„დრო მოვა, საქართველოში ჩამოვალთ...“
"არ არის გამორიცხული, ცისკარა ტოხოსაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს, ალბათ, ამიტომ ჩაბარდა, იმის მიუხედავად, რომ კარგად იცის, მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამ კატეგორიის ხალხის დაბრუნების სხვა ფაქტორებიც არსებობს, ისინი "ისლამურ სახელმწიფოში" დიდი ხანია აღარავის სჭირდება".
გელა ნიკოლაიშვილი, ადვოკატი, "ამერიკის ხმა"
"იცოდეთ, აუცილებლად ინანებთ, დრო მოვა, საქართველოში ჩამოვალთ, ჩეჩნეთში ჩამოვალთ. ჩვენ თუ არა, ჩვენი ძმები ჩამოვლენ. მე არ გაშინებთ, კარგად იცით, რომ თუ მანდ ჩამოვალთ, აუცილებლად ინანებთ, იმ წუთშივე მოგვცემთ ფიცს და ეს კარგად იცით.... შეეშვით საქმეს, ბიზნესს და სირიაში ჩამოდით".
რუსლან ტოხოსაშვილის აუდიომიმართვიდან, 2016 წელი, ქალაქი რაკა
7 დეკემბრის ღამეს სტამბოლი-თბილისის ავიარეისის მგზავრები, ალბათ, ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მათთან ერთად თვითმფრინავის სალონში მყოფი ერთ დროს "ისლამური ხალიფატის" ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი ბრუნდებოდა სამშობლოში. 8 დეკემბრის გამთენიისას დაუპატიჟებელი სტუმრის დასახვედრად თბილისიც მოემზადა - ცისკარა ტოხოსაშვილს სპეცრაზმელებმა ხელბორკილი პირდაპირ თვითმფრინავის ბორტზე დაადეს და დროებითი დაკავების იზოლატორში მიაბრძანეს.
საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის ცნობით, ცისკარა ტოხოსაშვილზე საქმე აღძრულია ს.ს.კ-328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, რომელიც 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 9 დეკემბერს სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
ძმები
მიუხედავად იმისა, რომ ცისკარა ტოხოსაშვილს ამირის წოდებაც ჰქონდა და "ისლამურ ხალიფატში" გამორჩეულ მებრძოლადაც ითვლებოდა, მას უფრო უმცროსი ძმის, ცეზარ ტოხოსაშვილის, ალ-ბარა ალ-შიშანის ძმად იცნობენ (უმცროსი ძმის ჩრდილქვეშ იყო ასევე თამაზ ცათიაშვილი, თარხან ბათირაშვილის, იგივე მუსლიმ ალ-შიშანის ძმა).
ცისკარა და ცეზარ ტოხოსაშვილები სირიაში 2015 წლიდან გამოჩნდნენ. ცისკარა "ჟღალი გენერლის", "ისლამური სახელმწიფოს" თავდაცვის მინისტრის უახლოეს გარემოცვად ითვლებოდა - 2014 წლის ზაფხულში, როდესაც აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადმა ქალაქ მოსულში ალ-ნურის მეჩეთიდან სირიასა და ერაყში დაკავებულ ტერიტორიებზე "ისლამური ხალიფატის", როგორც სახელმწიფოს დაარსება გამოაცხადა, თარხან ბათირაშვილი "ხალიფატის" თავდაცვის მინისტრი გახდა.
ტოხოსაშვილი-უმცროსი იმ დროს ახალი ჩეჩნური ბრიგადის ხელმძღვანელი იყო. ამ დაჯგუფების წვრთნების ვიდეორგოლები იმხანად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპაში, რასაც ჯიჰადისტები ახალგაზრდების რეკრუტირებისთვის კარგად იყენებდნენ. თუმცა ალ-ბარა ალ-შიშანი მხოლოდ ვიდეორგოლებს არ სჯერდებოდა. მისმა დაჯგუფებამ სახელი იმით გაითქვა, რომ ერთხელაც სრულიად მოულოდნელად ქალაქი იდლიბი აიღო, რამაც ჯიჰადისტურ წრეებს შური აღუძრა, განსაკუთრებით კი ჩეჩნები გააღიზიანა.
