"სერგოს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა... მიშას მამა ავადაა, ჯოხით ძლივს დადის და ამხელა ტრაგედია დაატყდათ ახლა თავს..." - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებზე? - კვირის პალიტრა

"სერგოს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა... მიშას მამა ავადაა, ჯოხით ძლივს დადის და ამხელა ტრაგედია დაატყდათ ახლა თავს..." - რას ჰყვებიან უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებზე?

რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ორი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიხეილ თევდორაძე და სერგო ლისიხი (ქართველი) ბახმუტის მისადგომებთან იბრძოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბრძოლის დროს, კიდევ სამი ქართველი დაიჭრა და დაღუპულები არიან ასევე, უკრაინელი მეომრებიც. როგორც ჯარისკაცები ამბობენ, დაჭრილი ქართველების მდგომარეობა სტაბილურია.

მოკლული ჯარისკაცებიდან მხოლოდ მიხეილ თევდორაძის ცხედრის გამოტანა შეძლეს თანამებრძოლებმა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სერგოს ცხედარიც გამოიტანონ. მიშა თევდორაძე თანამებრძოლებმა მანქანით გუშინ გვიან ღამით კიევში გადაასვენეს. ახლა იქ ტაძარში მიმდინარეობს სამოქალაქო პანაშვიდი, გამოეთხოვებიან ქართველ ჯარისკაცს, რის შემდეგაც, საელჩოს დახმარებით, მას სამშობლოში ჩამოასვენებენ.

როდის მოხდება მიშა თევდორაძის საქართველოში ჩამოსვენება, ჯერჯერობით უცნობია. ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ ბახმუტთან ბრძოლას რამდენიმე დღის წინ კიდევ 5 ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა და ამ დრომდე არც ერთი მათგანის ცხედრები კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენებული არ არის.

შეგახსენებთ, 3 დეკემბერს 5 ქართველი გმირი დაგვეღუპა: ავთო რურუა, რომეო ფირცხალავა, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი. ისინიც ბახმუტთან მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლნენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მათი ცხედრების სამშობლოში გადმოსვენება. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

mixeil-tevdoradze-1671109842.jpg
მიხეილ თევდორაძე

13 დეკემბერს მოკლული მიხეილ თევდორაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტიდან, სოფელ ფარცხნაყანებიდან გახლდათ. ახლა შვილის ცხედარს მისი მოხუცი მშობლები მშობლიურ კუთხეში ელოდებიან. როგორც ირკვევა, მიშა გამოცდილი სამხედრო იყო. ადრე ჯარშიც მსახურობდა და აგვისტოს ომშიც იბრძოდა. მისი ოჯახის წევრების თქმით, მიშა გერმანიაში სამუშაოდ იყო წასული და ოჯახს შვილი იქ ეგულებოდა, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ, ის უკრაინაში ჩავიდა საბრძოლველად. მისმა ოჯახმა თურმე კარგა ხანს არ იცოდა მათი შვილი უკრაინაში რომ იბრძოდა. მიშა დაოჯახებული არ იყო.

"მებრძოლი სულის ბიჭი იყო, გამოცდილი, ძალიან შესტკიოდა გული ჩვენს ქვეყანაზე და განიცდიდა, რომ აფხაზეთი და ოსეთი დავკარგეთ. აფხაზეთის ომშიც ძალიან პატარა ასაკში იბრძოდა. ვესაუბრებოდით ინტერნეტით, იქ ყოფნას კარგა ხანს მალავდა, არ უნდოდა, მშობლებს გაეგოთ. აქეთ გვამხნევებდა და გვეუბნებოდა, ნუ გეშინიათო. ახლა არ ვიცი, როგორ გაუძლებენ მისი მშობლები ამ დიდ ტკივილს. მამამისი ავადაა, ჯოხით ძლივს დადის და ამხელა ტრაგედია დაატყდათ ახლა თავს...

მიშა სულ იმას იძახდა, ერთი სიცოცხლე მაქვს და ჩემი ქვეყნისთვის ბრძოლაში ვიქნებიო, აქ საქართველოს დასაცავად ვარ წამოსულიო", - ამბობს მიხეილ თევდორაძის ნათესავი.

როგორც მეომრები ამბობენ, მტერთან პირისპირ იბრძოდნენ. იმ მომენტში, მიშა თევდორაძეს თურმე ჯარისკაცებთან ტყვია-წამალი მიჰქონდა, რადგან გაუთავდათ და ამ დროს, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, რომელიც თვალში აქვს მოხვედრილი...

