"როგორ ავიცილოთ თავიდან კიდევ ერთი მსოფლიო ომი" - რას წერს ჰენრი კისინჯერი - კვირის პალიტრა

"როგორ ავიცილოთ თავიდან კიდევ ერთი მსოფლიო ომი" - რას წერს ჰენრი კისინჯერი

ბრიტანულ ჟურნალ "სფექთეითორში" (The Spectator) გამოქვეყნებულია ჰენრი კისინჯერის სტატია სათაურით "როგორ ავიცილოთ თავიდან კიდევ ერთი მსოფლიო ომი".

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პირველი მსოფლიო ომი კაცობრიობისათვის თავისებური კულტურული თვითმკვლელობის მცდელობა აღმოჩნდა, რომელმაც ევროპის უპირატესობას ხაზი გადაუსვა. როგორც ისტორიკოსი ქრისტოფერ კლარკი წერს, ევროპელი ლიდერები ომში ისე ჩაებნენ, თითქოსდა მთვარეულები იყვნენ და ვერ აზროვნებდნენ, რას აკეთებდნენ. ალბათ, მათ ის რომ სცოდნოდათ, თუ რად გადაიქცეოდა მსოფლიო ომის დასასრულისათვის - 1918 წლისათვის, ისინი ომს არაფრის გულისთვის არ დაიწყებდნენ.

ევროპის სახელმწიფოებმა, რომლებიც იმ დროს არასაკმარისად აცნობიერებდნენ, თუ რამდენად განვითარდა სამხედრო ტექნოლოგიები, აქტიურად და უპრეცედენტო შემართებით დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა. 1916 წლის აგვისტოსათვის, ომის დაწყებიდან ორი წლისთავზე, მრავალი მსხვერპლისა და დიდი ნგრევის შემდეგ, დასავლეთის ფრონტზე ომის ძირითადმა მხარეებმა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) დაიწყეს იმ ვარიანტის განხილვა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ხოცვა-ჟლეტვის დასრულება. აღმოსავლეთის ფრონტზეც მეტოქეებმა ავსტრიამ და რუსეთმა სამშვიდობო ნიადაგის მოსინჯვა დაიწყეს.

რადგანაც უდიდესი დანაკარგების შემდეგ ძნელი იყო რაიმე კომპრომისზე წასვლა და რადგანაც არცერთ მხარეს არ სურდა, რომ მეორეს სუსტად მიეჩნია, ლიდერები არ ჩქარობდნენ სამშვიდობო პროცესის ინიცირება დაწყებულიყო. საბოლოოდ ყველა ამერიკისაკენ იყურებოდა, რომელსაც შუამავლობა შეეძლო. პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის პირადმა ემისარმა ედვარდ ჰაუსმა გაანალიზა სიტუაცია და მივიდა დასკვნამდე, რომ სამშვიდობო შეთანხმების დადება, რომელიც შეცვლილ სტატუს-ქვოზე იქნებოდა დაფუძნებული, სრულიად შესაძლებელი იყო. მაგრამ ვუდრო ვილსონმა, რომელიც პრინციპში მზად იყო შუამავლის მისია შეესრულებინა, გადაწყვიტა, რომ ნოემბრამდე მოეცადა, საპრეზიდენტო არჩევნებამდე. მაგრამ შემდეგ თვითონ აშშ ჩაება ომში, ორი წელი გავიდა და ამ ხნისგანმავლობაში, 1918 წლისათვის, სომასთან ბრიტანული შეტევისა და ვერდენთან ბრძოლების შედეგად, კიდევ ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა.

პირველმა მსოფლიო ომმა ევროპაში 1914 წლამდე ჩამოყალიბებული ძალთა ბალანსი დაარღვია. გერმანიას და რუსეთს რევოლუციები არყევდა, ავსტრო-უნგრეთის იმპერია მსოფლიოს რუკიდან გაქრა, საფრანგეთი სისხლისგან იყო დაცლილი, დიდმა ბრიტანეთმა თავისი ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილი და ძლიერი ეკონომიკა ომს მსხვერპლად შესწირა... ვერსალის ხელშეკრულებამ ომს ბოლო მოუღო, მაგრამ გერმანია დასაჯა და საბოლოო ჯამში, მშვიდობა საკმაოდ მყიფე გამოდგა.

