ამერიკული "პეტრიოტი" და ევროპული "მამბა" უკრაინის ცაში მალე რუსულ "ისკანდერებზე" დაიწყებენ ნადირობას... - კვირის პალიტრა

ამერიკული "პეტრიოტი" და ევროპული "მამბა" უკრაინის ცაში მალე რუსულ "ისკანდერებზე" დაიწყებენ ნადირობას...

ფიზიკის კანონი, რომ ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას, რეალურად ხორციელდება რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ანუ რაც უფრო გაშმაგებით ბომბავს უკრაინას რუსეთი, მით უფრო მეტ და ძლიერ შეიარაღებას ღებულობს უკრაინის არმია დასავლეთისგან...

საჰაერო თავდაცვის საშუალებები რომ ავიღოთ, თუკი ომის დასაწყისში ამერიკელები და ევროპელები უკრაინელებს თავიდან მხოლოდ ახლო მანძილზე მოქმედ საზენიტო "სტინგერებსა" და "მისტრალებს" უგზავნიდნენ, შემდეგ საშუალო სიშორის მოქმედების "ასპიდები" და "ნასამსებიც" მიაწოდეს, მალე კი, დიდი ალბათობით, უკრაინის ცას შორი მოქმედების "ამერიკული "პეტრიოტებიც" და ევროპული "მამბებიც" დაიცავენ...

და ეს ყველაფერი განაპირობა რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრაქსტრუქტურაზე გამუდმებულმა საჰაერო თავდასხმებმა, რომელთა წარმატებით მოსაგერიებლად უკრაინელ მეზენიტეებს უფრო შორსმფრენი საზენიტო რაკეტები ჭირდებათ.

მაგალითად, რუსული "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტის ჰაერში გადაჭერა ურთულესი ამოცანაა და საბჭოთადროინდელი С-300ПТ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან გაშვებული რაკეტებითაც კი, ეს თითქმის შეუძლებელია.

სამაგიეროდ, ამერიკული "პეტრიოტის" მესამე მოდიფიკაციის საზენიტო რაკეტამ და მითუმეტეს ევროპული SAMP/T Mamba -ს Aster-30 -ის საზენიტო რაკეტამ, ეს წესით უნდა შეძლონ...თუმცა დღემდე ასეთი საჰაერო ორთაბრძოლა არ შემდგარა...

2-sazenito-1671167817.png
ევროპული SAMP/T Mamba საზენიტო-სარაკეტო სისტემის შეძენას საფრანგეთიდან რამდენიმე წლის წინ თითქოს საქართველოც ცდილობდა, მაგრამ „მამბა“პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიძლება უკრაინის ცის დასაცავად გამოჩნდეს და Aster-30 ტიპის საზენიტო რაკეტით რუსული ბალისტიკური რაკეტების განადგურება 20 კმ სიმაღლეზე შესძლოს...

უკრაინაში ეს ფართომასშტაბიანი ომი ფაქტობრივად ერთგვარ უზარმაზარ პოლიგონად იქცა, სადაც, პირველ რიგში, რუსეთის საოკუპაციო არმია ბრძოლებში სცდის იმ სამხედრო ტექნიკას, შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში შეიქმნა და სერიულად იქნა წარმოებული.

ეს პირველ რიგში არის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Искандер-М ტიპის მობილური სარაკეტო სისტემა, "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები, დამრტყმელი შვეულმფრენებისა და მრვალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების მოდიფიკაციები, თუმცა კაცმა ცოტა რომ მოინდომოს, აღმოაჩენს, რომ სინამდვილეში, ყველა ამ ვითომ უახლეს რუსულ საბრძოლო ტექნიკას ფესვები ჯერ კიდევ საბჭოთა "პერიოდიდან" ეზრდება, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, საბჭოთა კავშირი ცხრაკლიტულის ქვეშ ინახავდა ინფორმაციას შეიარაღების ყველა ამ პერსპექტიული მოდელების შესახებ...

დასავლეთის დახმარება უკრაინის არმიისთვის აქამდეც, ძირითადად, ჯერ კიდევ პირველი ცივი ომის დროს შემუშავებული და წარმოებული შეიარაღების ნიმუშების გადაცემით შემოიფარგლებოდა და ფაქტობრივად, ის საბრძოლო ტექნიკა, რომლითაც მაშინ ვარშავის პაქტისა და ნატოს ჯარები ერთმანეთს შუა ევროპაში უნდა დაპირისპირებოდნენ, დღეს ევროპის აღმოსავლეთში ერთმანეთს ანადგურებს...

მაგრამ მიდის რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაცია და ილევა პირველი ცივი ომის დროს დაგროვილი საბრძოლო ტექნიკის, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მაშინდელი მარაგი, შესაბამისად უნდათ თუ არა, ამ ომში შეიარაღების ის ახალი ნიმუშებიც გამოჩნდება, რომლებსაც საბრძოლო ნათლობა დღემდე არ მიუღიათ...

ამერიკულ საზენიტო "პეტრიოტს" ეს ნაკლებად ეხება, რადგან მან სადამ ჰუსეინის საბჭოთა ბალისტიკურ "სკადებს" "კბილი" ჯერ კიდევ 30 წლის წინ "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციის დროს მოუსინჯა, როდესაც ერაყიდან ისრაელის ქალაქებისკენ გაშვებულ ამ რაკეტების ჩამოგდებას ცდილობდა.

მართალია, რუსული "ისკანდერი" კი საბჭოთა "სკადი" არ არის და მასზე ათი თავით მაღლა დგას, თუმცა ქუვეითის გათავისუფლების ოპერაციიდანაც დიდი დრო გავიდა და "პეტრიოტის"საზენიტო რაკეტების თანამედროვე მოდიფიკაციებსაც ბევრად მეტი შეუძლიათ, ისევე როგორც ევროპულ "მამბებს" და ეს ყველაფერი მალე შეიძლება უკრაინის ცაში გამოჩნდეს - ვინ ვის დაჯაბნის...