"მე და ნორა კვიციანი თურქეთში სამკურნალოდ ერთად წავედით და უდიდესი სევდაა, რომ ავმა სენმა იმსხვერპლა... ციხემ გატეხა" - კვირის პალიტრა

"მე და ნორა კვიციანი თურქეთში სამკურნალოდ ერთად წავედით და უდიდესი სევდაა, რომ ავმა სენმა იმსხვერპლა... ციხემ გატეხა"

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე - ერეკლე საღლიანი სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მას თურქმა მედიკოსებმა დიაგნოზი - ესენციური ტრემორი დაუსვეს და ოპერაცია ჩაუტარდა... საბედნიეროდ, დღეს - ერეკლე საღლიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს და "კვირის პალიტრას" ვრცელ ინტერვიუზეც დაგვთანხმდა...

- ბატონო ერეკლე, რით დაიწყო თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც შემდეგ მკვეთრად გართულდა...

- ავადმყოფობის შედეგად ხელი იმდენად ძლიერად მიკანკალებდა, წერაც მიჭირდა...ბათუმში ვიმყოფებოდი და იქ ჩვენმა საყვარელმა მსახიობმა - ზურაბ ცინცქილაძემ (სხვაგვარად - მევლუდმა) ჩემი მდგომარეობა რომ ნახა, ბათუმის კლინიკაში, ქალბატონ ნანა სარიშვილთან მიმიყვანა... ამ კლინიკას კავშირი ქალაქ სამსუნში მდებარე საავადმყოფოსთან აქვს. ქალბატონმა ნანამ მითხრა, რომ აუცილებელი იყო იქ წასვლა და ოპერაცია. ოპერაციისთვის კი ჯეროვანი თანხა იყო საჭირო...

დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამინისტროს... ჩემი პირველი მხარდამჭერი მეუფე გიორგი ჯამბელიანი იყო (მარნეულ-ხუჯაბის ეპისკოპოსი)... მან სთხოვა ყველას, ვისაც კი საშუალება აქვს, საჭირო სახსრები გაეღოთ... როდესაც საოპერაციო თანხის შეგროვება დაიწყო, აქ უკვე განსაკუთრებულად დიდი როლი ითამაშეს პროფესორმა ზვიად კვიციანმა და მისმა ქალიშვილმა - მარიმ... პირდაპირ დადეს ანგარიში, რომ ხალხს ფული გადმოერიცხა, ვისაც რამდენი ჰქონდა. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვერდით დამიდგა! მეტ სამადლობელს ახლა უკვე ახალი ლექსებით ვიხდი - მალე ჩემი ლექსების კრებული გამოვა, სადაც ერთი ლექსიც არ იქნება ძველი...

ქალბატონმა ნანა სარიშვილმა, თეკლა კუხალეიშვილმა, შორენა გვაგვილავამ უდიდესი ყურადღება გამოიჩინეს ჩემ მიმართ... რა თქმა უნდა, ჩემმა პირადმა ექიმმა - ენის ქურდან ოღლუმ... ეს ექიმი სამსუნში გახლდათ და ვეხუმრებოდი, შენ ქურდიანი ხარ-მეთქი... გაიცინა და მითხრა, ეგ მთლად ტყუილი არ არის, რადგან ჩემი პაპის მამა გურჯისტანიდან გახლდათ წამოსულიო... სამსუნის საავადმყოფოში თან მყვებოდნენ. პატარა გოგონები, ექთნები საოცარ სითბოს იჩენდნენ. მათ ვერ ვესაუბრებოდი, რადგან ენა არ მესმოდა და რომ მოვდიოდი, ცხარე ცრემლით ვტიროდი, იმდენად დიდი სითბო გამომაყოლეს იქედან.

- რამდენ ხანს იმყოფებოდით თურქეთში?

