„პრეზიდენტის შეწყალება არ იქნება საკმარისი, რომ სააკაშვილმა საპატიმრო დატოვოს“ - კვირის პალიტრა

„პრეზიდენტის შეწყალება არ იქნება საკმარისი, რომ სააკაშვილმა საპატიმრო დატოვოს“

პარლამენტში დეპუტატებმა სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვების მოთხოვნით შიშილობა დაიწყეს. სამართლებრივად რამდენად გამართულია იუსტიციის სამინისტროს ნამოქმედარი, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

- არც სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა ამას და არც ფაქტობრივი გარემოებები ამყარებს ვარაუდს, რომ მართლაც შეიძლება რაიმე პრობლემა ჰქონოდა იუსტიციის სამინისტროს. ელემენტარული ტექნიკური უზრუნველყოფა იყო საჭირო. ამიტომ ალბათობის მაღალი ხარისხით, ვერ კი არა, არ გააკეთა და გამოდის, არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივი, პოლიტიკური ოპონენტის მიმართ წარმოებული მართლმსაჯულების ხელის შეშლა.

- როდესაც ხელისუფლება აკეთებს ასეთ რაღაცებს, საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა რატომღა უკვირთ?

- მგონი, კრიტიკა კი არ უკვირთ, ამბობენ, რომ ევროკავშირი არ ვარგა, ამერიკა არ ვარგა. იქით ესხმიან თავს და თვითონაც ვერ წარმოუდგენიათ კარგად, ამით რისი მიღწევა უნდათ. ამით რას აკეთებენ, ფიქრობენ, რომ ევროპელების თვალში აზიანებენ ევროკავშირს? როგორც ჩანს, მათი აუდიტორია მხოლოდ აქაური მხარდამჭერებია.

- თუნდაც ამ კატეგორიაზე ასეთი პრიმიტიული მიდგომა ჭრის?

- რა თქმა უნდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენთან სამოქალაქო განათლება ვერ არის ჯეროვანი... რომ ვნახოთ სხვადასხვა­ კვლევა, თუ როგორია ანალიზის უნარი ჩვენს საზოგადოებაში, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა განათლების მწვავე დეფიციტია. ამიტომ გამოსდით ადამიანების უპრიმიტიულესი გრძნობებით მანიპულირება.

- სააკაშვილის ჩანაწერის გავრცელებას რა მიზანი ჰქონდა და დაარღვია თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ამით კანონი?

- საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ გამოუვიდათ ეს ყველაფერი, სამართლებ­რივადაც და ადამიანურადაც. საკუთარი ამომრჩევლებიც კი არ უწონებენ ამ საქციელს. როგორც ჩანს, ჩანაფიქრი იყო იმის ჩვენება, აი, ნახეთ, რა პირობებში ვამყოფებთ და რა ცუდი ადამიანია, კიდევ რაღაცებს როგორ ითხოვსო... რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ჩვენი მთავრობა, როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ მხოლოდ ქართული კანონმდებლობის ფარგლებში მანიპულირებით გაძვრებოდა. თუმცა დაავიწყდათ, რომ პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებით ევროკავშირისთვის 2006 წლიდან ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. არაერთი საერთაშორისო ევროპული ინსტიტუტი გამადიდებელი შუშით აკვირდება ამ ყველაფერს. საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვა სწორედ ევროპელების ჩართულობით დაიწყო და იმის თქმა, ჩვენს კანონში რაღაც წერია და რაღაც არ წერიაო, ოროსანი ბავშვის ნააზრევს ჰგავს. ევროკავშირს, რომელმაც ეს ყველაფერი შეგიქმნა, უთხრა, საკუთარ კანონმდებლობაში რაღაც მიწერიაო, ძალიან სასაცილოა. სააკაშვილს ორი სტატუსი აქვს - გარდა პატიმრისა, ის არის პაციენტიც. როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ პატიმრის სტატუსიდან ამოვიდნენ და სწორედ ამის გამო კანონდარღვევა სახეზეა.

- ახსენეთ, რომ ქართული კანონმდებლობა რაღაც ხვრელებს ტოვებს. ეს რის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას?

- ეს არის პატიმრობის კოდექსი და მინისტრის ბრძანება, რომლითაც პატიმრის ჩაწერა პროცედურულად რეგულირდება­. როგორც ჩანს, ამით აპირებ­დნენ ფონს გასვლას და "დაივიწყეს" "ჯანმრთელობის­ დაცვის შესახებ", "პაც­იენტის უფლებების შეს­ახებ", პერსონალური­ მონაცემების დაცვის შესახებ" კანონები, საერთაშორისო აქტები პაციენტის უფლებების შესახებ და მხოლოდ თავიანთი დაწერილი რეგულაციებით დაასკვნეს, რომ კანონს არ არღვევდნენ.

- ანუ სააკაშვილმა სახელმწიფოს ამის გამო სტრასბურგში რომ უჩივლოს, მოუგებს?

- რა თქმა უნდა, ისევე, როგორც სასამართლოზე არმიყვანის გამო. გასაჩივრების შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლომ შესაძლებელია დაადგინოს დარღვევები.

- ქართული კანონმდებლობა სააკაშვილს გათავისუფლების რა საშუალებას აძლევს?

- სააკაშვილი, გარდა პაციენტისა, არის მსჯავრდადებული და ბრალდებული და ეს ორი სხვადასხვა სტატუსია. დასრულებ­ულია რაღაც საქმეები, სადაც ის მსჯავრდადებულია, პატიმარია, და არის საქმეები, რაზეც ჯერ სასამართლოს პირველ ინსტანციასაც კი არა აქვს გამამტყუნებელი­ განაჩენი გამოტანილი. აქ ბრალდებულია. მსჯავრდადებულთა შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რომ მსჯავრდადებულმა, რომელიც იმავდროულად არის ბრალდებული­, დატოვოს საპატიმრო. ვინც ამბობს, რომ პრეზიდენტის ხელშია რაიმე, არ არის სწორი, რადგან პრეზიდენტის შეწყალების აქტს შეუძლია მხოლოდ სასამართლოს დაუტოვოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა. ისევე, როგორც დღესვე შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ბრალდებული საპატიმროს ვერ დატოვებს. სააკაშვილის ციხიდან გაშვების გასაღები მხოლოდ პრეზიდენტ ზურაბი­შვილს არ უჭირავს. ჩვენს პოლიტიკოსებს­ თავისი დღის წესრიგი აქვთ და შესაძლოა ეს იცოდნენ კიდეც, მაგრამ არ აკეთებენ აქცენტს...

ჩვენს ხელისუფლებას პოლიტიკური გონიერება რომ ჰქონდეს, ყველაზე კარგი საშუალება იქნებოდა სააკაშვილის როგორც უკრაინის მოქალაქის კიევისთვის გადაცემა და დამთავრდება ეს პრობლემა. შესაბამისად, თუკი რომელიმე პოლიტიკოსი ამაზე არ მიდის, მაშინ რა რჩება? რჩება პუტინის მუქარა სააკაშვილზე, ერთი ადგილით ჩამოგკიდებო და ახლა რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვუსრულებთ და ამისთვის ვითხოვთ, სადმე მცირე თბილ ადგილს ხომ მაინც მოგვიჩენო...ასეთი კარგი სამართლებრივი საშუალება გქონდეს, რომ ქვეყნის დიდი პრობლემა მის გარეთ გაიტანო, არ არსებობს. ამით უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვეღარ შემობრუნდება და ვეღარც როგორც მოქალაქე შემოვა, რადგან სავიზო კონტროლი ხელისუფლების ხელშია.

რუსა მაჩაიძე