"პატარა კაცი იყო, მაგრამ სულ წინა ხაზზე იდგა" - როგორ მოხვდა იპოლიტე ხვიჩიას შვილიშვილი CNN-ზე: ხიფათებით სავსე ცხოვრება და კაცი, რომელიც 7 ნოემბრის აქციის სახედ იქცა
"მიდიან ბიჭები დაუფასებელნი, გაჭირვებულნი, განადგურებულნი... დაღლილნი... ავთო ხვიჩიაც გაფრინდა... მანანა ხვიჩიას ძმა და იპოლიტე ხვიჩიას შვილობილი... ყველა ომგამოვლილი ადამიანი... კარგი მხატვარი და... ეჰ! რა მნიშვნელობა აქვს!.. ჩვენი, ყველას ავთო ხვიჩია", - ეს თამრიკო მოლაშვილის, ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის პოსტია, რომელსაც ასევე ახლდა CNN-ის ცნობილი ფოტო. ის 2007 წლის 7 ნოემბერს არის გადაღებული, რუსთაველის გამზირის დარბევის დროს. ავთო ხვიჩია ასფალტზეა წაქცეული.
როგორც შევიტყვეთ, ბატონი ავთო უშიშარი ადამიანი ყოფილა, ის ბოლო 30 წლის მანძილზე, საქართველოში ყველა საომარ მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული. ბუნებით ოპოზიციონერი ყველა მთავრობის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა.
AMBEBI.GE ავთო ხვიჩიას მეუღლეს, თამარ მაისურაძეს ესაუბრა. ქალბატონმა თამარმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეუღლე დაკარგა, გულწრფელად და დიდი სიყვარულით ისაუბრა მასზე. ამასთან, გავიხსენეთ გენიალური იპოლიტე ხვიჩია და ხვიჩიების ოჯახი.
"გასულ ზაფხულს ქობულეთში ვიყავით, წვიმიანი ამინდები იყო, ამიტომ კარგად ვერ დავისვენეთ, მაგრამ ოჯახის წევრებმა ავთოს 67 წლის იუბილე იქ აღვნიშნეთ. იქიდან რომ ჩამოვედით, ავად გახდა და სამწუხაროდ, ნოემბერში გარდაიცვალა... დავკარგეთ ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვებზე ზრუნავდა და ეს იყო მისთვის უმთავრესი რამ...
პატრიარქმა ილია II-ემ სამძიმრის წერილი გამოგვიგზავნა, სადაც წერს, რომ „ავთანდილ ხვიჩიამ ჯანმრთელობა ქვეყნის სამსახურს შესწირა, სამშობლოს დასაცავად და მოყვასის გადასარჩენად თავი არ დაუზოგავს,“ - გვიყვება თამარ მაისურაძე.
- 2007 წლის 7 ნოემბერს ფოტომ მსოფლიო მოიარა. მასზე ბატონი ავთოა აღბეჭდილი, რომელიც რუსთაველზე მიტინგის დარბევისასაა გადაღებული. ის ასფალტზე, შუა ქუჩაშია დავარდნილი...
- ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ავთო პატარა კაცი იყო, მაგრამ მუხასავით ძლიერი და ყოველთვის კლდესავით იდგა. ყველგან წინა ხაზზე აღმოჩნდებოდა ხოლმე და ასე იყო იმ 7 ნოემბერსაც...
თუმცა ავთოს ცხოვრებას თან ღიმილიც დაჰყვებოდა და ეს ფოტო მის მეგობარს, ალექსანდრე ჩიტიშვილს რომ უნახავს, შეხუმრებულები იყვნენ და ავთოს სიცილით უთხრა - ხვიჩია, ძლივს არ გნახე წაქცეულიო?.. ხომ ვამბობ, ყველა ასეთი მოვლენის ეპიცენტრში იყო, ყოველთვის სულ წინ იდგა.
მაგ დღეს მეგობართან ერთად კოლმეურნეობის მოედანზე გახლდათ, ბიჭები იქ იკრიბებოდნენ... მიტინგი რომ დაარბიეს, სახლში არ მოსულა. მძიმე დღე იყო და საერთოდ, მეც არაფერი მახსოვს, თუმცა ის კი კარგად მახსოვს, რომ შემდეგ ინსულტი მიიღო. იქ რაღაც შეასხეს, თუ გაზი გაუშვეს... (გააგრძელეთ კითხვა)