- ათი დღე და ეს პერიოდი სრულიად საკმარისი იყო, ჯანმრთელობის პრობლემები რომ მოგვარებულიყო... არადა, წერას იმდენად ვერ ვახერხებდი, მაშინდელ ნაწერს რომ ვხედავ, გარჩევა თვითონ მიჭირს. ეს ავადმყოფობა მკვეთრად გამოიხატებოდა სისუსტეში, ძლიერი თავბრუსხვევა მქონდა, აღარაფრის უნარი... მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ არა ზურაბ ცინცქილაძე, არც ვიფიქრებდი, ჯანმრთელობისთვის რომ მიმეხედა.

პირველად, თურქეთში ჩვენს უძვირფასეს - ნორა კვიციანთან ერთად ჩავედი... სამწუხაროდ, ნორა გარდაიცვალა, ჩემი უდიდესი მწუხარება მის ოჯახს და ყველას, ვინც ამ საოცარ ადამიანს იცნობდა... იგი ბოლოს მონაზვნად აღიკვეცა და უფლის სამსახურში განლია დარჩენილი დღეები.

- ახლოს იცნობდით?

- რასაკვირველია! ნათესავები, ახლობლები ვართ... ნორას მეუღლე დედაჩემის დედულეთიდანაა... ისე ყოჩაღად, მხნედ იყო, სიკვდილს პირდაპირ შეეგება.

- რა იყო მისი გარდაცვალების მიზეზი?

- სიცოცხლეშივე ჯოჯოხეთი გამოიარა, დაიჭირეს, აწამეს... რაც იყო მაშინდელი ციხე, ყველამ კარგად ვიცით! ციხემ გატეხა და იმსხვერპლა.

- თურქეთში რა დიაგნოზი დაუსვეს?

- სიმსივნე, სამწუხაროდ... გადარჩენის იმედი ბოლომდე არ დაუკარგავს, მაგრამ ავმა სენმა მაინც იმსხვერპლა... ჩემთვის ძალიან დიდი სევდაა, ერთად რომ წავედით და ასე მოხდა..

- საზოგადოებრივ საქმიანობას დაუბრუნდით?

- ჩემს საქმეს, ყველაფერს სრულყოფილად დავუბრუნდი. ფაქტობრივად, ახლიდან დავიწყე ცხოვრება... ახალ წიგნზე ვმუშაობ. ჩემი მეუღლე გვერდით ძალიან მიდგას. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარზე მეტს მიწერს. განსაკუთრებით მაშინ, ცუდად რომ ვიყავი, წერა მას უწევდა და ლამის პრეტენზია გაუჩნდა თანაავტორობაზე... ლექსების დიდი კრებული იქნება.

- მეორე სუნთქვა გაგეხსნათ გამოჯანმრთელების შემდეგ?

- დიახ, ნამდვილად ასეა!

- სვანეთს საახალწლოდ ეწვევით? ...რომ გაიხსენოთ, თქვენს ბავშვობაში როგორ ხვდებოდნენ ბარბარობას, შობას, ახალ წელს... ის, რაც დღეს აღარ შემორჩა...

- ძალიან ბევრი რამ იყო, რაც დღეს აღარ არის... მახსოვს, ბავშვები ქვემოთ ვიყავით, ოჯახში უფროსი კაცი ზემოთ ადიოდა და კანფეტებს გვაყრიდა... იძახდა, თოვლი მოდისო და ჩვენც სიხარულით ვეგებებოდით... მახსოვს, კიდევ ერთი დღესასწაული იანვარში - ლიჩაჩხელ - ასე ეძახდნენ... მეკვლე ლამპარს დერეფანში შემოაგდებდა, სადაც იატაკი მიწით იყო დატკეპნილი, სოხანე... სვანურად იძახდა, წელმა გაუწყა თავის მოსვლაო... მერე მეკვლე გარბოდა, მასპინძელი უნდა გაკიდებოდა და სახლში შემოეყვანა. თუ ვერ დაეწეოდა, სახელად არ ითვლებოდა. მთელი რიტუალები იყო... ჩვენს სახლში აღინიშნებოდა და ამისთვის ძალიან ვემზადებოდი. ეშმაკობას ვიჩენდი, მეკვლე საიდანაც უნდა გაქცეულიყო, იქ ძაღლს ვაბამდი.

- ხომ შეაშინებდა?

- ამაშია საქმე! ადგილზე ჩერდებოდა... სუფრაზე ყველაფერი დიდებული უნდა ყოფილიყო. ახალ წელს ჩვენთან ძველი სტილით აღნიშნავდნენ. მაშინ უკვე ხორციც ნებადართული იყო. საუკეთესო საკლავად ითვლებოდა გოჭი, თიკანი, ბატკანი... ჩვენში გოზინაყი იყო, მაგრამ უფრო თაფლის კვერები. კანფეტებს რომ გვაყრიდნენ ზემოდან, როგორც ჩანს, კანფეტებამდე, ადრე, თაფლის კვერების გადმოყრა იცოდნენ.

- კიდევ რა იყო, რაც სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო?

- რა თქმა უნდა, კუბდარი, ჭიშვდარი და ასე შემდეგ... ღვინო იყო, მაგრამ უფრო მეტად, ძველად სვანებს არაყი ჰქონდათ. ოღონდ არაყი ძალიან სუფთა შემადგენლობის უნდა ყოფილიყო, კარგად გამოხდილი. ცოტა ლუდიც ჰქონდათ, მაგრამ ლუდის კულტურა როგორც ფშავსა და ხევსურეთში იყო, ისე სვანეთში არ განვითარებულა... ლუდს ქერისგან ამზადებდნენ, რომელსაც ზედაშე ერქვა... წმინდა სასმელად ითვლებოდა.

- ბარბარობას როგორ ხვდებოდნენ?

- აუცილებლად, ლობიანით... სვანეთში ხუთნაირ ლობიოს ამზადებდნენ, იმდენად მრავალფეროვანი სუფრა იშლებოდა, ასეთი სხვაგან არ შემხვედრია. ჩვენთან კიდევ კანაფი იყო, რომელიც ახლა იკრძალება. მისი ნაყოფისგან უგემრიელესი კერძი მზადდებოდა, ნამდვილი საოცრება!

- ხუთი სახის ლობიო როგორ მზადდებოდა?

- ლობიო ღორის მუცლის ქონით, სვანური მარილით, ნიგვზით და ასე შემდეგ... ლობიანების ცხობაში ჩვენ რაჭველებს ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ ლობიოს შეზავება მართლაც გამორჩეულად იცოდნენ.

- თქვენც იყავით მეკვლე?

- დიახ... თქვენ წარმოიდგინეთ მეკვლე სადაც ვყოფილვარ, იქ ცუდი არასოდეს მომხდარა.

- კოშკებში თუ აღინიშნებოდა ახალი წელი?

- ყველაზე საუკეთესოდ მანდ აღინიშნებოდა! კოშკს მხოლოდ თავდაცვითი მნიშვნელობა კი არ ჰქონდა, იქ ხატების კუთხე იყო მოწყობილი, ხალხი ლოცულობდა... ახალი წლის აღნიშვნაც ულამაზესი იქ იყო. კოშკის ბოლო სართული, ფაქტობრივად, მაცივარი იყო. იქ ხორცი არასოდეს ფუჭდებოდა... სასურველია კოშკი დღესაც ისე გამოიყენებოდეს.

- რას უსურვებთ საახალწლოდ საქართველოს?

- საქართველოს ვუსურვებ გამთლიანებას, ღვთის წიაღში დაბრუნებას, ქართველებს მოყვასის და უფლის სიყვარულს, მეტ ერთგულებას ჩვენი ქვეყნისადმი, ერთმანეთის მიმართ მეტ სიყვარულს!

(სპეციალურად საიტისთვის)