„ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ სააკაშვილი ქართულ ციხეში არ უნდა მოკვდეს და ამას არ დაუშვებს“
"ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლება, უცხოეთში გაშვება-არგაშვება პოლიტიკური საკითხი გახდა. მისი ჯანმრთელობის საკითხი ამ ამბავში უკვე მეორეხარისხოვანია", - ამბობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. რა დილემის წინაშე დააყენა საქართველოს მმართველი გუნდი სააკაშვილის ფაქტორმა, გასცდა თუ არა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმე სამართლებრივ საკითხს და სად არის გამოსავალი, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- სააკაშვილის ფაქტორმა "ქართული ოცნება" გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. ისეთი ვითარებაა ქვეყანაში, რომ ხელისუფლებას ძალიანაც რომ უნდოდეს, სააკაშვილს უცხოეთში ვერ გაუშვებს. რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სააკაშვილს უცხოეთში წასვლის საშუალებას მისცემს, მმართველი გუნდის მარცხად იქნება აღქმული. სააკაშვილის მშობლები და ნათესავები არა, მაგრამ მისი მხარდამჭერები, პარტია "ნაცმოძრაობა" იმას კი არ იტყვიან, რომ სააკაშვილი გადაარჩინეს, თავს გამარჯვებულად გამოაცხადებენ და უფრო გააქტიურდებიან ქუჩაში, გაუჩნდებათ განცდა, რომ ხელისუფლებას კიდევ მეტ დათმობაზე წამოიყვანენ. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს სახით. თუმცა მათთვის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება. რაც უნდა განცხადებები გააკეთონ ევროპარლამენტარებმა და როგორი რეზოლუციებიც უნდა მიიღონ, ევროპის აღმასრულებელი ხელისუფლება ჩვეულებრივად განაგრძობს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან და იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საქართველოს ეკონომიკას, სოციალურ საკითხებსა და უსაფრთხოებას უკავშირდება. რაც შეეხება რეზოლუციას, სადაც საუბარია ივანიშვილისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე. ლაპარაკია ასევე ივანიშვილის რუსეთთან შესაძლო კავშირის შესწავლა-გამოძიებაზე. დადასტურებულად არ არის საუბარი, ვიცით, რომ ივანიშვილს კრემლთან აქვს კავშირიო. ეს ძალიან კარგად იცის "ქართულმა ოცნებამ" და არავითარ შემთხვევაში არ გადადგამს ნაბიჯს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ელექტორატი, ხელისუფლების მარცხად ან დათმობად მიიჩნევს. არის ერთი გამონაკლისი - თუ მართლა ისე გართულდება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ ლეტალური შედეგის საფრთხე დადგება, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება გაუშვას, ვინაიდან არავითარ შემთხვევაში არ აწყობს სააკაშვილის სიკვდილი მის ხელში.
- ფიქრობთ, რომ სააკაშვილი არც ისე ცუდადაა, როგორც მისი ოჯახის წევრები, პირადი ექიმები და ადვოკატები ამბობენ?
- როგორც "ემპათია" აცხადებს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა შეუქცევადად გაუარესდება, ორ-სამ თვეში შეიძლება ლეტალური შედეგი მივიღოთო. ბოლოდროინდელი ვიდეოჩანაწერი არ იძლევა იმის თქმის საბაბს, რომ სააკაშვილს რაღაც სასიკვდილო სჭირს. არც ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ ამგვარი ჩანაწერის გასაჯაროებამ საზოგადოება აღაშფოთოს. რაც შეეხება პირობებს, საკმაოდ კომფორტულ პალატაში თუ საკანში ცხოვრობს. სიმართლე ვთქვათ, სააკაშვილი მშვენიერ გარემოშია, სადაც ახლაა, მაგას ციხე არ ჰქვია! კომპიუტერი მაგას არ აკლია, ტელევიზორი და კარგი სასმელ-საჭმელი. ერთ წელიწადში 1500 მნახველიც ჰყოლია. გამოდის, დღეში ხუთი კაცი ნახულობს, თავისუფალი ვარ და მე ვერ ვხვდები ხუთ კაცს დღეში. სააკაშვილს თვალით არ უნახავს საკნის ვირთხები და სალაფავი არ უჭამია. ეგ რა პატიმრობაა? იცით, რა არის გაუკუჭავი თევზისგან მომზადებული წვნიანი? "ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ სააკაშვილი ქართულ ციხეში არ უნდა მოკვდეს და ამას არ დაუშვებს.
- რჩებოდა განცდა, რომ უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის საკითხისთვის აღარ ეცალა, ცოტა ხნის წინ კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩვენს ხელისუფლებას მოუწოდა უზრუნველყოს სააკაშვილისთვის სათანადო სამედიცინო დახმარება და დააკმაყოფილოს შუამდგომლობა სასჯელის გადავადებაზე.
- ჩემი აზრით, უკრაინამ თავი ვალდებულად მიიჩნია, რომ გამოხმაურებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას.
- 14 დეკემბერს, როდესაც მოსამართლემ პროცესი გადავადებულად გამოაცხადა, სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მაგრამ მალევე შეწყვიტა, შიმშილობა კი მისი პარტიის წევრებმა გამოაცხადეს. რა შთაბეჭდილება შეგიქმნათ ამ ამბის ასეთმა თანამიმდევრობამ?
- შიმშილობა ქართულ პოლიტიკაში სიახლე არ არის, მაგრამ ამ კონკრეტული შიმშილობის თემა აშკარად გასცდა საქართველოს საზღვრებს. მაგალითად, ადრე ეროვნული მოძრაობის დროს მოშიმშილეები შიმშილობას წყვეტდნენ, როცა მათ პატრიარქი მიმართავდა თხოვნით. ახლა ახალი ეტაპია, სააკაშვილს პატრიარქმა კი არა, ევროპარლამენტმა მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ. სხვა ყველაფერთან ერთად შიმშილობის თემაც გააუფასურეს, ყველაფერი თეატრალიზებული გახადეს. როგორც ადრე ვერ მოუტანა შიმშილობის გამოცხადებამ შედეგი "ნაციონალებს", ახლაც ვერ მოუტანს. იშიმშილებენ რამდენიმე დღეს და გაჩერდებიან. ვერც ხელისუფლებაზე მოახდენენ გავლენას პროტესტის ამ ფორმით და ვერც საზოგადოებაზე. ვერც პარლამენტის დატოვება მოიტანს შედეგს. ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ უმისამართოდ ისვრის ლოზუნგებს. რა მოიტანა ბოიკოტმა ან შიმშილობამ 2007 წელს? "ახალი მემარჯვენეები" ბურჯანაძის კაბინეტიდან არ გამოდიოდნენ, მაგრამ რა ქნეს?! ეს გაუთვლელი ნაბიჯები, მათივე საწინააღმდეგოდ რომ მოქმედებს, იმასაც ვერ ხვდებიან.
- ოპოზიციას გამოსავალი არა აქვს?
- გამოსავალი არ ექნება, სანამ აქცენტებს სწორად არ დასვამენ, მოსალოდნელ შედეგებს არ განსაზღვრავენ. სააკაშვილის მხოლოდ სასამართლო საქმე კი არა, ჯანმრთელობის საკითხიც პოლიტიკურ თემად იქცა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ "ნაცმოძრაობა" სააკაშვილის გადასარჩენად კი არა, მისი მემკვიდრეობისთვის იბრძვის.
- როგორ აფასებთ პარტიის თავმჯდომარეობისთვის მებრძოლი კანდიდატების: ნიკა მელიას, ნონა მამულაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი მუმლაძის შანსებს?
- ვფიქრობ, მთავარი ბრძოლა ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაიმართება. მაპატიონ, მაგრამ, მგონია, მამულაშვილი და მუმლაძე პოლიტიკური გარნიტურის ფუნქციას უფრო შეასრულებენ. მამულაშვილმა ცოტა ხნის წინ პარტიაც მიატოვა და დეპუტატის მანდატიც. მან უნდა ახსნას, რატომ გააკეთა ეს. მუმლაძის პერსპექტივას საერთოდ ვერ ვხედავ. რაც შეეხება ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ერთმანეთის დისკრედიტაციას, ეს ხომ საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია წინასაარჩევნო პერიოდში? მე ერთი რამ შემიძლია ვურჩიო თავმჯდომარეობის ყველა კანდიდატსა და სააკაშვილის ყველა გულშემატკივარს - არ მუშაობს მათი მუქარანარევი მოწოდებები, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვან. თუ მართლა ადარდებთ, რაიმე ქმედითი უნდა მოიფიქრონ. ასევე არ იმუშავებს მოწოდება, ქუჩაში გამოდითო.
- "ნაცმოძრაობას" დეკლარირებულად ჰყავს 500 000 ამომრჩეველი. რატომ ვერ ახერხებს ამის ნახევრის მაინც გამოყვანას, როდესაც სააკაშვილის საკითხი წყდება?
- ნახევრის კი არა, 10%-ის გამოყვანასაც ვერ ახერხებენ იმიტომ, რომ სხვადასხვა რამეა, როდესაც ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერს მხარს უჭერ, და როდესაც ქუჩაში გასასვლელად ხარ მზად. ქართველი საზოგადოება არ არის ქუჩაში გასასვლელად მზად. ერთი საინტერესო ფაქტი მინდა შეგახსენოთ - 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა ყველაზე მეტად დისკრედიტირებული ძალა - კომუნისტური პარტია. ეს ხომ უნდა გააანალიზოს ვინემ? "ნაცმოძრაობის" ელექტორატის დიდ ნაწილს წარმოადგენენ ყოფილი ჩინოვნიკები, იმ პერიოდში წელგამართული ბიზნესმენები და მათი ოჯახის წევრები. ამ ხალხს ისევ უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება, მაგრამ ერთიანი არ არიან. ამასთან, მათ ხალხის 2/3 უპირისპირდება.
- ეს გასაგებია, ახლა ის არის საინტერესო, ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ თემად სააკაშვილის საკითხის შენარჩუნება ხელისუფლების ინტერესებში შედის?
- რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, "ქართული ოცნება" არ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის თემის გამო ქვეყანა დაპაუზებული ჰყავს. შეგახსენებთ შარშანდელ ამბავს, როდესაც მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომის მოლოდინში იყო, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი მთლიანად სააკაშვილზე იყო აწყობილი. დღეს ჩვენს რეგიონში მესამე მსოფლიო ომის ტოლფარდი კონფლიქტია, ჩვენ კი სერიოზულად განვიხილავთ, რა შეჭამა სააკაშვილმა... ახლა მე თქვენ გეკითხებით, რატომ გაუშვებს "ოცნება" სააკაშვილს. თუ დასავლეთიდან ძალიან სერიოზული ზეწოლა არ იქნება, ან უკრაინაში ომი მოკლე დროში არ დამთავრდება, გამორიცხულია ხელისუფლებამ სააკაშვილი 2024 წლის არჩევნებამდე გაუშვას.
ხათუნა ბახტურიძე