"რამდენად შეუძლია ევროკავშირს კორუფციულ სკანდალს გადაურჩეს?" - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"რამდენად შეუძლია ევროკავშირს კორუფციულ სკანდალს გადაურჩეს?" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

როგორც ცნობილია, ამ დღეებში, ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავა. მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის ევროპარლამენტის ყოფილი წევრი იტალიიდან პიერ-ანტონიო პანციერი, ევროპარლამენტის კონსულტანტი ფრანჩესკო ჯორჯი (ევა კაილის "ცხოვრების თანამგზავრი") და პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ლუკა ვისენტინი.

ბრიტანული "სფექთეითორი" (The Spectator) ევროპარლამენტში მომხდარ სკანდალს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით "რამდენად შეუძლია ევროკავშირს კატართან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალს გადაურჩეს?" (ავტორი - ჯეიმს შელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მსხვილმა კორუფციულმა სკანდალმა ერთ-ერთ ევროპელ პოლიტიკოსს კარიერა დაუსამარა: ევა კაილის აღმასვლა, ბერძენი სოციალისტისა და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტისა, კატასტროფული დაღმასვლით, ვარდნით შეიცვალა... იგი დაპატიმრებულია. ბელგიის პოლიცია აცხადებს, რომ მას მტკიცე სამხილები და ბევრი მტკიცებულება აქვს იმისა, რომ ევა კაილი მართლაც სამართლიანად არის დანაშაულში ეჭვმიტანილი. ჩატარებული ჩხრეკისას დიდი ოდენობით ფული - 600 ათასი ევრო იპოვეს, მის კომპიუტერში აღმოაჩინეს ჩანაწერებიც, რითაც დასტურდება, რომ ევროდეპუტატს კატარის სახელმწიფოდან ფული აქვს გადარიცხული, პოლიტიკური გავლენის განხორციელების სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, კატარის წარმომადგენელმა უარყო, რომ ევა კაილი დოჰას რაიმე სამსახურს უწევდა.

ჯერ-ჯერობით ღიად გამოქვეყნებული ინფორმაციები ბრალდებების თაობაზე ბევრი არ არის, მაგრამ რაც გამოქვეყნდა, ისიც განგაშის გრძნობას იწვევს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრალდებას "ძალიან სერიოზულს" უწოდებს. მან ევროპარლამენტს მოუწოდა, რომ ახალი ორგანო შეიქმნას ეთიკის დაცვის თაობაზე.

მაინც რას აცხადებს პოლიცია და პროკურატურა?

"ევა კაილის და კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილს წარდგენილი აქვთ ბრალდება დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაზე, ფულის გათეთრებასა და კორუფციაზე. ეჭვმიტანილები იღებდნენ საჩუქრებს და ქრთამს იმ მიზნით, რომ პარლამენტის მუშაობაზე ზეგავლენა მოეხდინათ, რათა ხმა მიეცათ მათი (ანუ ეჭვმიტანილების) სასურველი გადაწყვეტილებებისათვის".

ევროპარლამენტის დეპუტატები ღარიბები ნამდვილად არ არიან. სიხარბის გარდა, მათ ქრთამის აღების სხვა მიზეზი არ აქვთ. თუ ამ ბრალდებას სასამართლოც დაადასტურებს, ამის შედეგების შეფასება ცუდის მაუწყებელი იქნება: გამოდის, რომ ყველა იმ დეპუტატის წარსულ საქმიანობას, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან, ანგარება ამოძრავებდა. მათი ყოველი ხმის მიცემა, მათი ყოველი შეხვედრა ახლა უკვე კორუფციით არის "დალაქავებული".

ასეთი კორუფცია არამარტო ოფიციალურ ინსტიტუტებს და ცალკეულ ადამიანებს აზიანებს, არამედ ის ანგრევს მართვის დემოკრატიულ პრინციპებს და მოსახლეობის იდეალებს. იბადება უამრავი კითხვა... თუ თვით ევროპის პარლამენტი ხდება უცხოური სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი, მაშინ რომელი მისი ფუნქცია თუ გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და არა უღირსად?

ევროპარლამენტის დეპუტატები როცა პრესის წინაშე განცხადებებს აკეთებდნენ, ისეთი სახეები ჰქონდათ, რომ მართლაც ძალიან აღშფოთებულები და შოკირებულები იყვნენ. ბევრი მართლაც ძალიანაა შეშინებული - რას იტყვიან ამომრჩევლები? მათ ხომ შეუძლიათ იფიქრონ, რომ თუ ეს ერთხელ უკვე მოხდა, ვინ იცის, წარსულში რამდენჯერ მომხდარა? და ვინ არის იმის გარანტორი, რომ კიდევ არ მოხდება და არ განმეორდება?

პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია, თუ მან ეს ერთხელ უკვე დაკარგა, ვერასოდეს სრულად ვერ აღდგება. ინგლისურენოვან "სამყაროში" საკმაოდ ბევრი თვლის, რომ კონტინენტური ევროპა კორუმპირებულია და რომ ევროპის პარლამენტი ის ადგილია, სადაც ადამიანები კარგად სვამენ, კარგად ჭამენ და მცირე სამსახურისთვის საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოს იღებენ. უეჭველია, რომ მომხდარი სკანდალი ევროსკეპტიკოსებში ამ სტერეოტიპს განამტკიცებს.

მე ბევრი ინტერვიუ მაქვს აღებული კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტებისა და პოლიტიკოსებისაგან წლის დასაწყისიდან, როცა ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნები უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისა და მისი კორუმპირებული მოქალაქეების დასასჯელად ემზადებოდნენ. ბევრი გახარებული იყო, რომ ბოლოს და ბოლოს, მათი პოზიცია რუსეთის მიმართ დადასტურდა, მაგრამ ბევრს უკიდურესად პესიმისტური პოზიცია ჰქონდა ევროპისა და ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. ახლა უარესია: ისინი დღეს აქეთ მეკითხებიან - განა შეუძლია ევროპულ დემოკრატიულ სისტემას კორუფციისაგან განიწმინდოს, როცა თვით მის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ასეთი ამბები ხდება? ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა ძნელია.

რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და გაფართოვდება, უეჭველია, კიდევ ბევრი შოკისმომგვრელი ფაქტი გამომჟღავნდება. "ევროკავშირის "კარგი" დეპუტატები, ალბათ, შეეცდებიან, რომ შეშფოთება გამოხატონ. ისინი განაცხადებენ, რომ თვითონ უდანაშაულოები არიან, ან "არაფერი არ იცოდნენ". შეიძლება ცრემლებიც დაღვარონ და ქვითინით ილაპარაკონ, რომ "მათ თავიანთი მოქმედებით ჩვენც სახელი გაგვიტეხეს...", - ნათქვამია ჯეიმს შელის სტატიაში. წყარო

ევა კაილი ევროპარლამენტის თავმჯდომარის რობერტა მეცოლას ერთ-ერთი მოადგილე იყო.. იგი იმ ჯგუფში მუშაობდა, რომელიც კატარში არსებული სიტუაციით იყო დაკავებული. უფლებადამცველები დოჰას აზიელი და აფრიკელი მიგრანტების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, არის ფაქტები, რომელთა თანახმად, საფეხბურთო ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობის დროს 6500 მუშა დაიღუპა.

ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ევა კაილი კატარის შრომის მინისტრს ალი ბინ სამიჰ ამ მარის შეხვდა, რის შემდეგაც, 21 ნოემბერს, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ევამ დადებითად შეაფასა ქვეყნის შრომის ბაზარის გასაუმჯობესებლად გატარებული რეფორმები და მათ "არაბული სამყაროს სულისჩამდგმელი" უწოდა, ხოლო თვით კატარს - "მშრომელთა უფლებების დამცველი მოწინავე სახელმწიფო".

"კატარის ხელისუფლება გულწრფელად იღწვის მომავლის ოცნების შესასრულებლად და ამისთვის მათ მსოფლიოსათვის თავიანთი ქვეყნის კარი გააღეს. ზოგიერთები კი აქ ამის წინააღმდეგნი არიან: იმ დეპუტატებს, რომლებსაც კატარის სჯერათ, კატარელებთან კონტაქტი აქვთ, კორუფციაში ბრალს სდებენ და აშინებენ", - საყვედურობდა იმ დროს ევა კაილი თავის კოლეგა ევროდეპუტატებს. "დღეს მის სიტყვებს რომ ვიხსენებ, მღელვარებისაგან და სირცხვილისაგან სუნთქვა მეკვრის", - ასე განაცხადა ერთ-ერთმა კომენტატორმა გერმანულ გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაენესთან" საუბარში. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