შავი ოქრო
როგორც მოგვიანებით გაირკვა, შურის მიზეზი ცეზარ ტოხოსაშვილის გამარჯვება კი არა, ნავთობის პატარა ჭაბურღილი ყოფილა, რომელზეც ტოხოსაშვილ-უმცროსმა კონტროლი დაამყარა და ჩეჩნებმა ჩათვალეს, რომ ეს ერთი პატარა ბიჭისთვის მეტისმეტი იყო. ამის შემდეგ მოვლენები კრიმინალური ჟანრის მიხედვით განვითარდა - ახალი ჩეჩნური ბრიგადა ალ-ბარას და მისი მებრძოლების დაპირისპირების კერად იქცა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთ-ერთი გარჩევის დროს ერთმანეთი დახოცეს. ეს ამბავი უმალ მოედო ჯიჰადისტურ ფრონტებს და ტოხოსაშვილი-უმცროსი დაგმეს, რის შედეგად ალ-ბარას არც ხალხი დარჩა, არც შავი ოქრო და აღარც მისი უსაფრთხოება იყო გარანტირებული. ამიტომ ალ-ბარა თარხან ბათირაშვილთან გადავიდა. არავინ იცის, დაკავშირებული იყო თუ არა ცისკარა ტოხოსაშვილი "ჭაბურღილის სკანდალთან", თუმცა მისი სახელი შესაძლოა საქართველოში ერთ ცნობილ ფაქტს უკავშირდებოდეს - კერძოდ, აუდიომუქარას, რომელიც 2016 წელს "ხალიფატის" დედაქალაქ რაკიდან გამოგზავნეს პანკისის ხეობაში (იმავე წელს "კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ეს აუდიოგზავნილები და ნათარგმნი მკითხველს სრულად შესთავაზა).
"შეელიეთ საქმეს, ბიზნესს და სირიაში ჩამოდით"
2016 წლიდან პანკისის ხეობაში ჯიჰადში მონაწილეობის სურვილი აღარავის ჰქონდა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით სახელმწიფოს გააქტიურება იყო (მაგალითად, სხვადასხვა პროექტის დაფინანსებით ახალგაზრდების ხელშეწყობა, "ტერორიზმის შესახებ" კანონის გამკაცრება და ა.შ.), მეორე მხრივ, სასულიერო პირების პოზიციების შეცვლა, რამაც ჯამაათებში ჯერ კიდევ 2014 წელს დაწყებული განხეთქილება უფრო გაამწვავა. როცა ჯამაათის სულიერი ლიდერები (ძმები ფარეულიძეები) სირიაში ჯიჰადში მონაწილეობას შეეწინააღმდეგნენ, "ისლამური ხალიფატის" პოზიცია ხეობაში შესუსტდა. სირიაში მყოფებმა ურჩების ჭკუაზე მოყვანა გადაწყვიტეს და ერთ-ერთი მუქარიანი გზავნილი სწორედ რუსლან ტოხოსაშვილისგან იყო. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ სახელით არის ცნობილი ცისკარა.
"მოციქულის დროს რელიგიის გამო მამა შვილს კლავდა, ძმა ძმას. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება, თუ ერთად არ ვიქნებით. საკმარისად გელოდეთ, იქნებ აზრზე მოვიდნენ-მეთქი, მაგრამ უკვე დროა გამოსწორდეთ და ბაიათი (ფიცი) მოგვცეთ. აქ ყოველდღე ბიჭები იღუპებიან და სისხლი იღვრება. ახლა თუ არ წამოხვალთ, როდისღა უნდა ჩამოხვიდეთ. იცოდეთ, აუცილებლად ინანებთ. დრო მოვა, საქართველოში ჩამოვალთ...", - ნათქვამი იყო მუქარაში. რა პასუხი მიიღეს რაკაში, უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მუქარას პერიოდულად უთვლიდნენ ხეობელებს, ჩანს, ეს დიდად არ ანაღვლებდათ.
