არგენტინა და ბანგლადეში - ორი ერი, რომელიც ფეხბურთის სიყვარულმა გააერთიანა
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც კატარში მიმდინარეობს, ფინალში, 18 დეკემბერს ერთმანეთს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირედებიან. საინტერესოა, რომელი გუნდი გახდება მუნდიალის ტრიუმფატორი და რომელი ფეხბურთელი დასახელდება საუკეთესოდ. კატარში მიმდინარე მუნდიალზე, ვიხილეთ სხვადასხვა საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივართა საკმაოდ დიდი არმია. განსაკუთრებით, გამოირჩეოდა აფრიკული გუნდების მხარდამჭერები. შეგახსენებთ, მაროკოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ნახევარფინალში იასპარეზა, სადაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან დამარცხდა. თუმცა ამ სტატიაში, არგენტინის ბანგლადეშელ გულშემატკივრებზე მოგიყვებით, რომლებიც არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს რამდენიმე ათეული წელია, ქომაგობენ.

ბენგალის ქვეყანაში (ბანგლადეში ბენგალის ქვეყანას ნიშნავს - რედ) მსოფლიო ჩემპიონატს ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ელოდებიან. მართალია, ქვეყანაში არა მხოლოდ არგენტინის საფეხბურთო ნაკრები სარგებლობს პოპულარობით, მაგრამ სხვებთან შედარებით, არგენტინის მიმართ, ამ ქვეყნის ფეხბურთის ქომაგებს განსაკუთრებული ემოციები აქვთ. ქალაქები, ქუჩები და სახლები ცისფერ და თეთრ ზოლიან დროშებშია მორთული (არგენტინის დროშის ფერები). კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქუჩებში დაამონტაჟეს უზარმაზარი ეკრანები, რათა შეკრებილ მოსახლეობას ერთად ეგულშემატკივრა არგენტინისთვის.
მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მექსიკას 2-0 სძლია (პირველი გოლის ავტორი ლიონელ მესია) ბანგლადეშელი გულშემატკივრების აღნიშვნის ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა და მათ ფიფა-ს ყურადღებაც მიიქციეს. ბანგლადეშის დედაქალაქში, დაკაში ხიდებისა და სახლების ფასადიც კი არგენტინის დროშის ფერებში შეღებეს.
ბანგლადეშელი ქომაგების აქტიურობამ არგენტინული მედიის ყურადღებაც მიიქცია. ჟურნალისტებმა და არგენტინულმა გამოცემებმა უამრავი სტატია გამოაქვეყნეს ამ ამბავთან დაკავშირებით. მოგვიანებით კი არგენტინის საფეხბურთო გუნდის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე პოსტიც გამოქვეყნდა:
"ძალიან დიდი მადლობა ქომაგობისთვის! ისეთივე გიჟები ხართ, როგორც ჩვენ" - ეწერა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა არგენტინელი გულშემატკივრების მიმართვა, რომლებიც მადლობას უხდიდნენ ბანგლადეშელებს მხარდაჭერისთვის.
არგენტინელები გააოცა იმ ფაქტმა, რომ ქვეყანაში, რომელიც სხვა კონტინენტზე მდებარეობს და რომელსაც კარგად არც კი იცნობენ, ასე გულშემატკივრობენ არგენტინის გუნდს. ხალხი დაინტერესდა, რატომ ქომაგობენ ასე გულმხურვალედ ბანგლადეშელები არგენტინას?
საინტერესოა, როგორ დაიწყო ეს ისტორია და რატომ გულშემატკივრობენ ბანგლადეშელები არგენტინას?
წლების წინ არგენტინას ბანგლადეშში არც თუ ისე ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა. ყველაფერი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან დაიწყო, როცა არგენტინის ნაკრებში, დიეგო მარადონა და სხვა ვარსკვლავები ბრწყინავდნენ. მათმა საოცარმა თამაშმა მთელ მსოფლიოში და მათ შორის ბანგლადეშში, გულშემატკივების გული მოიგო.. სწორედ მათი პერფონანსის შემდეგ შეიქმნა ბანგლადეშში, არგენტინიდან ათასობით მილის დაშორებით, გულშემატკივართა დიდი კლუბი. მარადონა და კომპანიამ კი 1986 წლის მექსიკის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა.

იმ პერიოდში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანაში ერთადერთმა ტელეარხმა BTV-მა ბანგლადეშელ ფეხბურთის გულშემატკივრებს არგენტინის საუცხოო თამაში პირდაპირ ეთერში აჩვენა. დიეგო მარადონა ძალიან პოპულარული გახდა მთელ ქვეყანაში, მარადონაზე წერდნენ ბანგლადეშის გამოცემებიც. მსოფლიო ჩემპიონატის სანახავად სოფლებში მოსახლეობა იმ სახლებში იკრებებოდა, ვისაც ტელევიზორი ჰქონდა.
მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 1990 წელს ჩატარდა ყველასთვის ძალიან საინტერესო იყო, რადგან პირდაპირი ეთერისას დიეგო მარადონამ საოცარი თამაში აჩვენა. ბანგლადეშელებმა, არგენტინის გერმანიასთან მარცხის შემდეგ, იხილეს ცრემლიანი მარადონაც. გულშიჩამწვდომმა კადრებმა ფეხბურთის მამაკაც და ქალ გულშემატკივრებზეც იმოქმედა.
„მესი-მანია“
ბანგლადეშელ გულშემატკივრებს ძალიან მოსწონთ არგენტინელი ვარსკვლავის, მესის თამაშიც. მარადონას შემდეგ, ისინი მესის გულშემატკივრები გახდნენ.
წლების განმავლობაში საზოგადოება ეკონომიკურად, წინა წლებთან შედარებით, გაძლიერდა და ახლა ბანგლადეშელებს მასიურად მიეცათ საშუალება, საყვარელი გუნდის მატჩებს დიდ ეკრანზე ერთად უყურონ.
ბანგლადეშის ახალგაზრდა თაობას უფრო და უფრო მოსწონს მესი და შესაბამისად, არგენტინის ბანგლადეშელი გულშემატკივართა ახალი არმიაც ასე ყალიბდება.
„იმედი მაქვს, რომ არგენტინა გაიმარჯვებს, მესი ამას იმსახურებს“, - აღნიშნავენ ფანები მედიასთან საუბრისას.
ურთიერთობა ორ ქვეყანას, ბანგლადეშსა და არგენტინას შორის ძალიან საინტერესოა. ისინი მარადონასა და ფეხბურთის სიყვარულმა გააერთიანა.