"პოლიციაში 72 წლის პენსიონერმა უჩივლა, რომელიც შეაძრწუნა ეტიკეტზე წაკითხულმა ტექსტმა" - რუსეთში 32 წლის მხატვარს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება - კვირის პალიტრა

"პოლიციაში 72 წლის პენსიონერმა უჩივლა, რომელიც შეაძრწუნა ეტიკეტზე წაკითხულმა ტექსტმა" - რუსეთში 32 წლის მხატვარს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება

სანკტ-პეტერბურგის სასამართლომ რუსი მხატვრის - ალექსანდრა (საშა) სკოჩილენკოს სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. მას ბრალად ედება რუსული არმიის ქმედებების მიმართ ზიზღის გამო „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელება.

32 წლის სკოჩილენკოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რადგან მან 31 მარტს მაღაზია "Перекресток"-ში პროდუქციის ეტიკეტები რუსული არმიის მხრიდან მარიუპოლში მიმდინარე საომარი ვითარების ინფორმაციით შეცვალა. ფურცლები 72 წლის პენსიონერმა აღმოაჩინა და მხატვარს უჩივლა კიდეც.

მედიის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე ჟურნალისტებისა და მხარდამჭერების გარდა, ფინეთის, შვედეთის, გერმანიისა და ნორვეგიის საკონსულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

მხატვარი სასამართლოზე ხელბორკილებით შეიყვანეს, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთი კვირით ადრე, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო სხდომაზე ხელბორკილის გაკეთება აკრძალა ბავშვებზე, ქალებზე და იმ პირებზე, ვინც ეკონომიკური დანაშაულით დააკავეს.

„საერთოდ არ ვაღიარებ ბრალს, რომ ცრუ ინფორმაცია გავავრცელე“, - აღნიშნა მხატვარმა სასამართლოზე.

მომავალი სასამართლო პროცესი 20 იანვარსაა ჩანიშნული. აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლით რუსეთში რამდენიმე ადამიანი უკვე გაასამართლეს, მათ შორისაა პოლიტიკოსი ილია იაშინი, რომელსაც „საომარ ვითარებაზე "ფეიკების“ გავრცელებას ედავებოდნენ. იაშინს ამ წლის ზაფხულში 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სკოჩილენკოს საქმე

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მარტში ტელეგრამის ფემინისტურ არხზე - „ანტისაომარი ფემინისტური მოძრაობა“, გაჩნდა ეტიკეტების მსგავსი დიზაინი, რომელიც შეეძლო ნებისმიერს ამოებეჭდა. აქციის იდეის განსახორციელებლად ტელეგრამ-არხზე ხალხს მოუწოდებდნენ სიფრთხილე გამოეჩინათ, მაღაზიებში კამერის წინ არ დამდგარიყვნენ და ნივთი ნაღდი ფულით შეეძინათ, თუმცა მალე აღმოჩნდა, რომ აქციის მონაწილეების ანონიმურობისთვის ეს უსაფრხოების ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა.

საშა იმ ადამიანთა რიცხვში მოხვდა, რომლის წინააღმდეგაც საქმე არა ადმინისტრაციული სამართლით, არამედ რუსეთის არმიაზე „ფეიკის“ გავრცელების გამო, სისხლის სამართლით აღძრეს. მის საქმეში მოტივად „პოლოტიკური მტრობაა“ აღნიშნული და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ადვოკატ დიმიტრი გერასიმოვის აზრით, ეს სავარაუდოდ, ფურცელზე არსებული ტექსტის შინაარსმა განაპირობა.

„სხვა აქტივისტების ეტიკეტებზე უბრალოდ იყო აღნიშნული, რომ ისინი ომს ეწინააღმდეგებიან, საშას ეტიკეტებზე კი - რუსული შეიარაღებული ძალების სავარაუდო ქმედებებზეა საუბარი“, - აღნიშნავს ადვოკატი.

მხატვარი 11 აპრილს დააკავეს, მას ღამის 3 საათამდე კითხავდნენ, 13 აპრილს კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პოლოციაში მხატვარს 72 წლის პენსიონერმა უჩივლა, რომელიც შეაძრწუნა ეტიკეტზე წაკითხულმა ტექსტმა:

„რუსულმა არმიამ მარიუპოლში სკოლა დაბომბა, სადაც დაახლოებით 400 ადამიანი სროლებს ემალებოდა“;

„ძალიან ვნერვიულობ ჩვენი რუსი ჯარისკაცების გამო, რომლებიც უკრაინაში არიან, ამ საკითხზე ყველა ახალ ამბავს ვუყურებ“, - აღნიშნა პენსიონერმა, რომელსაც ერთ-ერთი გამოცემა ციტირებს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხატვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მასთან ინტერვიუს ჩაწერაც მოახერხეს:

„გადავწყვიტე სამოქალაქო აქციას შევერთებოდი. ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ეტიკეტების გენიალური შაბლონი შექმნა, რომელიც ნამდვილს ჰგავს. ამ აქციას ჩვემთვის უცნობი უმარავი ადამიანი შეუერთდა. მეც ამოვბეჭდე ეს შაბლონი, ამოვჭერი და 5 ეტიკეტი მივაკარი, სწორედ ამან გადაწყვიტა ჩემი ბედი... ჩემს დასაკავებლად მთელი ოპერატიული ჯგუფი შეკრიბეს და ჩემი მოძებნისთვის მხოლოდ 10 დღე დასჭირდათ.

არსად დავმალულვარ და იმ ადგილზეც ჩემით მივედი, სადაც ვიცოდი, რომ ჩემს დასაკავებლად ჩასაფრებულები იყვნენ. ის ტანსაცმელი მეცვა, რომლითაც ეტიკეტები მივაკარი, რადგან ვფიქრობ, რომ არ გამიკეთებია ისეთი საშინელება, რის გამოც 10 წელი უნდა მომისაჯონ.

ალბათ, ჩემი საქმის ფაბრიკაციას მოახდენენ და მოიფიქრებენ, როგორ გამომკეტონ 10 წლით. მეც ჩავჯდები და სავარაუდოდ, კოლონიაში სიტყვის თვისუფლებისა და მშვიდობისმოყვარეობისთვის მოვკვდები, რადგან ამას ჩემი ჯანმრთელობა ვერ გაუძლებს. ჩემს სინდისთან გარიგებას კი ვერაფრით შევძლებ.

თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ორუელის წიგნის გმირი ვიყო, მაგრამ სიტყვის თავისუფლების ჩემი რწმენა და ჰუმანიზმი ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი შიში“, - აღნიშნავს ინტერვიუში მხატვარი.

მედიის ცნობით, რუსეთში ანტისაომარი სტიკერები პერიოდულად სხვადასხვა მაღაზიაში ჩნდება. მათ შორის, სათამაშოების მაღაზიაში, სადაც ეტიკეტზე ეწერა: "არ ესროლო“.