როგორც ცნობილია, პანკისის ხეობიდან ჯიჰადში მონაწილე მებრძოლებს სამშობლო ახსოვდათ და სხვა ქვეყნების მოჯაჰედებისგან განსხვავებით, არასდროს დამუქრებიან საკუთარ ქვეყანას. ჩვენი ინფორმაციით, ძმები ტოხოსაშვილების სახელი კიდევ ერთ ცნობილ ფაქტს უკავშირდება.
„ჯურჯები"
2016-2017 წლებში სირიაში "ისლამური ხალიფატის" რიგებში ჯურჯები (ქართველები) გამოჩნდნენ. თუ მანამდე საქართველოდან წასულ მებრძოლებს ალ-შიშანებად (ჩეჩნებად) იცნობდნენ, ე.წ. აჭარულმა ფრთამ ჯიჰადისტურ წრეებს "ჯურჯები" გააცნო. ყველაზე ეპატაჟური მათ შორის თამაზ ჭაღალიძე იყო, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში წაგების შემდეგ თავის დამკვიდრება სირიაში, "ხალიფატში" სცადა, საიდანაც პერიოდულად მუქარიან გრძელ-გრძელ ტექსტებს გზავნიდა და თავის მომხრეებს ქართველების თავების დაჭრისკენ მოუწოდებდა(?!). ერთხელ, როცა მორიგ მუქარაში მხარდამჭერებს საქართველოში პატრიარქისა და ქრისტიანების დახოცვისკენ მოუწოდა, ალ-ბარას მოთმინების ფიალა აევსო და ჭაღალიძეს უმსგავსო საქციელისთვის "ყური აუწიეს".
სიცოცხლე „სიკვდილის" შემდეგ
2017 წლის 27 აგვისტოს ხმა გავრცელდა, რომ ალ-ბარა ალ-შიშანი ოჯახთან ერთად მდინარე ევფრატთან, სადაც რაკიდან გამოქცეული მოჯაჰედების ბანაკი იყო, ავიადარტყმას ემსხვერპლა. ერთი ვერსიით, დაიღუპა ცისკარა ტოხოსაშვილის ძმაც, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ძმები ცოცხალი იყვნენ, თუმცა მათი კვალი სირიაში დაიკარგა. 2019 წელს უკრაინის სპეცსამსახურებმა ქართველ კოლეგებს აცნობეს ერთი მოქალაქის შესახებ, რომელიც ყალბი სახელითა და გვარით ცხოვრობდა და კომერციულ საქმიანობას ეწეოდა ქვეყანაში. ინფორმაციის გადამოწმებისა და ოპერატიული ღონისძიებების შემდეგ საქართველოს ანტიტერორისტულ ცენტრს ხელში ტოხოსაშვილი-უმცროსი, ალ-ბარა ალ-შიშანი შერჩა. მისი ექსტრადირება საქართველოში ქართული სპეცსამსახურების წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. ერთ დროს ახალი ჩეჩნური ბრიგადის მეთაური ახლა სასჯელს ციხეში იხდის. რაც შეეხება ცისკარა ტოხოსაშვილს, მისი კვალი, ისევე როგორც ბევრი ჯიჰადისტი მებრძოლის, თურქეთში გამოჩნდა, სადაც ის მძიმედ დაჭრილი მკურნალობდა, ხოლო შემდეგ, ჩვენი ინფორმაციით, ციხეში სასჯელს იხდიდა, სავარაუდოდ, ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით. რა თქმა უნდა, იბადება კითხვა, რატომ გადაწყვიტა ცისკარა ტოხოსაშვილმა საქართველოში დაბრუნება, როცა უფრო მარტივი იყო უკრაინაში გამგზავრება, სადაც საომარი მოქმედებების გამო სპეცსამსახურების ყურადღებას ნაკლებად მიიქცევდა. ჩვენი ინფორმაციით, ცისკარა ტოხოსაშვილი თურქეთიდან გამოასახლეს და, სავარაუდოდ, მას არ ექნებოდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც. ერთადერთი გზა მას მხოლოდ სამშობლოსკენ ჰქონდა. როგორც თავის ცნობილ მუქარაში ამბობდა, მოვიდა დრო საქართველოში დაბრუნების.