„როცა ამას უკეთებენ ყოფილ პრეზიდენტს, წარმოიდგინეთ როგორი დაუცველია ჩვეულებრივი მოკვდავი“
უფლებადამცველი, იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვევა:
- სასამართლო პროცესზე რომ ვერ ჩართეს დისტანციურად, ეს დაუჯერებელია. სააკაშვილი განზრახ არ ჩართეს, რადგან საზოგადოებისთვის და, ალბათ, მოსამართლისთვის არ სურდათ იმ მდგომარეობაში ენახვებინათ. თუმცა ის ვიდეოებიც, რომლებიც იუსტიციის სამინისტრომ ხმის გარეშე გამოაქვეყნა, ძალიან მძიმე სანახავი იყო. ერთი მხრივ, განზრახ არ ჩართეს პროცესზე, მეორე მხრივ შესაძლოა სურდათ ეფექტის, შოკის მოხდენა საზოგადოებაზე, თუნდაც სააკაშვილის მომხრეებზე. ამის შეფასება ადამიანურად მიჭირს, წარმოუდგენელია, რაც ვნახე... ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ დარღვეულია ევროკონვენციის მეექვსე მუხლი. ყველა ადამიანს აქვს უფლება პირადად იყოს წარმოდგენილი სასამართლოში და დაიცვას თავი. უმძიმესი დარღვევაა ვიდეომასალის ჩვენებაც. უდავოა ისიც, რომ გადაღებული იყო ფარულად და გასაჯაროვდა სააკაშვილის უნებართვოდ, თან ჩანაწერში დაფარეს მედპერსონალი და მათ შორის ახლობლებიც. აშკარაა ვიღაცამ დაამუშავა თვეების განმავლობაში გადაღებული მასალა, რაც კონვენციის უხეში დარღვევაა. დასანანია, რომ ეს გააკეთა სახელმწიფომ. ალბათ, პერსონალურად იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება იყო. წარმოუდგენელია იმის გააზრება, რომ ეს სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც იცოდნენ და დაეთანხმნენ. ერთია, რომ დაარღვიეს სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები და ძალიან შეუფერებლად აჩვენეს საჯაროდ და მეორე უბედურება ის არის, ამის შემდეგ ნებისმიერ გონიერ ადამიანს დაებადება კითხვა, როცა ამას უკეთებენ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, რას უნდა მოელოდეს თავად ამ ქვეყანაში. წარმოიდგინეთ როგორი დაუცველია ჩვეულებრივი მოკვდავი. ყველამ იცის, მე არც წარსულში ვიყავი მისი მომხრე და არც დღეს ვარ, მაგრამ რაც ვნახეთ, ყოვლად გაუმართლებელია. ვფიქრობ, საზოგადოებას ჰქონდა ამაზე ადეკვატური რეაქცია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არის კარგი შურისძიება სააკაშვილზე, ამის გაფიქრებაც კი დაუშვებელია.
- სააკაშვილმა ეს საკითხი ევროსასამართლოში რომ გაასაჩივროს, დავას მოიგებს?
- ევროსასამართლოში ყველაფერი წყდება მტკიცებულებებით. თავად ეს ფაქტი აღარც საჭიროებს დამატებით დასაბუთებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება იძლევა შესაძლებლობას გამოყენებულ იქნეს ევროსასამართლოს წესი, რომელსაც ორდინარულ და გამოუვალ სიტუაციებში იყენებენ, მაშინ, როდესაც ხდება პირის ექსტრადიცია და გადაყვანის შემდეგ დაემართება რამე, ან გახდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, და მაშინაც, როცა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აშკარაა, მკურნალობა შედეგს არ იძლევა. ჩვენ ეს შემთხვევა გვაქვს. კლინიკამაც დაადასტურა, რომ ყველა შესაძლებლობა ამოწურეს და მისი მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ასეთ შემთხვევაში არანაირი ლოგიკა არ არის იმაში, რომ სასამართლომ პირს არ გადაუვადოს სასჯელი, ან არ გაათავისუფლოს ვადამდე პირობით. თუ ვინმეს ჰგონია, რადგან თავის დროზე სააკაშვილი არღვევდა სხვის უფლებებს და ახლა მასაც ასე უნდა მოექცნენ, წარმოუდგენელი უზნეობა და საერთაშორისო ნორმების დარღვევაა.
