გამარჯვება ჰააგაში როგორ უნდა გამოიყენოს ეს საქართველოს ხელისუფლებამ?! - კვირის პალიტრა

გამარჯვება ჰააგაში როგორ უნდა გამოიყენოს ეს საქართველოს ხელისუფლებამ?!

"კონკრეტულმა საქმეებმა, რაც კარგად გაშუქდა, მასშტაბურად წარმოაჩინა ქვეყანაში არსებული ზოგადი ვითარება. აი, ეს დაინახეს სწორედ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა“

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჰააგაში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა. ამის თაობაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ეჭვმიტანილი პირების: მიხაილ მინძაევის, ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დავიდ სანაკოევის სასამართლოში წარსადგენად. როგორც ცნობილია, ორდერები ა.წ. 20 ივნისს გამოიცა. როგორც კარიმ ხანი განმარტავს, კვლავაც აუცილებელი იქნება მისი ოფისისა და პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა დადგინდეს ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელი მათ დასაკავებლად. "ჩემ მიერ წარდგენილი ბრალდებები, რომელთაგან გამომდინარე გაიცა დაპატიმრების ორდერები, შეეხება, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის დროს ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, წამებას, სასტიკ მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომში მათ უკანონო გადაადგილებას. როგორც დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას აღვნიშნე, ეს დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების სახლების მასობრივად ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართველი მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა", - წერს პროკურორი სპეციალურ განცხადებაში. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ეს საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვებაა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ. "დღევანდელ გადაწყვეტილებაში პროკურორმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ დანაშაული ჩადენილი იყო საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომ მას ჰქონდა ეთნიკური ნიადაგი, დანარჩენ ეპიზოდში, სადაც შეიძლებოდა პოტენციურად საქართველოს რაიმე დარღვევა დადგენილიყო, ეს ნაწილი მთლიანად ჩაიხურა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა. სწორედ ამ გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრით დავიწყეთ საუბარი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტთან, GIPA-ს პროფესორ გიორგი კობერიძესთან:

koberidze-1665316274.jpg

- ამ უმნიშვნელოვანესი გამოძიების შედეგად საერთაშორისო სამართლით დადასტურდა რუსული ოკუპაცია, რომ საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით ეს დღესაც გრძელდება და ნებისმიერ მოქმედებაზე, რომელიც ჩადენილი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დაეკისრება. ამასთანავე, ეს საქართველოს ხელისუფლებას აძლევს სრულ ლეგიტიმაციას იმის სათქმელად, რომ ოკუპაციის შესაჩერებლად, შესაკავებლად ან შესამსუბუქებლად საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნებისმიერი ზომა შეიძლება იყოს მიღებული. ვიმეორებ, ამაში იგულისხმება ყველაფერი, რაც საერთაშორისო სამართლით არის დაშვებული, მათ შორის თავდაცვის უფლებაც. დიახ, უმნიშვნელოვანესი საკითხია, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, როგორც მოვლენა, აღიარებულია ჰააგის სასამართლოს მიერ.

გამოძიებამ აჩვენა საქართველოს სახელმწიფოს პოზიციური სიმართლე. ის, რომ საქართველო არის რუსეთის ოკუპაციის მსხვერპლი და კითხვებს - რა მოხდა აგვისტოში, ვინ არის დამნაშავე? - პასუხი ერთმნიშვნელოვნად გაეცა. ამ განჩინებამ აჩვენა, რომ საქართველო ისეთივე დაჩაგრულია, როგორც უკრაინა, და საქართველოს ტერიტორიებიც ისეთივე ოკუპირებულია, როგორც უკრაინის.

