"მე-11 არმიის შემოსევის შემდეგ, იაკობ ნიკოლაძე ბათუმიდან გემით კონსტანტინოპოლში წავიდა. ერთ დღეს, ქუჩაში ნოე ჟორდანია შეხვედრია" - რას ჰყვება მოქანდაკის შვილიშვილი? - კვირის პალიტრა

"მე-11 არმიის შემოსევის შემდეგ, იაკობ ნიკოლაძე ბათუმიდან გემით კონსტანტინოპოლში წავიდა. ერთ დღეს, ქუჩაში ნოე ჟორდანია შეხვედრია" - რას ჰყვება მოქანდაკის შვილიშვილი?

ვინ უგებდა ჭადრაკს იაკობ ნიკოლაძეს

„დედა არასოდეს ტრაბახობდა, რომ იაკობის შვილი იყო, მამაჩემსაც ეთაკილებოდა, როცა ამბობდნენ, - სიძეაო“

სალომე კედია ქართული რეალისტური ქანდაკების ფუძემდებლისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებლის, იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილია. ქალბატონ სალომეს ბაბუა კარგად ახსოვს, მოქანდაკის გარდაცვალების დროს 12 წლისა იყო.

80 წელს გადაცილებულ არქიტექტორს, სათნო ქალბატონს სასაუბროდ შინ ვესტუმრე.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

iakob-nikoladze-1671016302.jpg

"ბაბუაჩემ იაკობ ნიკოლაძის მამა, ივანე ქუთაისელი ვაჭარი იყო და ამ საქმისთვის, როგორც რუსეთში, ისე ევროპაშიც დადიოდა, თავისუფალ დროს კი გიშერზე მუშაობდა. იაკობის სახელოსნოში ინახება ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი, უცხოეთიდან გამოგზავნილი ივანეს წერილები მეუღლისადმი. დიდედა ნატალია წარმოშობით თბილისელი იყო. მათ 13 შვილი ჰყავდათ..."

"მე-11 არმიის შემოსევის შემდეგ, ქართველების უმრავლესობა, მათ შორის იაკობიც, ბათუმიდან გემით კონსტანტინოპოლში წავიდა, სადაც დაახლოებით სამი თვე დაჰყო. ერთ დღეს, ქუჩაში ნოე ჟორდანია შეხვედრია, რომელსაც უთქვამს: შენ პოლიტიკასთან შეხება არა გაქვს, აქ რა გინდა, უკან დაბრუნდიო. ბაბუა ასეც მოიქცა..."

chaxrr-1671016092.jpg

"იმ ქუჩისთვის, სადაც ბაბუას სახელოსნო მდებარეობდა, იაკობ ნიკოლაძის სახელი ეწოდებინათ, მაგრამ იაკობს უთქვამს: „თუ ჩემი პატივისცემა გინდათ, დაარქვით ამ ქუჩას ოგიუსტ როდენის სახელი“. ასე გაჩნდა ვერაზე როდენის ქუჩა. ეს პერიოდი იაკობისთვის უაღრესად მძიმე გამოდგა. იმავე წელს გარდაიცვალა მისი ვაჟი - 7 წლის ერეკლე, ხოლო ერთი წლის შემდეგ, დეიდაჩემის - მაიას მშობიარობას გადაჰყვა ბებია სალომე. ამის მერე ბაბუამ თბილისელი, ეროვნებით გერმანელი ქალი შეირთო და მასთან ტყუპი ქალიშვილი შეეძინა, რომლებიც პატარები გარდაიცვალნენ..."

"დედა იგონებდა: „ჩახრუხაძის ქანდაკებაზე რომ მუშაობდა, ხშირად მამა თითებით შეეხებოდა ხოლმე თავის ლოყებსა და ყვრიმალებს. ერთხელ ვერ მოვითმინე და ვუთხარი, - რა, შენი პროფილით აკეთებ ჩახრუხაძეს? ძალიან გაჯავრდა და შემომიტია: რას ამბობ, მე მხოლოდ ანატომიას ვამოწმებ..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 15 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი