„ღმერთო, შეიძლება ამაზე უარესი იყოს ჯოჯოხეთი?“
ბერ-მონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე 4 წელია, რაც უკრაინაში, ქალაქ როვნოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მსახურებს. 29 წლის ასაკში, ბერად აღკვეცამდე, 2 წლით ათონის მთაზე, კუტლუმუსის მონასტერში წავიდა და იქიდან არ გამოსულა. მას რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას არც როვნო დაუტოვებია და არც ფრონტის ხაზზე მებრძოლები - შეძლებისდაგვარად ზრუნავდა ჯარისკაცებზე, ემიგრანტების გამოგზავნილი მედიკამენტებით ამარაგებდა და თვეების განმავლობაში მათთვის ფენოვან ხაჭაპურებს აცხობდა. "ქართველი ბერი, რომელიც ლოჯისტიკურად ზრუნავს უკრაინელ ჯარისკაცებზე", - წერდა მასზე უკრაინული მედია.
- საჰაერო განგაშსა და სტრესში ვცხოვრობთ. უმეტესად ელექტროსადგურებს ბომბავენ. ახლა ჩვენთან -3 გრადუსია, გაუსაძლისი მდგომარეობაა. ელექტროენერგიას დღეში 2-3 საათით თუ გვაწვდიან. სენაკში ცხვირი რომ გამეყინა, ამან გამომაღვიძა, სიცხე გავიზომე და 39 მქონდა... გარეთ რომ გავიხედავ და ჩაბნელებულ სივრცეს ვხედავ, გული მეწვის, საწუწუნო რა მაქვს, როდესაც ამდენი ბავშვი იტანს რუსულ სისასტიკეს, არაადამიანურ დამოკიდებულებას. რუსებს ჰგონიათ, გატეხენ უკრაინელ ერს, მაგრამ ეს არ მოხდება. აქ ვერ ნახავთ მოწუწუნე ადამიანს. ომის დაწყების დღიდან ჯოჯოხეთურ ყოფაში ვართ. ფილმებში რომ ვნახავდი ასეთ გამაოგნებელ სცენებს, ომსა და მიცვალებულებს, თვალებზე ხელს ვიფარებდი, ახლა ყველაფერი ჩემ თვალწინაა. 26 თებერვალს 10 ახალგაზრდა ჯარისკაცს ავუგე წესი, შემდეგ იყო სატელევიზიო ანძის დაბომბვა და მისი 27 დაღუპული თანამშრომელი. ამ ყველაფერმა ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა. წესის აგებაზე რომ ვიდექი, საკუთარ ხელს ვჩქმეტდი, გამოიღვიძე, მამაო, იქნებ ეს სიზმარია, ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს 21-ე საუკუნეში-მეთქი. იდგე და ახალგაზრდებს წესს უგებდე, საშინელებაა. მათ შორის ყველაზე დიდი 36 წლის იყო. კი, ყველანი ბოლოს ღმერთთან წამსვლელი ვართ, მაგრამ მეც ხომ ადამიანი ვარ? ახლახან 23 წლის ბიჭს ავუგე წესი, ის ყველაზე პატარა იყო.
ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო, როდესაც წესის აგებაზე ვიყავი, ვხედავ ერთ ქალს ორ სასახლეს შუა დაჩოქილს. ცალი ხელი ერთ მიცვალებულზე, მეორე კი მეორეზე უდევს და ამბობს, რომელს მოგეფეროთ, რომ არც ერთი გულდაწყვეტილი არ წახვიდეთო. თურმე ორივე შვილი დაღუპვია, ერთი 30-ის, მეორე - 25 წლის. მე იქ და მაშინ გავიყინე... სულ ვეუბნები ჩემს თავს, ღმერთო, ამაზე მეტი რაღა უნდა ვნახო, შეიძლება ამაზე უარესი იყოს ჯოჯოხეთი-მეთქი? როცა უკრაინელი დედები შვილებს მარხავდნენ, მოდიოდნენ და ჯარისკაცებისთვის საფარველებს ქსოვდნენ (ტანკებს რომ გადააფარონ, შეუმჩნეველი რომ იყოს მტრისთვის). აქ გლოვა არ დასრულებულა, აქ ბრძოლაში შვილმკვდარი დედა შვილს არ გლოვობს, ფრონტზე მყოფ ჯარისკაცებზე ზრუნავს. ეს არის გმირობა, ქვა და კლდე გახდა ეს ერი... იმ მოტირალმა დედამ თქვა, ახლა გლოვის უფლება არა მაქვს, თქვენ ხომ იქ დატოვეთ ჯარისკაცები და სანამ ომი არ დასრულდება, ვერ გიტირებთო. დაღუპულ შვილებს პირობა მისცა, რომ მათი სულებისა და ცოცხლებისთვის იბრძოლებს. წარმოვიდგინე, როგორი დედა იქნებოდა 9 ძმა ხერხეულიძის დედა, როგორ მიჰქონდა დაცემული შვილის დროშა... ასეთი გმირი ხალხი და დედები არიან აქ!
ყველამ იცის, რომ ეს ომი ზელენსკის მოსვლამდე, 2014 წელს დაიწყო. აქ ერთ კაცს ვერ ნახავთ, ზელენსკის უკმაყოფილო იყოს, მას იმდენად ძლიერ ადამიანად თვლიან. მიაჩნიათ, რომ დღეს თუ არ დაეცა უკრაინა, ეს პრეზიდენტის დიდი დამსახურებაა. ზელენსკი შეიძლება მეხუთე კოლონამ გალანძღოს - რუსული ეკლესიის წარმომადგენლებმა. ყველამ ვიცით, რომ ომის დასაწყისში მათ ჩამოხსნეს ქალაქის და ობიექტების მიმართულებები, რუსული სამღვდელოება წითელ ჯვარს სვამდა, ლოკაციებს უნიშნავდა მტრის ჯარს, რომელმაც ბელორუსის საზღვარი გადმოკვეთა, მიჰყავდა კომისარიატებთან, ბაზებთან... ისინი მოწამლული არიან რუსული პროპაგანდით. რუსებს კავშირი არა აქვთ მართლმადიდებლობასთან. ბუჩაში დედის თანდასწრებით 11 წლის ბიჭი გააუპატიურეს. ამის მერე გამოდის რუსეთის პატრიარქი, ჯარს ლოცავს და ეუბნება, უკრაინაში საბრძოლველად თუ წახვალთ, სამოთხეში მოხვდებითო. პროპაგანდისტებს მინდა მივმართო: ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია, ოდესმე წარვდგებით ღვთის წინაშე და განა რა ფული უნდა აიღოთ, რომ ბავშვების მკვლელებს გაუწიოთ პროპაგანდა? დღეს უკრაინაში 465 ბავშვია დაღუპული და როგორ შეიძლება მართლმადიდებელი პატრიარქი მათ მკვლელებს ლოცავდეს? ბუჩა არაადამიანობის მაგალითია, ხოლო ვინც ამ სისასტიკეს ამართლებს, ამ მკვლელობების თანამოზიარეა. ხარკოვი ხომ რუსულენოვანი ქალაქია, მაგრამ რუსებთან პრეტენზია და აგრესია არავის ჰქონია. 45-მილიონიან ქვეყანას თავისი დედაეკლესია არ გააჩნდა და რუსული ეკლესია ჰქონდა. როგორ შეიძლება დამოუკიდებელ სახელმწიფოში მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვა არ აღევლინებოდეს? ვის უნდა ომი, ან ის, რომ საკუთარი შვილი სახლში მკვდარი დაუბრუნდეს, მაგრამ ჩემს საკუთარ მიწა-წყალზე, ოჯახში რომ მტერი შემოდის, ხომ არ დავუთმობ სახლს? ავდგები და ვიბრძოლებ მათ გადასარჩენად. ჩვენთან, საქართველოში, ბერები მიდიოდნენ სამშობლოს დასაცავად. მტერთან სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ლაჩარი სულის არ უნდა იყო.
აქ ბევრი ქართველია და ორ ენაზე აღვავლენ წირვა-ლოცვას. ჩვენს მიტროპოლიტ ილარიონს უსაზღვროდ უყვარს საქართველო. არ შეიძლება საქართველოში ჩამობრძანდეს და ბოდბეში წმინდა ნინოს საფლავზე არ მივიდეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი არა გვაქვს. საქართველომაც გაიარა ის გზა, რომელსაც დღეს უკრაინა გადის. როგორ უნდა ეპატიოს რუს ერს ჩვენთვის თუნდაც ავტოკეფალიის წართმევა? მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინაში ვმსახურობ, უზომოდ მიყვარს ჩემი ქართველები და გული მტკივა, როცა ზოგიერთს ამ ბოროტების მხარეს ვხედავ. წინაპრების სისხლით და თავგანწირვით ვართ დღემდე მოსული. საკუთარი თვალით ვნახეთ და გადავიტანეთ 2008 წელი. როგორ შეიძლება რუს ერს მოყვასი უწოდო? ანწუხელიძეს საქართველოს დროშისთვის ფეხი რომ დაედგა, დღეს მის შვილებს მამა ცოცხალი ეყოლებოდათ, მაგრამ პრინციპებსა და ღირებულებებს არ უღალატა, მტერს ეს სიამოვნება არ მიანიჭა. მირჩევნია, 5 კაცი მყავდეს ტაძარში და ჯანსაღად მოაზროვნე და არა ფანატიკურად განწყობილი, რომელიც კეთილსა და ბოროტს ვერ არჩევს. ეკლესიაში გასამდიდრებლად და კეთილდღეობის მოსახვეჭად არ მოვსულვარ. ლაგოდეხში, სოფელ აფენში დავიბადე, კაცთმოყვარე და უპატიოსნესი მოძღვრის გამოზრდილი ვარ. ჩემი ეკლესიური ცხოვრების დაწყებაც მას უკავშირდება. სად არ მიმუშავია, მაგრამ საკუთარი თავი ვერსად ვიპოვე. ბავშვობიდან თითქოს ტაძარი მეძახდა... ერთხელ საქართველოში ერთმა ეპისკოპოსმა მითხრა, როდესაც ეკლესიაში წასვლას გადაწყვეტ, ყველა გზა მოიკვეთე, წადი და უკან აღარ მოიხედოო. ასეც მოვიქეცი - 2016 წელს წავედი ათონის წმინდა მთაზე, ვიცხოვრე კუტლუმუსის მონასტერში, საიდანაც 2 წელი არ გამოვსულვარ, ყველა მორჩილება გავიარე. ვიპოვე კიდეც ჩემი თავი, რითაც უბედნიერესი ვარ. ძნელია, ქართველმა უცხო ერში მოიკიდოს ფეხი, მაგრამ ეს ყველაფერი სულიერად გაძლიერებს და გზრდის. 2 წლის მერე, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა, წარმოშობით ქართველმა არქიმანდრიტმა მამა კირიონმა (ინასარიძე) წამიყვანა უკრაინაში. მეუფე ილარიონმა როვნოში, მამათა მონასტერში დიდ სქემაში აღმკვეცა ბერად, ჯერ დიაკვნად, შემდეგ მღვდელმონაზვნად და შევუდექი ქრისტეს გზას. ნექტარიოს ეგინელის პატივსაცემად დამარქვეს სახელიც (საეროში - თორნიკე)... ჩემი მოსვლის მიზეზი ის იყო, ადამიანი მიყვარს. მოვედი ღვთისა და მრევლის მსახურად, მინდა მათ დავანახო, რომ ქრისტე არის სიყვარული, ერთიანობა, მიტევება... რამდენიმე წლის წინ მეგობარი დავკარგე, ნაცნობი ბიზნესმენი, რომელმაც მანქანის ჩუქება შემომთავაზა. ვუთხარი, რამდენიმე დღის წინ შენს მეზობლად ცხრაშვილიან ოჯახს მივუტანე საჭმელი, შენ მას გამოუარე, ის მეზობელი ვერ შეამჩნიე, მე შემამჩნიე და მანქანა უნდა მომცე-მეთქი? მე ის მიყვარს, როცა ვიღაცაზე ვზრუნავ, ორი პური მაქვს და ერთს ჩემს შვილს ვაძლევ. ქონება-ცხოვრება თუ მინდოდა, დავრჩებოდი საერო ცხოვრებაში. ჩემს გარდა ოჯახს მეტი ბიჭი არა ჰყავს, რაც მაქვს, ისიც ოხრად მრჩება და რა ჯანდაბად მინდა ქონება? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, ჩემს ტაძარში ადამიანი მოვიდეს, წამლის და საკვების ფული არ ჰქონდეს და მე მქონდეს... მეგობრები მირეკავდნენ, საქართველოში ჩამოდი, სითბოსა და სიმშვიდეში იქნებიო. შეიძლება მამა სითბოში იყოს და აქ 5-7 წლის ბავშვები იყინებოდნენ? სადაც სამწყსოა, იქ ვიქნები მეც.
საქართველოში დედ-მამა და და მყავს. დედა თავიდან ძალიან ნერვიულობდა, მერე ჩემს არჩევანს ყველა შეეგუა. არც მეუბნებიან, ჩამოდი, ომიდან გამოაღწიეო, ალბათ, იციან ჩემი პასუხი და ამიტომ. დედამ სმს-ების წერა არ იცოდა, ტელეფონსა და სოცქსელთან შეხება არ ჰქონდა, ჩემ გამო ისწავლა და პირველი სმს მაშინ მომწერა, როცა მასობრივად დაგვბომბეს. დედის პირველი წერილი 35 წლისამ მივიღე, ისიც ომში...
შეძლებისდაგვარად ჩვენც ვიბრძვით... როცა ომი დაიწყო, 3 თვის განმავლობაში სამზარეულოდან არ გამოვსულვარ - დღეში 25 ფირფიტა ფენოვან ხაჭაპურს ვაცხობდი, ვინაიდან ფრონტზე ისეთი საკვები უნდა შეგვეტანა, რომელიც მალფუჭებადი ან თხევადი არ იყო. იმ პერიოდში მთელი უკრაინული მედია წერდა, "ქართველი ბერი, რომელიც ლოჯისტიკურად ზრუნავს უკრაინელ ჯარისკაცებზეო. მამა კირიონი მშრალ კერძებს აკეთებდა. მაშინ მასობრივად იბომბებოდა ჟიტომირი, როვნო და საკვები ყველა წერტილში მიგვქონდა. ჩემს მრევლსაც ვასწავლე ფენოვანი ხაჭაპურის ცხობა, უკრაინულ ღვეზელებსაც აცხობდნენ. ჯარისკაცები ისეთი მადლიერები იყვნენ, გვითვლიდნენ, ომი რომ დამთავრდება, ისე არ წავიდნენ, არ ვნახოთ და არ მოვეფეროთო. აქ თავიდან ბატალიონში ქართველები იყვნენ, როცა ვგზავნიდით, ბიჭები კითხულობდნენ, ვინ აკეთებს ამასო. მერე უთქვამთ, მონასტერში ქართველი ბერები არიან და ისინი გვამარაგებენო. მადლობა იმ ემიგრანტებს, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყნიდან მედიკამენტები, პირველადი დახმარების წამლები, საშუალებები, ჩაფხუტებიც გამოგზავნეს და მერე პოლონეთიდან ჩვენ შემოვიტანეთ. უკრაინელმა სამხედროებმა გადმომცეს უკრაინული დროშა, რომელზეც წერია: "დიდი სიყვარულით ქართველებს და მამა ნექტარიოსს". ამაზე დიდი საჩუქარი ცხოვრებაში არ მიმიღია. შეიძლება იმ ჯარისკაცებიდან დღეს ზოგი ცოცხალიც აღარ არის...
ეს ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება. მიუხედავად უსასტიკესი მიდგომისა, უკრაინელი ერი მაინც ვერ გატეხეს. უკრაინაში მალე მინუს 15 გრადუსი იქნება და ამის არ ეშინიათ. ეს ხალხი იბრძვის გამარჯვებისთვის და აუცილებლად ასეც იქნება. ამას წინათ, ერთმა უკრაინელმა იკითხა სოცქსელში, როდის მოვა შუქიო, და მოსახლეობამ ისეთი დღე აყარა, როგორ შეიძლება ამაზე წუწუნი, როცა ჩვენი ჯარისკაცები სამშობლოსთვის და ჩვენს გადასარჩენად იბრძვიან, ყინვაში ყრიან და სიცოცხლეს წირავენო... რუსული ეკლესიების გარდა, აქ რუსული პარტიებიც უამრავი იყო. კრემლს მათ მიაწოდეს დეზინფორმაცია და დაარწმუნეს, რომ როგორც კი რუსული ჯარი შევიდოდა, უკრაინელები ეგრევე დანებდებოდნენ. პუტინის პირველი მარცხი ხარკოვში იყო - ამ რუსულენოვან ქალაქში ხალხმა, რომელმაც უკრაინული არ იცის, არ მიიღო რუსი. პუტინი მაშინ დარწმუნდა, რომ შეეშალა. მას უკრაინის ისტორიაც არ წაუკითხავს, ეს კიევის რუსეთი იყო და არა რუსეთის კიევი. პუტინს უკრაინა ყელში გაეჩხირა, აქ უკრაინელებმა პუტინს ის ცოდვაც აზღვევინეს, საქართველოში რომ ჩაიდინა. ყველა ქუჩაზე საველე ჰოსპიტლები გაიხსნა, მათ გენერატორებით ათბობენ და როცა ქალაქში დენი არაა, ბავშვები და მოხუცები იქ არიან. ზრუნავს მათზე სახელმწიფო, გენერატორებით სხვა სახელმწიფოები გვეხმარებიან. ჩვენ გაგვტეხს ღირებულებების დაკარგვა და არა უშუქობა და სიცივე. გენერატორები საქართველომაც გამოგზავნა (მარტო 400-მდე გენერატორი გიორგი რურუამ გამოუშვა), ასევე მთავრობამაც. ჰუმანიტარული დახმარებაც პირველად საქართველოდან ჩამოვიდა. ქართველმა ხალხმა რომ ერთიანობა გამოიჩინა, უკრაინელები ხედავენ და მადლიერი არიან. დღეს ომში უამრავი ქართველი იბრძვის, საერთო მტერთან ბრძოლაში იღუპებიან. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ბიჭებიც, უკრაინული ჯარიც და ერიც ამ ბოროტების წინააღმდეგ, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს ოკუპანტი. რუსეთი ბოროტების განსახიერებაა, ბავშვების მკვლელი. მან უკვე 100 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, თავის ერს, ჯარს არ ზოგავს და ჩვენ დაგვზოგავს? უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან. ისინი ტყვეებსაც კი ადამიანურად ექცევიან.