"ერთადერთი, რასაც ვნანობ, ნაკლები პრინციპულობაა. ზოგჯერ, ჩემს თავზე წინ, სხვა დამიყენებია და ამით მე დავზარალებულვარ" - კვირის პალიტრა

"ერთადერთი, რასაც ვნანობ, ნაკლები პრინციპულობაა. ზოგჯერ, ჩემს თავზე წინ, სხვა დამიყენებია და ამით მე დავზარალებულვარ"

გვანცა დარასელიას ბლიც-ინტერვიუ

- როგორი ბავშვი იყო გვანცა დარასელია?

- ძალიან ცელქი, სპორტული და ახტაჯანა.

- როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს სატელევიზიო კარიერაში?

- ჩემი პირველი ნაბიჯები სატელევიზიო კარიერაში იყო 18 წლის ასაკში, როდესაც მივედი რუსთავი 2-ში დილის გადაცემის წამყვანად. ვიყავი ძალიან პატარა, მქონდა ძალიან დიდი ენთუზიაზმი და თავიდანვე რთული მისიით დავიწყე. ახლა კი უკვე 15 წელია, რაც ჩემს საყვარელ საქმეს ვასრულებ ტელევიზიაში.

- როგორც ვიცი, დატვირთული გრაფიკი გაქვთ. როგორ ახერხებთ ამდენი რამის შეთავსებას ერთმანეთთან და თან, ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას?

- ვიტყოდი, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი არ მაქვს და ჩემ გარშემო ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებსაც ჩემზე ბევრად უფრო დატვირთული გრაფიკი აქვთ, თუმცა გეტყვით იმას, რომ მე ვცდილობ ჩემი თითოეული საქმე სწორად გავანაწილო. რაც ყველაზე მთავარია, მინდა გითხრათ, რომ საქმე, რომელსაც მე ვაკეთებ ძალიან მიყვარს და, შესაბამისად, არ მენანება არცერთი წუთი ამისთვის. ასევე, ყველანაირად ვცდილობ და ვახერხებ კიდეც, რომ ოჯახისთვისაც დამრჩეს დრო, რადგან ოჯახის გარეშე ჩემთვის სრულფასოვანი არ არის არც დღე, არც კვირა ან თუნდაც ეს საახალწლო პერიოდი.

- თავის მოვლის რუტინა თუ გაქვთ, რომელსაც ყოველდღიურად ასრულებთ?

- დიახ, მაქვს. ჩემი თავის მოვლის რუტინა გახლავთ, პირველ რიგში, სახის მოწესრიგებაა, რაშიც ვგულისხმობ დილა-საღამოს დაბანას, შესაბამისი პროცედურების ჩატარებას, კარგი საცხით დატენიანებას და რაც ყველაზე მთავარია, კარგად გამოძინებას.

- რა არის ის თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ საკუთარ თავში?

- ის, რომ მოვლენებსა და ადამიანებში, პირველ რიგში, მხოლოდ და მხოლოდ კარგს ვხედავ.

- რომელია ის თვისება, რომელიც ძალიან არ მოგწონთ საკუთარ თავში და ყველანაირად ცდილობთ გადაეჩვიოთ?

- ეს არის სიზარმაცე და საქმის გადადება.

- არის ისეთი, რამ, რასაც დღევანდელი გადმოსახედიდან ნანობთ?

- არა, არაფერს ვნანობ, თუმცა ერთადერთი, რასაც ვნანობ, ეს არის ნაკლები პრინციპულობა, რაც გამომიჩენია სხვადასხვა სიტუაციაში. მეტიც, ზოგჯერ ჩემს თავზე წინ დამიყენებია სხვა და ამით მე დავზარალებულვარ. მაგრამ საბოლოო ჯამში, მგონია, რომ რაღაც ეტაპზე, ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე და ყოველთვის ვცდილობ, სხვისი დაზარალების გარეშე, პირველ რიგში, ვიზრუნო ჩემი სულიერი კომფორტისთვის, რადგან ვთლი, რომ უკვე ამ ასაკში ვარ. ასევე, ყველანაირად ვცდილობ, რომ ვიყო ისეთ გარემოში, სადაც მსიამოვნებს ყოფნა და ისეთ ადამიანებთან, ვისთანაც კომფორტულად და კარგად ვარ.

- კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და გიყვართ...

- როცა მეუბნებიან, რომ ვარ კარგი დედა და ჩემი საქმის პროფესიონალი.

- გვერდიდან რომ შეხედოთ საკუთარ თავს, როგორც უცხოს, რას ეტყოდით? როგორი ქალია გვანცა დარასელია?