რაც შეეხება სერგო ლისიხის, ის გორში დაბადებული და გაზრდილია. ეთნიკურად გერმანელი ბიჭი, სერგო ქართველის სახელით იყო ცნობილი. სერგო ყოფილი სამხედროა. წლების განმავლობაში ირიცხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებში. ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში, ასევე, კოსოვოში და 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა. უკრაინაში 2022 წლის ზაფხულში, სლოვენიიდან წავიდა.

მეგობრებს ძალიან უჭირთ სერგოზე წარსულში საუბარი.

29542228-1425069944271218-885123523312455024-n-1671107103.jpg
სერგო ლიხისი

სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით.

"სერგო ჩემო გულანთებულო ძმაო, გმირო და შეუპოვარო. ხომ მეუბნებოდი, ჩვენ აქ არ დავიხოცებითო. გული, სული და სისხლი მეწვის, ჩემო ძმაო. აღარ ვიცი, რა ვთქვა, გული მაქვს გაყინული. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით, როცა უფალი ინებებს.

მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები.

ყოველთვის მემახსოვრები ჩემო ძმაო", - წერს მისი თანამებრძოლი.

"ის იყო ადამიანი, რომელსაც ქვეყანა და ოჯახი უყვარდა, უყვარდა მეგობრები და იცოდა თავისუფლების ფასი, იყო ჯარისკაცი, მებრძოლი და გულდაწყვეტილი ემიგრანტი... მას ულამაზესი გოგონები ჰყავს, რომლებზე საუბრის დროსაც თვალები უბრწყინავდა. ჰყავდა დედა, რომელზეც ძალიან დარდობდა...

ზუსტად ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, როგორც უოცნებია ჩემთან საუბრისას, ხმამაღლა ბევრჯერ უთქვამს, თუ რამე ეწერა, უნდოდა, რომ ეს ბრძოლის ველზე, თავისი ქვეყნის დასაცავად მომხდარიყო და ასეც მოხდა!!!

დიდება გმირებს!!!!

დიდება შენს სულს ძმაო!!

მსუბუქი იყოს ქართული მიწა შენთვის!!", - წერს სერგოს კიდევ ერთი თანამებრძოლი.

მიშა თევდორაძე და სერგო ლისიხი ორივე ბახმუტში ჩასაფრების დროს "სნაიპერის" ტყვიამ იმსხვერპლა.

34 წლის იყო სერგო, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

"გამორჩეულად დიდი პატრიოტი იყო. ძალიან მიჭირს სერგოზე წარსულში ლაპარაკი. საოცარი ადამიანი.

ქვეყნის 20% ოკუპირებული რომ არის, ეს მას მუდმივად აწუხებდა. თვლიდა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდებოდა, მარტო უკრაინის ომი არ იყო...

ვარჯიშის დროს, მუსიკის ნაცვლად, სულ გალობა ჰქონდა ჩართული და საგალობელს უსმენდა. ამით ყველაფერი ნათქვამია, მეტი რა გითხრათ", - მითხრა სერგოს მეგობარმა.

"მე და სერგო სლოვაკეთში შევხდით ერთმანეთს და იქიდან ვიცნობ, ერთად ვმუშაობდით ერთ ქარხანაში, ერთი საცხოვრებელი გვქონდა. მანდაც არ იყო კარგი პირობები, გაძლებაზე ვიყავით ქარხანაში და შემდეგ წავიდა უკრაინაში, იმ საქმის საკეთებლად, რაც იცოდა. როგორც ამბობდა, 17 წელი მსახურობდა საქართველოში (17 ან 16 ზუსტად არ მახსოვს). სერგოს ბავშვობის მეგობრები ჰყავდა თანამებრძოლები.

როცა სლოვაკეთში ჩავედი, სერგო ის ადამიანი იყო, ვინც დახმარების ხელი გამომიწოდა და ბევრ რამეს მასწავლიდა, გვერდში მედგა, დიდებული ადამიანი იყო", - აღნიშნა სერგოს კიდევ ერთმა მეგობარმა.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს მოკლული ჯარისკაცების ოჯახებს.

სამწუხაროდ, ამ ომს უკვე 36 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

(სპეციალურად საიტისთვის)