“სამხრეებიანი ჟურნალისტები” ადრე თუ გვიან მაინც იშიფრებიან
ამ ორ უძველეს პროფესიას: დაზვერვასა და ჟურნალისტიკას, ძალზე ბევრი აქვს საერთო. ხშირად ზღვარის გავლებაც ჭირს. თუმცა კარგი ჟურნალისტი კარგ მზვერავზე უფრო დასაფასებელია, რადგანაც მას სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა არ აქვს, თუმცა თავისი წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვება - ანალიზის ოპერატიულობითა და სიღრმით მუდამ უსწრებს „ჯეიმს ბონდებსა და შტირლიცებს“. ამ ორი პროფესიის სინთეზით კი “სამხრეებიანი ჟურნალისტების” იმ მცირერიცხოვან კასტას მივიღებთ, რომლებიც კომუნიკაბლურიბითა და მოხერხებულობით ყველასგან გამოირჩევიან.
ჟურნალისტის პროფესიას სადაზვერვო ოპერაციების შესანიღბად მსოფლიოს ბევრი სპეცსამსახური იყენებდა და იყენებს, თუმცა მათგან მაინც გამორჩეული საბჭოთა სპეცსამსახურები იყო. “სამხრეებიანი ჟურნალისტების” მუშაობა საკმაოდ სპეციფიკურია. სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სპეცსამსახურების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საიდუმლო სამსახურებს ჟურნალისტებთან თანამშრომლობის რამდენიმე ფორმა აქვთ:
1. უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტიკის სპეციალობის ახლაგაზრდა კურსდამთავრებული გარკვეული მომზადების შემდეგ სპეცსამსახურის ოფიციალური თანამშრომელი ხდება: მას ენიჭება სამხედრო წოდება, ეძლევა შესაბამისი მოწმობა და ა.შ. ამ შემთხვევაში ჟურნალისტის პროფესია მხოლოდ საფარია საზღვარგარეთ ხანგრძლივი სადაზვერვო მივლინების (შესაძლებელია ერთჯერად ოპერაციებში მონაწილების დროსაც) ან საშინაო კონტრსადაზვერვო მუშაობისთვის. ძირითად პროფესიად კი სპეცსამსახურის თანამშრომლობა რჩება და ხელფასაც იქ იღებს;
2. ახალგაზრდა ან უკვე გამოცდილ ჟურნალისტს “ავერბოვკებს” მშობლიური (ამ შემთხვევაში ის “აგენტი”, “სანდო პირი” ან “კონტაქტი”) ან უცხო ქვეყნის სპეცსამსახური (ამ შემთხვევაში ის უკვე სხვა ქვეყნის “აგენტად” ან “ჯაშუშად” გვევლინება). ჟურნალისტი, როგორც წესი, სამოქალაქო პირად რჩება, ხოლო მისი ანაზღაურება დამოკიდებულია კონკრეტული სპეცსამსახურის გულუხვობაზე.
3. ჟურნალისტებსა და სპეცსამსახურის თანმშრომლებს შორის იდება ე.წ. “ჯენტლმენური შეთანხმება”, რაც არაოფიციალურად ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი სპეცსამსახურში მომზადებულ “სპეცინფორმაციას” (კომპრომატს, დეზინფორმაციას, მინიშნება-გაფრთხილებას და ა.შ.) შეგნებულად ავრცელებს.
ამ დროს ჟურნალისტი, როგორც წესი, ანაზღაურებას სპეცსამსახურიდან არ იღებს. მისდამი კეთილგანწყობა შესაძლებელია გამოიხატოს: კარიერული წინსვლისთვის ხელშეწყობაში; “პატივმოყვარეობის ჭიის” გასაღვივებლად ექსკლუზიური ინფორმაციის ზომიერ მიწოდებაში; საზღვარგარეთ ოფიციალურ დელეგაციების შემადგენლობაში ჩართვაში; ერთჯერად საჩუქარში და ა.შ.
4. სპეცსამსახური, თავისი აგენტურის მეშვეობით, ჟურნალისტს იყენებს, როგორც რაიმე ოპერატიული კომბინაციის ერთ-ერთ რგოლად ისე, რომ ამის შესახებ საბრალო ჟურნალისტმა არაფერი იცის.
საბჭოთა იმპერიაში ჟურნალიტის პროფესიის მიღება, ბუნებით მომადლებული ნიჭის გარდა, მხოლოდ ხანგრძლივი იდეოლოგიური ფილტრაციის შემდეგ იყო შესაძლებელი. ეს პროცესი მისაღები გამოცდების ჩაბარებისას იწყებოდა და მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდებოდა. ცენზორთა დიდი არმია ყოველდღე ყურადღებით კითხულობდა გაზეთებსა და ჟურნალებს, უსმენდა რადიოს და უყურებდა ტელეგადაცემებს, რათა საბჭოთა სინამდვილის შესახებ მართალი ინფორმაცია არსად გაპარულიყო.
