BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის წინასაახალწლო ღონისძიება
BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციამ 2022 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ამავდროულად BPN Georgia-ს გრძელვადიანი პროგრამის მონაწილეები და ბიზნეს ასოციაციის წევრებიც არიან. BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაცია რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა და მიზნად ისახავს დაეხმაროს საკუთარ ბენეფიციარებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში და გაუზიაროს როგორც ადგილობრივი, ისე შვეიცარიული გამოცდილება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა წინასაახალწლო ღონისძიება, რომელსაც სპეციალურად შვეიცარიიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ: BPN-ის თანადამფუძნებელი ბენცლი ოპრეხტი, აღმასრულებელი დირექტორი ვილი ჰელბლინგი, BPN-ის ღონისძიებების ორგანიზატორი, ფანდრაიზინგის წარმომადგენელი - კაროლინ ფლიუკი და BPN Georgia-ს დირექტორი - დანიელ მათერი.
ნებისმიერი ბიზნესისთვის საინტერესო და ამავდროულად მოტივაციის წყაროც არის წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში მიმდინარე ბიზნეს პროცესების შესახებ უშუალოდ ამ ქვეყნების წარმომადგენლებისგან ინფორმაციის მიღება. სწორედ ეს აღნიშნა დამსწრე საზოგადოებამაც, მას შემდეგ რაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ქალბატონმა ოპრეხტმა ღონისძიების სტუმრებს გაუზიარა სასტუმრო Lenkerhof-ის (რომლის მმართველი საბჭოს წარმომადგენელიც გახლავთ ის) ისტორია, მიაწოდა ინფორმაცია სასტუმროს მართვის 20 წლიანი გამოცდილების შესახებ. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა, თუ როგორ იქცა Lenkerhof-ი ნანგრევებიდან 5 ვარსკვლავიან თანამედროვე სტანდარტების მქონე სასტუმროდ, რომელიც დღესაც ამაყად ინარჩუნებს ,,ყველაზე ახალგაზრდული 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს“ სტატუსს მთელი შვეიცარიის მასშტაბით. მსმენელებმა შეიტყვეს Lenkerhof-ის ღირებულებებისა და მართვის პრინციპების შესახებ, რომელთა დამსახურებაცაა შვეიცარიის ულამაზეს ხეობაში განთავსებული სასტუმროს წარმატება.
ამასთან ერთად მონაწილეებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ BPN-ის სხვა შვეიცარიელ წარმომადგენლებსაც, მათთვის გაეზიარებინათ ინფორმაცია იმ მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ, რაც ყოველდღიურ რეალობაში ხვდებათ და მათგან მიეღოთ კომპეტენტური რჩევები, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში.
BPN Georgia-მ ღონისძიებაზე საკუთარი პროგრამის 2022 წლის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში მიულოცა პროგრამის წარმატებით დასრულება და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.
შეხვედრის მეორე, არაფორმალურ ნაწილზე BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ერთმანეთში გაცვალეს საკონტაქტო ინფორმაცია და საფუძველი ჩაუყარეს გრძელვადიან თანამშრომლობას. გაჩნდა მრავალი ინიციატივა ერთმანეთის დასახმარებლად. ეს ყველაფერი დასტურია იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები.
ბიზნესის განვითარება წარმოუდგენელია საჭირო კონტაქტების გარეშე. სწორედ ამიტომ წარმატებაზე ორიენტირებული მეწარმეები თავისუფალი დროის სიმცირის მიუხედავად უნდა ცდილობდნენ მონაწილეობა მიიღონ ისეთ შეხვედრებზე, რომლებიც მათ კავშირების გაფართოებაში დაეხმარებათ. სწორი კონტაქტების დამყარებისთვის დიდი დროა საჭიროა, თუმცა ყოველი წუთი, რომელსაც ამისათვის გაიღებთ, საუკეთესო ინვესტიცია იქნება თქვენს საქმიანობაში.
თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia-ს მცირე და საშუალიო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე და ბიზნეს ასოციაციის წევრი და კიდევ უფრო ეფექტურად და წარმატებით მართოთ თქვენი ბიზნესი დარეგისტრირდით ბმულზე https://bit.ly/3RrAQIa ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 87 93 41.