„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩურჩხელას მიაქვს, სანდო მწარმოებელი სანთლით საძებარია“
ბოლო დროს ქართველების მასობრივი ემიგრაცია განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა. უკეთესი მომავლის საძიებლად უცხოეთში უკვე ოჯახებით გარბიან. მათ შორის, უმრავლესობა ძალიან ახალგაზრდაა და მათი არყოფნა უკვე აისახა ქვეყანაში სამუშაო პერსონალის სიმცირეში. როგორც ამბობენ, პროფესიონალი კადრები და მუშახელი დაბალ ხელფასებს და უპერსპექტივობას გაურბიან. რეალობა არასასურველია და რჩება ერთადერთი იმედი, რომ ემიგრანტები უკან უკეთესი გამოცდილებით და ცოდნით მობრუნდებიან, რათა ოცნების ქვეყანა თავისივე მიწაზე ააშენონ. თუნდაც ისევე, როგორც ამას 30 წლის ფინანსისტი, თამარ ტყავაშვილი აპირებს. ის ერთ-ერთია, ვინც მალე უცხოეთში გაემგზავრება, თუმცა, როგორც ამბობს, მისი ახალი გადაწყვეტილების მიზანი მეტი ცოდნის და გამოცდილების მიღება და საქართველოში დაბრუნებაა. თამარს მცირე ბიზნესიც აქვს. სეზონურად, ჩურჩხელების ოჯახურ წარმოებას ამუშავებს. ორი წლის წინ, სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კრიტიკულმა გურმანმა მომხმარებლებმა გაუწიეს რეკომენდაცია. შევუკვეთე. მაშინ ეროვნულ ბანკში სამსახურს რომ დაასრულებდა, „მეორე ცვლაში“ ოჯახურ ბინზესში ერთვებოდა და ჩურჩხელების დამტარებლად მუშაობდა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ საკურიერო კომპანიებთან კონტრაქტები გააფორმა, მომხმარებელთან გემრიელი ნობათის მიტანას ღიმილით განაგრძობს. ამასთან, ახალი ნაბიჯისთვისაც ემზადება. როგორც ბანკების და ფინანსების პროფესიონალმა, ბრიუსელში მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღო.
- ყოველთვის მინდოდა, გარკვეული დროით უცხოეთში სწავლა, ან მუშაობა, იქვე ცხოვრებით. სხვა ქვეყანაში ყოფნა, იქაური ცხოვრების წესი სხვანაირად დაგანახებს რეალობას, პერსპექტივებს. ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ჩემს ქვეყანაში პროფესიული სამსახურით და ჰობით იმხელა გამოცდილება დავაგროვე, რომ მივხვდი, მზად ვიყავი ევროპული კონკურენციისთვის. ამიტომაც დავიწყე ევროპაში სასურველი სამსახურების მოძიება და განაცხადების გაგზავნა. მალევე, ბრიუსელიდან მივიღე საინტერესო წინადადება და კონტრაქტიც. იანვრის შუა რიცხვებიდან, უკვე ევროკავშირის ტერიტორიაზე, ჩემი პროფესიით ვიმუშავებ. დასანანია, როდესაც ადამიანები უცხოეთში ბედის საძიებლად მიდიან და ენაც კი არ იციან. ასე თითქოს ჩანასახშივე მკვდარია სამომავლო პერსპექტივები და განწირული ხარ მუდმივად მომსახურების დაბალ საფეხურზე დარჩე.
ჩვენს თაობას შეუძლია ხარისხიანი მომავალი შექმნას. საკუთარი საქმე რომ გქონდეს და სტარტაპი დაიწყო, მაინცდამაინც ბევრი ფული არ გჭირდება, მთავარი სურვილი და თანმიმდევრულობაა. ჩემი სტარტაპი 5 წლის წინ დაიწყო. დედამ ბევრი ჩურჩხელა გააკეთა. ხუმრობდა, ამდენს სამ ზამთარს ვერ შევჭამთო და გამახსენდა, სოციალურ ქსელში, სპეციალურ ჯგუფში როგორ კითხულობდნენ, კარგი ჩურჩხელა სად ვიყიდოთო? დედაჩემის ნახელავი შევთავაზე და ერთ კვირაში გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩურჩხელას მიაქვს, სანდო მწარმოებელი, რომელიც ხარისხს არ აფუჭებს, სანთლით საძებარია. არ არსებობს ჩურჩხელის წარმოების სტანდარტი და როგორც წლების წინ ქართული ღვინო იყო, ჩურჩხელაც ძირითადად ფალსიფიცირებულია, არა ბადაგით დამზადებული. ეს არის ბრენდი, რომლის სახელითაც ყველა სარგებლობს და ვინ რას აკეთებს არ კონტროლდება. უზარმაზარი ნიშა, რომელიც ხარისხიან პროდუქციას მოითხოვს, ასათვისებელია. ამიტომაც თამამად და დიდი ამბიციებით დავაფუძნე "თამარას ჩურჩხელა". მერე რა, რომ ჯერ ჩვენი ნაწარმის რაოდენობა ზღვაში წვეთია? უამრავ, ჩემსავით ძალიან ახალგაზრდას შეუძლია სხვადასხვა ტიპის საოჯახო წარმოების გახსნა, რომლის მთავარი სავიზიტო ბარათი ხარისხი იქნება. მერწმუნეთ, საკვები პროდუქტების წარმოებაში, ბაზარზე ხარისხიანი პროდუქციის ნიშა ყველგან ასათვისებელია. რაღაც გვჭირს - თავიდან კარგად ვიწყებთ და მერე ვაფუჭებთ წარმოებას. ეს უნდა შევცვალოთ.