ამის გარდა, საბჭოთა და უცხოელ ჟურნალისტებს კა-გე-ბეს მეორე მთავარი სამმართველოს (კონტრდაზვერვა) მე-7 განყოფილება “მწყემსავდა”: არჩევდა გადმობირების კანდიდატებს, ავლენდა და სჯიდა ანტისაბჭოური იდეების მატარებელ ადგილობრივ ჟურნალისტებს და ა.შ.
საბჭოთა დეზინფორმაციის “მამები” “რკინის ფარდის” აქეთ მცხოვრებთათვის სხვა ზღაპრებს თხზავდნენ, ხოლო საგარეო მოხმარებისთვის “ბედნიერ საბჭოთა ცხოვრებაზე” სხვა ტყუილებს იგონებდნენ. ორივე შემთხვევაში ეს დეზინფორმაცია ჟურნალისტებს უნდა გაევრცელებინათ. იმაზე, თუ რამდენად ნიჭიერად შეძლებდა ამის გაკეთებას ჟურნალისტი, დამოკიდებული იყო მისი შემდგომი კარიერა და მატერიალური კეთილდღეობა.
საბჭოთა მზვერავ-ჟურნალისტები საზღვარგარეთ ხანგრძლივი მივლინებების დროს სულ იმის ცდაში იყვნენ, რომ მოწინაარმდეგეს არ გაეშიფრა მათი ნამდვილი პროფესია, რადგანაც უცხოელი “კოლეგების” მიერ დადგენილი საბჭოთა მზვერავის შემდგომ საზღვარგარეთულ კარიერას მაშინვე წერტილი ესმებოდა. იმიტომ, რომ ადგილობრივი კონტრდაზვერვა არ მოასვენებდა ჯერ გადაბირების წინადადებებით, ხოლო შემდეგ კი, ისეთ “გარე თვალთვალს” დაუწესებდა, რომ სადაზვერვო მუშაობის საშუალებას არ მისცემდა.
ამიტომაც, მაშინ მოქმედი წესის თანახმად, გაშიფრული საბჭოთა მზვერავი დაუყოვნებლივ მოსკოვში უნდა დაებრუნებინათ და მისი კარიერაც, უკეთეს შემთხვევაში ცენტრალურ აპარატში გრძელდებოდა, ხოლო თუ გავლენიანი ნაცნობ-მეგობრები არ ჰყავდა, რომელიმე სამინისტროს ან ქარხნის კადრების განყოფილებაში გაამწესებდნენ “მოქმედი რეზერვის ოფიცრად” (ანუ “ოდეერად”). ამ გარემოების გამო ბევრი საბჭოთა “სამხრეებიანი ჟურნალისტი” ცდილობდა სხვა ქვეყანაში განსაკუთრებით არ ეაქტიურა, კურდღელივით “ჩირგვში მჯდარიყო” და მშვიდობიანად დაესრულებინა სამ-ოთხ წლიანი მივლინება. მათი ძირითადი საქმიანობა საზღვარგარეთ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების (აგენტის გადაბირება, კავშირზე გასვლა, სამალავიდან დოკუმენტის ამოღება ან ფულის ჩადება და ა.შ.) ჩატარება იყო, ჟურნალისტიკა კი - მხოლოდ საფარი. თუმცა ამავე დროს მათთვის აუცილებელი იყო მინიმალური რაოდენობის სტატიების გამოქვეყნება მაინც. ამიტომ იყო, რომ ჟურნალისტების საფარქვეშ მოქმედნი დაუღალავად წერდნენ სტატიებს და სამშობლოში აგზავნიდნენ.
წმინდა ჟურნალისტური მოვალეობის შესრულების დროსაც, ისინი მაინც საბჭოთა სპეცსამსახურების ოფიცრებად რჩებოდნენ და მათი უმთავრესი მიზანი იყო:
ა) აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყოველმხრივი კომპრომეტირება და დისკრედიტირება (საბჭოთა ლიდერები განსაკუთრებით ვერ იტანდნენ რონალდ რეიგანს და 80-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გამართული “ანტირეიგანული” დემონსტრაციების სცენარები და თვით ლოზუნგებიც კი, როგორც წესი, კა-გე-ბეში იწერებოდა.
ბ) აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს შორის კონფლიქტების პროვოცირება და ურთიერთობის გაფუჭება;
გ) განვითარებად ქვეყნებში აშშ-ის და მისი მოკავშირეების “იმიჯის” ყოველმხრივი შელახვა;
დ) მსოფლიოში ე.წ. “სამშვიდობო მოძრაობების” საბჭოთა პროპაგანდის შირმად და საფარად გამოყენება.
საბჭოთა სპეცსამსახურების “უხილავი რაინდებს”, რომლებიც უცხოეთში საბჭოთა საელჩოებში განლაგებულ რეზიდენტურებში პოლიტიკური დაზვერვის მიმართულებით იღვწოდნენ, ევალებოდათ დასვლეთის ქვეყნების ლიდერების (უპირველესად რეიგანის და მარგარეტ ტეტჩერის) ოფიციალური განცხადებებისა და არაოფიციალური გამონათქვამების ფალსიფიცირება და დისკრედიტირება, რისთვისაც იყენებდნენ უცხოელ “გავლენის აგენტებს” და ორგანიზაციებს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის აგენტის, პარალელურად კა-გე-ბეს პოლკოვნიკ ოლეგ გორდიევსკის ინფორმაციით 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა სპეცსამსახურები წელიწადში აშშ-ის 10-15 ოფიციალურ დოკუმენტს აყალბებდა, შემდეგ კი ეს ფალსიფიცირებული “დოკუმენტები” გავლენის აგენტების ან “სამხრეებიანი ჟურნალისტების” მეშვეობით ევროპისა და განვითარებადი ქვეყნების მოსყიდულ მასმედიაში ხვდებოდა.

რონალდ რეიგანი და ოლეგ გორდიევსკი
საბჭოთა კავშირის არსებობის დროს იმდენი “სამხრეებიანი ჟურნალისტი” მოღვაწეობდა, რომ მხოლოდ მათი გვარების ჩამოთვლას არ ეყოფა რამდენიმე გვერდი. ამიტომ დღეს მხოლოდ ზოგიერთის შესახებ მოგითხრობთ.
გენერალ-მაიორი ვიაჩესლავ ერვანდის ძე კევორკოვი (1923-2017) მრავალი წლის მანძილზე საბჭოთა სატელეგრაფო სააგენტოს (ე.წ. „ტაასი“ ) “ჟურნალისტის” საფარქვეშ მუშაობდა დასავლეთ გერმანიაში.

ვიაჩისლავ კევორკოვი
კევორკოვი კა-გე-ბეს შეფის, იური ანდროპოვის დიდი ნდობით სარგებლობდა და მისი პირადი დავალებით არაოფიციალური პოლიტიკური ურთიერთობის “პირდაპირი ხაზი” გააბა საბჭოთა ლიდრე ლეონიდ ბრეჟნევსა და დასავლეთ გერმანიის კანცლერ ვილი ბრანტს შორის. წლების მანძილზე ეს ფარული არხი ძალზე წარმატებით მუშაობდა, რაც კევორკოვის კარიერაზეც აისახა.
პოლკოვნიკი ბორის ჩეხონინიც მრავალი წელი ჟურნალისტის “სახურავს” იყენებდა იაპონიში, ინდოეთსა და ავსტრალიაში სადაზვერვო ოპერაციების შესრულების დროს. კონსტანტინე პრეობრაჟენსკი საბჭოთა სატელეგრაფო სააგენტოს “ჟურნალისტის” საფარქვეშ მოქმედებდა იაპონიაში და ჩინელი ეროვნების სტუდენტების და ახალგაზრდა მეცნიერების გადაბირებას ცდილობდა.

კონსტანტინე პრეობრაჟენსკი
ლევ ბაუსინი (1928—1999) საბჭოთა “ახალი ამბების სააგენტოს” ჟურნალისტად ითვლებოდა და ახლო აღმოსავლეთის “ცხელი წერტილებიდან” გზავნიდა “მართალ” სტატიებს. პარალელურად კი არაბი “ბოევიკების” იარაღით მომარაგებას ხელმძღვანელობდა.

ლევ ბაუსინი
ლევ ბაუსინი იყო კა-გე-ბეს რეზიდენტის მოადგილე ბაღდადში (1967 - 1968 წწ.), რეზიდენტი ადენში (1968 - 1971 წწ.). 1976 - 1978 წლებში იმყოფებოდა ბეირუთში და ახორციელებდა პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციასთან ფარულ კავშირს.
ბევრმა საბჭოთა “სამხრეებიანმა ჟურნალისტმა” თადარიგში გასვლის შემდეგ ძალზე საინტერესო მემუარული ჟანრის ნაწარმოებები შექმნა. მათ საკმაოდ გულახდილად გაიხსენეს სხვადასხვა ქვეყნებში ჟურნალისტის საფარქვეშ კა-გე-ბესა და გე-ერ-უზე მუშაობის წლები. თუმცა არიან გამონაკლისებიც.