ნამდვილად დგას თუ არა მსოფლიო ანალოგიური გარდამტეხი მომენტის წინ უკრაინის ომის გამო - ახლა, როცა ზამთარმა სახმელეთო ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები შეასუსტა? მე თავის დროზე არაერთხელ გამოვედი მოკავშირეთა მხარდასაჭერად, რომლებიც რუსეთის შეჩერებას ცდილობენ. მაგრამ ახლოვდება მომენტი, როცა ჩვენ უკვე გარკვეულ სტრატეგიულ ცვლილებებს უნდა დავეყრდნოთ, რომლებიც უკვე მოხდა და მოლაპარაკებისთვის მოვემზადოთ.

პირველად თავის უახლეს ისტორიაში უკრაინა ცენტრალური ევროპის მნიშვნელოვან სახელმწიფოდ გადაიქცა. იღებს რა სამხედრო დახმარებას თავისი მოკავშირეებისგან და სულიერ ძალას იკრებს რა თავის პრეზიდენტის მხურვალე გამოსვლების მეშვეობით, უკრაინამ შეძლო რუსეთის არაბირთვული ძალების შეჩერება, რომელიც ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ემუქრება. პარალელურად საერთაშორისო სისტემა, ჩინეთის ჩათვლით, იმ საფრთხის წინააღმდეგ გამოდის, რომლის წყაროს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება წარმოადგენს.

უკრაინაში საომარი მოქმედებები, ბუნებრივია, ნატოსთან დამოკიდებულების პერსპექტივას უკავშირდება. რადგანაც კიევს უკვე ჰყავს ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი და შეიძლება ითქვას, ყველაზე ბრძოლისუნარიანი სახმელეთო არმია (რასაც ხელი შეუწყო აშშ-სა და მისი მოკავშირეების დახმარებამ), უკრაინის ნეიტრალიტეტი უკვე აზრს კარგავს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა შვედეთი და ფინეთი თითქმის უკვე ალიანსის წევრები არიან. სწორედ ამიტომ მე მაისში წამოვაყენე წინადადება ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გაგვევლო იმ საზღვრის გასწვრივ, რომლებიც 24 თებერვლამდე არსებობდა. რუსეთს შესაძლებლობა ექნებოდა უარი ეთქვა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მან ომის დროს მიიერთა (ხერსონის და ზაპორიჟიეს ოლქების ნაწილი, აგრეთვე დონბასი - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები), მაგრამ დაეტოვებინა თავისთვის ის ტერიტორიები, რომლებიც 10 წლის წინ მიიერთა, ყირიმის ჩათვლით. ამ სადაო ტერიტორიების ბედი დაზავების შემდეგ გამართული მოლაპარაკების საგანი გახდებოდა.

თუ 24 თებერვლამდე არსებულ გამმიჯნავ ხაზზე დაბრუნება ვერ მოხერხდება, მაშინ შეიძლება თვითგამორკვევის პრინციპის ვარიანტი განვიხილოთ: ის ტერიტორიები, რომლებიც ყველაზე მეტ უთახმოებას იწვევს და რომლებიც ბრძოლების დროს ხელიდან ხელში გადადიოდნენ, შეიძლება რეფერენდუმი ჩატარდეს თვითგამორკვევის მიზნით, საერთაშორისო დამკვირვებლების კონტროლით.

სამშვიდობო დარეგულირების პროცესის მიზანი ორი ელემენტისაგან უნდა შედგებოდეს:

მხარეებმა, უკრაინის თავისუფლების განმტკიცების მიზნით, უნდა ჩამოაყალიბონ საერთაშორისო სტრუქტურა, განსაკუთრებით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისათვის, რომელშიც ადგილი რუსეთისთვისაც იქნება.

ზოგიერთები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაზე უკეთესი შედეგი იქნება, თუ რუსეთი ომისგან სისხლდაცლილი დარჩება. მე მათ ვერ დავეთანხმები. მიუხედავად ძალადობისაკენ მიდრეკილებისა, რუსეთს ხუთი ასწლეულის განმავლობაში შეჰქონდა გადამწყვეტი წვლილი გლობალურ წონასწორობასა და ძალთა ბალანსში. არ შეიძლება მისი ისტორიული როლის დაკნინება. უკრაინაში განცდილი წარუმატებლობა არანაირად არ ახდენს გავლენას კრემლის გლობალურ ბირთვულ პოტენციალზე, რაც მას ომის ესკალაციის შესაძლებლობას აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდება და დროის 11-საათიანი სარტყლის მქონე სახელმწიფოს შიგნით ხელისუფლების ვაკუუმი წარმოიქმნება, მაშინ რუსეთში გააფთრებული ბრძოლა დაიწყება: დაპირისპირებული ძალები ერთმანეთს დაერევიან, ყველაფერი გადაწყდება ძალადობის გზით. მეზობელი ქვეყნებიც მოისურვებენ, რომ რუსეთის ტერიტორიებს გემო გაუგონ. და ეს საფრთხე უფრო საშიში გახდება ათასობით ერთეული ბირთვული იარაღის არსებობით, რომელთა საფუძველზე რუსეთი მეორე უდიდესი ბრთვული სახელმწიფოა დედამიწაზე.

სანამ მსოფლიოს ლიდერები ომის შეწყვეტაზე იფიქრებდნენ, რომელშიც ფაქტობრივად ერთმანეთთან ორი ბირთვული სახელმწიფო მეტოქეობს იმ ქვეყნის გამო, რომელსაც მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღი აქვს, ისინი აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ ამ ომის შედეგებზე გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა უკვე მაღალი ტექნოლოგიები ხელოვნური ინტელექტის შექმნის საშუალებას იძლევა. უკვე არსებობენ ისეთი ავტონომიური სისტემები, რომლებიც თვითონ განსაზღვრავენ, აანალიზებენ და დარტყმებს აყენებენ სამიზნეებს "საკუთარი მოსაზრებით", ანუ მათ უკვე შეუძლიათ "საკუთარი ომის" დაწყება.

როგორც კი მაღალტექნოლოგიური იარაღი სიკვდილის სტანდარტულ ინსტრუმენტად გადაიქცევა, ანუ როცა მთავარი შემსრულებლები კომპიუტერები იქნებიან, მსოფლიო აღმოჩნდება ისეთ პირობებში, რომლებისთვისაც ჯერჯერობით რაიმე კონცეფცია არ არსებობს. როგორ განახორციელებენ ლიდერები კონტროლს, თუ კომპიურეტები თვითნებურად დაიწყებენ მოქმედებას, ადამიანს შეზღუდავენ და უფრო მეტიც, მას დაემუქრებიან?

მშვიდობისაკენ და წესრიგისაკენ ლტოლვა ორ კომპონენტს მოიცავს, რომლებიც ზოგჯერ განიხილებიან როგორც ერთმანეთის მოწინააღმდეგენი: ეს არის სწრაფვა უსაფრთხოების სტრუქტურის შექმნისაკენ და შერიგების აუცილებლობა. თუ ჩვენ არ შეგვწევს არც პირველისა და არც მეორის მიღწევა, მაშინ საერთოდ ვერაფერს მივაღწევთ. ომის შეჩერების დიპლომატიური გზა შეიძლება რთული და იმადგამაცრუებელი მოგვეჩვენოს. მაგრამ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია ხედვაც და მამაცობაც, რომელიც მიზნისაკენ სვლაში ხელს შეგვიწყობს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