"მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მაგრამ იქნებ, არ მოკვდეს... მე მომხრე ვარ, გადაიყვანონ და დამთავრდეს ეს აყალ-მაყალი"
„მიხეილ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს ციხეში, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან სრულად პასუხისმგებლები. ასეთ შემთხვევაში, დაივიწყეთ ყველაფერი, დაივიწყეთ, რაც ევროპიდან შეიძლება, მიიღოთ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუქსმანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს ევროპაში გასვლის და იქ მკურნალობის საშუალება:
„ეს საკითხი პირდაპირაა დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს კანდიდატის სტატუსი, მაშინ პირველი და მთავარი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიეცეს ევროპაში გასვლის და იქ მკურნალობის საშუალება.
ახლა აქაც, ამ პარლამენტშიც და ამ პარლამენტს მიღმაც ეს არის ლაკმუსის საქმე. თუ თქვენ გინდათ საქართველო ევროპაში და ჩვენ ეს ყველას გვინდა, მაშინ მიშას საქმე ამ გზაზე გადადგმული პატარა ნაბიჯია“, - განაცხადა რაფაელ გლუქსმანმა.
გლუქსმანის პოზიციას იზიარებენ სხვა დანარჩენი ევროპარლამენტარები, მათ შორის, ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე, მარკეტა გრეგოროვა, დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და სამირიამ ლექსმანი.
მათ განცხადებებს „მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულს“ უწოდებენ „ქართული ოცნების“ ლიდერები და ევროკავშირში ცოტა ხნის წინ მომხარ კორუფციულ სკანდალზე აპელირებენ.
„კორუფციის სკანდალის შემდეგ, რამაც სერიოზული მასშტაბი მიიღო, საკმაოდ შეილახა ევროპარლამენტის ავტორიტეტი. ფოტიგას განცხადება, და ის არ არის ერთადერთი, ეჭვს იწვევს ზოგადად ობიექტურობიდან გამომდინარე (აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია) და გარკვეულწილად ლოგიკიდან გამომდინარეც. ასე რომ, დაველოდოთ შედეგებს ერთი მხრივ, გამოძიების და მეორე მხრივ, შევაფასოთ რეალური სიტუაცია და განცხადებების შინაარსი, რომელსაც ეს ადამიანები აკეთებენ“, - განაცხადა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა - გია ვოლსკიმ.
რა გამოწვევის წინაშე ვართ რეალურად, როგორ აფასებს არსებულ მოცემულობას ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ამის შესახებ ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება:
- იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი არ მოკვდება. ცოტა ხნის წინ, შიმშილობა გამოაცხადა, გასაგებია, მაგრამ იქნებ, არ მოკვდეს. არც კი ვიცი, რა ვთქვა, სიტუაცია მართლაც ძალიან რთულია. მე მომხრე ვარ, გადაიყვანონ სააკაშვილი და ბოლოს და ბოლოს დამთავრდეს ეს აყალ-მაყალი, მაგრამ გადაიყვანენ? მე ვერც ის გავიგე, სააკაშვილთან დაკავშირებით რა ხდება, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ, ხან ამბობენ მოწამლესო, ავადააო, სააკაშვილი ამბობს, არავის მოვუწამლივარო, მერე ამბობენ, რუსებმა მოწამლესო, ხან ამბობენ, ბარიატრია აქვს გაკეთებულიო, ხან - ვერ ჭამსო, ახლა ამბობენ, შიმშილობას აცხადებსო.
ცოტა არ იყოს, დამაბნეველია ეს ყველაფერი. ჩამოყალიბდნენ მაინც.
- ამ არეულ-დარეულობასა და გაურკვევლობაში მოდის ის თარიღი, როდესაც ევროკავშირმა საქართველოსთვის კიდევ ერთი შანსის მიცემაზე უნდა იმსჯელოს. ამ დროს, ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ევროპარლამენტარებს მიკერძოებულებს უწოდებს და იმასაც შეახსენებს, რომ ცოტა ხნის წინ, მათ ორგანიზაციაში კორუფციული ფაქტი დადასტურდა, მეორე ნაწილი, მაგალითად, კალაძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება მხოლოდ ფორმალობააო.
სად ხედავთ გამოსავალს?
- ვერსად. მმართველ გუნდს მიაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქვეყანამ ომი აირიდა თავიდან. ამით ამაყობენ 24 საათის განმავლობაში. ნახეთ, მალე იტყვიან, დიდი ამბავი, სტატუსი თუ ვერ მივიღეთ, ომში ხომ ვერ ჩაგვითრიეს, აგერ უკრაინას კი აქვს სტატუსი, მაგრამ ხომ ხედავთ, ხალხი რა დღეშია, რუსეთი ანგრევს და მიწასთან ასწორებს იქაურობასო. ამაშია საქმე, პრიორიტეტები დაალაგეს.
- როგორ წარმოგიდგენიათ, პრიორიტეტების ასეთი დალაგება ქართველი ხალხისთვის მისაღები იქნება?
- მე მგონია, რომ ეს ჩემზე უკეთ „ქართულ ოცნებას“ ეცოდინება. სავარაუდოდ, კვლევები აქვთ ჩატარებული და ხალხის განწყობაც იციან. ასე მშვიდად და არხეინადაც ამიტომ არიან.
- ჩვენ ხომ გვახსოვს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე რამდენი ხალხი გამოვიდა?
- რომ გამოვიდა, რა ქნეს? იმასვე იზამენ მომავალშიც. მეც მგონია, რომ თუ უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდება, ქართველი ხალხიც შეეგუება არსებულ მოცემულობას და იტყვის, ასეთ ვაი-უშველებელს მართლაც მშვიდობა მირჩევნიაო. „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად სპეკულირებს დღეს არსებული მოცემულობით. ოპოზიციამ კი სასაცილოდ აიგდო მათი რიტორიკა, - „აბა ომი გინდათო?“, მაგრამ მმართველი გუნდი მშვენივრად ხეირობს ამით.
როგორც ჩანს, ხალხის დიდ ნაწილს მართლაც ომი უფრო აშინებს, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის ქონა-არქონა. ჩემ გარშემო, ჩემს საახლობლოში, ბაბლში სტატუსზე უფრო მეტად ნერვიულობენ, მაგრამ გარეთ ალბათ სხვაგვარადაა საქმე. ისღა დაგვრჩენია, - დიდი ასოებით დავაწეროთ თბილისს - მშვიდობის ქალაქი.
- თქვენი ვერსიით, არის თბილისი მშვიდობის ქალაქი?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისში ტანკი არ დგას, შეიძლება ასეც ითქვას.
პარლამენტარი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება თვალს უსწორებს პასუხისმგებლობას, თუმცა, მისივე თქმით, სააკაშვილი ვალდებულია ჩაიტაროს ის მკურნალობა, რაც მას აქვს დანიშნული.
„მე არ ვიცი, რამდენად აცნობიერებთ მ ადამიანის პასუხისმგებლობას, რომელმაც მიატოვა ბრძოლის ველი, ადამიანები, ჯარისკაცების ცხედრები. არ ვიცი, ერთმანეთთან თუ უკავშირებთ ამას ყველაფერს. ჩვენც ვაკვირდებით ყოველდღიურად (მის მდგომარეობას). მთავარი თემა უნდა გამომდინარეობდეს არამარტო ლოგიკიდან, არამედ საექსპერტო დასკვნებიდან. სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით პოლიტიკურ ველზე მისი თანაპარტიელები და რადიკალური ოპოზიცია პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ. სახელმწიფო დეპარტამენტი იტყვის თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, რასაკვირველია, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ხელისუფლება თვალს უსწორებს, არსებობს ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, რომელიც სრულფასოვნად ემსახურება პატიმრებს, მათ შორის, სააკაშვილს... - განაცხადა ვოლსკიმ.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)