ჩამოგდებული "ვაგნერის" ბომბდამშენის ეკიპაჟისგან რუსულ პროპაგანდას ახალი "გასტელოს მითის" შექმნა სურს, თუმცა...
რუსეთის სახელმწიფო და პატრიოტული მასმედია გადავსებულია "წარმოუდგენელი გმირობის" ამბის ფართოდ აფიშირებით, იმის შესახებ, თუ როგორ გაიმეორა "ვაგნერის" კუთვნილი ბომბდამშენის ეკიპაჟმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საბჭოთა მფრინავის გმირობა და პარაშუტებით გადმოხტომის ნაცვლად, ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავი როგორ მიმართა მოწინააღმდეგის ჯავშანკოლონის ასაფეთქებლად, ანუ სახმელეთო ტარანი შეასრულა, რისთვისაც ისინი აუცილებლად იმსახურებენ რუსეთის გმირის წოდებებსო...
ჯერ მცირეოდენი ამონარიდი ისტორიიდან - გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმიდან მეოთხე დღეს,1941 წლის 26 ივნისს, ბელარუსის მინსკის ოლქში, საბჭოთა შორეული მოქმედების ორძრავიანი ბომბდამშენი ДБ-3Ф (რომელსაც ერთი წლის შემდეგ სახელი გადაარქვეს და Ил-4 უწოდეს მთავარი კონსტრუქტორის ილიუშინის საპატივცემულოდ) შარაგზაზე გერმანული არმიის მექანიზირებული კოლონის დაბომბვის მცდელობისას საზენიტო ცეცხლმა დააზიანა, მას ცეცხლი წაეკიდა და მფრინავმა გასტელომ ათტონიანი ბომბდამშენი გერმანელების კოლონაზე მიმართა, რის შედეგადაც თავადაც დაიღუპა, ისევე როგორც ბომდამშენში მყოფი ეკიპაჟის კიდევ სამი წევრი.
მაშინ საბჭოთა სახელმწიფო პრესამ და რადიომ ეს ფაქტი სერიოზულ პროპაგანდისტულ იარაღად გამოიყენა - საბჭოთა გმირმა მფრინავმა გასტელომ დაზიანებული თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომას და ტყვედ ჩავარდნას, სახმელეთო ტარანის მიტანა ამჯობინა გერმანელების ტანკებზეო...
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ახალი დეტალი გახდა ცნობილი, მათ შორის გასტელოს სავარაუდო ტარანის ადგილის გათხრებისას და გაჩნდა ალტერნატიური ვერსიები, რომლებმაც ძალიან დიდი ეჭვი გააჩინეს ისტორიის ამ ცნობილი ფაქტის სინამდვილეზე, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ათწლეულების განმავლობაში ჯერ საბჭოთა და შემდეგ რუსული პროპაგანდის მიერ შთაგონებული ნამდვილი თუ გამოგონილი გმირობების რუსეთის საზოგადოების უდიდეს ნაწილს სჯერა და ახალ გმირებს ეძებენ, ამჯერად უკრაინაში რუსეთის არმიის მიერ განხორციელებულ დაპყრობით ომშიც...
სწორედ ასეთად იქცა 2 დეკემბერს, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბახმუტთან ჩამოგდებული "ვაგნერის" მფრინავების ისტორიაც.
ჯერ ერთი ის, რომ რუსეთის ფედერაციის კანონებით გაუთვალისწინებელ კერძო სამხედრო კომპანიას შეიარაღებაში ჰქონდა საფრონტო ბომბდამშენი Су-24М , დიდ გაოცებას უნდა იწვევდეს, მაგრამ "ვაგნერს" რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავი და სამხედრო შვეულმფრენი მანამდეც ჩამოუგდეს. ასე რომ ეს უკვე აღარაა სიახლე.
