მოკრძალებული მადლობა ყველას, ვინც ელიმინაციის პროექტით მეორე სიცოცხლე მაჩუქა - კვირის პალიტრა

მოკრძალებული მადლობა ყველას, ვინც ელიმინაციის პროექტით მეორე სიცოცხლე მაჩუქა

მას შემდეგ, რაც 2013 წელს C ჰეპატიტის მკურნალობის მხრივ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი გარღვევა მოხდა და აშშ-ის წამლისა და საკვების სააგენტომ (FDA) დაამტკიცა ეტიოტროპული პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი (DAA) - სოფოსბუვირი, ჩვენი ქვეყნის მთავრობამ საქართველოში C ჰეპატიტის შესაძლო ელიმინაციაზე მოლაპარაკებები დაიწყო პრეპარატის მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიასთან - Gilead Sciences, Inc. ამერიკულ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის 2015 წლის აპრილში გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი და ძალიან მალე საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამაც დაიწყო, უნიკალური პროგრამა, რომელმაც ბევრი ადამიანი იხსნა ტკივილებით ტანჯვისგან და - სიკვდილისგანაც კი. მაგრამ 7 წლის განმავლობაში მისგან სრულიად გათავისუფლება ჩვენმა მოსახლეობამ მაინც ვერ შეძლო. არადა, ამ უხილავი და ვერაგი მტრის - ვირუსის დამარცხება სულ ადვილად შეიძლება, თუკი საქართველოს ყოველი მოქალაქე მოქალაქეობრივ პოზიციას აირჩევს, მიაკითხავს რომელიმე სკრინინგ-ცენტრს და უმარტივესი კვლევით დააზუსტებს, აქვს თუ არა C ჰეპატიტი.

აქვე გეტყვით, რომ დღეისათვის C ჰეპატიტის სკრინინგს ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი დაწესებულება ახორციელებს, მათ შორის არიან ამბულატორიული და ჰოსპიტალური კლინიკები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, ზიანის შემცირების ბაზები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რაიონული ცენტრები და ა.შ.

ღმერთმა ნუ ქნას, რომ C ჰეპატიტის დაგიდასტურდეთ, მაგრამ თუკი მაინც ასე აღმოჩნდა, არ უნდა დაითგრუნოთ, არც უნდა შეგეშინდეთ, გადაწყვეტილების მიღება კი აუცილებლად უნდა შეძლოთ. იმ წუთას უეჭველად დადგებით დილემის წინაშე - იბრძოლოთ თუ ხელი ჩაიქნიოთ?! იცხოვროთ ეჭვებსა და შიშში თუ იბრძოლოთ საკუთარი თავის და ახლობლების, ნაცნობ-უცნობების სიცოცხლის გადასარჩენად?!

სწორედ აქედან იწყება მოქალაქის პასუხისმგებლობა ყველას წინაშე - გაიკეთებს თუ არა შესაბამისს ტესტს C ვირუსზე და, მისი აღმოჩენის შემთხვევაში, განაგრძობს თუ არა მკურნალობას, რომელსაც საქართველოში ქართული სახელმწიფო სრულად აფინანსებს!

ამჯერად ერთ სამაგალითო, მებრძოლ ადამიანს გაგაცნობთ, ყველა ტკივილი რომ დაძლია და დღეს ცოცხალია, თავის ოჯახთან ერთადაა და უკვე სხვების დახმარებას ცდილობს. მას თემურ რადიანი ჰქვია, რამდენიმე წლის წინ განკურნებულ პაციენტთა ასოციაცია - "ჩვენ დავამარცხეთ C" დააფუძნა და დღემდე მას ხელმძღვანელობს. ხელმძღვანელობა ერთია და, თემურმა, ჩ ვირუსისგან განკურნებულ სხვა პაციენტებთან და პაციენტთა ორგანიზაციებთან ერთად, გადაწყვიტა, მხარში ამოდგომოდა C-ჰეპატიტიან პაციენტებს და ელიმინაციის პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ამბავი ბევრი ადამიანის ყურამდე მიეტანა. თემურს ამ ვერაგ ვირუსთან ერთად საკუთარი ბრძოლა-თავგადასავალი აქვს: ვარაუდობს, რომ C ჰეპატიტის 1996 წელს, ფეხზე გაკეთებული რთული ოპერაციის შემდეგ დამემართა.

