ნახევარ წლამდე სავალდებულოს შემცირება და გაწვევა მხოლოდ თავდაცვაში...
რა მომავალი ცვლილებები დაანონსა პრემიერ-მინისტრმა საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის წესთან დაკავშირებთ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე ის სამომავლო ცვლილებები გააჟღერა, რაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას და ქვეყნის თავდაცვის ძალების შემდგომ დაკომპლექტებას, ასევე სტუდენტების სამხედრო გადამზადებას ეხება. ამას ითვალისწინებს "თავდაცვის კოდექსის" პროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ წარადგინა.
პირველი ცვლილება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადებს ეხება.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადა თავიდან ორი წელი გახლდათ, როგორც ყოფილ საბჭოთა არმიაში, წლების შემდეგ კი ის ერთ წლამდე შემცირდა, ახლა კი მთავრობა განიხილავს საკითხს, რომ სავალდებულო სამსახურის რიგითმა მხოლოდ 6, 8 ან 11 თვე იმსახუროს სპეციალური პროგრამის მიხედვით, რომელთა დეტალები ჯერ არ არის გაცხადებული, რადგან ეს ცვლილება მხოლოდ 2025 წლიდან უნდა ამოქმედდეს და მანამდე, ეტყობა, კიდევ ბევრი რამ დაზუსტდება.
მეორე ცვლილება არანაკლებ მნიშვნელოვანი და დროულია, უფრო სწორად კი დაგვიანებულიც - პრემიერის განცხადებით ახალწვეულების სამხედრო სავალდებულო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან...
დღეს 18-დან 27 წლამდე მამაკაცი მოქალაქეების გაწვევის ორგანიზებას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ახორციელებს.
მაგალითად, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1-ელი აგვისტოს დადგენილებით, "სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევის შესახებ", ა.წ.-ის 30 დეკემბრამდე თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალებში გაწვეული უნდა იყოს 1 400 წვევამდელი, იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში - 539, შსს-ს დაქვემდებარებულ დეპარტამენტებში (მათ შორის დაცვის პოლიციაში და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში) - 908, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 210.
ანუ წლის ბოლომდე საშემოდგომო გაწვევით საერთო ჯამში 3 057 ახალგაზრდამ უნდა ჩაიცვას სამხედრო თუ საპოლიციო ფორმა.
იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა წელიწადში ორჯერ ტარდება, გამოდის, რომ წლის განმავლობაში სავალდებულოში 6 ათასზე მეტი ახალგაზრდა მიდის.
პრემიერის განცხადებით კი 2025 წლიდან ეს ახალწვეულები მხოლოდ თავდაცვის ძალებში იმსახურებენ, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დამატებით 80 მლნ ლარი დაუჯდება.
ხარჯი კი იმიტომ იმატებს, რომ იგივე დაცვის პოლიციასა თუ ციხეების დაცვას ამის შემდეგ "უფასო" ჯარისკაცების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ და მოუწევთ გუშაგებისა და ყარაულების დაქირავება და შედარებით, ნორმალური ხელფასის გადახდა.
სამაგიეროდ, მხოლოდ თავდაცვის ძალებში თავმოყრილ ახალწვეულებს უკეთესად შეეძლებათ გაიარონ საბრძოლო მომზადების საწყისი კურსი და ბევრად უკეთ მოემზადონ შემდგომი სარეზერვო სამსახურისთვის.
"თავდაცვის კოდექსის" პროექტი სტუდენტების ინტერესებსაც ითვალისწინებს და მათ (23 წლის ასაკამდე) სთავაზობს უმაღლეს სასწავლებელში სწავლების თითოეულ წელს ერთვიანი სამხედრო შეკრებები გაიაროს, რის შემდეგაც მას სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება და რეზერვში ჩაირიცხება, თუმცა თუკი სამხედრო კარიერის გაგრძელებას მოისურვებს, ოფიცრის პირველ წოდებასაც ადვილად მიიღებს.
მთავრობის წევრებმა განსაკუთრებული კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს არასამთავრობო ორგანიზაცია "გირჩის" მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინიციატივა, სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავის არიდებასთან დაკავშირებით და თავდაცვის მინისტრმა პირველად გააჟღერა მართლაც რომ საგანგაშო ციფრები - კანონში არსებული ხარვეზის გამო, ფიქტიური რელიგიური სამსახურის მოშველიებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას თავი აარიდა 12 ათასმა ახალგაზრდამ, მათგან 10 ათასმა "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" დახმარებით და ამიტომაც სამართლებლივად მოხდება ამ ხარვეზის ისე შეცვლა, რომ ადამიანის თავისუფლების ნორმებიც არ დაირღვესო...
რა კომენტარის გაკეთება შეიძლება?
პირველი - გამომდინარე იმ მძიმე რეალობიდან, რაც ჩვენს რეგიონში, სამეზობლში და საერთოდ, მსოფლიოში ხდება, ლოგიკურია, თუკი ქვეყნის მოქალაქეების უდიდეს ნაწილს (და არა მარტო კაცებს) გავლილი ექნებათ საწყისი სამხედრო მომზადება, რაც ბევრად გაადვილებს მათ ყოველწლიურ გადამზადებას რეზერვში.
მეორე - სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის ნახევარ წლამდე შემცირება კიდევ უფრო აქტუალურს ხდის, რომ სამხედრო სამსახურის ყოველი დღე ჯარისკაცმა ინტენსიურ ფიზიკურ, ტაქტიკურ, საცეცხლე, საინჟინრო, სამედიცინო თუ სხვა სპეციფიკური სახის მომზადებაში გაიაროს და ეს დრო არ გაიფანტოს უაზრო მწყობრით სიარულში, ტერიტორიების დალაგება-დასუფთავებაში და მითუმეტეს დღეგამოშვებით საგუშაგოზე დგომაში, რათა ნახევარწლიანი ინტენსიური სამხედრო მომზადების შემდეგ, აღარავის დარჩეს იმის საწუწუნო, მხოლოდ "ვიშკაზე" ვიდექი და სასროლეთზე ცხრა ტყვიაზე მეტი არ გამასროლინესო...
მესამე - გამომდინარე სწავლების პროცესისადმი დაინტერესების იმ დაბალი დონით, რასაც დღევანდელი სტუდენტები იჩენენ (ამას ვამბობ 9 წლიანი სტაჟის მქონე ლექტორი), მათთვის პირიქით, სახალისო უნდა გახდეს წელიწადში ერთი თვე სამხედრო ფორმის მორგება, ველზე გასვლა და თავის ნამდვილ ჯარისკაცად გრძნობა იარაღით ხელში, როდესაც შენი ზუსტი გასროლებით აღფრთოვანებული გვერდით მდგომები ერთგვარი შურის თვალით შემოგხედავენ და შეგეძლება დაიკვეხნო, რომ მარტო "დივანის მებრძოლო" კი არ ხარ, კომპიუტერის ეკრანთან, არამედ ნამდვილი ავტომატიდან ნამდვილი ტყვიების ზუსტი სროლით შენს ქვეყანაზე და პირადად შენს ოჯახზე მომხვდურის მოგერიებაც შეგიძლია...