- ძალიან ძნელია საკუთარი თავის გვერდიდან დანახვა, ალბათ ყველაზე ძნელიც კი. ერთი სიტყვით ალბათ, გამიჭირდება, მაგრამ ვიტყოდი, რომ ღირსეული ადამიანია.

- ბევრი მეგობარი გყავთ?

- არა, ბევრი მეგობარი არ მყავს. ვისთვის რა არის ბევრი, ამასაც გააჩნია, მაგრამ, რასაც ჰქვია მეგობარი და მონათესავე სული, ვიტყოდი, რომ ბევრი არ მყავს.

მყავს ცოტა, მაგრამ საუკეთესო.

- რამდენად ენდობით მეგობრებს?

- როდესაც მეგობარს ვეძახი ადამიანს, სწორედ ამ ნდობით განვსაზღვრავ. ვიტყოდი, რომ ბოლომდე ვენდობი და მგონია, რომ სწორედ ნდობაა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მეგობრობისა.

- ახალგაცნობილ ადამიანებს მარტივად უშვებთ თქვენს ცხოვრებაში?

- არა. სწორედ ამის გამო უთქვამთ, რომ „ძალიან უხეში მეგონე თავიდანო“. არ ვიცი, ვიტყვი, რომ ამ ყველაფერს გამიზნულად არ ვაკეთებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მგონია, ადამიანი შენს სულში, შენს ცხოვრებაში რომ შემოუშვა, ამას საკმაოდ დიდი დრო და გამოცდებიც სჭირდება. შესაბამისად, ნაცნობებთან და გარემოს სხვა წევრებთან ყოველთვის დისტანციურ ურთიერთობას ვინარჩუნებ.

- თქვენი გულის ტკენა ადვილია?

- ძალიან, მაგრამ ესეც ვისწავლე. ზოგჯერ, ალბათ ჩვენც უნდა გავატაროთ რაღაცები, იმიტომ, რომ შეუძლებელია ყველა ადამიანს მოვთხოვოთ კარგად გვიცნობდეს და ხვდებოდეს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს. ასევე ვისწავლე, რომ ადამიანებს უნდა ელაპარაკო და უნდა უთხრა შენი გულისტკივილის შესახებ, რათა ის მიხვდეს, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შენთან. სინამდვილეში, ერთი სიტყვაა საკმარისი, რომ ადამიანს გული ატკინო.

- აქედან გამომდინარე, რას ვერ პატიობთ ადამიანს ვერასდროს?

- იცით რა, ძალიან ტრივიალური ვიქნები ალბათ, მაგრამ, ვერც იმას ვიტყვი, რომ ცხოვრებაში ღალატის პრობლემა მქონია და ჩემთვის უღალატიათ. საბედნიეროდ, ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ ალბათ ადამიანს ვერასდროს ვაპატიებდი ჩემ მიმართ ჩადენილ უღირს საქციელს .

- რა არის თქვენთვის ბედნიერების ფორმულა?

- ჩემთვის ბედნიერების ფორმულაა ჩემი ოჯახის წევრების ღიმილი, კარგად ყოფნა და შეგრძნება იმისა, რომ შენ, როგორც ადამიანი, მთელი შენი განცდებით და არჩევანით, აღიარებული ხარ გარშემომყოფების მხრიდან.

- ემოციური ხართ?

- ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ ამას გარშემო მყოფები ხშირად ვერ ხვდებიან. ვინც კარგად მიცნობს მან იცის თუ რა იმალება ჩემი თითოეული გამოხედვის უკან.

- როგორი დედა ხართ?

- არ ვიცი. მე მგონია, რომ კარგი დედა ვარ, მაგრამ ძალიან მინდა, რომ უკეთესი ვიყო. ხშირად მინანია, რაღაცები ჩემ შვილებთან დამოკიდებულებაში და ახლა, როცა ჩემი უფროსი შვილი მალე 11 წლის გახდება მართლა ვატრენინგებ ჩემს თავს იმისათვის, რომ ვიყო საკუთარი თავის ყველაზე კარგი ვერსია, რადგან მნიშვნელოვანი ასაკი ეწყება და მინდა, რომ უკეთესი ვიყო, რა თქმა უნდა.

- და ბოლოს, გეტყვით, რომ....

- ბოლოს გეტყვით, რომ გთხოვთ დაინახოთ ადამიანებში კარგი. არასდროს არ შეგშურდეთ არავისი და არ განსაჯოთ უსაფუძვლოდ არავინ.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)