ადგილობრივი წარმოების განვითარებით ემიგრაციის ახალ ტალღას შევაჩერებთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია წარმოების ხარისხი და დავეხმარო ადგილობრივი მცირე მეწარმეობის განვითარებას. ბადაგის მოდუღებას ვერავის ვანდობ. ამიტომ ოჯახში ვადუღებთ. ყურძნის ნაწილი ჩვენია, ნაწილს ვყიდულობთ. პირადად არ მოვიხმარ შაქარს და ვიცი რას ნიშნავს უშაქრო პროდუქტი დიაბეტიანებისთვის. როდესაც გეკითხებიან, დიაბეტი მაქვს, შაქრიანს ვერ ვჭამ, მაგრამ ჩურჩხელაზე თავს ვერ ვიკავებ, ბადაგი ხომ უშაქროაო, შეიძლება მოატყუო?
ძალიან მნიშვნელოვანია თხილის და ნიგვზის ხარისხი. წელს თხილი საერთოდ არ გამოგვადგა და უკან დავაბრუნეთ, მწარე იყო. ამბობენ ფაროსანამ გააფუჭაო. ხარისხიანი, სუფთა, დარჩეული ნიგვზის სასურველი რაოდენობით შეძენაც პრობლემაა, გამიჭირდა სტაბილური მომწოდებლის ნახვა, მაგრამ მივაგენი, მარნეულის რაიონში, საზღვრისპირას მცხოვრებ აზერბაიჯანულ ოჯახს, საოცრად კეთილსინდისიერ ხალხს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩურჩხელის შრობაც. თუ არასწორად გააშრე, რეზინასავით ხდება, აღარ გადატყდება და ჩურჩხელა თავის პეწს კარგავს... მიუღწეველი არაფერია. ადგილობრივი წარმოების განვითარებით შევძლებთ ეკონიმიკის განვითარებაში ჩვენი თუნდაც მცირედი წვლილი შევიტანოთ. როდესაც ყურძნის, თხილის და ნიგვზის მომწოდებელი აღმოაჩენს, რომ ხარისხი მის წარმატებას განაპირობებს, წარმოების პოლიტიკას შეცვლის.
ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლისგან უკუკავშირი. მათთვის ჩურჩხელები რომ მიმეწოდებინა, ხშირად ავტომობილით საცობში გაჭედილს მიტირია და მიფიქრია, ღმერთო, იქნებ არ ღირს ამდენ ტანჯვად ჩემი ჩურჩხელები-მეთქი და ამ დროს ზარი "ღმერთისგან" (იცინის), მირეკავს მადლიერი მომხმარებელი, - გმადლობ, თამარა, ძალიან კარგი იყო, კიდევ მინდა. ერთხელ, ძალიან დაღლილი ვიყავი. მიუხედავად ამისა, ჩურჩხელები უნდა დამერიგებინა. ერთს დავუტოვე, წამოვედი, თან ტელეფონზე საქმიან ზარს ვპასუხობდი. ცოტა ხანში, საუბრის დროს სხვა ზარი შემოვიდა და არ წყდებოდა. იმ მომხმარებლის ზარი იყო, ვისთანაც ბოლოს დავტოვე ნუგბარი. ზედიზედ 7 შემოსული ზარის გამო მუხლები მომეკვეთა, ვიფიქრე, რაღაც არ მოეწონა და ძალიან გაბრაზდა, აბა, ასე ზედიზედ რატომ უნდა დაერეკა? სუნთქვაშეკრულმა ავკრიფე ნომერი. მან კი გახარებულმა მომახალა, მადლობა, მიხარია, რომ არ მოვტყუვდიო.
წელს ჩვენს ოჯახში ოთხი ქალი მოვიწვიე და დავასაქმე. მიხარია, რომ მათ პერსპექტივა და იმედი გავუჩინე. ერთ-ერთი, მაია დეიდა ბოლო ჩურჩხელის ასხმას რომ მორჩა, ძაფების გაკვანძვა დაიწყო, სამომავლოდ საქმეს წინ გავიგდებო. თუ წარმატება გინდა, დაქირავებულს ისე უნდა მოექცე, როგორც ოჯახის წევრს, მან შენი საქმის წარმატებაში თავისი მნიშვნელობა უნდა იგრძნოს.
შემთხვევითი არ არის ჩემი ახალი კონტრაქტი ბელგიაში, ქვეყანაში, სადაც კაკაოს არ აწარმოებენ, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადს ამზადებენ. უკვე ვიცი, იქ ძალიან ბევრს ვისწავლი. "თამარას ჩურჩხელა" სეზონურად ჩემს მშობლიურ კარდენახში ხარისხის სრული დაცვით განაგრძობს მუშაობას. ამასთან, ვფიქრობ, ჩემი საყვარელი "შვილი" ბელგიაშიც გამოჩნდება.