"ამის შემდეგ მალევე მან დატოვა ქვეყანა..." - რას ჰყვება ედუარდ სააკაშვილი BBC World News-თან - კვირის პალიტრა

"ამის შემდეგ მალევე მან დატოვა ქვეყანა..." - რას ჰყვება ედუარდ სააკაშვილი BBC World News-თან

მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად ყოველთვის ჰქონდა პროდასავლური ორიენტაცია, რუსეთის წინააღმდეგ. ეს ასევე ნიშნავს, რომ ის უკიდურესი ტანჯვა, რომელიც მან განიცადა გასული წლის განმავლობაში, რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საკმაოდ უხარია, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა BBC World News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„2012 წელს მამაჩემმა პირველად საქართველოს ისტორიაში გადააბარა ხელისუფლება არჩევნების გზით, მშვიდობიანად. ამის შემდეგ მალევე მან დატოვა ქვეყანა, რადგან იცოდა, რომ ახალი ხელისუფლება ყველანაირად ეცდებოდა მის დევნას და დაპატიმრებას. მათ აღძრეს არაერთი საქმე, როგორც ამას უწოდებენ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ეს ბრალდებები საერთაშორისო დონეზე არ არის აღიარებული. მამაჩემი ევროპაში, აშშ-ში მუშაობდა. არასოდეს შეჰქმნია რაიმე პრობლემა ან ექსტრადიციის საფრთხე. მისი დაპატიმრება შეძლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის დაბრუნდა. ბრალდებების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს გარდა არსად არის აღიარებული. ის უკრაინის მოქალაქეა. დაკავებამდე მუშაობდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, მის მრჩევლად. პოლიტიკურად მას ყოველთვის ჰქონდა პროდასავლური ორიენტაცია, რუსეთის წინააღმდეგ. ეს ასევე ნიშნავს, რომ ის უკიდურესი ტანჯვა, რომელიც მან განიცადა გასული წლის განმავლობაში, რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საკმაოდ უხარია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, 2008 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, საქართველომ იბრძოლა რუსეთთან ომში და შესაძლოა, ისინი თვლიდნენ, რომ ამისთვის ბოლომდე არასოდეს დასჯილა.

„ცხადია, საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას თუ უყურებთ, მამაჩემის მდგომარეობის შესახებ ცნობები აღფრთოვანებას იწვევს. 2008 წელს, როცა მამაჩემი პრეზიდენტი იყო, საქართველომ იბრძოლა რუსეთთან ომში და შესაძლოა, ისინი თვლიდნენ, რომ ამისთვის ის ბოლომდე არასოდეს დასჯილა და ეს არის ამის მიღწევის გზა.

მამაჩემი ძალიან ქარიზმატული, მხიარული ადამიანია, მაგრამ ამ ბოლო დროს ის სულ სხვანაირია. რაც ძალიან გამაღიზიანებელია, შემიძლია იქ შევიდე, შემიძლია დაველაპარაკო მას, ეს არის ის, რაც შემიძლია გავაკეთო. არ შემიძლია მკურნალობის სხვა ფორმების მიღება, რადგან ამაზე მთლიანად მთავრობაა პასუხისმგებელი, ვინაიდან ეს არის ციხის დაწესებულება, რომელსაც აკონტროლებენ“, - აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა. კითხვაზე, ესაუბრებიან თუ არა ერთმანეთს ღიად, მან უპასუხა, რომ არა, ვინაიდან ოთახში არის კამერები.

IPN