როგორი პოლიტიკური გაზაფხული ელის საქართველოს?! - კვირის პალიტრა

როგორი პოლიტიკური გაზაფხული ელის საქართველოს?!

13 დეკემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ დებატები გაიმართა, რა დროსაც ევროპარლამენტარებმა მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება. იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოწოდებები. რას დათმობს და რას შეცვლის ხელისუფლება ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი­ გვესაუბრა:

- ქვეყანაში და მის საზღვრებგარეთაც ყველამ კარგად იცოდა, რომ სხვაგვარი შედეგი არ იქნებოდა, რადგან ბოლო, სექტემბრის რეზოლუციის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია ვითარების გასაუმჯობესებლად. ასე რომ, რაღაც მოულოდნელი და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რაც გავიგეთ, ის არის, რომ ამას ხელისუფლება სპეციალურად აკეთებს, რათა რაც შეიძლება მეტად დაგვაშოროს ევროპას, იმ კონტურებს, რომლებიც გამოჩნდა. პირიქით, ევროკავშირის სტრუქტურებს აკრიტიკებენ და მათ "უსამართლოს" უწოდებენ, აბა, თავიანთ თავს ხომ არ გამოუტანენ განაჩენს?!

წინა რეზოლუციის ტექსტი ამისგან დიდად­ არ განსხვავდებოდა. მას შემდეგ ვითარება უფრო გართულდა, 12 პუნქტის შესრულებაში ბევრი არაფერი გაკეთებულა.­ ექვსი თვის განმავლობაში ხელისუფლებამ­ სახალხო დამცველიც კი ვერ აირჩია, რადგან­ კონსენსუსით უნდა არჩეულიყო - ოპოზიციის ხმებიც უნდა ჰქონოდა და საზოგადოებასაც უნდა დაეჭირა მხარი, მაგ­რამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტების არსებობა არ აინტერესებს. ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველობის დროს ხელისუფლებას არც ერთ საქმეში არ გაუთვალისწინებია მისი აზრი, მისი იგნორირება არ უჭირდათ. საერთაშორისო საზოგადოებრიობისგან, ევროპარლამენტისა და ევროკომისიისგან განსაკუთრებულს არც არაფერს ველოდი. ისინი გვიყურებენ ისე, როგორც ველურობის ზღვარზე მისულ ქვეყანას, რომლის ხელისუფლებაც არაცივილიზებული გზით იბრძვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

- ხელისუფლებას ასე მშვიდად ყოფნის საფუძველს სუსტი ოპოზიცია ხომ არ აძლევს?

- ამ ყველაფერთან, ხელისუფლების შეცდომებსა თუ მიზანმიმართულ მავნებლურ მოქმედებებთან ერთად, ძალიან მაშფოთებს ისტერიკული შეტევა ოპოზიციაზე. ოპოზიციაშიც არასწორი მოლოდინი აქვთ. იმ პერიოდს მაგონებს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ რომ დაიწყო ისტერიკა, ვიღაცები აცხადებდნენ, შედეგები გაყალბდაო, და თან რაღაც ნაწილში ეთანხმებოდნენ. ჩამოუყალიბებელი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამიტომ სულაც არა მგონია, რომ რაღაც აპოკალიფსური ხდება. თუ ვამბობთ, ავტორიტარული ქვეყანა ვართო, ასეთ ქვეყნებში ძლიერი ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ. ამიტომ ჩვენი ოპოზიციური სპექტრიც ისეთია, რისი შესაძლებლობაც არსებობს იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვართ. ძლიერ ოპოზიციას ბევრი რამ სჭირდება, მათ შორის ფინანსები, და როდესაც ბიზნესი­ ნაწილობრივ მაინც ტერორიზებულია, ისევე როგორც საზოგადოება, რომელსაც აყურებინებენ, თუ როგორ კლავენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში, ეს შეუძლებელია. არც ინდივიდუალურ გმირობებს უნდა ველოდოთ. მიუხედავად იმისა, ვინ როგორ იაქტიურებს, ხელისუფლებას მაინცდამაინც დიდი რეაქცია არა აქვს, მაგრამ მოსახლეობის ის კრიტიკული მასა, რომელიც ვითარებას მეტ-ნაკლებად ცვლის, მაინც არ უნდა შეჩერდეს, თორემ სულ ამ მდგომარეობაში ვიქნებით. არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ქმედებების გამო ქვეყანა იღუპება, მაგრამ თითქოს პრიორიტეტები აგვერია, ოპოზიციას უფრო აკრიტიკებენ, ვიდრე ხელისუფლებას.

- და მაინც, მთავარ ოპოზიციურ ძალაში, რომელსაც წლებია ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია აქვს, პარტიის თავმჯდომარის არჩევის გამო დიდი არეულობაა. რამდენიმე კანდიდატი გამოიკვეთა. რას მოიტანს ეს დუღილი?

