"გამანადგურა იმან, რაც ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ მიამბო. მკვდარი ვეგონე კი არა, თავისი კეთილდღეობის გამო უთქვამს ჩემზე უარი. ფუფუნებაში ცხოვრობდა"
თორმეტი წლის წინანდელი ამბავი უნდა გავიხსენო... ის რედაქციაში მესტუმრა, სამეგრელოდან. ვატყობდი, საუბრის დაწყება უჭირდა. გავამხნევე, შეგიძლიათ ყველაფერი მიამბოთ, თქვენი ვინაობა არ გამომზეურდება-მეთქი. შევატყვე, ესიამოვნა, მაგრამ ბევრი მაინც არ ულაპარაკია, მოკლედ მითხრა: "გვიან გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, მას შემდეგ ვეძებ ბიოლოგიურ დედას, ჩემი აღმზრდელები რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალნენ. ერთი საბუთი შემთხვევით ვიპოვე, რაც ადასტურებს ჩემს შვილად აყვანას. მამიდას ვთხოვე, სიმართლე არ დაემალა. ისიც გამომიტყდა, ჩემი რძალი, შენი გამზრდელი დედა, უშვილო გამოდგა, ჩემს ძმას კი ისე უყვარდა, არ დაშორდა და ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს. როცა შენ გიშვილეს, მე 14 წლის ვიყავი და ბევრი რამ ჩემთვისაც გასაიდუმლოებული იყოო... მას მერე მოსვენება დავკარგე. ცოლი და სამი შვილი მყავს, მაგრამ მთელი ჩემი გონება იქითკენაა მიმართული, რომ ბიოლოგიური დედა ვიპოვო. ვინ იცის, რატომ თქვა ჩემზე უარი". დახმარება მთხოვა: გამოაქვეყნეთ ჩემი ამბავი. იქნებ ვინმეს ეცნოს და გამოგვეხმაუროსო... სამწუხაროდ, მხოლოდ ისინი გამოგვეხმაურნენ, ვინც ჩემი რესპონდენტის მსგავსად ბიოლოგიურ მშობლებს ეძებდნენ. რესპონდენტების უმეტესობა ყოველთვის მიტოვებდა ტელეფონს, დროდადრო თავადაც მიკავშირდებოდნენ. წლები გავიდა და კვლავ მომინდა მათთან გასაუბრება, მათ შორის იყო მალხაზიც. როცა შევეხმიანე, დაიბნა, არ მეგონა, თუ გამიხსენებდითო. ვკითხე, ხომ არ იპოვე დედა-მეთქი. ახლა უფრო თამამად მელაპარაკა...
ან იქნებ დიდმა ტკივილმა ათქმევინა ის, რაც საუბრის დასასრულს მითხრა:
- თქვენი პუბლიკაციის შემდეგაც ვცადე რამის გარკვევა, მაგრამ ამაოდ. ხელი ჩაქნეული მქონდა, როცა მოულოდნელად თავად გამომეცხადა. სულ მეგონა, რომ მოატყუეს, ალბათ, უთხრეს, რომ მოვკვდი და იმიტომაც მიმატოვა-მეთქი. თურმე ვცდებოდი. იმან, რაც ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ მიამბო, გამანადგურა. მკვდარი ვეგონე კი არა, თავისი კეთილდღეობის გამო შეგნებულად უთქვამს ჩემზე უარი. ფუფუნებაში ცხოვრობდა და ერთხელაც არ გასჩენია ჩემი ნახვის სურვილი. ეს რომ გავაცნობიერე, ისეთი დეპრესია დამემართა, ლოგინად ჩავვარდი, რომ არა ჩემი მეუღლე და შვილები, ფეხზე ვერც დავდგებოდი. დამიჯერეთ, ამქვეყნად სიკვდილზე უარესი ყოფილა დედის ღალატი, დედისგან უარყოფა სამყაროს დასასრულის ტოლფასია...
დასასრულამდე კი მოვლენები ასე განვითარებულა: ჩვენი პუბლიკაციის მერე მალხაზი თბილისშიც ჩამოსულა. მამიდას უთქვამს, პირველ სამშობიაროში დაიბადე, იქაურ არქივში თუ არა, ქალაქის ცენტრალურ არქივში შეიძლება მოიძებნოს შენი მონაცემებიო. სამშობიაროში ცივი უარით გამოისტუმრეს: 90-იან წლებში ძველი არქივი განადგურდა, მხოლოდ ბოლო 15 წლის მონაცემები გვაქვსო. თბილისის არქივშიც საიმედო ვერაფერი უთხრეს და გულდამძიმებული დაბრუნდა რაიონში. მერე ოჯახზე ზრუნვამ ცოტათი გაუნელა მოძალებული ოცნება, დედა ეპოვა, თანაც მოგვიანებით ის მოსაზრება გაუმტკიცდა, რომ დედამისი ცოცხალი აღარ იყო, თორემ აუცილებლად იპოვიდა.
ერთხელაც სამსახურიდან გამოსულს სანდომიანი ქალი მიუახლოვდა. მალხაზი ხარო, ჰკითხა და თვალებში ჩააშტერდა. კაცმა თავი დაუქნია და დაბნეული მიაჩერდა, რას წარმოიდგენდა, რომ მის წინ დედამისი იდგა. ქალი 65 წლამდე იქნებოდა, მაგრამ გაცილებით ახალგაზრდა ჩანდა. შორიახლო მანქანისკენ მიუთითა, ჩავსხდეთ და ვილაპარაკოთო. მალხაზს ნერვიულობისგან პირი გაუშრა, ჰაერი არ ჰყოფნიდა, აკანკალებულ ხელებს ვერ იმორჩილებდა. ქალი ისე ელაპარაკებოდა, როგორც კარგი ნაცნობი. ალბათ, ისიც ღელავდა, მაგრამ ისე არა, როგორც კაცს წარმოედგინა უნახავ დედასთან შეხვედრა. მალხაზი წინ წასულ ქალს ფეხარეული მიჰყვა. როცა უკანა სავარძელზე დასხდნენ, მძღოლი მანქანიდან გადავიდა და პირისპირ დარჩნენ. ვინ იცის, რამდენჯერ უოცნებია დედის ნახვაზე ან რამდენჯერ უნატრია, ჩახუტებოდა და მისი სურნელი შეეგრძნო, მაგრამ ახლა ასე ახლოს იჯდა ელეგანტურად ჩაცმული სიმპათიური ქალი და სითბოს ვერ გრძნობდა მისგან. ის მხოლოდ ინტერესით აკვირდებოდა უნახავ შვილს.
როგორ გაიგო ქალბატონმა მზიამ, რომ მას გასხვისებული შვილი ეძებდა? როცა სამშობიაროში მისული მალხაზი იქაურ არქივში დედის ვინაობას არკვევდა, იქვე იდგა ექთანი, რომლის დედაც წლების განმავლობაში ბებიაქალად მუშაობდა. ექთანმა სწორედ დედამისისგან იცოდა ბავშვების გასხვისების ამბები. თურმე მალხაზის ბიოლოგიური დედა მათი შორეული ნათესავი ყოფილა და მაშინვე შეატყობინეს მზიას, შვილი გეძებსო. გააგრძელეთ კითხვა