"ვაგნერის" ხელმძღვანელს, "პუტინის პირად მზარეულს" - პრიგოჟინს, რა თქმა უნდა, ბევრის უფლება აქვს მიცემული კრემლის მთავარი ბინადრისგან, მაგრამ მას საკუთარი სამხედრო აეროდრომები და საჰაერო ფლოტი, ბუნებრივია, არ გააჩნია, ამიტომაც შემდეგი სქემით მოქმედებს - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰერო-კოსმოსური ძალებისგან "თხოულობს" ან უფრო სწორად, მოითხოვს საბრძოლო თვითმფრინავსა თუ შვეულმფრენს და მის ეკიპაჟში სვამს იმ გადამდგარ, პენსიონერ სამხედრო მფრინავებს და შტურმანებს, რომლებთანაც კონტრაქტი დადო - შესაბამისად პრიგოჟინი ბრძოლის ყველაზე საშიშ ადგილას უშვებს ისეთ პენსიონერ, მაგრამ გამოცდილ პილოტებს (რომლებსაც თითოეული ასეთი გაფრენისთვის რამდენიმე ათას დოლარს უხდიან), სადაც საბრძოლო გაფრენაზე უარს ამბობენ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შტატში მომსახურე მფრინავები.
რა მოხდა 2 დეკემბერს
ბახმუტთან, კლეშჩევკის რაიონში უკრაინელების ჯავშანკოლონის დაბომბვის მცდელობისას, სავარაუდოდ "სტინგერის" გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებულმა საზენიტო რაკეტამ დააზიანა დაბალ სიმაღლზე მფრენი საფრონტო ბომბდამშენი Су-24М, რომლის ეკიპაჟმა, ხომალდის მეთაურის ანტონოვისა და შტურმან-ოპერატორის ნიკიშინის შემადგენლობით, კატაპულტირების ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება სახმელეთო ტარანი განეხორციელებინათ, რითაც უკრაინელების ჯავშანკოლონას დიდი ზიანი მიაყენეს და შეაჩერეს მათი შეტევა - აცხადებენ რუსი პროპაგანდისტები და ამ შემთხვევას ადარებენ 81 წლის წინანდელ გასტელოს ტარანს...
რუსი პროპაგანდისტები განსაკუთრებით იმას უსვამენ ხაზს, რომ ტარანის წინ მფრინავმა რადიოეთერში მოასწრო წამოძახილი - "დახვდით ძაღლისშვილებო, მამას!" და 5-7 წამში უკრაინელების ტანკებისა და ჯავშანმანქანების კოლონას შეეჯახა და ააფეთქაო...
21-საუკუნის თანამედროვე "გასტელოს" გამოჩენა რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდას დღეს ჰაერივით სჭირდება, რუსეთის არმიის მებრძოლებში და მთლიანად რუსეთის მოსახლეობაში პატრიოტული სულის ასამაღლებლად, მითუმეტეს ომის მეათე თვის თავზე, როდესაც თავად რუსეთშიც, უკვე მილონობით მაცხოვრებელი, მართალია, ხმამაღლა ვერ ბედავს თქმას, მაგრამ ხვდება, რომ პუტინმა რუსეთი გამანადგურებელი ომის ჭაობში ჩაითრია, ისევე როგორც გასულ საუკუნეში გერმანია ჰიტლერმა...
მაგრამ, ერთი შეხედვით, ამ ძლიერ რუსულ პროპაგანდისტულ ნაბიჯს, რომელმაც ახალი "გასტელო" დაბადა და მალე ალბათ ახალ "მატროსოვსაც" (რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების ტყვიამფრქვევის ამბრაზურას მკერდით გადაეფარა) შობს, უკრაინელები ... სიცილით შეხვდნენ და რუსული პროპაგანდა მორიგ დიდ ტყუილში ძალიან ადვილად ამხილეს...
უკრაინელებმა არ დაიზარეს და "ვაგნერის" საფრონტო ბომბდამშენის ეკიპაჟის მიერ ვითომ გამეორებული "გასტელოს გმირობის" ადგილი მოინახულეს და ფოტოებიც გაავრცელეს, რომლებზეც ძალიან კარგად ჩანს, რომ 32 ტონიანი რუსული ბომბდამშენი გამიზნულად უკრაინულ ჯავშანკოლონას კი არ დაეცა, არამედ... შუა ტყეში ჩავარდა ხეებს შორის, რის სიახლოვეს უკრაინული ტანკების ეკიპაჟები დიდი მონდომების შემთხვევაშიც ვერ აღმოჩნდებოდნენ... ასე გაქარწყლდა მორიგი რუსული სამხედრო მითი