ეს შეიძლება გამოვიყენოთ ძალიან ეფექტიანად რიგი სამართლებრივი თუ პოლიტიკური საკითხების დღის წესრიგში დასაყენებლად. ჰააგის პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, თემა, რომ შეიძლებოდა საქართველოს ჩაედინა ომის დანაშაულები, სრულად დაიხურა და ეს მნიშვნელოვანია. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სამართალი ასე მარტივად აღსრულდება. ეჭვმიტანილთაგან ზოგი რუსეთს აფარებს თავს, ზოგი გარდაცვლილია, მაგალითად, გენერალი ბორისოვი. რუსეთი ჰააგას დამნაშავეებს არ გადასცემს, არც კრემლი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფოს როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი სიმართლე. თუ ჩვენი ხელისუფლება უფრო მეტად იაქტიურებს ამ საკითხის დღის წესრიგში დასაყენებლად, საერთაშორისო ფოკუსში მარტო უკრაინა კი არა, საქართველოც მოექცევა.

- თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობაში უკიდურესად ფრთხილ პოლიტიკას, ალბათ, ამ გამოძიების შედეგზე პედალირების იმედი არ უნდა გვქონდეს.

- გეთანხმებით, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში სულ "ქართული ოცნება" ვერ იქნება, ეს გამოძიება კი ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია არა მარტო დღეს, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დასჭირდება საქართველოს დეოკუპაციას. დადგება დრო და ეს გამოძიება საქართველოს რომელიმე ხელისუფლებას აუცილებლად მისცემს საშუალებას, რომ საკუთარი პოზიცია უფრო მყარად და ხისტად წარმოაჩინოს.რაც შეეხება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას რუსეთისადმი, ის რიგ შემთხვევაში არა მარტო ფრთხილი, არამედ ძალიან სუსტიც არის. შეიძლება ფრთხილობდე, არ ცდილობდე მტრის გამოწვევას, მაგრამ ხვალინდელი დღისთვის, მომავლისთვის ემზადებოდე. ეს არის სიფრთხილე, აი, სისუსტე კი ნიშნავს, რომ არა მარტო ფრთხილობ, არამედ არაფრისთვისაც არ ემზადები, თანაც საკუთარ მოკავშირეებთან ურთიერთობას ძაბავ, მეტიც, მიზანმიმართულად თუ დაუდევრობით აუარესებ, რის შედეგადაც შეიძლება მტერთან პირისპირ, სულ მარტო დარჩე. სისუსტე ზუსტად ის არის, როდესაც მოწინააღმდეგე სახელმწიფოს უგზავნი სიგნალს, საფრთხეს ჩემგან არ ელოდო, საქართველო არ წარმოადგენს ანგარიშგასაწევ ძალას და ამიტომ ნუ დამჩაგრავო. ეს სიგნალი მოსკოვში ასე აღიქმება - საქართველო ძალიან სუსტია და როცა რა მოგვინდება, იმას გავაკეთებთ ამ ქვეყანაშიო. ეს არის ძალიან საშიში. აგრესორის ფსიქოლოგია სწორედ ასეთია - რაც მეტად დაუთმობ, მეტად დაუხრი თავს, მით მეტად გაქცევს საკუთარ მსხვერპლად. საერთაშორისო ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება გვეუბნება, რომ ჯობს აგრესორს გავუგზავნოთ სიგნალი, რომ თუნდაც მასზე სუსტ სახელმწიფოსთან ნებისმიერი დაპირისპირების შემთხვევაში მას ძალიან დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

- ახსენეთ პარტნიორებთან დამოკიდებულება, რაც მართლაც ბევრ კითხვას აჩენს. სრულიად გაუგებარია "ქართული ოცნების" მიერ დასავლეთის, მათ შორის ევროპელი პარტნიორების დადანაშაულება ქვეყნის ომში ჩართვის ცდაში. ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ ევროპული კურსის ერთგულია, ამასთან, თითქოს მიზანმიმართულად ცდილობს გაიფუჭოს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან. ბუნებრივია, ამას დასავლეთის საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. ახლახან ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელსაც წინ უსწრებდა დებატები და მოვისმინეთ უმძიმესი შეფასებები, მკაცრია რეზოლუციის შინაარსიც.

- დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების დაცვისა და მედიათავისუფლების მხრივ პრობლემები ნამდვილად არის და ეს ჩვენზე უკეთესად არავინ იცის. კონკრეტულმა საქმეებმა, რაც კარგად გაშუქდა, მასშტაბურად წარმოაჩინა ქვეყანაში არსებული ზოგადი ვითარება. აი, ეს დაინახეს სწორედ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა.

მედიათავისუფლება ავიღოთ - ხომ ფაქტია, ქვეყანაში დიდწილად პოლიტიკურად შეფარული, პოლიტიკური განზრახვით გამსჭვალული ინფორმაცია ვრცელდება. მხოლოდ სახელისუფლებო მედიაზე არ არის ლაპარაკი, მთელი მედიის მასშტაბურ პოლიტიზებაზეა საუბარი. ეს ყველაფერი ევროპისთვის არ არის ჯანსაღი მოვლენა და თანაც პასუხისმგებელი ამგვარ გარემოზე ხელისუფლებაა. აქედან გამომდინარე, სავსებით Yმოსალოდნელი იყო ევროპიდან ბოლოდროინდელი გზავნილები. მათ შორის ისიც, რომ უნდა შეჩერდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არა მხოლოდ კონკრეტულ პერსონებზე, რაც ნახსენებია რეზოლუციაშიც, არამედ საზოგადოდ უნდა შეიცვალოს გარემო. კონკრეტული პოლიტიკური საქმეები სხვაც გვახსოვს. მაგალითად, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების საქმე, რომელთა ნაწილი პრეზიდენტმა შეიწყალა. ამიტომაც ევროპის გზავნილები არ უნდა აღვიქვათ როგორც ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებული პოზიცია, როგორადაც ცდილობს "ქართული ოცნება" წარმოჩენას, არამედ ეს გულისხმობს იმას, რომ თვისებრივად უნდა შეიცვალოს ხელისუფლების მიდგომა სასამართლოსადმი, მედიისადმი, პოლიტიკური ანგარიშსწორებისადმი...

ყველაზე მძიმე შედეგი ის არის, რომ საქართველოს აღარ მიიჩნევენ ახალგაზრდა, იმედისმომცემ და განვითარებად დემოკრატიად. ახლა ეს ჩანაცვლდა იმით, რომ საქართველომ უკან დახევა დაიწყო, მიეტმასნა თუ დაემსგავსა რუსეთს... ამ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, რომელიც თავის დროზე ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ და წარმოუდგენელია ვინმემ მას "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტობა დააბრალოს, განაცხადა, საქართველო დღეს ადგას გზას რუსეთისკენ და არა ევროპისკენო, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს განაპირობა საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ქცევით, დამოკიდებულებით მართლმსაჯულებისადმი, ოპონენტებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელსაც ხშირად აბუჩად იგდებენ, და ევროპისადმი, რომელსაც პირდაპირ აბრალებენ, რომ ცდილობდა საქართველოს ომში ჩართვას. ეს ყველაფერი აისახა ევროპარლამენტარების განცხადებებზეც და რეზოლუციაშიც...

- რეზოლუციის მეხუთე შესწორებაში, რომლის ავტორიცაა ევროპარლამენტის დეპუტატი მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია, რომ ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე, სანქციები უნდა დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდა, რომ საქართველო ხელს უწყობს რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში... თუ ამგვარი კონფრონტაცია ევროპასთან გაგრძელდა და ივანიშვილს მართლაც დაუწესდა სანქციები, ალბათ, მოგვიწევს საბოლოოდ გამოვემშვიდობოთ ევროკავშირის კანდიდატობას. ამ თვალსაზრისით რა პერსპექტივას ხედავთ?

