სამტრედიელი მებორნე - კვირის პალიტრა

სამტრედიელი მებორნე

"გასულ საუკუნეში ბორანი ყველა დიდ მდინარეზე ბევრგან იყო, დღეს იგი იშვიათობაა. იმერეთში, სამტრედიის რიონისპირა სოფლებში, მოსახლეობა ბორანს ახლაც იყენებს. ამ კუთხეში რიონის მარჯვენა ნაპირი მჭიდროდ არის დასახლებული, ხოლო სავარგულები გადაჭიმულია რიონის გაღმა. სოფლიდან ყანებისკენ უმოკლესი გზა ბორანზე გადის. აქ ბორნით მიეშურებიან საშოვარზე და ბორნითვე გამოაქვთ მონაგარი. 71 წლის გენო კალაძე 30 წელზე მეტია ბორანზე მუშაობს, დილის 6 საათიდან საღამოს ცხრა საათამდე ერთგულად ემსახურება თანასოფლელებს", - ცნობილმა ფოტოგრაფმა გიორგი ნიკოლავამ ეს ტექსტი სოცქსელში უნიკალურ ფოტოებთან ერთად გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

გენო კალაძე: - ადრე სოფლის მეურნეობის წარმოებაში ვმუშაობდი, მაგრამ ქვეყანა რომ აირია, ჩვენს ბორანზე გადმოვედი, სადაც ადრე მამაჩემი­ მუშაობდა. ხალხს აქ მეურნეობა აქვს და მათთვის მთავარი ტრანსპორტი ბორანია. ადრე ბორანი კერძო საკუთრება იყო, მაგრამ შემდეგ მთავრობამ აიღო ხელში. ბორნით გადაყვანა უფასოა, საფასურს მთავრობა იხდის... მამას დროს საცალფეხო ხიდი ჩანგრეული იყო და მთელი მოსახლეობა ძველი ბორნით გადაჰყავდა. ყანების სეზონზე ძალიან ბევრი მგზავრია, ახლა კი ძალიან იშვიათი. იმედია, ტურისტების დიდი ნაკადი იქნება. აქ ულამაზესი ბუნებაა, იაპონელები და ჩინელები გაგიჟდნენ. ინგლისელებიც იყვნენ და ძალიან დიდი სიხარული რომ გამოხატეს, "სენქიუ ვერი მაჩ"-მეთქი ვუთხარი, აი, მაგდენი ინგლისური ვისწავლე-თქვა...

- ბორანი სოფელ ჭყვიშამდე მიდის?

- 3 კილომეტრში სოფელ ჭყვიშში­ გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმია... მოსწავლეები, დამთვალიერებლები გადამყავს. თავად გალაკტიონ ტაბიძეს უყვარდა ბორნით გადასვლა. მამამ ის ორჯერ გადაიყვანა... მე მისი ძმისშვილი, ნოდარ ტაბიძე­ გადამიყვანია ხშირად. ძალიან უყვარდა ბორნით მგზავრობა, გალაკტიონზე მიყვებოდა. ბევრს ვსაუბრობდით, ახლოს ვიცნობდი.

borani2-1671379086.jpg

- თუ გყოლიათ წყვილები?

- ეგ კი არა, ერთხელ ქორწილი ზედ ბორანზე იყო. მაშინდელი სასიძო წელს ვნახე და ძალიან სასიამოვნოდ იხსენებდა იმ დღეს, ჩემს მეუღლეს ხელი თქვენს ბორანზე ვთხოვეო... აქ საახალწლო სუფრებიც გაგვიშლია და მოგვილხენია. ნათლობის სუფრებიც გაუწყვიათ.

- სახიფათოა, თუ მცოდნე არ მართავს?

- ბორანი ბაგირზე დადის, მაგრამ მართვის ცოდნა აუცილებელია. მე საბედნიეროდ, ხიფათი არ შემხვედრია. 1974 წელს დიდი ტრაგედია დატრიალდა. მაშინ პატარა ბორანი იყო. კატერი რომ ამოიტანეს საჯავახოდან, ჩახსნის დროს ტროსს წამოედო და ერთი ბიჭი დაიღუპა.

- რატომ არ არის ეს ბორანი უფრო ცნობილი საქართველოში?

- არ ვიცი... ორჯერ იყო ტელევიზია... საგანგებოდ ხვნა-თესვის დროს ჩამოვიდა ცნობილი ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა­ და აქ ნანახით ძალიან მოიხიბლა. კარგი ახალგაზრდაა და ვუთხარი, ცოლი მოიყვანე და კიდევ გვეწვიე-მეთქი. ხეირიანი გზა რომ გვქონდეს, ძალიან კარგი იქნებოდა. სამწუხაროდ, სოფელი ძალიან დაცლილია, ყანაში მუშაობა ბევრს აღარ უნდა. ყანაში მე თვითონაც ბორნით მიწევს მისვლა. საქონელი რომ გაჰყავთ საძოვარზე, ისინიც ბორანს იყენებენ ტრანსპორტად.

- თქვენი ოჯახიდან ბორანზე კიდევ ვინმე მუშაობს?

- ჩემი ძმისშვილი... ცვლაში ვმუშაობთ.

borani3-1671379086.jpg

- პანდემიის დროს ყველა ტრანსპორტი გაჩერდა, ბორანსაც იგივე ბედი ეწია?