- ის, რაც "ნაცმოძრაობაში" ხდება, არ არის ცუდი პროცესი, პირიქით - ამ პარტიის გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს დუღილი­ ქვეყანას აზიანებს. თუ პარტიაში წინააღმდეგობებია, უნდა დასძლიონ. ახლა ამისთვის კარგი დროა, რადგან არჩევნებამდე თითქმის ორი წელია დარჩენილი და ჯობია ახლა იყოს არეულობა, ვიდრე მერე, მიწურულს.

- შესაძლებელია თუ არა ამ პროცესებმა­ ახალი ძალის დაბადება განაპირობოს?

- ბოლო ხანებში მუდმივად მხსნელის ძებნა და ლოდინი დაგვჩემდა, რაც არა მგონია, ჯანსაღი პროცესი იყოს. ეს არის მთავარი მიზეზი იმ უბედურების, რაც გვჭირს - ის მხსნელი ჯერ მხსნელია და მერე გაგვიგიჟდება და ტირანად იქცევა. იქნებ დროა, საზოგადოებამ ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება იმ რეალობაში, რომელშიც არის, და იმ ფანტაზიით არ იცხოვროს, ერთ დღესაც ვიღაც თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოაბიჯებსო. ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება დაგვჩემდა და ეს როგორმე უნდა შევცვალოთ.

- რა შეიძლება იყოს გარდამტეხი?

- გარდამტეხი იქნება, თუ ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას დაგვიკარგავს. თუმცა ახლა ისეა დაძაბული ვითარება, იმედგაცრუება იმდენად დიდია, რომ შეიძლება ნებისმიერი შეცდომა გახდეს გარდამტეხი. ამის კარგი მაგალითია 2020 წლის 20 ივნისი, როდესაც სრულიად მოულოდნელად პროტესტი მასშტაბური გახდა. გავრილოვის ჩამოსვლას დაძაბულობა მოჰყვა და ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ასეთი შეცდომებისგან ეს ხელისუფლება დაზღვეული ნამდვილად არ არის. ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაზაფხული, რადგან ევროკომისია ანგარიშს სწორედ მაშინ გამოაქვეყნებს, მასში გაცემული რეკომენდაცია და ჩანაწერი კი შესაძლოა ხელისუფლებას ძვირად დაუჯდეს. იმედი არა მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება, რადგან ფუნდამენტურ ცვლილებებზეა საუბარი, ამ ხელისუფლებამ კი, სხვა პუნქტებზე რომ არაფერი ვთქვათ, სახალხო დამცველი ვერ აირჩია და ანტიკორუფციული სამსახური ვერ შექმნა. თუ სახალხო დამცველად აირჩევენ "ქართ­ული­ ოცნების" შემწირველს, ან პირს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი არასდროს ყოფილა, არ ჩაგვითვლიან. ამიტომ არა მაქვს იმედი, რომ გაზაფხულამდე ძირეული გარდატეხა მოხდება და კობახიძისგან ჯეფერსონს მივიღებთ. ბოსნია-ჰერცეგოვინა უკვე მიიწვიეს კანდიდატის სტატუსით და ამ ჯგუფში მხოლოდ ორი სახელმწიფო ჩავრჩით - საქართველო და კოსოვო. არადა, საქართველო ორივე ხელისუფლების დროს, სააკაშვილისა და ამ ხელისუფლებაში ჩვენი გუნდის ყოფნისას, ყველა მიმართულებით მოწინავე ქვეყანა იყო. სხვებს ვუზიარებდით გამოცდილებას, თუ როგორ მივაღწიეთ ასეთ შედეგებს, ახლა კი კოსოვოსთან ერთად ვართ.

- ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა მომავალი წლის ოქტომბერში იქნება, ანუ 2023 წლის ბოლომდე გვაქვს დრო?

- დიახ, გაზაფხულის შემდეგ ერთი პატარა, ბოლო შანსი გვრჩება შემოდგომაზე. უკრაინასა და მოლდოვას უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი, ერთი ნაბიჯით ჩვენზე წინ არიან, რაც ჯერ ტრაგედიად არ ითვლება. თუ გაზაფხულზე კარგი შედეგები­ გვექნება, იოლად დავეწევით, მაგრამ თუ სტატუსი ვერც ამ დროისთვის მივიღეთ, უკრაინა და მოლდოვა კი უკვე გაწევრების ეტაპზე გადავლენ, უკვე ორი ნაბიჯით დაგვშორდებიან. ჯერ კიდევ ლაპარაკია ტრიოზე, რომელშიც ჩვენც ვიგულისხმებით, მაგრამ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ეს თემაც დაიხურება და არავინ იცის, საქართველოსთვის ეს შესაძლებლობის ფანჯარა კიდევ როდის გაიხსნება. უარყოფითი რეკომენდაცია მთელი მოსახლეობის, ქვეყნის პრობლემა გახდება და ამიტომ ვამბობ, რომ ეს შესაძლოა ხელისუფლებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდეს. სანქციები იქნება თუ არა, ჩვენს საქმეს ვერავინ გააკეთებს. მეტიც, ივანიშვილი სანქციების დაწესების შემდეგ შეიძლება უფრო ჩაებღაუჭოს ძალაუფლებას. ამიტომ საზოგადოების ზეწოლა ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რათა რეაგირება მოჰყვეს. ამიტომ, თუ გაზაფხულზე საიმედო პასუხი ვერ მივიღეთ, ეს მოსახლეობის მობილიზაციის წინა პირობა უნდა გახდეს. მირჩევნია, ოპტიმიზმი არ დავკარგო, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვლება.