თემურ რადიანი:

- ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, რადგან იმ პერიოდში ძალიან ბევრი მეგობარი გარდამეცვალა ამ დაავადებით. ჩემი რამდენიმე მეგობარი მაშინ არსებული წამლებით - ინტერფერონითა და რიბავერინით მკურნალობდა და საშინელ დღეში ვარდებოდა. მათი ყურება საკმაოდ მძიმე იყო. ჩემი დიაგნოზი 2008 წელს, შემთხვევით გავიგე და მახსოვს, როგორ გამიძნელდა ამ დიაგნოზის მიღება. ვიცოდი, მის მკურნალობას ფინანსურად ვერ შევწვდებოდი, რადგან, დაახლოებით, 20 ათას ლარამდე ჯდებოდა და ისიც ვიცოდი, ფული რომც მეშოვა, თავად მკურნალობას ვერ გავუძლებდი. ამას კიდევ ერთი უბედურება მოჰყვებოდა - განკურნების შანსი 50/50-ზე იყო. ამიტომ ვცადე, ჯანსაღად მეცხოვრა, რომ როგორმე იმ 5%-ში მოვხვედრილიყავი, ვინც ამგვარი ცხოვრებით განიკურნა - მოგეხსენებათ, რომ ღვიძლს, თუ შესაბამის პირობებს შეუქმნი, რეგენერაციის უნარი გააჩნია. ვინაიდან მკურნალობას არც და ვერც ვაპირებდი, ვირუსის რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზიც არ გამიკეთებია, რადგან ესეც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. მხოლოდ 2011 წელს გავიგე, რომ პირველი გენოტიპი მქონდა, ვირუსის რაოდენობა კი დიდი არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, ღვიძლის მესამე ხარისხის დაზიანება აღმომაჩნდა. მკურნალობას ვერც მაშინ ვახერხებდი, ამიტომ კვლავ ჩემი ცხოვრების წესით ვფიქრობდი ვირუსთან ბრძოლას - ბევრს დავდიოდი სუფთა ჰაერზე, ტყეში, ბევრს ვვარჯიშობდი და დაავადებას არ ვეპუებოდი, მაგრამ... ერთ მშვენიერ დღეს ორგანიზმს, ალბათ, ყველა რესურსი ამოეწურა და ერთ-ერთი გასვლისას დაღლა ვიგრძენი. ამის შემდეგ, 2012 წელს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გავიკეთე და ქირურგმა მერაბ კილაძემ გამაფრთხილა, ღვიძლის სერიოზული პრობლემა გაქვს და უნდა მიხედოო. მივხვდი, რომ ძალიან ახლოს ვიყავი იმ კრიტიკულ ზღვართან, რასაც სიცოცხლის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ჰქვია.

c-hepatiti-2-1671094208.jpg
თემურ რადიანი და ეზეკი ინწკირველი-ჩხეიძე

ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ჩემი დიაგნოზი არ დამიმალავს. დავიწყე ამომწურავი ინფორმაციის მოძიება ვირუსის, საქართველოში დაავადებულების რაოდენობის და იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც ჩემი გადარჩენა შეეძლო. საშველი რომ აღარ იყო, 2013 წლის გაზაფხულზე მერიისა და გამგეობის დახმარებით 10 ათასი ლარი ვიშოვე და მკურნალობა ინტერფერონითა და რიბავერინით დავიწყე. მკურნალობის კურსი 12-თვიანი იყო, სამი თვის შემდეგ რომ გადავიმოწმე, ვირუსი პირიქით - გამრავლებული აღმოჩნდა, მე კი ამ მძიმე მკურნალობის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც მე მჭირდა, ჩემი 3-თვიანი მკურნალობაც უშედეგო იყო. ჩემმა, მართლაც გადასარევმა ექიმმა, პროფესორმა თამარ გეგეშიძემ მითხრა, რომ აზრი აღარ ჰქონდა ამ მკურნალობის გაგრძელებას და მეც თავი დავანებე. რაღაც ხნის შემდეგ მანვე შემატყობინა ახალ ამერიკულ წამალზე, მაგრამ გახარება ვერც მოვასწარი, რომ ამიხსნა, ისეთი ძვირი იქნება, ქართველები ამას ვერ შეწვდებითო...

