თურქი გენერალი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მრჩევლად დაინიშნა - რას ნიშნავს ეს ქვეყნისა და რეგიონისთვის? - კვირის პალიტრა

თურქი გენერალი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მრჩევლად დაინიშნა - რას ნიშნავს ეს ქვეყნისა და რეგიონისთვის?

ექსპერტების აზრით, თურქი გენერლის, ბახტიარ ერსაის აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დანიშნვა, ამ ორი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაერთიანების წინაპირობაა.

თურქი გენერლის ბიოგრაფია ძალიან ორიგინალური და საინტერესოა. ის სახელმწიფო გადატრალების მცდელობისთვის ჯერ ციხეში მოხვდა, შემდეგ კი თურქ ხალხს "არაბული გაზაფხულისგან" იცავდა.

აღსანიშნავია, რომ თურქი გენერალ-მაიორი ბახტიარ ერსაი აზერბაიჯანში მაღალ თანამდებობაზე 10 სექტემბერს დაინიშნა. როგორც თანამშრომლები ამბობენ, თათბირზე მან წარადგინა გეგმა, როგორ უნდა გახდეს აზერბაიჯანის არმია უფრო თანამედროვე და დაემსგავსოს თურქეთის არმიას. საყურადღებოა ისიც, რომ ერსაისთან ერთად, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებში, კიდევ სამი თურქი გენერალი დაინიშნა.

გენერალი, რომელიც ციხეში იჯდა

თურქულ მედიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ გენერალ-მაიორ ერსაის საკმაოდ მრავალფეროვანი და დრამატული ბიოგრაფია აქვს.

BBC-ს ცნობით, გენერალ-მაიორი იმ ადამიანთა რიცხვში შედიოდა, ვინც 2011 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით გაასამართლეს.

მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ციხეში მხოლოდ 3 წელი დაჰყო, გენერალს ბრალდება მოუხსნეს.

მედიაში ვკითხულობთ, რომ ის ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციებს, რომელიც "ქურთისტანის მუშათა პარტიის" წინააღმდეგ ერაყის საზღვარზე იგეგმებოდა.

ის ერთ-ერთია იმ სამხედროთაგან, ვინც 2010 წელს "არაბული გაზაფხულის" არეულობისას ტუნისიდან 28 ათასი თანამემამულის ევაკუაცია წარმატებით შეძლო.

ზოგიერთი რუსული და სომხური გამოცემა კი აღნიშნავს, რომ 2020 წლის შემოდგომაზე ერსაი ყარაბაღის ომში აზერბაიჯანელ სამხედროებს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში თურქეთი მართლაც ეხმარებოდა აზერბაიჯანს, როგორც იარაღით, ასევე დიპლომატიურ დონეზე.

armia2-1671006801.jpg

ნატოს წევრ ქვეყანასთან გაერთიანებული არმია?

BBC-სთან საუბრისას ექსპერტები ჯერ კიდევ სექტემბერში აღნიშნავდნენ, რომ აზერბაიჯანში სახმელეთო ჯარების სტრუქტურული რეფორმა მიმდინარეობდა.

სამხედრო ანალიტიკოსის უზეირ ჯაფაროვის თქმით, ამ მხრივ აზერბაიჯანის ძალოვან სტრუქტურაში თურქი გენერალ-მაიორი ბახტიარ ერსაი იმუშავებს. "ის მხოლოდ სახმელეთო ჯარებს მოამზადებს, კონსულტანტის როლში იქნება წარმოდგენილი", - ამბობს ჯაფაროვი.

დამოუკიდებელი ექსპერტის, აზად ისაზადეს თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თურქი სამხედრო მრჩეველი აზერბაიჯანს ეხმარება. წარსულშიც არსებობდა ფაქტები, როცა თურქი პედაგოგები აზერბაიჯანელ კურსანტებს ასწავლიდნენ.

2020 წელს კი ყარაბაღის ომში თურქები სამხედრო მრჩევლის როლს ასრულებდნენ.

"თავდაცვის მინისტრის მრჩეველი არ არის პასუხისმგებელი საბრძოლო მოქმედებასა და მომზადებაზე, მას არ აქვს საბრძოლო ფუნქციები" - აღნიშნავს დამოუკიდებელი ექსპერტი.

ისაზადეს თქმით, აზერბაიჯანს იმისთვის სჭირდება ერსაი, რომ ქვეყნის არმია თურქეთის არმიის სტანდარტზე გადაიყვანოს. ამასთან, ორივე ქვეყანა აღნიშნავს, რომ მათი არმიები ერთიან სტანდარტზე უნდა გადაიყვანონ და სამხედრო წვრთნებსაც ხშირად ერთად ატარებენ.

გასულ წელს კი აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი შუშის დეკლარაციას, რომლის თანახმადაც, ქვეყნები უცხო ქვეყნის აგრესიის შემთხვევაში, ერთმანეთს სამხედრო დახმარებას გაუწევენ. ამ შეთანხმებამ, ფაქტომბრივად, დაამტკიცა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რომელთაგან ერთ-ერთი ნატოს წევრია.

"არსებობს ასობით პარამეტრი, რითაც აზერბაიჯანის და თურქეთის არმია განსხვავდება ერთმანეთისგან. მათ შორისაა ტაქტიკური მანევრები, ასეულთა, ბატალიონებისა და ბრიგადების ფორმირება, ასევე შეიარაღება, რადიოკავშირი და სხვა", - აღნიშნავს დამოუკიდებელი ექსპერტი.

ისაზადეს თქმით, თურქი გენერლის დანიშვნას და აზერბაიჯანის არმიაში ჩატარებულ რეფორმებს აუცილებლად ექნება შედეგი რეგიონალური მასშტაბით.

"ეს იქნება ერთიანი არმია, რომელიც სხვადასხვა სპეცოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას. ეს კი იქნება ერთიანობის დემონსტრირება რუსეთის, ირანისა და სომხეთის წინაშე", - აღნიშნავს ისაზადე.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს არ მხოლოდ სომხეთთან აქვს კონფლიქტური მდგომარეობა, მას დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ირანთანაც.

შემოდგომაზე ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნები ჩაატარა. აზერბაიჯანისა და თურქეთის არმიამ კი საპასუხო წვრთნები გამართა, რომელსაც თურქი გენერალ-მაიორიც ესწრებოდა. (წყარო)