"მივცეთ უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის თითოეულ გოჯზე დარტყმის შესაძლებლობა" - WP
ამერიკულმა გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" (The Washington Post) გამოაქვეყნა სტატია სათაურით "მივცეთ უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის თითოეულ გოჯზე დარტყმის შესაძლებლობა" (ავტორი - მაქს ბუტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
"გასულ კვირას უკრაინამ რუსეთთან ომი, შეიძლება ითქვას, რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანა - სიმბოლური ფორმით, მაგრამ მაინც. როგორც შევიტყვეთ, უკრაინის რეაქტიულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა დარტყმა მიაყენეს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ავიაბაზებს, რომლებზეც რუსული შორი მოქმედების ბომბდამშენები არიან დისლოცირებულნი და საიდანაც უკრაინის ქალაქების დასანგრევად რაკეტებს უშვებენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი იმ ბაზებიდან, რომლებსაც უკრაინელებმა დაარტყეს, მოსკოვიდან მხოლოდ 300 კილომეტრითაა დაშორებული. (...)
კიევი, როგორც ყოველთვის, თავს არიდებს მსგავსი ფაქტების პირდაპირ აღიარებას - უკრაინამ ისრაელისაგან აიღო მაგალითი, რომლის თანახმად, "დელიკატური ოპერაციების" ჩატარებას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, თან ცბიერად, "თვალის ჩაკვრით" მიანიშნებენ, რომ სწორედ მათ განახორციელეს ის, რაც მოხდა (ვთქვათ, რუსი ულტრანაციონალიტის ალექსანდრე დუგინის შვილის მკვლელობა, რომელიც, აშშ-ის დაზვერვის ცნობით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა განახორციელეს მოსკოვთან ახლოს).
მართალია, რუსეთის ტერიტორიის დაბომბვები ადრეც მომხდარა - მაგალითად, აპრილში უკრაინის მიერ გაშვებულმა რაკეტამ ("ტოჩკა-უ") ბელგოროდში სამხედრო საწყობი დააზიანა, შემდეგ კი უკრაინის ვერტმფრენებმა იმავე ბელგოროდში რუსეთის არმიის საწვავის რეზერვები ააფეთქეს. ასევე, მართალია მცირედ, მაგრამ მაინც დაზარალდა ყირიმში განლაგებული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა.
შედარება იაპონელებთან
უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმებიდან ზოგიერთმა სერიოზული სამხედრო შედეგი მოიტანა, ზოგიერთებს კი მხოლოდ სიმბოლური ხასიათი ჰქონდა. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სიმბოლურ დატყმებსაც თავისი დატვირთვა აქვთ. გასულ კვირას უკრაინის მხრიდან რუსეთის ორი ავიაბაზის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციები ტოკიოზე 1942 წლის 18 აპრილის ამერიკული თვითმფრინავების იერიშს შეიძლება შევადაროთ, რომელიც პოლკოვნიკმა ჯეიმს დულიტლმა და მისმა ავიაესკადრილიამ მიიტანა, იაპონელების მიერ აშშ-ის პერლ-ჰარბორის სამხედრო-საზღვაო ბაზის დაბომბვის შემდეგ. მართალია, იაპონია ამ იერიშით მაინცდამაინც არ დაზარალებულა, მაგრამ ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ იაპონია თავდასხმისაგან შეუვალი არ არის. ტოკიოს დაბომბვამ ხელი შეუწყო ამერიკული საზოგადოების შემჭიდროებას და მისი სულისკვეთების განმტკიცებას.
რა თქმა უნდა, უკრაინელებიც, რომლებსაც რუსეთის გამო სიცივესა და სიბნელეში ცხოვრება უწევთ, თავიანთი სამხედროების მოქმედებით ამაყობენ. ცხადია, სასიამოვნოა, როცა შენი არმია რუსების ტერიტორიას საპასუხო დარტყმას აყენებს.