წლების შემდეგ, როდესაც 2015 წლიდან საქართველოში ელიმინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამა დაიწყო, ერთ-ერთი პირველი აღმოვჩნდი, ვინც ახალი მედიკამენტით - ჰარვონით განვიკურნე. ისეთი ბედნიერი ვიყავი, მახსოვს დალევამდე პირველი აბით ფოტოც გადავიღე. ჩვენი მოქალაქეების ნაწილი ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამას მაინც ეჭვით უყურებდა, ამიტომაც დავწერე "წერილი პაციენტებს", სადაც მივმართე საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მომავალში ჩაერთვებოდა პროექტში - "საქართველო C ჰეპატიტის გარეშე". იმ წერილს რომ ვწერდი, თითქოს, კიდევ ერთხელ გავიარე მთელი სატანჯველი - გზა ვირუსის აღმოჩენიდან მის დამარცხებამდე და ყურში ჩამესმოდა ჩემი ექიმის სიტყვები ახალ პრეპარატზე, ისეთი ძვირი იქნება, ვერ შეწვდებიო...

"...ისევ სასოწარკვეთა... ისევ უიმედობა... ფიქრი ოჯახზე, ახლობლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასე გვჭირდებოდა ახალი პრეპარატი. თავში მხოლოდ ორი სიტყვა მიტრიალებდა - იქნებ, ოდესმე... და ერთ მშვენიერ დღეს მე თავიდან დავიბადე. ის, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი, ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი ძალისხმევით რეალობად იქცა. ის, რომ დღეს საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ ყველა მოქალაქეს ძალიან ძვირად ღირებული პრეპარატით სრულიად უფასოდ შეუძლია ამ ვირუსისგან განკურნება, პროექტს მართლაც უნიკალურს ხდის. მოკრძალებული მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტით მეორე სიცოცხლე მაჩუქა - მადლობა ყველას!" - ნაწყვეტი თემურ რადიანის პაციენტებისადმი მიწერილი წერილიდან.

თემურ რადიანი:

- ალბათ, ჩემი განწყობიდან ან გულახდილობიდან გამომდინარე, C ჰეპატიტის გამო არასდროს გამჩენია კომპლექსი, არასდროს მიფიქრია, დაავადება ვინმესთან დამემალა. ასე რომ, სულ მოწოდებებში ვიყავი (და დღემდე ასე ვარ) რომ ვირუსის მქონე ადამიანების ყურამდე უნდა მიგვეტანა და უნდა მივიტანოთ ამ პროგრამის ამბავი. წარმოგიდგენიათ, რომ ბევრმა დღესაც არ იცის, აქვს თუ არა ვირუსი. ამას უპასუხისმგებლობა და მავნებლობა ჰქვია და ამიტომაცაა, რომ მაინც ვერ მივაღწიეთ მიზანს - ვიხილოთ "საქართველო C ჰეპატიტის გარეშე!" ალბათ, ამიტომაც გახდა საჭირო C ჰეპატიტის პრევენციის ახალი კამპანიის წამოწყება სლოგანით "იCოდე, C ჰეპატიტი არ იცდის", რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით პაციენტთა ორგანიზაციები ჩავუდექით სათავეში. პაციენტები, ყველანი მადლიერებამ და სხვების დახმარების სურვილმა გაგვაერთიანა. პრინციპში, ერთმანეთიც ასე გავიცანით. ყველას ერთი ისტორია გვქონდა - სიცოცხლისათვის ბრძოლა! არ გვინდა, სხვებმაც ეს გზა გაიარონ და ამიტომ ვურჩევთ, დროულად ჩაერთონ პროგრამაში, ხოლო C ჰეპატიტის აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად იმკურნალონ, თანაც უფასოდ, ვიდრე ვირუსისგან სრულად არ გათავისუფლდებიან. თქვენ იცით, რომ ელიმინაციის უფასო სახელმწიფო პროგრამას განსაზღვრული ვადა აქვს - 2015 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება, ამიტომაც მივიჩნევთ აუცილებლად ამ პროგრამის და პაციენტების მხარდაჭერას - "იCოდე, C ჰეპატიტი არ იCდის!"

ირმა ხარშილაძე