- არა, მაინც ვმუშაობდით, "კოვიდი" ჩვენთან არ ყოფილა. ბორნითაც გადავდიოდით, ვთევზაობდით, ვქეიფობდით... მიყვარს ჩემი საქმე, ხალხთან მიწევს სულ ყოფნა და ამას რა სჯობია?! მეზობლები ახალ წელს ვქეიფობთ ბორანზე, თუ ძალიან ავდარი არ არის. ყველაზე მაგარი ქეიფი მანდ არის, იქვე თევზს რომ იჭერ... მე ოთხი შვილი და ცამეტი შვილიშვილი მყავს. ბავშვებს რომ ვასეირნებ, სიხარულით გიჟდებიან, ფოტოებს იღებენ, ერთი ამბავია...

- ბორანს არ სჭირდება შეკეთება?

- რას ჰქვია, არ სჭირდება?! ეს ბორანიც უკვე შესაკეთებელია! ზოგჯერ მე თვითონ მიხდება შეკეთება, მოსახლეობაც მეხმარება. თუ საქმე სერიოზულადაა, რაიონიც ჩაერევა ხოლმე. შარშან აღვადგინეთ, თორემ ორი წელი არ მუშაობდა. როცა ბორანი არ მუშაობდა, აქეთ-იქით 60 კილომეტრის გავლა უწევდა მოსახლეობას შემოვლითი გზით. შეიძლება სულ ახალი ბორანი გააკეთოს რაიონმა, მაგის იმედიც გვაქვს.

ჩემი ბავშვობის ბორანი

ნატალია ხუჭუა: - ბორანზე ხშირად "ვკატაობდით" ბავშვები, რა კარგი წარსული გამახსენეთ... მახსოვს, გლეხები რომ გადადიოდნენ ბორნით ყანაში სამუშაოდ, ბავშვებიც გავყვებოდით ბორანს, ვცელქობდით, რიონში ჩავხტებოდით და გლეხები ყვიროდნენ, ბავშვები იხრჩობიანო. ამოგვიყვანდნენ და ისევ ჩავხტებოდით... ბორანი ძალიან ნელა მოძრაობს და ერთი ნაპირიდან მეორემდე სანამ გავიდოდით, იყო სიმღერები, ცეკვები, იუმორი, რაც იმერლებს ძალიან უხდებათ. ერთხელ მეზობელმა წაგვიყვანა ბავშვები, ბორანზე შეყვანილ ტრაქტორზე ვისხედით. ეს უზარმაზარ სიხარულს გვანიჭებდა.

- ბავშვებს ყოველთვის შეგეძლოთ ბორნით­ გადასვლა?

- არა, როცა გლეხები იყო გადასაყვანი, მაშინ შევიპარებოდით. ამაზე ყოველთვის ბრაზობდა ბორნის მესაჭე, რომელიც მაშინ უკვე მხცოვანი კაცი იყო.

"მამაჩემს დედაჩემი ბორნით მოუტაცნია"

borani4-1671379086.jpg

"ჩემს სოფელს მეზობელი სოფლიდან მდინარე მტკვარი ყოფს. ახლა მდგრადი ხიდი აერთებს ამ ორ სოფელს, უწინ კი ბორანი მოძრაობდა, მეც მიმგზავრია ამ ტრანსპორტით... რაც მთავარია: მამაჩემს დედაჩემი მოუტაცნია და ბორნით გადმოუყვანია თავის სოფელში. ახლა აღარც ბორანია და აღარც ჩემი მშობლები, ნათელი მათ სულს", - წერს იზოლდა წიქარიშვილი­ სოციალურ ქსელში.

იზოლდა წიქარიშვილი ბორანზე ჩვენც გვესაუბრა: - 3 წლის ვიყავი, მამა სამამულო ომში რომ წავიდა და ,,უცნობ ჯარისკაცად" დარჩა. დარჩა დედა ოთხ მცირეწლოვანთან ერთად.

- სოციალურ ქსელში თქვენც დიდი სიყვარულით იხსენებთ ბორანს, რომელიც მაშინ ბორჯომის რაიონში იყო...

- ბორჯომიდან თბილისისკენ სახელმ­წიფო გზისა და მტკვრის გასწვრივაა ჩემი სოფელი რველი. მის მოპირდაპირედ, მტკვარგაღმა, ჩემი დედულეთია, ვარდგინეთი. ამ ორი სოფლის დამაკავშირებელი ტრანსპორტი გახლდათ ბორანი. მდინარის სანაპიროზე დიდ ლოდზე წამოსკუპე­ბული ბავშვური ცნობისმოყვარე თვალებით ვუც­ქერდი ჩემი თვალსაწიერით ამ ერთადერთ ტრანსპორტს. მსხვილ დაგ­რეხილ ბაგირზე იყო მიბმული უშველებ­ელი ლილვაკებით. მტკვარს, მიუხედავად იმისა, რომ ფართ­ოდაა გაშლილი, ჩქარი­ დინება აქვს და მიკვირდა, როგორ ერეოდა­ აჩქაფუნებულ ტალღებს ორ ნავზე დაშენებული უკედლო და უსახურავო სახლი... როცა ნაპირს მიუახლოვდებოდა, ბორნიდან ნაპირზე დარჭობილი მსხვილი მორისკენ გადაისროდნენ მარყუჟიან ბაგირს, ჩამოაცვამდნენ და დაამაგრებდნენ ბორანს... დღეს მდინარეზე ულამაზესი ხიდია. მახსოვს, ზაფხულის ცხელ დღეებში შიშით შევცქეროდი ჩემს უფროს ძმასა და მეზობელ ბიჭებს, ამ სიმაღლიდან­ თავით რომ გადაეშვებოდნენ მდინარეში და გაფაციცებით ველოდი, როდის ამოყოფდნენ თავს.