2001 წლის შემოდგომაზე მოსკოვის ტაგანკის რაიონულმა სასამართლომ ცნობილი რუსი ჟურნალისტის იონა ანდრონოვის სასარჩელო განცხადება მიიღო, სადაც ის მოპასუხისგან ცილისწამების შედეგად მიყენებული მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. მოპასუხე, ასევე ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი იყო, რომელმაც იმავე წელს გამოცემულ თავის წიგნში “რუსული მზე”, “ლიტერატურნაია გაზეტას” ყოფილი ჟურნალისტი იონა ანდრონოვი კა-გე-ბეს სტაჟიან თანამშრომლად მოიხსენია. მართლაც ასეთი უცოდველი იყო იონა ანდრონოვი?
უნდა ითქვას, რომ 1970-1980-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ “დემოკრატიული პრესის” უცხოეთისთვის საჩვენებელ ნიმუშებად სულ რამდენიმე გაზეთი და ჟურნალი (“იზვესტია”, “ლიტერატურნაია გაზეტა” და ჟურნალი “ნოვოე ვრემია”) შეარჩია. საბჭოთა ინტელიგენციაც ამ გამოცემებში დაბეჭდილ “მართალ” სტატიებს ეწაფებოდა.
ხელოვნურად შერჩეული ზემოთ ჩამოთვლილი “საბჭოთა დემოკრატიის ოაზისები” იმით გამოირჩეოდნენ, რომ უფრო შეფარვით და ვერაგულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, ვიდრე “პრავდა” ან “კრასნაი ზვეზდა”.
ამიტომაც “ნიჭიერად” დაწერილი დეზინფორმაციის შექმნას, ლამაზად და ხატოვნად გაფორმებას და გავრცელებას, კა-გე-ბეს ოფიცრების გარდა ვის ანდობდნენ?

იონა ანდრონოვი
საბჭოთა ხელისუფლება განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა საზღვარგარეთ “სამხრეებიანი ჟურნალისტის” ხანგრძლივი სამუშაო მივლინებით გაგზავნას. ეს საკითხი საიდუმლოდ განიხილებოდა სკკპ ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს სხდომაზე. ჩემს ხელთა რამდენიმე ამგვარი სრულიად საიდუმლო დოკუმენტი . 1971 წლის 31 ივლისს სკკპ ცენტრალურ კომიტეტში კა-გე-ბეს კადრების სამჭედლოდ ცნობილი ჟურნალ “ნოვოე ვრემიას” მთავარი რედაქტორის, ნაუმოვის საიდუმლო მოხსენება მიიღეს.
კა-გე-ბეს კადრების სამჭედლოდ ცნობილი ჟურნალის შეფი ამერიკის იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით ნიუ-იორკსა და პერუს დედაქალაქ ლიმაში “ნოვოე ვრემიას” ახალი საკორესპონდენტო პუნქტების გახსნას და იქ შესაბამისად - იონა ანდრონოვის და ვლადიმერ ჩიმბირის დანიშვნას ითხოვდა. ერთი შეხედვით აქ დასაეჭვებელი არაფერი უნდა იყოს. თუმცა ნუ ავჩქარდებით, ამ ერთი შეხედვით რუტინულ თხოვნას მეორე, უკვე “განსაკუთრებულ საქაღალდეში” მოთავსებული “სრულიად საიდუმლო” დოკუმენტი ფენს ნათელს.
საბჭოთა კომპარტიის მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკები ნიკოლოზ სავინკინი და ალექსანდრე იაკოვლევი (ეს სწორედ ის იაკოვლევია, რომელი თხუთმეტი წლის წემდეგ საბჭოთა “პერესტროიკის” ერთ-ერთ “არქიტექტორად” მოგვევლინება) მიზანშეწონილად მიიჩნევენ ამ ორი ჟურნალისტის ცხრა მთას იქით გაგზავნას და ამას... კა-გე-ბეს ხაზით მუშაობის გაძლიერების აუცილებლობით ასაბუთებენ.
ასე, რომ ყველაფერი გაიშიფრა და თავის ადგილზე დადგა. ორი “სამხრეებიანი ჟურნალისტის” იონა ანდრონოვისა და ვლადიმერ ჩიმბირის სადაზვერვო მისიით მივლინება 1972 წლის 24 იანვარს დადებითად გადაწყდა.
იონა ანდრონოვი წარმატებით იბრძოდა «საბჭოთა დეზინფორმაციის ფრონტებზე». 1980-იანი წლების შუა პერიოდში “ლიტერატურნაია გაზეტაში” დაიბეჭდა მისი სენსაციური სტატია, სადაც “ჟურნალისტი” ამტკიცებდა, რომ შიდსის ვირუსი ამერიკის სპეცსამსახურებმა სპეციალურად შექმნეს და გაავრცელესო.
იონა ანდრონოვი 1992 წლიდან უკვე რუსეთის შესაბამისი სამსახურების რიგებში ჩადგა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მას საბჭოთა “სამხრეებიანი ჟურნალისტების” მეტრად წოდებულ ვიქტორ ლუიმდე ბევრი უკლია.
(პირველი ნაწილის დასასრული)