ამავე დროს, უკრაინელების მოქმედება დასავლეთში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს - ვაითუ ვლადიმერ პუტინის პროვოცირება მოხდესო. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ უკრაინას შემტევი შორსმოქმედი იარაღი არ მისცეს, რომელიც შეიძლება კიევმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განლაგებული ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენოს. ვაშინგტონის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ინკოგნიტო წარმომადგენლის თქმით, "უკრაინელებს ახლა რომ F-16-ები ჰქონდეთ, აუცილებლად შეეცდებოდნენ მოსკოვის დაბომბვასო"
"ჩვენ არ ვაქეზებთ და ხელს არ ვუწყობთ კიევს იმისთვის, რომ მან დარტყმები რუსეთის სიღრმეში განახორციელოს", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, თუმცა მას მომხდარი დაბომბვები არ დაუგმია. აშშ-ის პოზიცია, როგორც ჩანს, იმაში გამოიხატება, რომ თუ მსგავსი შეტევების დროს ამერიკული იარაღი არ გამოიყენება და თუ მათ სამიზნეს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენენ, მაშინ ვაშინგტონი მომხდარზე თვალს ხუჭავს.
სხვათა შორის, ეს ძალზე გონივრული პოზიციაა, მაგრამ ხშირად ხდება, რომ უკრაინას ამერიკული იარაღი დაგვიანებით მიეწოდება. კიევის თხოვნები პენტაგონელი სამხედრო ბიუროკრატების მაგიდებზე თვეობით დევს. მაგალითად, აშშ-ის არმიას უკვე აღარ ჭირდება ძველი Reaper-ის მოდელის დრონები, რომლებიდანაც Hellfire-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვება შეიძლება, მაგრამ დღემდე ვერ მოხერხდა მათი უკრაინაში გაგზავნა.
იგივე შეიძლება ითქვას შორი მოქმედების ტაქტიკურ რაკეტა ATACMS-ზე, ასევე მაღალი მობილურობის მქონე სისტემა HIMARS-ზე, რომლის რაკეტები პენტაგონმა ისე გადააკეთა, რომ მათ შორ მანძილზე (ჩათვალე - რუსეთის ტერიტორიაზე) ფრენის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ. რაც შეეხება ამერიკულ "ფანტომებს" (F-16-ებს), რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, მათი კიევისათვის მიწოდება საერთოდ არ განიხილება.
ზელენსკი - საიმედო პარტნიორი
შეიძლება გავუგოთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელსაც არ სურს, რომ ამერიკული რაკეტები რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად იყოს გამოყენებული, მაგრამ ამ დროს ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა საიმედო პარტნიორი აღმოჩნდა - ის ამ შეზღუდვას იცავს და არ არღვევს. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე სერიოზული სამიზნეები ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და არა თვით რუსეთში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით უტევენ რუსეთის არმიას და დარტყმებს აყენებენ მის შტაბებს, მომარაგების არხებს და საბრძოლო მასალების საწყობებს ხარკოვისა და ხერსონის სამხრეთით. თუ უკრაინელებს შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების უფლება ექნებათ, მათ შეუძლიათ ისინი უფრო წარმატებით და ეფექტიანად გამოიყენონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. მაგალითად, ყირიმში, რომელიც დღემდე რჩება ძლიერი HIMARS-ების მოქმედების ზონის მიღმა. თავის მხრივ, სწორედ ასეთი დარტყმები უზრუნველყოფს უკრაინის არმიის სამომავლო შეტევას, რომელიც ხელს შეუწყობს სამხედრო კონფლიქტის დასრულებას.
დიახ, ამერიკამ არ უნდა წაახალისოს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების დასაბომბად, მაგრამ იმავდროულად, ამერიკა კიევს კიდევ უფრო ფართოდ უნდა დაეხმაროს, რომ მან უფრო ზუსტად და ეფექტიანად გაანადგუროს რუსული არმიის მომარაგების გზები, ირაღის საწყობები და სამეთაურო პუნქტები მთელ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