პატიმრობა ისეთი შოკისმომგვრელი გარემოებაა, შეიძლება სრულიად ჯანსაღი ადამიანი დაავადდეს უმძიმესად და შემდეგ მას გადაუვადებენ პატიმრობას და ციხიდან გაათავისუფლებენ. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს 2-3 შემთხვევა მეც მქონია პრაქტიკაში - პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მივაღწიეთ, რომ ის გადაიყვანეს "რეზბალნიცაში". როცა ჩემმა კოლეგამ მოინახულა, ლამის ტიროდა, კაცი უმძიმეს მდგომარეობაშია, ვერ გადარჩებაო. დიდი ბრძოლით მივაღწიეთ იმას, რომ ის გაათავისუფლეს ციხიდან და ძალიან სწრაფად აღიდგინა ჯანმრთელობა. პრაქტიკაში ცნობილია ასეთი ფაქტები და ხშირად ექიმები ვერ ხსნიან ასეთ მოვლენას, მაგრამ ხდება... ექსპერიმენტების ჩატარება ადამიანის ჯანმრთელობაზე დაუშვებელია. შესაძლოა მკურნალობის შემდეგაც შედეგი არ დადგეს და ძალიან ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდეს, არც იმას გამოვრიცხავ, იმ გარემოს რომ მოსცილდება, გამოკეთდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში არის რისკი, რომ დაიღუპოს. ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველას, ასეთ ექსპერიმენტებს თავი დაანებონ. ბევრი ადამიანი მინახავს ციხეში და მერე პარლამენტში, ასევე პირიქითაც, ჯერ პარლამენტში ყოფილა და მერე ციხეში მომინახულებია. უნდა გავწყვიტოთ ეს მოჯადოებული წრე და შევქმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პირი ციხეში კი არა, სახლში მიდის.
- იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაასაჯაროვა ვიდეო. საუბარია სიმულაციაზეც. ბევრი იმასაც ამბობს, რომ სააკაშვილი იქით არღვევს ექიმების უფლებებსო. პარალელები გაავლეს მისი პრეზიდენტობის პერიოდში მომხდარ ფაქტებზეც და მოიყვანეს მოლაშვილის, მირცხულავას და სხვათა საქმეები. საზოგადოების ერთი ნაწილი ითხოვს სააკაშვილის ციხეში დაბრუნებასაც. ამაზე რას იტყვით?
- დარწმუნებული ვარ, არც ერთი ექიმი მომხრე არ იქნება, რომ სააკაშვილი ციხის პირობებში დაბრუნდეს და არ იტყვის, რომ ის სიმულანტია. ვიდეოში ყველაფერი აშკარაა, ყველა ნორმალური ადამიანი მიხვდება, რომ ის მართლა მძიმე მდგომარეობაშია. თუკი ის და მისი ოჯახი ითხოვს სასჯელის გადავადებას სამკურნალოდ, ეს უნდა გაკეთდეს. დარწმუნებული ვარ, მისი შენახვა ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ლარი ჯდება და თუკი მას გაუშვებენ სამკურნალოდ, ჯერ ერთი, ბიუჯეტი გათავისუფლდება ხარჯისგან და ეს თანხები მოხმარდება სხვა მძიმე პატიმარს, რომელსაც არ უთხოვია გათავისუფლება, მაგრამ სჭირდება სამედიცინო დახმარება. რაც შეეხება სიმულაციაზე საუბარს, ვფიქრობ, არარელევანტურია. კანონი არ ასხვავებს პატიმარს. პაციენტმა უნდა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება და თუკი არ არის ამის შესაძლებლობა, უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ სხვაგან იმკურნალოს.
- სააკაშვილი უარესის ღირსიაო, ისმის...
- თუ უღირს ადამიანს მოექცევი ისე, როგორც შენ გექცევა, მაშინ უარესად უღირსი ხარ შენ. არც შურისძიებაა სწორი. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როცა ერთი თანამდებობის პირი მოხვდა ციხეში. ეს იყო გამონაკლისი შემთხვევა, რადგან თანამდებობაზე ყოფნისას მაინცდამაინც ღირსეულად არ მომქცევია, მაგრამ როდესაც მთხოვა, ვინახულე ციხესა და რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც. არ მიკადრია შურისძიება, მით უფრო თავისუფლად შემეძლო უარი მეთქვა. არც კანონი მავალდებულებდა შეხვედრას. არ მესმის იმ ხალხის, ვინც ცდილობს შური იძიოს სააკაშვილზე, თან როგორც ვიცი, იუსტიციის მინისტრ ბრეგაძესთან დამსახურებაც ჰქონია სააკაშვილს. თუ ჰგონია ვინმეს, ამ ქმედებით რაიმე რეიტინგს მოიხვეჭს, ან მომხრეებს გაიმრავლებს, ძალიან ცდება. საზოგადოების შეფასებამ აჩვენა, რომ "ქართულ ოცნებას" ამ ფაქტმა არ შემატა არც ღირსება და არც მომხრეები. თუ კიდევ რამე უარესს დადებენ, ეს ფსკერზე ქვევით ჩასვლა იქნება.
- ახლა ყველა ელოდება სასამართლო პროცესს, როგორ ფიქრობთ, მოუწევს ხელისუფლებას სააკაშვილის გათავისუფლება და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვება?
- ვფიქრობ, მოუწევთ. ეს ჩანაწერი იყო ბოლო წვეთი ფიალაში და საზოგადოებამ დაანახვა ხელისუფლებას, რომ ეს არ არის სწორი. მთავარია, არ გაიწელოს სასჯელის გადავადება, რადგან თუ რამე მოუვა, ძალიან დაზარალდება ქვეყანა. ვერანაირი გამართლება ვერ მოეძებნება იმას, რომ არ მისცეს მკურნალობის საშუალება. ეს არის სისასტიკე, რომელიც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება.