"პირველად ვღელავდი, შოკში ვიყავი, ამხელა სცენა და ამდენი ადგილი აუდიტორიისთვის არასდროს მინახავს. ზღაპარში მეგონა თავი"
მარიამ ბიგვავას ოცნება
"საბავშვო ევროვიზია 2022"-ის კონკურსზე საქართველოს სახელით მარიამ ბიგვავა ღირსეულად წარდგა. მან გიგა კუხიანიძის სიმღერა შეასრულა, ეროვნული ჟიურისგან 114 ქულა მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. ქართველ მაყურებელს მეტი რომ ეაქტიურა, ალბათ პირველადგილოსანიც გახდებოდა, რადგან საბოლოო შედეგი ხალხის ხმამ გადაწყვიტა. მარიამს სამშობლოში დიდი ოვაციებით დახვდნენ.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ემოციებით ვარ დატვირთული. მიხარია, ასეთ კონკურსში რომ მივიღე მონაწილეობა და ოცნებები ავიხდინე, იმდენად ბედნიერი ვარ, რომ ცოტა ამეტირა კიდეც. როცა ვმღეროდი, მაშინ არაფერი მესმოდა, მაგრამ თურმე, ხალხი მისამღერს ჩემთან ერთად ასრულებდა, რამაც ძალიან გამახარა..."

"პირველად ვღელავდი, ვნერვიულობდი, შოკში ვიყავი, ამხელა სცენა და ამდენი ადგილი აუდიტორიისთვის არასდროს მინახავს. ზღაპარში მეგონა თავი. 3-ჯერ გვქონდა რეპეტიცია და მერე კონკურზე რომ გავედი, სავსე დარბაზი დამხვდა, ყველა ბოლო ხმაზე ყვიროდა, თუმცა სიტყვებს ვერ ვარჩევდი, რადგან ყურსასმენები მეკეთა. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, ამდენი ხალხი რომ გელოდება და მერე შენთან ერთად მღერის, ფარანს ანთებენ... სცენაზე გასვლის წინ ცოტას ვღელავ ხოლმე, როცა მაყურებელს თვალს გავუსწორებ, მაშინ ვხვდები, რომ სცენა ჩემია და იქაურობა უნდა "დავანგრიო"...

"სულ სპორტით ვიყავი გატაცებული და სხვა გოგონებისგან განსხვავებით, უფრო აქტიური სპორტი მიყვარს. არასდროს არავინ მჩაგრავდა, მაგრამ მინდოდა, თავის დაცვა შემძლებოდა. კარგია, როცა შეგიძლია არა მარტო საკუთარი თავი, არამედ მეგობრებიც დაიცვა. ჩვენთან ახლოს გაიხსნა კარატეს სკოლა და 8 წლის ვიყავი, იქ რომ დავიწყე სიარული..."
"სიმღერა ჩემთვის ყველაფერია! ის დედამ შემაყვარა. ჯერ კიდევ მის მუცელში ვიყავი, როცა დედა გემოვნებიან მუსიკას უსმენდა. რომ გავჩნდი, მერეც მიმღეროდა და რაღაც პერიოდის შემდეგ შეამჩნიეს, რომ მეც ვყვებოდი. დედიკო და მამიკო პროფესიით მომღერლები არ არიან, თუმცა ორივე კარგად მღერის. მამა სამების საკათედრო ტაძარში გალობდა, სადაც მეც დავყავდი..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 15 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.
თეა ხურცილავა