- პენიტენციარულმა დაწესებულებამ გაავრცელა სააკაშვილის შესახებ ვიდეოჩანაწერი. საინტერესოა თქვენი აზრი ამის შესახებ.

- წარმოუდგენელია ლოგიკურად შეაფასო ამ ხელისუფლების მოქმედება მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრი პირდაპირ აშანტაჟებს პატიმარს, ჩანაწერს გამოვაქვეყნებთო. ერთადერთი, რა ახსნაც შეიძლება ჰქონდეს ჩანაწერის გავრცელებას, ის არის, ამით, ალბათ, გვითხრეს, აჰა, ბატონებო, სააკაშვილი ცოცხალიაო, მაგრამ ეს ისედაც ვიცოდით. ამის იქით რისი თქმა უნდოდათ?.. ცოცხალია და ცუდად იქცევაო?.. ამის მანიშნებელი იყო ის წინა ჩანაწერი, როდესაც საავადმყოფოში გადაჰყავდათ. გაუგებარია, რას გვეუბნებიან ამით? პატიმრის თუ პაციენტის დისკრედიტაცია უნდათ თუ რას ემსახურება? თუ ადამიანი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, როგორც გვეუბნებიან, მსჯავრდადებულის სიკვდილ-სიცოცხლეს ეთამაშებიან, მაშინ მას რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეს, როგორ უნდა იქცეოდეს, როგორ საუბრობდეს? ექიმი არა ვარ, დიაგნოზს ვერ დავსვამ, მაგრამ აშკარაა, რომ ცუდად არის. ტექნიკური საშუალება ვერ გამოძებნეს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესზე ჩაერთოთ? ამით ყოველ ჯერზე ადასტურებენ ქვეცნობიერ შიშს - მათ სააკაშვილის საჯარო სივრცეში გამოჩენის ეშინიათ. შესაძლოა ეს იმით იყოს განპირობებული, თუ ამ ფორმით, ამ ვითარებაში გამოჩნდებოდა, მისი მდგომარეობა ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი იქნებოდა, ყველა ნახავდა, რომ ცუდად არის. მეორე - ეშინიათ იმ გზავნილებისაც, რომლებიც სააკაშვილს ექნებოდა და რომლებისაც ხელისუფლებას ეშინია, ის მათ ამ მდგომარეობაში მყოფიც კი აჯობებს. თუმცა იმას კი ხვდებიან, რომ მისი ყოველი გადამალვა იმის პირდაპირი დადასტურება იქნება, რასაც მისი ადვოკატები ბოლო დროს ამბობენ.

თავისი ამომრჩევლის გარდა, ხელისუფლება არც მედიას, არც ოპოზიციასა­ და არც ოპოზიციურად განწყობილ მოსა­ხლეობას­ არ ელაპარაკება. ჩვენი აზრი არ აინტერესებს. ფოკუსირებულია მხოლოდ­ თავის ამომრჩეველსა და მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც სააკაშვილი ეზიზღება. დანარჩენი, ჩვენ, მედიას ან ნეიტრალურად განწყობილ საზოგადოებას რა შთაბეჭდილება დარჩა, კობახიძესა­ და მის თანაგუნდელებს სულ არ აინტერესებთ. მათი მომხრეების, დაქირავებული ტროლების პოსტები, კომენტარები, სხვების კედლებზე შემოვარდნები გვაჩვენებს ხელისუფლების უსუსურობას. როგორც ყოველთვის, ხელისუფლება თავად აიჭრა საკუთარ პროპაგანდაში. ამიტომ, თუ დღევანდელ ოპოზიციას რამე შეუძლია, ყველაზე სწორი სტრატეგია იქნება ხელისუფლებას "ოცნების" ამომრჩევლის წინაშე დააშვებინოს შეცდომა.

- ხელისუფლებამ გაააქტიურა ანაკლიის პორტზე საუბარი. რას ელით ამისგან?

- 2023 წელს ანაკლიის პორტის აშენება ზღაპარია, რადგან წელი უკვე მიიწურა და ჯერ ინტერესთა განაცხადიც არ არის გამოქვეყნებული. პროექტი საქმედ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, თუ ვიღაცას აჩუქებენ. მაგალითად, ჩემს მოგვარეს, რომელსაც ჩემთან საერთო არაფერი აქვს, გარდა გვარისა. ამ შემთხვევაში ეს იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი პორტი, რაც საბოლოოდ ჩაგვაბეტონებს რუსულ ორბიტაზე. ასეთები კიდევ არიან. რუსეთში მცხოვრები სხვა ქართველი ბიზნესმენებიც რიგში დგანან. ამასთან, ჯაფარიძე-ხაზარაძის სასამართლო პროცესი დაიწყო და ამ პროექტზე საუბარი ამასაც ეხმიანება - მოსამართლეს შეახსენეს, რომ ხელისუფლება ამ საქმეს აკვირდება.