- ამ საკითხზე ჰიპოთეზურად რომ არ ვიმსჯელოთ, მოლდოვის მაგალითი გავიხსენოთ, როდესაც პრორუსული ხელისუფლების გამო მოლდოვის სვლა ევროპისკენ მნიშვნელოვნად შეფერხდა. სწორედ დოდონის გზა მიდიოდა რუსეთისკენ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ივანიშვილი ცდილობს ევროპელებს გადაულოცოს ის მთავარი ნაბიჯი, რომლის მერეც ის საბოლოოდ დაადგება იგორ დოდონის პრორუსულ გზას. ცდილობს ევროპელებმა საქართველოზე თვითონ თქვან უარი, რათა მათ შეაწმინდოს ხელი, ამტკიცოს, ჩვენ კი ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ევროპელებს არ ვუნდივართ, რადგან მაიძულებდნენ ომში ჩართვას, რეფორმების გატარებას, კონკრეტული პირების ციხიდან გამოშვებას, რაზეც არ წავედიო; ცდილობს ბურთი ევროსტრუქტურების მოედანზე დატოვოს. დააკვირდით, სულ იმას ამტკიცებენ, თითქოს იმ 12 პუნქტიდან ყველაფერი შეასრულეს, არადა, მთელი ეს პროცესი დიდწილად ბუტაფორიულია. ისე წარმოაჩენენ ვითარებას, თითქოს საქართველო იმ მდგომარეობაშია, რომ ევროკავშირს გამოუცხადოს, თუ არ გინდივართ, კარგად იყავითო. ეს საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი პოზიციაა. ევროპა არის ჩვენი ქვეყნის ცივილიზებული არჩევანი, ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენისა და განვითარების გზაა. თუ ევროპელებისგან ამ გზაზე მივიღებთ უარს, იმის ბრალი კი არ იქნება, რომ ეს ევროპელებს ან საქართველოს მოსახლეობას სურს, არა, იქნება იმის ბრალი, რომ ხელისუფლებამ საკუთარი პერსონალური სურვილებისა და პრეფერენციების დაკმაყოფილების გამო არ გაატარა საჭირო რეფორმები, არ თქვა უარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე...როცა ადამიანს რომელიმე კლუბის წევრობა სურს, მის წესებს უნდა მოერგოს. ასეა სახელმწიფოს შემთხვევაშიც. თუკი ასეთი მნიშვნელოვანი ევროპული ორგანიზაციის წევრობა გვსურს, მის წესებს უნდა მოვერგოთ. არ შეიძლება ერთი პირის ინტერესებს, რომელიც ხელისუფლებაშიც კი არ არის და ჩრდილოვანი მმართველია, შევწიროთ სახელმწიფო ინტერესები. მოკლედ, თუ ისევ ისე გაგრძელდა ყველაფერი, საქართველოც დაადგება დოდონის გზას, რომლის ევროპული სვლა შეჩერებული იყო, სანამ ხელისუფლებაში მიამა სანდუ არ მოვიდა. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არა მგონია, ჩვენი ევროპისგან დისტანცირების პროცესი სწრაფად წარიმართოს, რადგან საქართველო ევროპისთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეგიონია. აქ გადის ნავთობისა და გაზსადენის მაგისტრალები. შესაბამისად, ეს პროექტები ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ შეიძლება არ იჩქაროს, მაგრამ ზაფხულის დადგომისთანავე საქართველოსადმი დამოკიდებულება შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს, უფრო გაუარესდეს. იმის იმედად ყოფნა, რომ ამ გეოპოლიტიკური ვითარების გამო ხელისუფლება რეფორმებზე უარს იტყვის და ეს შერჩება, არ გამოვა. ეს წინდაუხედავი და არასახელმწიფოებრივი პოზიციაა.

- ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დამადასტურებელია ორიოდე დღის წინ ბუქარესტში ხელმოწერილი ხელშეკრულება "აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე". საინტერესოა, რომ ოთხი ქვეყნის მთავრობის მეთაურებთან ერთად, ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც განაცხადა, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, ეს პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევსო...

