"ირანის რეჟიმის დამხობა იოლი არ იქნება" - რას წერს ბრიტანული გამოცემა - კვირის პალიტრა

"ირანის რეჟიმის დამხობა იოლი არ იქნება" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ბრიტანული ყოველკვირეული ჟურნალის "ნიუ სთეითსმენის" (The New Statesman) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ირანის რეჟიმის დამხობა იოლი არ იქნება" (ავტორი - მეგან გიბსონი).

სამი თვის მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ, ირანის თეოკრატიულმა რეჟიმმა "ღმერთთან ბრძოლის გამო", 12 დეკემბერს სიკვდილით დასაჯა საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე - მაჯიდრეზ პაჰნავარდი საჯაროდ ჩამოახრჩეს (ბრალდებით - "უშიშროების თანამშრომლებზე თავდასხმა"). უფლებადამცველი ორგანიზაციები თვლიან, რომ ირანის ხელისუფლებამ სასამართლოს საგანგებო დავალება მისცა, რომ განაჩენი სწრაფად გამოეტანა. რა თქმა უნდა, "ბრალდებულის" საქმის გამოძიება და სასამართლო პროცესი სრულიად გაყალბებული იყო.

როგორც ოსლოში (ნორვეგია) მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის Iran Human Rights-ის დირექტორი მაჰმუდ-ამირ მოჰადამი აღნიშნავს, არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეებში ირანში დაკავებული და "გასამართლებული" აქტივისტების მასობრივი სიკვდილით დასჯა დაიწყოს.

თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ირანული თემიდის მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენებს რაიმე მნიშვნელოვანი შემაკავებელი გავლენა არ მოუხდენია ქვეყანაში მიმდინარე იმ საპროტესტო აქციებზე, რომელიც 22 წლის ქალის მახსი ამინის მკვლელობის შედეგად დაიწყო. როგორც ცნობილია, მახსი ამინი ქუჩაში "ზნეობის დამცველი პოლიციის" თანამშრომლებმა დააკავეს, ვითომდა ჰიჯაბის არასწორად ტარებისათვის, სცემეს და მოგვიანებით, მიყენებული მძიმე ტრავმების გამო, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ ტრაგიკული ფაქტის გამომჟღავნებამ ჯერ ირანელი ქალებისა და უფლებადამცველების პროტესტი გამოიწვია, შემდეგ მათ საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციებმა ისეთ სიმწვავეს მიაღწია, რომ გაისმა ხმა ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის დამხობის თაობაზეც, პროტესტანტებმა გადაწყვეს ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის აიათოლა რუჰოლა ჰომეინის სახლიც.

ისლამური რეჟიმის რეაქცია სულ უფრო სასტიკი ხდება. Amnesty International-ის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით უშიშროების ძალებმა უკვე 300-მდე სამოქალაქო პირი მოკლეს, მათ შორის 44 მოზარდი. უფლებადამცველები ასევე აცხადებენ, რომ დაპატიმრებული პირების ოჯახების წევრები ზეწოლას განიცდიან, მათ დაკითხვებს უწყობენ და ემუქრებიან, რომ ჩუმად იყონ. პოლიციელები და უშიშროების სტრუქტურების თანამშრომლები მოქალაქეებს რეზინის ტყვიებს სპეციალურად პირდაპირ თვალებში ესვრიან, რომ ისინი დააბრმავონ და ქუჩაში გამოსვლა ვეღარ მოახერხონ.

მართალია, მას შემდეგ, რაც ისლამურმა რეჟიმმა "ზნეობის პოლიცია" გააუქმა, თითქოსდა გაჩნდა მცირე იმედი იმისა, რომ ხელისუფლება უკან იხევს, თუმცა მომდევნო მოვლენებმა დაადასტურეს, რომ მთავრობის გეგმებში რაიმე არსებითი ცვლილება არ მომხდარა.

აშკარაა, რომ მოსახლეობის ანტისახელისუფლო გამოსვლები უკვე ისეთ დონეზეა, მათი განწყობა უკვე ისეთი შეურიგებელია, რომ მათ ვერაფერი ვეღარ შეაჩერებთ - ისინი არ დამშვიდდებიან , სანამ ისლამური რეჟიმი არ დაემხობა.

საჯაროდ სიკვდილით დასჯა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი რეპრესიები გაამკაცროს, საზოგადოების მიმართ კონტროლი გააორმაგოს და მოქალაქეებში შიში დათესოს. მოხსი ამინის მკვლელობამ ირანელი ხალხი გამოაღვიძა, მაგრამ იმავდროულად, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რეჟიმის დამხობა იოლი არ იქნება - მოლებისა და აიათოლების ხელისუფლება ყველა საშუალებით თავს დაიცავს და არავის არ დაინდობს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