ვინ არის ქეთევან ხარაიძე და რას ედავება გამოძიება, რომელსაც მოსკოვში 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მოსკოვის ტვერის ოლქის სასამართლომ, ტვერის დეპუტატს, ქეთევან ხარაიძეს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსეთის პროკურატურის ცნობით, ხარაიძემ ხელი შეუშალა მოსკოვის ცენტრში საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვებას.
დეპუტატი ბრალს არ აღიარებს და მშენებლობაზე დაშვებულ დარღვევებზე საუბრობს. 64 წლის ხარაიძე სასამართლო დარბაზიდან წაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმრობის გარდა, სასამართლომ მას ასევე დააკისრა ჯარიმა 700 000 რუბლის (11 000 დოლარი) ოდენობით და ორი წლით აუკრძალა სამთავრობო უწყებებში თანამდებობების დაკავება.
გასულ კვირას პროკურატურამ მისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.
ხარაიძე მოსკოვში პოპულარული დეპუტატია. მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაპატიმრობის მიუხედავად, ის ხელახლა აირჩიეს, თუმცა დეპუტატთა საბჭოს სხდომებში მონაწილეობას ვერ იღებდა.
ცნობისთვის, გამოძიება 2021 წლიდან მიმდინარეობდა. ხარაიძეს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლით (თაღლითობა, რომელსაც მოჰყვა მოქალაქისთვის საცხოვრებლის უფლების ჩამორთმევა).
მაქსიმალური სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთას და 1-მილიონ რუბლამდე ჯარიმას ითვალისწინებდა. დეპუტატმა პროტესტის ნიშნად ზაფხულში შიმშილობა გამოაცხადა. პროკურატურის ინფორმაციით, ხარაიძემ, როგორც დეპუტატმა, ხელი შეუშალა მოსკოვის ტვერის რაიონში საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციაში გაშვებას, რის გამოც, ის ადამიანები, რომლებსაც ბინა ჰქონდათ შეძენილი, კუთვნილ საცხოვრებელში ვერ გადავიდნენ. იხილეთ სრულად