოგვიანებით, ნორა არღვლიანი (კვიციანი) სასამართლომ ყველა ეპიზოდში გაამართლა. მისი საქმე თავიდან განიხილა პროკურატურამ. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა საბოლოოდ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა კვიციანს წინა ხელისუფლების დროს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე ჰქონდა წარდგენილი.
ზაზა დავითაია, ჟურნალისტი:
- ნორა კვიციანი უღალატო ადამიანი გახლდათ, უფლისგან დიდი მადლით დაჯილდოვებული, საოცრად ძლიერი სულის ადამიანი. სიცოცხლეშივე ატარებდა იმ ხიბლს, რომელიც მიანიშნებდა, რომ ის უფლის რჩეული გახლდათ და სამაგალითო ქრისტიანის ცხოვრებით იცხოვრა. ბევრი მადლი აკეთა და ბევრი მადლიერი ადამიანი ჰყავს, ყველანაირი თვალსაზრისით თანამდგომი იყო ყველასი. რაც სწორად ცხოვრებას ეწინააღდეგებოდა, ყველაფერთან ბრძოლაში იყო. ქრისტეს სამაგალითო ჯარიკაცი გახლდათ, რომელიც ბოროტებას უპირისპირდებოდა. როდესაც სამშობლოს დაუდგა განსაცდელი, სამშობლოს დამცველთა რიგებში დადგა და კოდორის ხეობას იცავდა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ვიდრე რეჟიმი არ ჩაატარებდა იმ მანიპულაციებს, კოდორის ხეობა შეინარჩუნა. იქ მტრის ფეხი არ დადგმულა. მერე ზემო აფხაზეთად გამოაცხადეს და რაც მოხდა, ყველამ იცის.
ნორა იარაღით ხელშიც კი იდგა სამშობლოს დასაცავად.
შემდეგ ციხეში გამოკეტეს, უდანაშაულო, მაგრამ ვერც ამან გატეხა. იქაც პატარა სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი და ლოცულობდა. ყველა პატიმრის იმედი იყო, ციხეში მყოფიც ყველას აძლიერებდა რწმენაში და თავად მას, ალბათ, უფლის ძალა აძლიერებდა ასე. წესით, მასაც ხომ სჭირდებოდა თანადგომა, მაგრამ დაჩოქილი და შეშინებული ნორა კვიციანი არავის ახსოვს. ციხიდან რომ გამოვიდა, მერეც შეერკინა ამ რეჟიმს და ყველა აქციაზე ის იდგა და იბრძოდა. სადაც ბრძოლა იყო, ყველგან ნორა იდგა.
შემდეგ ისე ინება უფალმა, რომ მას უკურნებელი სენი შეჰყარა და როცა ადამიანმა იცის, კიბო სჭირს, სულით ეცემა, მაგრამ ნორა ასე არ მოიქცა. იგი ამ განსაცდელსაც ძლიერად შეხვდა. ამბობდა, ეს უფლის მორიგი განსაცდელია და მე მადლობელი ვარო. ბევრჯერ ვესაუბრე მას ტელეფონით მას შემდეგ, რაც ეს სენი დაუდგინდა.მისთვის დიაგნოზი არ დაუმალავთ და ამის შემდეგ მონაზვნად აღიკვეცა. კიდევ უფრო მიუახლოვდა უფალს.
ყველაზე დიდი სასწაული რაც არის, ეს ადამიანი ყველა განსაცდელის დროს უფალს მადლობას უხდიდა და ბოლო წუთამდე უფლის ერთგული იყო. ლოცვაში აღესრულა, ასე, უფალთან სიახლოვით წავიდა, როგორც მონაზონი დედა ქეთევანი. სამაგალითო ქრისტიანის ცხოვრებით იცხოვრა. ამაყი ვარ, რომ ეს ადამიანი ჩემი თანამებრძოლი იყო. ძალიან დაგვაკლდება მისი უშრეტი ენერგია, თუმცა ვფიქრობ, რომ ლოცვით ის იქიდან გაგვაძლიერებს. ჩემთვის არასდროს იქნება გარდაცვლილი.
ნორა კვიციანის სახელი უკვე ასოცირდება ბრძოლასთან და უფლის ერთგულებასთან. ასეთი დარჩა ისტორიას და მომავალ თაობებს. სახლიდან ლოცულობდა და სახლში აღესრულა, მონაზვნის კაბაში, უფლის სამსახურში, არც ერთი წამით არ დაშორებია უფალს. ყველა განსაცდელი პირიქით, უფალთან აახლოვებდა მას და ეს უნდა იყოს ყველასთვის სამაგალითო.
უღალატო თანამებრძოლო, ნათელში დაივანოს შენმა ლამაზმა სულმა, ღმერთთან ძალიან ახლოს! ყოველთვის, მიწიერი განსაცდელის ჟამს, შენ მუდამ ღმერთთან ახლოს იყავი! უამრავი, დაუთვლელი სიკეთე აკეთე სიცოცხლის მანძილზე და ყველაფერი წინ დაგხვდება, ახლა, როცა უფალს მიეახლე... შენი სული მარადისობას შეუერთდა, შენი განუწყვეტელი ლოცვის ფონზე... მადლობელი ვარ უფლის, რომ შენნაირ ადამიანთან მეგობრობა მარგუნა, შენთან ერთად ბრძოლაში მამყოფა! დიდი იმედი და მყარი, უღალატო ბურჯი იყავი ჩემთვის, ვიცი, სიკვდილი შენთვის არაფერია, მხოლოდ ერთი სამყოფელიდან მეორეში გამგზავრებაა... შეხვედრამდე, ნორიკო! დედა ქეთევან...
"კვირის პალიტრა" ვუსამძიმრებთ დედა ქეთევანის გარდაცვალებას მის ძმას, ემზარ კვიციანს, მის შვილებს და ყველა ახლობელს.
(სპეციალურად საიტისთვის)