- ძნელია არ დაეთანხმო ევროკომისიის პრეზიდენტს. ეს არის უმნიშვნელოვანესი შეთანხმება და ასევე ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის. ჯერ ძნელი სათქმელია, რა და როგორ გაკეთდება, მაგრამ ფაქტია, ეს შეთანხმება აძლევს საშუალებას საქართველოს ხელისუფლებას გადადგას როგორც თავისი თავისთვის, ისე ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯები. თავის სასარგებლოდ იმიტომ, რომ ეს სერიოზული პოლიტიკური ბერკეტია; ქვეყნისთვის სასარგებლოდ იმიტომ, რომ ეს შესაძლოა იყოს ერთგვარი მინიშნებაც ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, რომლის ვერგაგება და არგამოყენება უდიდესი შეცდომა იქნება. ეს საქართველოს მართლაც აქცევს ენერგეტიკულ ჰაბად. ჩვენს ტერიტორიაზე გადის ნავთობი, ბუნებრივი აირი, როგორც ჩანს, მალე დაიწყება მუშაობა უდიდესი ელექტროკაბელების გატარებაზეც. თუ მართლაც დაიძრა ანაკლიის პორტის საქმეც, რაზეც გასულ კვირას ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს, როგორც გზაგამტარის, ტრანზისტორი ქვეყნის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს არის დიდი შანსი, რის სწორად გამოყენებაც აუცილებელია! ეს შანსი აუცილებლად უნდა გადაითარგმნოს ან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, ან კიდევ უფრო ძლიერ პოლიტიკურ კავშირში ევროკავშირსა და ნატოსთან. საინტერესოა, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე არის უნგრეთი, რომელიც მაინცდამაინც არ არის ხოლმე რუსეთის პოლიტიკის საწინააღმდეგო ღონისძიებების მხარდამჭერი.

- გასულ კვირას კიდევ ერთხელ გადაიდო მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე სარჩელის განხილვა სასამართლოში, თან მეტად კომიკური მიზეზით, თითქოს სასჯელაღსრულების სამსახურს არ ჰქონდა სააკაშვილის დისტანციურად ჩართვის ტექნიკური საშუალება. ამასთან, პენიტენციარულმა სამსახურმა გამოაქვეყნა პატიმარი ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაღებული ვიდეოფირი, რომლითაც სცადეს დაემტკიცებინათ, რომ ის არც ისე მძიმედ არის და ზოგჯერ სიმულანტობს კიდეც...

- ამ კადრების გამოქვეყნება ამორალური საქციელია, რადგან საქმე შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ეს არის ძალიან ცუდი პრეცედენტი. თუკი ყოფილ პრეზიდენტზე ჩანაწერის გამოქვეყნება ასე უაპელაციოდ შეიძლება, გამოდის, ყველას, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გამოუქვეყნონ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თუ სხვა რამ მიზნით გადაღებული ვიდეოები. გამოდის, ყოველი ადამიანის ცხოვრების თუ ჯანმრთელობის ესა თუ ის ფაქტი, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ეს საზოგადოების ინტერესის საგანია, შეიძლება გასაჯაროვდეს. გამოდის, ამ ქვეყანაში ნებისმიერი ადამიანი დაუცველია. არ ვიცი, ხელისუფლება რის მიღწევას ცდილობდა, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, აქამდე ვისაც რა დამოკიდებულება ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, იგივე დარჩა, თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილში, რომელიც ამ პროცესს პოლიტიკის მიღმა უყურებს, ჩანაწერმა აშკარად მხოლოდ თანაგრძნობა აღძრა. აშკარაა, რომ რთულია პატიმრის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა და ამის ისე შეფუთვა, რომ სიმულანტობს, მე მხოლოდ მაღიზიანებს, იმის მიუხედავად, რას ვფიქრობ მესამე პრეზიდენტზე... აქვე ვიტყვი, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, თუ ეს ეს საქართველოს ხელისუფლებაში არ იციან, გამოდის, ხელისუფლების ბევრი წარმომადგენლის ფსიქოლოგიურ-ფსიქიკური მდგომარეობაც ვერ არის ჯანსაღი.